კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ქურდული ცხოვრება

ასეთია ქურდული ცხოვრება – მკაცრი, სასტიკი და დაუნდობელი. ჩვენ – ნეპმანელი ქურდები, საკუთარ თავს არ ვინდობთ და ბოზსა და „ქათამს” რა შეღავათი უნდა გავუკეთოთ... ქურდული რომანტიკის მიღმა, რომელიც, ძირითადად, კინოსა და ლიტერატურაშია აღწერილი, იმალება ის საშინელი ყოველდღიურობა, რასაც ღირსეულად მხოლოდ რჩეულები უძლებენ და ამ მძიმე ჯვარს ბოლომდე ატარებენ. ამიტომ, როდესაც ჩემთან მოდის ქურდის ტიტულის მაძიებელი ახალგაზრდა, საქმის კურსში მაყენებს და მეუბნება, რომ ქურდობა სურს, მას მე იქვე ვუყვები, თუ რა მოლიპულ გზაზე მოუწევს სიარული და დაფიქრებას ვურჩევ. ერთხელ, სროკიდან სულ რაღაც ხუთი დღის გამოსული ვიყავი, როდესაც სახლში ერთი ახალგაზრდა კაცი მეწვია. შუაღამე გადასულიყო. მთელი დღე ნაცნობ-მეგობრების მიღება-გასტუმრებაში გავატარე და ისე გადავიღალე, რომ საწოლზე ტანსაცმლიანად მივწექი და ჩამთვლიმა. ძილში კაკუნი მომესმა. წამოვდექი, კარი გავაღე და ზღურბლზე მდგარმა ახალგაზრდამ მკითხა:

– გამარჯობა. კობრა თქვენ ხართ?

– გაგიმარჯოს. შენ ვინ ხარ? – მივუგე ბიჭს.

– მე როინი მქვია, თქვენთან საქმე მაქვს. შეიძლება, შემოვიდე?

– შემოდი, – ვუთხარი როინს, წინ გავატარე და უკან გავყევი. ის ოთახში შევიდა, სავარძელთან შედგა და შემომხედა.

– რას დგახარ, დაჯექი, – ვუთხარი ბიჭს და სავარძელში ჩავეშვი, – გისმენ. თქვი, რა საქმე გაქვს.

– ქურდობა მინდა და თქვენთან იმისთვის მოვედი, რომ საქმის კურსში ჩაგაყენოთ.

– გასაგებია. გამაცანი შენი თავი.

სტუმარი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მითხრა:

– როინი მქვია და თვრამეტი წლის ვარ. თემქაზე ვცხოვრობ. თორმეტი წლიდან ვიპარავ და, მინდა, რომ ქურდი გავხდე.

– მშობლები გყავს?

– მხოლოდ დედა მყავს. დედისერთა ვარ და ჯარი არ მეხება. სკოლა არ დამიმთავრებია. მერვე კლასის შემდეგ პროფტექნიკურ სასწავლებელში გადამიყვანეს, მაგრამ, არ დავდიოდი. ამის გამო ბავშვთა ოთახში აღრიცხვაზე ამიყვანეს.

– რომ მითხარი, ვიპარავო, მაინც როგორ იპარავ, ჯიბგირობ თუ ბაითებს ქურდავ?

– პირველად მაღაზიებში ვიპარავდი, უფრო სწორად, საწყობებს ვქურდავდი. შევიპარებოდი ხოლმე იქ, დავიმალებოდი და, როცა ყველანი წავიდოდნენ, ვზიდავდი ტავარს. ახლა კი ბაითებზე ვჩალიჩობ. ზამოკის გაღება არ მიცდია და არ ვიცი. ბინებში ფანჯრიდან ვძვრები და ისე გამომაქვს.

– ბავშვთა ოთახში აღრიცხვის გარდა, მილიციამ თუ იცის შენ შესახებ რამე?

– არაფერი, – მტკიცედ მითხრა როინმა, – ერთხელაც არ აუღიათ ჩემზე ეჭვი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მარტო, უპაძელნიკოდ ვჩალიჩობ, თანაც ხელთათმენებით და, ახლო-მახლო, ჩემს უბანში, არასდროს გამიკეთებია საქმე... სხვა უბნებში ვიპარავ.

– მოპარულ ტავარს რას უშვები?

– ადრე, საწყობებში რომ ვიპარავდი, ძირითადად პროდუქტები გამომქონდა და მე და დედა ვჭამდით. ახლა მხოლოდ ფულსა და ძვირფასეულობას ვიპარავ. ფულს ვხარჯავ, დანარჩენს კი ვინახავ.

– ესე იგი, დედაშენმა იცის, რომ ჩალიჩობ?

– დიახ. მხოლოდ დედამ იცის და მან მირჩია თქვენთან მოსვლა.

– მართლა? დედაშენი მიცნობს?

– დიახ. ის თქვენი კლასელი იყო, ნონა ჰქვია.

ნონას ხსენებაზე ძალიან ცუდ გუნებაზე დავდექი და დედა-შვილის მიმართ სიბრალულმა შემიპყრო. სოლოლაკელი ნონა ძალიან წესიერი, ლამაზი და ფრიადოსანი გოგონა იყო. სკოლის დამთავრებისთანავე ის ერთმა ბანდიტმა მოიტაცა და ცოლად მოიყვანა. იმ პერიოდში მე პირველ სროკზე წავედი და ციხეში შევიტყვე, რომ ის ბანდიტი მილიციასთან პერესტრელკაში დაიღუპა. აშკარა იყო, რომ როინი არეული ოჯახური პირობების გამო დაადგა პრესტუპნიკულ გზას. მას ვკითხე:

– რას საქმიანობს ახლა ნონა, მუშაობს სადმე?

– არა. მას კიბო სჭირს და ლოგინადაა ჩავარდნილი.

როინის სიტყვებმა უკიდურესად დამთრგუნა და თვალწინ წარმომიდგა ლოგინში მწოლიარე, მომაკვდავი ნონა, რომელიც ერთ დროს ძალიან ლამაზი იყო და დიდი წარმატების პერსპექტივა ჰქონდა ცხოვრებაში. მისმა ტრაგედიამ კი ეს მომავალი მოსპო და ახლა ის სიკვდილს ელოდა. შვილს კი, ალბათ, იმიტომ ურჩია ჩემთან მოსვლა და ქურდის ტიტულის ძიება, რომ ბიჭს მამის ბედი არ გაეზიარებინა და ტყვიით არ დაღუპულიყო. ნონა, ალბათ, ფიქრობდა, რომ ბიჭი პრისტუპნიკობაზე ხელს არ აიღებდა და, გაბანდიტებას მის კანონიერი ქურდობა ერჩივნა. ან, შესაძლოა, ნონას სხვა გათვლა ჰქონდა და ჩემთან შეგნებულად გამოგზავნა – შეიძლება, ეგონა, რომ ბიჭზე ზემოქმედებას მოვახდენდი და მრუდე გზაზე სიარულს მოვაშლევინებდი. მე მეორე აზრს ჩავეჭიდე და, გადავწყვიტე, მისი გამოსწორება მეცადა, მაგრამ, ყოველივე ეს ძალიან ფრთხილად, შეფარულად უნდა მექნა, რათა როინი ვერაფერს მიმხვდარიყო. სტუმარს ვკითხე:

– განკურნების იმედი არ არსებობს?

– არანაირი. დედა უკვე მორფზეა და მე თვითონ ვუკეთებ წამალს.

– ძალიან ცუდია, ჩემო ძმაო, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა გაქვს. ნონა უწესიერესი და უჭკვიანესი გოგო იყო. მართალია, მამაშენს არ ვიცნობდი, მაგრამ მისი ისტორიაც ცვეტში ვიცი. ქურდობა თუ გაქვს გადაწყვეტილი, სწორი ქენი, ჩემთან რომ მოხვედი, მაგრამ, მანამდე ძალიან შორი გზა გაქვს გასავლელი. უნდა დამიჯერო და რასაც გეტყვი, გააკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგ საქმე არ გამოვა. თანახმა ხარ?

– დიახ. თანახმა ვარ, რასაც მეტყვი, ყველაფერს გავაკეთებ.

– ჰოდა, ძალიან კარგი, – ვუთხარი როინს, – ერთი რაღაც უნდა გკითხო.

– მკითხე, კობრა, გისმენ.

– როინ, ძმაო, მოპარული ძვირფასეულობა ბევრი გაქვს?

– ზუსტად ნახევარი კილოგრამი ოქრო შემიგროვდა, თორმეტი ცალი ბრილიანტის თვალი, თორმეტი ცალი ლალის თვალი და სამი ფირუზი.

– გასაგებია. ესე იგი, რასაც გეტყვი, ყველაფერს დამიჯერებ?

– აბსოლუტურად ყველაფერს, – დამიდასტურა როინმა.

– პირველ რიგში, უჩემოდ, ჩემთან შეუთანხმებლად, ამიერიდან ნემსსაც აღარ მოიპარავ. გაწყობს?

– დიახ, მაწყობს.

– მეორე: მთელი შენი ძვირფასეულობა ფულად უნდა ვაქციოთ და ქურდულ საქმეს მოვახმაროთ. გაწყობს?

– რა თქმა უნდა, მაწყობს, – მითხრა ბიჭმა, – მე ისედაც გადაწყვეტილი მქონდა მთელი ტავარის გაყიდვა და ქურდებისთვის შეგზავნა ზონებსა და ციხეებში.

– არა, როინ, გაყიდული ტავარის ფულს ქურდებს კი არ შევუგზავნით, სვაბოდაზე მოვახმართ ქურდულ საქმეს და, თუ როგორ, ამას შემდეგ გადავწყვეტთ. ტავარს კი ერთ კაცს ჩავაბარებ, რომელიც ფულს მოიტანს.

– გასაგებია, კობრა. როგორც იტყვი, ისე მოვიქცევი.

– კარგი, – ვთქვი მე და კედლის საათს შევხედე, რომელიც ღამის ორ საათს უჩვენებდა და როინს ვკითხე, – გშია?

– არა.

– როინ, დღეიდან ჩვენ ძმები ვართ. ძმობაში კი ტყუილი არ მოსულა. ამიტომ, ერთმანეთს ყოველთვის სიმართლე უნდა ვუთხრათ და არაფერი დავუმალოთ. მართლა არ გშია?

– არა. მართლა არ მშია, კობრა.

– მაშინ, წავედით შენთან, თემქაზე. ნონა უნდა ვნახო, – ვუთხარი როინს და ჩავიცვი.

მე, რა თქმა უნდა, შემეძლო როინის ჩემთან დატოვება, მაგრამ, ნონა მარტო იყო სახლში და რამე რომ დასჭირვებოდა, ხმის გამცემიც არ ჰყავდა. არც ბიჭის მარტო გაშვება მინდოდა ღამით, რადგან, მთელი ღამე მილიცია დადიოდა და, არ მინდოდა, შარს რომ გადაჰყროდა. თანაც, ინტუიციამ მიკარნახა, რომ ნონას ჩემი ნახვა უნდოდა. ერთი სიტყვით, ლენინის მოედნის მეტროსთან ტაქსიში ჩავსხედით და თემქისკენ ავიღეთ გეზი.

– გოგია, ბიჭო, ისევ ისეთი ხარ, როგორიც ადრე – სულ არ შეცვლილხარ, – მითხრა ნონამ, რომელიც ძველი ნონას აჩრდილიც კი არ იყო, კიბოს ისე გამოეხრა. ცრემლი ძლივს შევიკავე. საწოლზე დავიხარე, ვაკოცე და მივუგე:

– ნონა, ძვირფასო, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. აღარც კი მახსოვს, რამდენი წელი გავიდა ჩვენი ბავშვობიდან.

– წავიდა „ჩვენი ბავშვობა და სილამაზე“, – თქვა ნონამ და დაამატა: – რა უბედნიერესი დრო იყო და მართლაც რა მალე გავიდა. ძალიან მენატრება ჩვენი უბანი, სკოლა, კლასი, ბავშვები, ხუჭუჭა...

ნონა გიჟდებოდა, ისე უყვარდა ხუჭუჭა, მაგრამ, ხუჭუჭას დაჟინებული ჰქონდა, კლასელის შეყვარება არ შეიძლება, რადგან და-ძმები ვართო...

– სკოლის დამთავრების შემდეგ ხუჭუჭა არ მინახავს, – ვთქვი მე.

– ყური მოვკარი, რუსეთში მუშაობსო, – მითხრა ნონამ და როინს მიუბრუნდა: – დედიკო, სარდაფიდან წითელი ღვინო ამოიტანე, აი, ის, ორლიტრიანში რომაა დაბეჭდილი. ერთი ჭიქა მინდა დავლიო გოგიასთან ერთად.

– სიამოვნებით, – ვთქვი მე და როინი რომ გავიდა, ნონამ მითხრა:

– გოგია, ბიჭო, მართლაც ისევ ძველი გოგია ხარ და არ შეცვლილხარ.

– კარგი, რა, ნონა, გული გინდა გამიკეთო? – გამეცინა მე.

– გარეგნობა არ მაქვს მხედველობაში, თუმცა, გარეგნობითაც კარგი ხარ. ამ შემთხვევაში შენს გონებასა და სიკეთეს ვგულისხმობ – მიხვდი, რაშიცაა საქმე და აქ იმიტომ მოხვედი, ხომ არ ვცდები? თქვი, ნუ გეშინია. სანამ როინი სარდაფიდან ღვინოს ამოიტანს, ლაპარაკს მოვასწრებთ.

– ჰო, მე მგონი, მივხვდი. შენ, ალბათ, იმიტომ გამოგზავნე ჩემთან როინი, რომ მამამისის ბედი ააცილო. თუ გამოვასწორე, ხომ კარგი, თუ არა და, ბანდიტობას ქურდობა ჯობია. ასე არაა?

– ერთი ერთში ასეა და შენი იმედი მაქვს. მე ძალიან მალე მოვკვდები და როინს შენ გაბარებ. ვიცი, რომ უპატრონებ.

– ვუპატრონებ.

– ჰოდა, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. ახლა უკვე მშვიდად ვარ და სიკვდილის აღარ მეშინია, – მითხრა ნონამ.

ამასობაში როინმაც ამოიტანა ღვინო. მე და ნონამ თითო ჭიქა შევსვით. მან დაგვლოცა. შემდეგ მარტო დარჩენა ისურვა და ერთ საათში სულიც მიაბარა უფალს.

ნონა რომ დავკრძალეთ და ორმოციც გადავიხადეთ, როინმა თემქის ბინა გაყიდა და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. როინის ნაჩალიჩევი ძვირფასეულობა ვერცხლისქუჩელ ანზორას ჩავაბარე და ერთი თვის მერე მან ძალიან ბევრი ფული მოიტანა. ნაწილით როინს დედისეული ბინა ვაყიდვინე სოლოლაკში. დანარჩენი თანხა კი ერთ ცეხავიკს მივეცი და როინი ძალიან სარფიანი საქმის სრულ წილში ჩავასმევინე. თან გავაფრთხილე, რომ ბიჭისთვის მთელი საქმე ესწავლებინა, როინს კი ვუთხარი:

– აი, ძმაო, პირველი დიდი ქურდული საქმე ჩაგაბარე და, აბა, შენ იცი, როგორ მოაბამ თავს. საქმე უნდა გაფართოვდეს, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოთ და, ეს მაყუთი, უფრო სწორად კი, მისი საკმაოდ დიდი ნაწილი, ქურდულ ობშჩიაკს მოხმარდება. რას იტყვი, შეძლებ გაძღოლას?

– შევძლებ! – მტკიცედ მიპასუხა როინმა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სულ რაღაც შვიდ წელიწადში როინმა მილიონები იშოვა და საქმეც ბრწყინვალედ აითვისა. ოცდახუთი წლის ასაკში, როინი უკვე ძალიან მდიდარი ადამიანი იყო და, ამის მიუხედავად, ერთი ცუდი თვისებაც კი არ შეუძენია, ანუ, ფულს ის არ გაუფუჭებია და ყველაზე მეტად სწორედ ეს მახარებდა. ის ბოლომდე მენდობოდა და აბსოლუტურად ყველაფერს მიჯერებდა. ერთ მშვენიერ დღეს როინმა დამირეკა და მითხრა:

– როდის გეცლება, რომ მოვიდე და პირისპირ დაგელაპარაკო?

– როცა გაგიხარდება. ხომ მშვიდობაა?

– კი, მშვიდობაა. ახლავე მოვალ.

– მარტო ვარ და გელოდები, – ვუთხარი როინს, ყურმილი დავკიდე და საათს შევხედე, რომელიც ღამის თერთმეტს უჩვენებდა.

როინი ზუსტად შუაღამეზე მოვიდა, გადამეხვია, მომიკითხა, სავარძლებში ჩავსხედით და მითხრა:

– გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი და ყველაფერს მივხვდი. შენთან კი მადლობის სათქმელად მოვედი. 

მეც მივხვდი, რას გულისხმობდა როინი, მაგრამ, ჩემს სისწორეში რომ დავრწმუნებულიყავი, ვუთხარი:

– დააკონკრეტე.

– ჩემთვის „ქურდული საქმის“ ჩაბარება სხვა არაფერი იყო, თუ არა ქურდული საქმისთვის ჩემი ჩამოშორება და, ასე ვთქვათ, გამოსწორება, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი. შენთან მე გადაუხდელ ვალში ვარ.

მე ღრმად ამოვისუნთქე, გამეცინა და როინს ვუთხარი:

– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, გულიდან უზარმაზარი ლოდი მომხსენი. ნამდვილად არ ვიცოდი, როგორ მეთქვა შენთვის ეს ყოველივე და, შიში მქონდა, რომ ვერ გამიგებდა. ბოდიში უნდა მოგიხადო, რომ გატყუებდი, მაგრამ, ნონას შევპირდი, დაგიცავდი და სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო.

– ჩემთან საბოდიშო არაფერი გაქვს. სიკეთე გამიკეთე და ბოდიშს მიხდი? – გაეცინა როინს, – შენ ჩემთვის მამასავით ხარ და შენი სიტყვა კანონია ჩემთვის. ერთი რამე უნდა გკითხო და შენი აზრი მაინტერესებს.

– მკითხე.

– კობრა, შენ რომ საქმეში გაყიდული ძვირფასეულობის ფული ჩამადებინე, იმის საშუალებით გავმდიდრდი. ის ძვირფასეულობა კი, ხომ იცი, რომ მოპარული მქონდა და დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება მინდა. რას იტყვი, გავაკეთო ეს?

– მშვენიერი აზრია.

– ესე იგი, წინააღმდეგი არ ხარ?

– რა თქმა უნდა, არა.

– ასეც ვიცოდი. ახლა მეც დიდი ლოდი მომეხსნა გულიდან, – მითხრა გახარებულმა როინმა. მან ყველა გაძარცულს ინკოგნიტოდ დაუბრუნა იმაზე მეტი თანხა, რაც მოპარული ნივთები ღირდა. როინმა ფოსტით გაუგზავნა ფული ამ ხალხს და ასეთი ორიგინალური ვაზვრატი განახორციელა.

დღეს როინი უცხოეთში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად და ძალიან მსხვილი ბიზნესმენია. მას არასოდეს ვავიწყდები, ყოველთვის მეხმიანება და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ფულის გამოგზავნას ვუკრძალავ, მსხვილ-მსხვილ გრევებს მიკეთებს. ვინ იცის, ახლა როგორ ნერვიულობს ჩემ გამო და, პაბეგში რომ ვარ, ეშინია, არ დამიჭირონ. სანამ ბოლო სროკზე წავიდოდი, ის რეგულარულად მაკითხავდა და დაჟინებით მთხოვდა, მასთან წავსულიყავი საზღვარგარეთ და იქ მეცხოვრა. ჩვენი ბოლო საუბარი მოსკოვში შედგა, ჩემს დაპატიმრებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე. მაშინ მე ერთ ჩემს ნაშასთან ვცხოვრობდი და საქმეს ვამზადებდი. როინმა იქაც მომაკვლია და, ერთმანეთის მოკითხვა რომ დავასრულეთ, მითხრა:

– კობრა, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?

– ვიცი.

– მე ხომ შენს სიტყვას არასდროს გადავსულვარ?

– არასდროს.

– ერთი თხოვნა მაქვს შენთან.

– მთხოვე, – ვუთხარი როინს და რადგან წინასწარვე ვიცოდი ამ თხოვნის შინაარსი, დავამატე, – თუ შევძლებ, აუცილებლად შეგისრულებ.

– კობრა, როგორც შვილი, ისე გეუბნები და ნუ მიწყენ. დასვენების უფლება ყველას აქვს, მათ შორის ისეთ ღვაწლმოსილ პიროვნებას, როგორიც შენ ხარ შენს სფეროში. ამიტომ, გემუდარები, რომ ჩემთან წამოხვიდე და დაისვენო.

როინმა ასე დიპლომატიურად იმიტომ მითხრა თავისი სათქმელი, რომ, ვერ შემომბედა, ქურდობას შეეშვიო. მე გამეღიმა და ვკითხე:

– ქურდობას შევეშვა?

– მინდა, რომ დაისვენო და მშვიდად იცხოვრო.

– ქურდებს რომ პენსია არ გვეკუთვნის?

– უბრალოდ, დაისვენე. ადამიანი ხარ და დასვენების უფლება ხომ გაქვს?

– მე ქურდი ვარ და ჩვენი კურორტი ციხე და ლაგერია. დასვენებით კი, შეიძლება, მხოლოდ მაშინ დავისვენო, როცა მიწაში ჩამაგდებენ. თუმცა, შეიძლება, არც იქ მქონდეს მოსვენება.

– მაპატიე, კობრა, რომ ამდენი გაგიბედე, მაპატიე, – მითხრა როინმა და თავი ჩაღუნა, რადგან, მას მართლა ეგონა, რომ მაწყენინა. მე კი, პირიქით, მის სიტყვებში, მის საქციელში, შვილის მამისადმი უზომო სიყვარული და ზრუნვა დავინახე. მაგრამ, ქურდი ვარ და სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო. როინს თავზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი:

– პირიქით. შენ მაპატიე, რომ უარს გეუბნები, მაგრამ, სხვაგვარად ვერ მოვიქცევი. შენთან კი აუცილებლად ჩამოვალ სტუმრად და ცოტა ხნით მართლაც დავისვენებ.

ამ საუბრიდან ორი კვირის შემდეგ ციმბირში გამიშვეს „დასასვენებლად“, სადაც არაერთხელ ვყოფილვარ და თითქმის ყველა იქაურ „კურორტს“ კარგად ვიცნობ... საეტაპო ვაგონში რომ გამომამწყვდიეს, მატარებლის დაძვრამდე სულ რაღაც ნახევარიოდე საათით ადრე, როინი მოიყვანა ეტაპის უფროსმა, ჩემს საკან-კუპეში შემოუშვა და თქვა:

– ათი წუთი გაქვთ სალაპარაკოდ.

როინი გადამეხვია და მითხრა:

– ვიცი, უარს მეტყვი, მაგრამ, რომ არ გითხრა, ვერ მოვისვენებ.

– თქვი.

– კობრა, ოღონდ შენ მოისურვე და სამ დღეში სროკიდან გამოგიყვან. თუ ეს არ გინდა, მაშინ, სამ დღეში პაბეგს მოგიწყობ და არავინ არასდროს დაგიწყებს სერიოზულ ძებნას.

– არა, როინ. ჩავვარდი? სროკი ოტ ზვანკა დო ზვანკა უნდა მოვიხადო და ამაზე ლაპარაკში დროს ნუ გავფლანგავთ. ათი წუთი გვაქვს და მითხარი, შენ და შენი ცოლ-შვილი როგორ ხართ?

– ჩვენ რა გვიჭირს, აი, შენზე კი ძალიან ვნერვიულობ.

– ნუ ნერვიულობ. გამოვალ და აუცილებლად გესტუმრები.

ათი წუთი რომ გავიდა, როინმა ასდოლარიანების მრგვლად დახვეული შეკვრა ჩამიდო ჯიბეში, სადაც ათი ათასი იყო და მითხრა:

– მითხრეს, მეტი არ დაუტოვო, თორემ, წავართმევთო და, იძულებული გავხდი, დავმორჩილებოდი. სროკზე არაფერი მოგაკლდება და თავს გაუფრთხილდი. ნახვამდის.

სანამ რუსეთში ვიჯექი, როინის გრევი ყოველკვირეულად მომდიოდა. თბილისის ჯურღმულში კი, აბა ფული რაში მჭირდებოდა და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პროდუქტი აღწევდა ჩემამდე. ციხიდან რომ გამოვედი, როინი იმიტომ ვერ დამხვდა, რომ გრიპის უმძიმესი ფორმით იყო დაავადებული და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გათიშული იწვა. ხოლო, პაბეგი რომ ავიკიდე, გამოჯანმრთელებული როინი სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილისში და ინკოგნიტოდ მინდოდა მისი ნახვა, რაზეც ჩემმა მასპინძელმა მითხრა.

– გიჟივით დაგეძებს, მაგრამ „სოდი“ აზის კუდზე და დაიწვები. ამიტომ, მასთან კონტაქტი გამორიცხულია.

ძალიან კი მინდოდა წლების უნახავ როინთან შეხვედრა, მაგრამ, უსაფრთხოების მოსაზრებით ეს არ გავაკეთე, თუმცა, მე მას აუცილებლად ჩავაკითხავ. მართალია, როინი ჩემი ღვიძლი შვილი არ არის, მაგრამ მე ის შვილივით მიყვარს და მისთვის თავს დავდებ, ისევე, როგორც ჩემი გიორგისთვის, თუმცა მე მას ჯერჯერობით არ ვიცნობ. ხუჭუჭას გადმოცემით, ჩემი გიორგი ჩემი ასლია და ხასიათიც ზუსტად ჩემი აქვს, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, რომ ბედ-იღბლითაც მე დამემსგავსოს. ან კი რომელ წესიერ და მზრუნველ მამას სურს, რომ მისი პირმშო მრუდე გზას დაადგეს? მართალია, მე ჩემს შვილზე არ მიზრუნია და არც წესიერება მისწავლებია მისთვის, მაგრამ, მე ხომ ამის საშუალება იმის გამო არ მქონდა, რომ მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემს სიტყვებზე მავანს, ალბათ, გაეცინება და იტყვის: რა, რომ გცოდნოდა, ქურდობაზე უარს იტყოდი და შვილის აღზრდაზე იზრუნებდიო? ქურდობაზე უარს, ალბათ, არ ვიტყოდი, შვილის აღზრდაზე ნამდვილად ვიზრუნებდი, თანაც, სხვებზე არანაკლებად, მაგრამ მისი არსებობის შესახებ მისი დაბადებიდან ოცი წლის შემდეგ შევიტყვე. დასანანი ფაქტია, მაგრამ, ფაქტია, ფაქტებს კი ვერსად გაექცევი, ამიტომ, ჯობია, რეალობას ვაჟკაცურად გაუსწორო თვალი და ძველი შეცდომა აღარ გაიმეორო. ამას წინათ მე და ჩემი მასპინძელი ვსაუბრობდით და მან მკითხა:

– კობრა, ძმაო, ცხოვრებას რომ თავიდან იწყებდე იმავე გზას აირჩევდი თუ რამე სხვა საქმეს მოჰკიდებდი ხელს?

– იმავეს ავირჩევდი, – მივუგე მე.

– მაშინ, ცოტა სხვანაირად გკითხავ.

– მიდი.

– ქურდობაზე უარს რა შემთხვევაში იტყვი?

– არანაირ შემთხვევაში.

– დარწმუნებული ხარ?

– კი.

– შენს ღვიძლ შვილს, შენს გიორგის რომ დასჭირდეს, არც მაშინ?

– ეს შეუძლებელია, – პირდაპირი პასუხისგან თავის არიდება ვცადე, მაგრამ მასპინძელი არ მომეშვა:

– რადგან დავიწყეთ, ბოლომდე მივყვეთ – ან „ჰო,” თქვი, ან – „არა”. 

– ჰო, – მძიმედ მივუგე მე.

– რა – „ჰო”? ზუსტად მითხარი.

– გიორგის რომ დასჭირდეს, თავს გავწირავ.  

– თავგანწირვა ერთია, მითხარი, გიორგის გამო ქურდობაზე თუ შეგიძლია უარის თქმა?

– შემიძლია. გიორგის თუ დასჭირდა, მის გამო სიცოცხლესაც დავთმობ და ქურდის ტიტულსაც, – მივუგე ჩემს მასპინძელს და ცხოვრებაში პირველად უარვყავი ჩემი სტატუსი. მართალია, თეორიულად, ძმაკაცურ საუბარში და ერთი ერთზე, მაგრამ, მაინც უარვყავი და ამის გამო ისე ვინერვიულე, რომ წნევამ ამიწია და წამალიც კი დავლიე.

– რა გჭირს, კობრა, ეს ხომ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი, ასე რამ გაგანერვიულა? – მითხრა ჩემმა მასპინძელმა, როდესაც აპარატმა მაღალი წნევა დამიფიქსირა და მან წამალი მომაწოდა.

– ჩვენს წრეში სიტყვა და საქმე ერთია, – ვთქვი მე და კლოფელინი ენის ქვეშ ჩავიდე.

– შენ შენი საქმით უკვე დიდი ხანია, დაამტკიცე ყველაფერი. სანერვიულოც არაფერი გაქვს და დამშვიდდი.

– ჰმ, ადვილი სათქმელია! თავს ისე ვგრძნობ, როგორც შერცხვენილი, თავზე ლაფდასხმული ქურდი.

ჩემს მასპინძელს გაეცინა და მითხრა:

– მე არ ვიცი, ვინ შეადგინა თქვენი ფუნდამენტური კანონები, მაგრამ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის გენიოსი იყო და ადამიანის ფსიქოლოგიას ზედმიწევნით ზუსტად იცნობდა, რაშიც მე ახლა შენს მაგალითზე დავრწმუნდი.

– კონკრეტულად რას გულისხმობ?

– რას ვგულისხმობ და იმას, რომ ქურდს ცოლ-შვილის ყოლის უფლება არ უნდა ჰქონდეს და ეს კანონი აბსოლუტურად სწორია. ცოლ-შვილი, უფრო მეტად კი – შვილი, ის ბარიერია, რომელმაც შეიძლება, უკან დაგახევინოს და არაქურდული საქციელისკენ გიბიძგოს. რა, მართალი არ ვარ?

– აბსოლუტურად. მე ახლა არაქურდულად არ მოვიქეცი, როდესაც ქურდობასა და შვილს შორის შვილი ავირჩიე?

– შენ სწორად მოიქეცი და, ვინც გაგამტყუნებს, იმისი დედაც...

– შენ ხომ სტალინს აღმერთებ და სტალინის დედაც? მან ხომ შვილი გაწირა? – ვთქვი მე.

ჩემს მასპინძელს გაეცინა და მითხრა:

– არ გეწყინოს, კობრა, მაგრამ სად სტალინისა და გიორგი სააკაძის საქციელი, რომლებმაც შვილები სამშობლოს შესწირეს და, სად – ქურდის უარი თავის სტატუსზე შვილის გადასარჩენად? იმ შემთხვევაში იმათი საქციელია სწორი, შენს შემთხვევაში კი – შენი სწორი სიტყვა და, დამერწმუნე, რომ ეს მართლაც ასეა. თუ რამე გაწყენინე, ბოდიშს გიხდი. სიტყვამ მოიტანა და დაივიწყე. არ ინერვიულო, დამშვიდდი და წყნარად დაიძინე. ღამე მშვიდობისა.

– ღამე მშვიდობისა, – მივუგე მასპინძელს და დავწექი, მაგრამ, არ დამეძინა.

მთელი ღამე ფიქრში გავატარე და ჩემს განვლილ ცხოვრებას თვალი გადავავლე. მოგონებებში წავედი და ყველა ის ადამიანი გამახსენდა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ ცხოვრებაში და კონტაქტი მქონია. მათ შორის ცუდებიც იყვნენ და კარგებიც, სულელებიც და ჭკვიანებიც და უცებ აღვიქვი, თუ რა სასტიკია ცხოვრება და რა ძნელია ასეთ გარემოში ადამიანური სახის, სიკეთის შენარჩუნება და ბევრი რამ ვინანე, განსაკუთრებით კი ჩემი ცხოვრების ერთი ეპიზოდი გამახსენდა, რომელიც მორდოვიის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

უკვე ქურდი ვიყავი და მორიგ სროკს სტროგაჩებში ვიხდიდი. თხუთმეტ ქურდს შორის ერთი ქურდი იყო, მეტსახელად „ჯინი“. მას მკაცრი, დაუნდობელი ქურდის სახელი ჰქონდა და მრავლისმნახველი, სახელოვანი ქურდებიც კი ერიდებოდნენ. მარტო იმ ზონაში ჯინს ოცზე მეტი ადამიანი ჰყავდა გაფუჭებული, მათ შორის – ოთხი ქურდიც. მისი სახელი, რომ იტყვიან, ქუხდა. ერთ მშვენიერ დღეს, ჯინმა ჩვენს ერთ-ერთ კოლეგასთან, მეტსახელად „შულერთან,“ ცხრაასი მანეთი წააგო ზარში და თავანი სამ დღეში, ზუსტად შუადღეზე უნდა ჩაებარებინა. ეს თანხა საკმაოდ მცირე იყო საიმისოდ, რომ ფუფლოში გადავარდნილიყავი. მით უმეტეს, ჯინისთვის. მაგრამ, ისე მოხდა, რომ მისთვის ფულის შემოტანა დააგვიანდათ და მან დათქმულ დროს ერთი საათით გადააცილა. ზონის ქურდები ბარაკში ვიყავით შეკრებილები. ზუსტად პირველ საათზე, ანუ, უკვე ერთი საათით გადაცილებულ დროს, ჯინი ბარაკში დაბრუნდა, შულერს მაგიდაზე ფული დაუდო და უთხრა:

– აი, ძმაო, მიიღე თავანი.

– ჯინი,  საათის ცნობა ხომ იცი?

– რა, მერე? – კითხვითვე უპასუხა ჯინმა.

– მერე ის, რომ ერთი საათით დაიგვიანე და, აბა, მითხარი, რას ნიშნავს ეს?

– რას? – ირონიულად თქვა ჯინმა.

– იმას, რომ შენ ფუფლო გააკატავე, – სრულიად სწორად მიახალა შულერმა ჯინს.

– შენი დედაც! – აფეთქდა ჯინი, რომელიც ასეთ გაგრძელებას არ ელოდა და შულერს ისეთი წიხლი ამოჰკრა ყბაში, რომ ამ უკანასკნელმა სალტო გააკეთა და იატაკზე თავით დაერჭო. ჯინმა თვალი მოგვავლო ქურდებს, გასასვლელისკენ გაემართა და თქვა:

– აი, ძმებო, თავანი. აზრზე რომ მოვა, ჩაიბაროს, მე კი ჰაერზე გავისეირნებ.

– აბა, ერთი დატორმუზდი და შემოტრიალდი! – მივაძახე მიმავალ ჯინს, რომელიც გაჩერდა, შემობრუნდა და ზიზღნარევი ტონით მიპასუხა:

– აბა, ერთი გაიმეორე, რა წაისისინე, კობრა?

– ქურდს ხელი რატომ დაარტყი? – ვკითხე ჯინს და დავამატე: – თქვი, რა უფლებით?

– ქურდული უფლებით, – ისევ ირონიულად მითხრა ჯინმა.

– კარგად გააიასნე.

– ქურდი ვარ და ქურდს ქურდულად შევეხე. შენ რა, რამსები აგერია?

– რამსები შენ აგერია. ქურდს ფუფლოს ხელი მოხვდა. ერთი საათია, რაც ქურდი აღარ ხარ.

– რაო, რა თქვი, შე ბოზო, ქურდი არ ხარო? – იღრიალა ჯინმა და ჩემკენ გამოქანდა, მაგრამ, ფეხი დაუდეს, თავით შეასკდა მუხის უზარმაზარ მაგიდას და ბარაკის იატაკზე გაგორდა.

მე ჯინს მივვარდი და სხეულზე წიხლები დავუშინე, შემდეგ სხვა ქურდებიც ჩაერთნენ საქმეში, მათ შორის შულერიც და, ჯინი ისე ვცემეთ, რომ ფარშს დაემსგავსა. ცემას რომ მოვრჩით და ჯინი აზრზე მოვიდა, კუთხეში მივაგდეთ და ფუფლოში გადავარდნის გამო ქურდის ტიტული ჩამოვართვით. მხოლოდ მაშინ აღიქვა ჯინმა რეალობა, რომ ქურდი აღარ იყო, როდესაც თითოეულმა ჩვენთაგანმა ვუთხარით: „ქურდი არ ხარ“ და, თანაც, გაშლილი ხელისგულები ვუტყაპუნეთ თავში...

– რას შვრებით, ძმებო, ერთი საათით გადაცილების გამო მაფუჭებთ? მაპატიეთ, დამტოვეთ ქურდად, – ტიროდა ჯინი.

– წადი, შენი ფუფლო დედაც... – ვაგინებდით ჯინს, შემდეგ თოთხმეტივემ ჩავავლეთ ხელი და ბარაკიდან გამოვისროლეთ...

– მაპატიეთ, ძმებო, მაპატიეთ, ნუ გამრიყავთ და თქვენთან ყოფნის ნება დამრთეთ, – სლუკუნებდა ჯინი, რომელიც სულ  რაღაც საათ-ნახევრით ადრე ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე გაპრაშმანდოვკდებოდა...

ჯინი ბარაკის წინ ეგდო და ტიროდა. მისი ფასი გახვრეტილი კაპიკიანიც კი აღარ იყო და გამვლელსა და გამომვლელს მასზე ფეხების შეწმენდა შეეძლო. ქურდები ბარაკის წინ შევჯგუფდით, ვეწეოდით, თან არარაობად ქცეული ჯინის ცქერით ვერთობოდით და ვიცინოდით. ადამიანის უბედურებაზე სიცილი და ხალისობა კარგი საქმე არაა, მაგრამ, ჯინი ყველას ყელში გვყავდა ამოსული სწორედ მისი სიცუდის, სისასტიკისა და დაუნდობლობის გამო და, როგორც კი შესაფერისი მომენტი დადგა, იგივე გავუკეთეთ, რასაც ის სხვებს უკეთებდა.

– ნახე, ნახე ეს ბოზი, როგორ ქვეწარმავალივით დახოხავს, – თითი გაიშვირა შულერმა ჯინისკენ, რომელიც ჩვენკენ მოხოხავდა და მისკენ გადააფურთხა.

ჯინი ჩემთან მოხოხდა, მუხლებზე დადგა და მითხრა:

– კობრა, შენ ხომ კეთილი ხარ. გთხოვ, მიშუამდგომლო, რომ მაპატიონ და აღარასოდეს შევცდები. გთხოვ, კობრა, ძმაო...

– შენი ძმები პიდარასტები არიან, – დავუღრიალე ჯინს, ყბაში წიხლი ამოვცხე და კბილები დავაყრევინე, შემდეგ ბარაკში შევბრუნდი და ნარზე წამოვწექი.

– ნახე, ნახე, როგორ გააყრევინა, – ხარხარებდა შულერი, რომელსაც არც სხვები ჩამორჩებოდნენ და საძულველ ჯინზე გამარჯვებას ამგვარად ზეიმობდნენ.

იმ ღამეს ჯინის ეპიზოდი იმიტომ ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში ასე ნათლად, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს ქურდულ კარიერაში, როდესაც ადამიანს ასე სასტიკად და დაუნდობლად მოვექეცი. ჯინი ორ კვირაში გათავისუფლდა და უსახელოდ გავიდა ზონიდან, მანამდე გარეთ ათევდა ღამეს, რადგან ის არც ერთმა ბარაკმა არ შეიფარა, ქათმებთან კი თავად არ მივიდა, რომ საბოლოოდ არ გადაესვა ხაზი საკუთარი მესთვის. მის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი მსმენია და, მართლაც ძალიან გავოცდი, როდესაც ჯინს თბილისში შევხვდი.

გაგრძელება შემდგე ნომერში

скачать dle 11.3