კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

მზიას გული აუჩუყა გიორგის მზრუნველმა ტონმა და აცრემლებულმა ჰკითხა:

– მე ვერაფერში დაგეხმარებით?

– უშენოდ ამ საქმეს ვერ მოვაგვარებ. სანამ მე ჩავიცვამ, შენ ჩამოწერე ყველა წვრილმანი და მსხვილმანი, რაც ციხიდან გამოსულ მარტოხელა კაცს სჭირდება. მე ამ ყველაფერს ვიყიდი და მოვიტან, მერე კი გუგასთან შენ წაიღებ.

– მე?! – გაუკვირდა გოგოს.

– ჰო. ნუ გეშინია, კარამდე მისატანად ვინმეს გამოგაყოლებ. სხვას გავატანდი, მაგრამ, რადგან გუგასთან მაინც გვაქვს შენი ვიზიტი დაგეგმილი, ჯობია, მანამდე ნახო და გაიცნო, რომ მერე უფრო გაგიადვილდეს მასთან საუბარი.

– ეგ მართალია, – მაშინვე დაეთანხმა მზია და მერე ღიმილით დაამატა: – თუმცა, არც ისე გამიჭირდებოდა...

გიორგის გაეცინა, ექთანს თბილად შეხედა და უთხრა:

– მიდი, ჩამოწერე, არაფერი გამოგრჩეს. მე რომ წავალ, დიმიტრის უთხარი, სამსახურში გამოიძახეს-თქო.

გიორგი დაახლოებით ორ საათში დაბრუნდა, მზია გაიხმო და უთხრა:

– ყველაფერი ჩემს მანქანაში აწყვია, კონვერტით ფული ახალი მობილურის კოლოფში დევს. დანარჩენი თვითონ იცი. ჩვენი მეზობელი ბიჭი წაგიყვანს მანქანით, დაგელოდება და უკანვე წამოგიყვანს, – და გიორგიმ გუგას მისამართი შეახსენა.

***

საღამოს მზია ემოციებით დაღლილი, მაგრამ, კმაყოფილი დაბრუნდა სახლში.

– სად იყავი ამდენ ხანს? – უკმაყოფილოდ ჰკითხა დიმიტრიმ.

– ჩემს მეგობრებს შევხვდი; რა, არ მაქვს უფლება, თვეში ერთხელ სახლიდან ჩემი პირადი საქმეებისთვის გავიდე? – შეუწყრა მზია.

– არც კი ვიცოდი, მეგობრები თუ გყავდა, – ეჭვით გახედა დიმიტრიმ ექთანს.

– შენ წარმოიდგინე, ბატონო დიმიტრი, რომ ჩემისთანა უბრალო ადამიანებსაც ჰყავთ მეგობრები, – მართლა ეწყინა გოგოს, – ასეთი ტონით იმიტომ მომმართვავთ, რომ თქვენ გამო ლამის ყველაფერ პირადულზე ვთქვი უარი და, მაპატიეთ, მაგრამ, ცოტა თავში აგივარდათ.

– ამას უყურე, რა ბრჭყალები გამოაჩინა! – გაუკვირდა დიმიტრის, – რა გითხარი, გოგო, ამისთანა, ლამის თვალები რომ ამომკაწრე?

მზიას ისე ეწყინა, თვალები ცრემლებით აევსო და ოთახიდან გავიდა. დიმიტრის უტაქტო შენიშვნამ უცბად ჩაუნავლა თან მოყოლილი დადებითი ემოციები.

– შენ მაინც ვერ გადაეჩვიე შენს უხეშობას, – უსაყვედურა ძმას გიორგიმ.

– ასეთი რა ვუთხარი? – გაიოცა დიმიტრიმ.

– შენ ეს გოგო შენი საკუთრება ხომ არ გგონია? შენ რომ მოგხედავს, უფლება აქვს, სადაც უნდა, იქ წავიდეს და, საერთოდაც, ცოტა ფრთხილად იყავი, სულ არ გააქციო აქედან, თორემ, შენ ვინ გაგიძლებს.

– კარგი, ბატონო, ბოდიშს ვიხდი, – უკან დაიხია დიმიტრიმ.

– მე კი არა, მზიას მოუხადე ბოდიში, – თქვა გაბრაზებულმა გიორგიმ და თავის ოთახში გავიდა.

– მზიკო! – გასძახა დიმიტრიმ მზიას მოსაწყლებული ხმით, – მაპატიე, რა! მეტს აღარ ვიზამ, დედას გეფიცები, ოღონდ შემირიგდი, კარგი?

მზია ღიმილით დაბრუნდა:

– ბატონი გიორგი მეცოდება შენს ხელში, თორემ, მართლა არა ხარ ღირსი, მოგიარო.

დიმიტრი მიხვდა, რომ გოგომ აპატია და მადლიერებით გაუღიმა, მერე კი სთხოვა, ჩემს ძმასთან მიშუამდგომლე, რომ შემირიგდეს, თორემ, ისიც გამებუტაო.

– მზია, თუ არ შეწუხდები, ყავა მომიდუღე, რა! – ოთახიდან გამოსძახა გიორგიმ.

ექთანი მიხვდა, რომ მას გუგას ამბების გაგება უნდოდა და ამიტომ სთხოვა ყავის ოთახში შეტანა.

– რა ქენი? – ჰკითხა ჩუმად, როცა მზიამ ფინჯნით ყავა შეუტანა.

გოგომ ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ისიც უთხრა, რომ ხვალ დილით ბაზრობაზე უნდა გაჰყოლოდა.

– მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ორივე ხვალ უნდა ნახო – გუგაც და ნანიტაც. თუმცა, შეიძლება, ეს უკეთესიც კი იყოს საქმისთვის.

– მეც ასე ვფიქრობ, – დაეთანხმა მზია.

– ახლა კი გადი დიმიტრისთან, რამე არ იეჭვოს.

მზია გავიდა. გიორგიმ კი მოულოდნელად აწკრიალებული ტელეფონი აიღო სავარძლიდან, ნომერს დახედა და ღიმილით თქვა:

– ჰო, გუგა, გისმენ...

***

მეორე დილით, ჩვეულებისამებრ, მზიამ ყველა პროცედურა ჩაუტარა დიმიტრის, მერე სპორტულად ჩაიცვა და ძმებს გამოუცხადა:

– მე ჩემს პირად საქმეზე მივდივარ. დაახლოებით ორ-სამ საათში დავბრუნდები. ბატონო გიორგი, თქვენ სამსახურში მიდიხართ თუ დამელოდებით?

– დღეს შაბათია, არსად წასვლას არ ვაპირებ, მშვიდად მოითავე შენი საქმე, – უპასუხა გიორგიმ და შეთქმულივით გაუღიმა.

– რა საქმე გაქვს ასეთი, რომ სამი საათით გადიხარ? – დაინტერესდა დიმიტრი და მზიას ეჭვით გახედა.

– მეგობრებთან მაქვს შეხვედრა, – „წაუიაზვა“ მზიამ.

– კარგი, თუ არ გინდა, ნუ იტყვი, ოღონდ, არ დაიგვიანო, – დიმიტრის აშკარად ეწყინა მზიას პასუხი, მაგრამ, შეეცადა, არ შეემჩნია.

მზიამ ყურადღება არ მიაქცია დიმიტრის ნაწყენ კილოს, ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა.

– აბა, ჭკვიანად იყავით! – ღიმილით დაუქნია ხელი და წავიდა.

გუგას სახლამდე ტაქსით მივიდა. დაკაკუნებაც ვერ მოასწრო, რომ კარი გაიღო და გაღიმებული მასპინძელი დაინახა.

– მზად ხართ? მაშინ, წავიდეთ, დროს ნუღარ დავკარგავთ.

შოპინგი სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა გუგასთვის. მართალია, საკმაოდ დაიღალა, მაგრამ, უხაროდა, რომ ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანივით დადიოდა დახლებს შორის და ტანსაცმელს ირჩევდა.

– უთო გაქვთ სახლში? – ჰკითხა მზიამ, როცა ყველაფერი იყიდეს.

– არა, – გაეცინა გუგას, – ცივილიზაციის მიმანიშნებელი ელემენტარული ნივთები კარგა ხანია, აღარ დამჭირვებია.

მზიამ ელექტროტექნიკის პატარა მაღაზია დაინახა, გუგას სთხოვა, შემომყევითო და უთოც აყიდვინა.

შინ კმაყოფილები დაბრუნდნენ. გოგომ ნავაჭრი ამოალაგა, ტანსაცმელი დააუთოვა და ყველაფერი კარადაში მოათავსა.

– ჩემი წასვლის დროა, – უთხრა ბოლოს, – თუ რამეში დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, მაშინვე დამირეკეთ.

გუგას ძალიან უნდოდა, მზია ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყო, მაგრამ, ვერ გაუბედა თქმა და მორიდებით ჰკითხა:

– ჩემთან კიდევ როდის გამოივლით?

– უახლოეს დღეებში. სხვათა შორის, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს თქვენთან.

– რა საქმე? – დაინტერესდა გუგა და თან გაუკვირდა.

– ამაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა კიდევ მოვალ, – გაუღიმა მზიამ და დაემშვიდობა.

შინ დათქმულ დროზე ადრე დაბრუნდა. შეაღო თუ არა კარი, გაიგონა, რომ ვიღაც პოლიტიკოსი გამწარებული ხმით ამტკიცებდა რაღაცას. მიხვდა, რომ ძმები პოლიტიკურ დებატებს უყურებდნენ ტელევიზორში და თან კომენტარებს აკეთებდნენ. გადაწყვიტა, ხელი არ შეეშალა მათთვის და ჩუმად შეიპარა სამზარეულოში.

– რაც ეს ღლაპი მინისტრად დანიშნეს, ნახე, რა უცებ დაბრძენდა?! – გაიგონა დიმიტრის ხმა.

– თანაც, რაღაც სწრაფი მეთოდით ჩასუქდა, ისევე, როგორც მისი კოლეგების უმრავლესობა, – გაეცინა გიორგის.

– ჰო, თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეში გასუქება რაღაცნაირი ეპიდემიაა ჩვენში, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ გამოუგონებიათ, – დაეთანხმა დიმიტრი, – ერთი შეხედე, აღაჟღაჟებული ლოყები გასკდომაზე აქვს და თვალები აღარ უჩანს, უზარმაზარ ღიპზე რომ აღარაფერი ვთქვა, არადა, შარშან ამ დროს რა გამხდარი ბიჭი იყო.

– დოჩანაშვილი გამახსენდა, – ისევ გაეცინა გიორგის, – ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ, დაახლოებით ასეთი ფრაზა იყო: „და ის მოდიოდა ისეთი, როგორიც არის სიტყვა „გავძეხი“...

– დოჩანაშვილი გენიოსია, – თქვა დიმიტრიმ და საწოლში წამოჯდა, – პირადად მე კი, ეს უწიგნური, უვიცი და, ამ ყველაფრის პროპორციულად, უზრდელი...

– და, სწრაფი მეთოდით გასუქებული, – ჩაურთო გიორგიმ.

– ჰო, – დაეთანხმა დიმიტრი და განაგრძო: – უზრდელი და ამბიციური ლაწირაკები, რომლებიც დაუმსახურებლად აღმოჩნდნენ მაღალ თანამდებობებზე, სასუქით გაზრდილ და პენიცილინით დამწიფებულ პომიდვრებს მაგონებენ, გარედან გემრიელად რომ გამოიყურება, მაგრამ, რომ მოკბეჩ, სიკვდილს ან საავადმყოფოს თუ გადაურჩი, გულს მაინც აგირევს ან კუჭს აგიშლის...

– ჰო, მაგრამ, ყველაზე ამის თქმა არ შეიძლება, განათლებული, ჭკვიანი და ზრდილობიანიც ბევრია, – ბოლომდე არ დაეთანხმა გიორგი.

– არც ისე ბევრი, სამწუხაროდ, – თქვა დიმიტრიმ, – უმრავლესობა ისეთია, როგორც მე ვთქვი.

– ისევ შენს ამპლუაში ხარ, – ირონიით შენიშნა გიორგიმ.

– რას გულისხმობ?

– ისევ ისეთი პესიმისტი ხარ, როგორიც ყოველთვის იყავი.

– პასიმისტი კი არა, რეალისტი ვარ.

– ეგ რეალისტობა არ არის. ყველაში ნაკლს რატომ ეძებ? არ ჯობია, ადამიანებზე კარგი წარმოდგენა გქონდეს?

– მერე, იმსახურებენ ამ კარგ წარმოდგენას? – წარბი ასწია დიმიტრიმ.

– თუნდაც, ერთი შეხედვით არ იმსახურებდნენ; ბოლოს და ბოლოს, ყველაზე დაცემულ კაცშიც არის რაღაც კარგი. რა, არ მეთანხმები?

– ალბათ, მართალი ხარ, მაგრამ, აქ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი, – თქვა დიმიტრიმ და საწოლიდან სავარძელში გადაჯდა, – თუ ვინმეზე, თუნდაც დამსახურებულად, ძალიან კარგი აზრი შეგექმნება, ბოლოს მაინც აუცილებლად იმედგაცრუებული დარჩები.

– ეს როგორ? – ჰკითხა გიორგიმ.

– როგორ და, რაც უფრო მაღალი წარმოდგენა გაქვს ადამიანზე, შესაბამისად, მით უფრო მეტს მოითხოვ მისგან ყველა თვალსაზრისით – მორალით, საქციელით, სიტყვა-პასუხით... ამას კი ბოლომდე ვერავინ ქაჩავს.

– რას ნიშნავს – „ვერ ქაჩავს“? არ არსებობს უნაკლო და შეუმცდარი ადამიანი, მაგრამ თუ მისი სიკეთე აჭარბებს შეცდომებს, ესე იგი, ეს შეცდომები ბათილდება.

– ამ შემთხვევაში, სიკეთისა და შეცდომების ხარისხია მთავარი, მაგრამ, მე სხვა რამეს ვგულისხმობ, – კამათის ეშხში შევიდა დიმიტრი, – მაგალითად, ერთნაირად ვერ მოსთხოვ წესიერებასა და შეუმცდარობასო, შენი აზრით ძალიან კარგ და ძალიან ცუდ ადამიანს, ანუ, რასაც იმ ცუდს არაფრად ჩაუთვლი, ზუსტად იმავეს კარგს არასდროს აპატიებ, რადგან, შენს თვალში ის კარგია, ყველასგან განსხვავებული და, სწორედ ამიტომ მოითხოვ მისგან გაცილებით მეტს. მაგრამ, ადრე თუ გვიან, ისიც „წამოჰკრავს ფეხს“ რაღაცას, ანუ, რაღაც შეეშლება, ვერ გაამართლებს შენს ნდობას თუ იმედებს და, მორჩა – დაინგრა ქვიშით აშენებული შენი კოშკები...

– ნაწილობრივ მართალი ხარ, მაგრამ, ბოლომდე მაინც არ გეთანხმები, – შეეწინააღმდეგა გიორგი, – შენი აქტიური ხასიათის მიუხედავად, ყოველთვის პესიმისტი იყავი და...

– ... და არ მქონდა ადამიანებზე ამაღლებული წარმოდგენა, – სიტყვა ჩამოართვა დიმიტრიმ.

– დიახ, სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმო. მაგრამ, ისიც უნდა შეგახსენო, რომ ხალხი ძალიან კეთილია.

– პირიქით, ზოგადად, ხალხი ძალიან დაუნდობელია, კეთილები მხოლოდ ერთეულები არიან. ახლა უცბად გამახსენდა ერთი ქართული ფილმი, თუ არ ვცდები, „ლოლიტა“ ჰქვია.

– ბუნდოვნად მახსოვს ეგ ფილმი, მგონი, რამაზ გიორგობიანი თამაშობს.

– ჰო, მაგაზე ვამბობ. მოკლედ შეგახსენებ შინაარსს: რამაზის გმირი თავის ახალგაზრდა ცოლთან ერთად ცხოვრობს ბებიის დატოვებულ პაწაწინა ბინაში, ძველთბილისურ ეზოში. მათ მეზობელს კი, ლოლიტას – საეჭვო რეპუტაციის ქალს, რომელიც მილიციასთან არის შეკრული, ამ ბინის წართმევა უნდა და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს მიზნის მისაღწევად.

– მერე, რა შუაშია ეგ ფილმი ჩვენი საუბრის თემასთან? – გაუკვირდა გიორგის. 

– ფილმის ბოლოს ერთი სცენაა: ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ამ საშინელებების გადატანის შემდეგ ავტობუსით მიდის სადღაც და ცოლი ეუბნება, ხალხი კეთილი და სამართლიანიაო, ქმარი კი გაბრაზებული პასუხობს: „ლოლიტაა ხალხი”, ანუ, ლოლიტასნაირია ხალხიო.

– არ გეთანხმები და ახლავე დაგიმტკიცებ. იმ ლოლიტასთან ბრძოლაში ვინ იმარჯვებს, ცოლ-ქმარი?

– ჰო, მაგრამ, მხოლოდ საშინელი ნერვიულობის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფების გადატანის შემდეგ, თანაც, ვიღაცეების ჩარევის შედეგად.

– მაგრამ, ისინი მაინც იმარჯვებენ.

– ეგ არაფერს ნიშნავს, – გააპროტესტა დიმიტრიმ.

– ნიშნავს. ის ვიღაცეები, თუნდაც ამ ცოლ-ქმრის ახლობლები, ხომ დადგნენ სიმართლის მხარეზე? ისინიც ხალხის წარმომადგენლები არ არიან?

– ჰო, მაგრამ, ცხოვრებაში ასე არ ხდება. თანაც, როგორც შენ ამბობ, ის „ხალხის წარმომადგენლები“ იმ ცოლ-ქმრის ახლობლები რომ არ ყოფილიყვნენ, დაიცავდნენ უსამართლოდ დაჩაგრულებს?

– ეგ უკვე სხვა თემაა, – ოთახში შემოვიდა მზია, – ზოგადად კი ხალხი გულჩვილი და გულმოწყალეა და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.

– შენ როდის მოხვედი? – გაუკვირდათ ძმებს.

– კარგა ხანია. არ მინდოდა, თქვენი საუბრისთვის ხელი შემეშალა და სამზარეულოში ვიჯექი, მაგრამ, ყველაფერი მესმოდა და, ვერ მოვითმინე, არ ჩავრეულიყავი.

– ესე იგი, მე მეთანხმები? – გაუხარდა გიორგის.

– დიახ. ცუდი ადამიანის საქციელის მიხედვით, თუნდაც ისინი ბევრნი იყვნენ, არ შეიძლება, მთელ საზოგადოებაზე ცუდად იფიქრო.

– რა უამრავ მაგალითს გულისხმობდით, პატივცემულო მედმუშაკო? – ირონიულად ჰკითხა დიმიტრიმ, – ვინ-ვინ და, შენ მაინც არ უნდა გქონდეს ხალხზე ასეთი რომანტიკული წარმოდგენა, იმდენი ტკივილი მოგაყენეს ყველაზე უახლოესმა ადამიანებმაც კი.

– ჰო, მაგრამ, იმათ შემდეგ ბევრი კარგი ადამიანიც შემხვდა ცხოვრებაში, რომლებმაც ეს ტკივილი გადამატანინეს და დამავიწყებინეს, – მშვიდი ღიმილით უპასუხა მზიამ.

– მაგალითად? – ჩაეკითხა დიმიტრი.

– მაგალითად, ირაკლი ქებაძე, ბატონი გიორგი... კიდევ ბევრნი არიან, მაგრამ შენ მათ არ იცნობ.

დიმიტრის გულში ეწყინა, რომ მზიამ ისიც არ დაასახელა, თუმცა, არ შეიმჩნია და უთხრა:

– ეგენი ერთეული პიროვნებები არიან, მაგრამ, ხალხი, მასა, მაინც დაუნდობელი და არასანდოა. ახლა, არ მითხრა, ამის მაგალითსაც გეტყვიო.

– რა თქმა უნდა, გეტყვი, – არ შეეპუა მზია, – თუნდაც ის ავიღოთ მაგალითად, რომ „ნიჭიერში“ და სხვა მსგავს პროექტებში ხალხმა ხშირად გაამარჯვებინა იმას, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებდა.

– საჭიროებდა და არა იმსახურებდა! – წამოიძახა დიმიტრიმ და თავის პატარა აუდიტორიას გადახედა, – არ მეთანხმებით?

– დააზუსტე, რას გულისხმობ, – დაინტერესდა გიორგი.

– ახლავე მოგახსენებთ. შეიძლება, ვცდები; შეიძლება, ბევრმა ჩამქოლოს კიდეც, რასაც ახლა ვიტყვი; ეს ჩემი სუბიექტური აზრია და, თუ გნებავთ, ნუ დამეთანხმებით, მაგრამ, „ნიჭიერი“ და ყველა მსგავსი პროექტი, თუნდაც სახელწოდებიდან გამომდინარე, გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოებამ აღმოაჩინოს განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანი და მერე კონკრეტულმა პიროვნებებმა ხელი შეუწყონ მას წინსვლაში.

– ვითომ, შენი ჭკუით, რა თქვი ახლა ახალი? – მსუბუქად დასცინა ძმამ.

– ახალს ახლა ვიტყვი, ოღონდ, ძალიან გთხოვთ, სისასტიკეს ნუ დამაბრალებთ და დაუნდობელ მხეცად ნუ მომნათლავთ. მე ახლა დაგისვამთ რიტორიკულ კითხვას და თვითონვე გავცემ პასუხს: ყოველთვის განსაკუთრებულად ნიჭიერ ადამიანს ამარჯვებინებს ხალხი?! რა თქმა უნდა, არა. თუ რომელიმე მონაწილემ რაიმე ნიშნით გამოიწვია საზოგადოების თანაგრძნობა, გულის აჩუყება ან სიბრალული, არავის აღარ აინტერესებს, ნიჭიერია თუ არა ეს ადამიანი, ხმას მას აძლევს და, ხშირად ამარჯვებინებს კიდეც, მართლაც ღირსეული კი ბორტს მიღმა რჩება. გასაგებია, რომ ეს საქციელი ორი მოტივით აიხსნება: პირველია – სიხარული მიანიჭონ ცხოვრებაში დაჩაგრულ ადამიანს და, მეორეა – მატერიალური საფუძველი, ანუ, სოლიდური პრიზები, რაც გამარჯვებას მოჰყვება და რაც აუმჯობესებს გამარჯვებულის ყოფას.

– მერე, რა არის ამაში ცუდი? – გაბრაზებით იკითხა მზიამ, – ამით ხომ ხალხი სიკეთეს აკეთებს?

– ცუდი ისაა, რომ, ხალხი სიკეთეს აკეთებს სხვის ხარჯზე და არა თავისი ჯიბიდან. თითოეულ მათგანს ეს სიკეთე, შეიძლება, ერთი ზარის გაშვება, ანუ, 1 ლარი დაუჯდეს და თითოეულმა იცის, რომ ის 1 ლარი გინდ ჰქონია, გინდ – არა, ანუ, ამით ის არ ზარალდება.

– აბა, ვინ ზარალდება? – ჰკითხა გიორგიმ.

– ზარალდება ის მართლაც ნიჭიერი ადამიანი, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ, საზოგადოების „გულჩვილობის” გამო ვერ გაიმარჯვა.

– არ გეთანხმები, მთლად ასე მარტივად არ არის საქმე. ეს არის სახალხო პროექტები და ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, – შეეწინააღმდეგა გიორგი.

– მართალი ხარ, სახალხო პროექტია, ოღონდ, სხვა პროფილის და არა საქველმოქმედო. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი, თუნდაც, რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ, საქველმოქმედო პროექტი, მაშინ ასეთი შედეგი გამართლებული იქნებოდა. თუ ასეთი გულჩვილები არიან, აბა, ჩამოიარე დარბაზი და თითოეულს უთხარი, ხუთ ლარს თუ გაიღებ, მომაკვდავ ბავშვს გადაარჩენო და, ნახავ, რამდენი გაიმეტებს იმ საცოდავ ხუთ ლარს.

– ამით რისი თქმა გინდა, ბატონო დიმიტრი? – გაბრაზდა მზია.

– იმის თქმა მინდა, რომ კონკურსებში ნიჭიერმა უნდა გაიმარჯვოს და არა უნიჭომ, მაგრამ, საწყალმა და დაჩაგრულმა. იმ დაჩაგრულს ისე დავეხმაროთ – ეს უფრო სამართლიანიც გამოვა და მისთვისაც უკეთესი იქნება.

– უკეთესი რითი იქნება?

– იმით, რომ მომავალში თავისი მძიმე მდგომარეობის სპეკულირება არ დაიწყოს – ასეთი საქციელი ნელ-ნელა ხრწნის სულს.

 გიორგიმ ხელი ჩაიქნია – აღარ მინდა შენთან ამ თემაზე ლაპარაკიო, მზია კი გაბრაზებული მიუბრუნდა დიმიტრის და ჰკითხა:

– შენ თვითონ რამდენი ზარი გაქვს გაშვებული იმ ვიღაცა ნიჭიერის მხარდასაჭერად, ან, სულაც, რამდენი ლარი გაქვს გადარიცხული, ტელევიზიით საქველმოქმედო კონცერტები რომ გადაიცემა გაჭირვებულთა დასახმარებლად?

– ეგ რა შუაშია? ჩვენ მხოლოდ ვმსჯელობდით, – დიმიტრის არ ესიამოვნა პირდაპირ დასმული კითხვა და წამოწითლდა.

– იმ შუაშია, რომ, ჩემი აზრით, ადამიანს სხვისი განსჯის უფლება მაშინაც კი არ აქვს, როცა თვითონ არის უანგარო ქველმოქმედი. ასეთი ლაპარაკი ჩვენი ვაიპოლიტიკოსების დებატებს მაგონებს, – არ დაინდო მზიამ.

გიორგიმ იგრძნო, რომ სიტუაცია დაიძაბა და ხმამაღლა გამოაცხადა:

– გვეყოფა ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე კამათი, ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ! – მერე საათს დახედა და თქვა: – მგონი, დღეს ძალიან სერიოზული ამბები გველის, ისედაც მოგვიწევს ნერვიულობა და, რა საჭიროა, ზედმეტად გავიღიზიანოთ თავი?

– მართალი ხარ, – მაშინვე დაეთანხმა დიმიტრი, – საერთოდ არ უნდა წამოგვეწყო ამაზე კამათი და მსჯელობა.

– ჰოდა, შევწყვიტოთ უსარგებლო პოლემიკა და გადავიდეთ საქმეზე, – გიორგიმ მზიას შეხედა, – დაახლოებით ერთ საათში ნანიტა დაგირეკავს. მზად ხარ შესახვედრად? რამე ისეთი არ ჰკითხო ან არ უთხრა, რომ ყველაფერი გააფუჭო.

– ნუ გეშინიათ, ბატონო გიორგი, როცა საქმეზე მივდივარ, თავსაც და სიტუაციასაც ყოველთვის ვაკონტროლებ, – უპასუხა მზიამ, – მაგრამ, ძალიან დავიღალე, თან, რაღა დაგიმალოთ და, ცოტას ვნერვიულობ კიდეც, ამიტომ, სიმხნევისთვის მაგარი ყავა არ მაწყენდა. თქვენც ხომ არ მოგიდუღოთ?

– შენს მოდუღებულ ყავას სიამოვნებით დავლევ, არაჩვეულებრივი გამოგდის, ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, – გაუღიმა გიორგიმ.

– ანუ, ჩემს ძმას იმის თქმა უნდოდა, რომ შენს მოდუღებულს დარიშხანსაც კი სიამოვნებით დალევდა, – გაეცინა დიმიტრის და მზიას თვალი ჩაუკრა.

– ზედმეტები მოგდის, ბატონო დიმიტრი, – განაწყენდა მზია და ყავის მოსამზადებლად გავიდა.

– ენას ვერ გააჩერებ? – შეუღრინა გიორგიმ ძმას.

– მე შენთვის ვცდილობ და შენზე ვზრუნავ, – თავი იმართლა დიმიტრიმ.

– მაგარი ზრუნვაა, მთლად დააფრთხე ეს გოგო – ჩაიჩურჩულა შეწუხებულმა გიორგიმ.

– ნუ გეშინია, მზია ის ჩიტი არ არის, ასე ადვილად დაფრთხეს, – ირონია გაერია ხმაში დიმიტრის.

– იცი, რას გეტყვი? ისევ ჩურჩულით უპასუხა გიორგიმ, – გირჩევნია, იმ ჩიტებს მიხედო, შენს თავში რომ დაფრთხიალობენ, თორემ, მალე ხუთი წლის ტუტუც ბიჭს დაემსგავსები ლამის ნახევარ საუკუნეს მიღწეული კაცი.

– კარგი, გავჩუმდები. მართლა გეუბნები, არც ერთის წყენინება არ მინდოდა.

 გიორგის რაღაც მწარე უნდა ეპასუხა, მაგრამ ამ დროს მზია შემოვიდა სინით ხელში, რომელზეც ყავით სავსე ორი ფინჯანი და ერთი მაღალი ჭიქა იდგა, რომელშიც ხილის წვენი ესხა. ყველამ უხმოდ აიღო თავისი კუთვნილი ჭურჭელი და ისე დალიეს, საერთოდ არაფერი უთქვამთ.

***

ნანიტამ ზუსტად 5 საათზე დარეკა და მზიას ვაკის პარკში დაუთქვა შეხვედრა:

– ზუსტად ექვსზე იქ ვიქნები, შადრევნის წინ რომ სკამებია.

– თქვენს სახლთან ახლოს ხომ არ გირჩევნიათ? – შესთავაზა მზიამ.

– არა, არ მინდა, შემთხვევით ნუცამ გამოიაროს და დამინახონ, – დაძაბული ხმით უთხრა ნანიტამ.

– კარგი, როგორც გნებავთ, ექვსზე იქ ვიქნები.

ქალმა უხმოდ გაუთიშა ყურმილი.

მზიამ დაცლილი ჭიქები გაიტანა, გარეცხა და ოთახში ცოტა აფორიაქებული დაბრუნდა.

– რა გჭირს? – გაუკვირდა დიმიტრის, – ცუდად გამოიყურები.

– ისეთი განერვიულებული ჩანდა ქალბატონი ნანიტა, რომ მეც გადმომედო, – თქვა მზიამ და თავისი ოთახისკენ გასწია, – თუ ჩემგან არც ერთს არაფერი არ გინდათ, ნელ-ნელა მოვემზადები და წავალ.

– კარგი, – თავი დაუქნიეს ძმებმა, – ჩვენ კი მანამდე ცოტას დავისვენებთ.

ექვსის ნახევარზე მზია სახლიდან გავიდა. ვაკის პარკამდე ტაქსით მივიდა და, რადგან თხუთმეტი წუთით ადრე მოუწია მისვლა, ნაყინი იყიდა გულის გასაგრილებლად, თან, ისეთი სკამი შეარჩია, საიდანაც კარგად ჩანდა აუზის წინ განლაგებული გრძელი სკამები – უნდოდა, შორიდანვე დაენახა ნანიტა და შინაგანად უკეთ მომზადებულიყო მასთან სასაუბროდ.

ზუსტად 6 საათზე ნანიტაც გამოჩნდა. სახეშეჭმუხნილი მოდიოდა და დაბნეულიც ჩანდა, თითქოს ეჭვი ეპარებოდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. მზიამ ითაკილა შორიდან თვალთვალი, წამოდგა და მისკენ გაემართა. ქალი დაბნეული ღიმილით შეხვდა გოგოს და მის გვერდით დაჯდომა შესთავაზა. მზია მორიდებით ჩამოჯდა და დაელოდა, სანამ ნანიტა რამეს იტყოდა, ის კი დუმდა და კარგა ხანს მიშტერებოდა სივრცეს. ბოლოს სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ღერი ბოლომდე რომ ჩაიყვანა, მხოლოდ მაშინ მიუბრუნდა ჩუმად მჯდარ მზიას და უთხრა:

– არ მინდა, შენი მოთმინებით ბოროტად ვისარგებლო, მაგრამ, მიანც ასე გამომდის.

– არ არის პრობლემა, ქალბატონო ნანიტა, – დაამშვიდა მზიამ, – რადენ ხანსაც გნებავთ, იმდენ ხანს მოვიცდი. თუ ახლა არ შეგიძლიათ საუბარი, სხვა დროს შევხვდეთ ერთმანეთს.

– არა, ან ახლა, ან არასოდეს.

– კარგი, როგორც თქვენ გნებავთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3