კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არღვევდა პროტოკოლს სტალინის ესკორტი მოსკოვის ქუჩებში მოძრაობისას

(1950 წლის აპრილი)

სტალინზე განაწყენებული ხალხისგან ხშირად მსმენია, რომ დიდი ბელადი ყველა წვრილმანში ერეოდა, ისეთ სფეროებშიც კი იჭრებოდა, რაც სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაში არ უნდა შედიოდესო. სტალინს კი მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს მართვაში წვრილმანები არ არსებობს, მით უმეტეს, თუ ეს წვრილმანი სახელმწიფოს პრესტიჟს ვნებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით სტალინს არაერთხელ უთქვამს: „ნაპოლეონი უდიდესი პიროვნება იყო. მას თავისი ქვეყნისთვის არაერთი სიკეთე გაუკეთებია და განა მოახერხებდა ბონაპარტი ასეთ რამეს, წვრილმანებში რომ არ ყოფილიყო ჩახედული? წარმოიდგინეთ, ნაპოლეონი მოსკოვში იმყოფებოდა, მძვინვარებდა სასტიკი ომი და ის, იმავდროულად, პარიზის თეატრების რეპერტუარს აკონტროლებდა. ეს ყველაფერი ხდებოდა ისეთ პერიოდში, როცა ძალიან მწირი იყო საკომუნიკაციო საშუალებები და ინფორმაციის დროული მიღება და გადაცემა წარმოუდგენელი გახლდათ“. 

დიდი ბელადი ყოველდღიურად, უამრავ ინფორმაციაზე რეაგირებდა და ასეთსავე ოპერატიულობას მოითხოვდა ხელქვეითებისგან. სტალინი ყველა წვრილმანს ყურადღებას აქცევდა და უმნიშვნელო დარღვევებზეც კი მკაცრ პასუხს სთხოვდა პასუხისმგებელ პირებს. 1950 წლის 31 მარტს, სტალინის კორტეჟმა (სტალინისვე მოთხოვნით) კურსი შეიცვალა და წითელ მოედანზე, ნელი სვლით გაიარა. თავდაპირველად, ჩვენ ვერ მივხვდით, რით იყო გამოწვეული ეს მოთხოვნა. როგორც შემდეგ გაირკვა, სტალინს საკუთარი თვალით მოუნდა სახელმწიფოს მთავარი მოედნის სანიტარული მდგომარეობის დათვალიერება. დიდი ბელადი ნელი სვლით მიმავალი მანქანიდან ყურადღებით ათვალიერებდა ყველაფერს და, როგორც მისი სახის გამომეტყველებიდან მივხვდი, საკმაოდ უკმაყოფილო დარჩა. მოედანი დანაგვიანებული იყო, ურნები არსად ჩანდა. გარდა ამისა, სტალინმა იკითხა: „რამდენი საათი უნდა იდგე ლენინის მავზოლეუმთან რიგში, ილიჩი რომ ნახო?“, რაზეც თვითონვე გასცა პასუხი: „ალბათ, ხუთი-ექვსი საათი“. შემდეგ სტალინი იმითაც დაინტერესდა, არსებობს თუ არა წითელ მოედანზე საზოგადოებრივი ტუალეტი. როცა ამაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო, მეტი აღარაფერი უთქვამს. ჩვენმა კორტეჟმა სწრაფად დატოვა წითელი მოედანი. მეორე დღეს კრემლში პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა, რომელიც სპეციალურად მოსკოვის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის საკითხებს მიეძღვნა. სტალინმა ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა და ბოლოს წითელ მოედანზე შექმნილ სანიტარულ მდგომარეობასაც შეეხო. მოულოდნელად ხრუშჩოვს, რომელიც, როგორც ქალაქის თავი მოსკოვზე იყო პასუხისმგებელი, ასეთი რამ ჰკითხა: „სახლს თუ ასუფთავებენ შენთან და ტუალეტში თუ დადიხართ ოჯახის წევრები“. ხრუშჩოვი ჯერ წამოწითლდა, დაიბნა, მაგრამ უცებვე გამოერკვა და საკმაოდ მარდად მიუგო: „დიახ, იოსებ ბესარიონოვიჩ, სახლსაც ვალაგებთ და ტუალეტშიც დავდივართ“. სტალინმა მეორე კითხვა დაუსვა: „რამდენი ხანია, რაც წითელ მოედანზე არ გაგივლია ფეხით და საერთოდ, ილიჩის სანახავად თუ მდგარხარ მავზოლეუმის რიგში“. ხრუშჩოვმა უკვე ენის ბორძიკით მიუგო: „ფეხით დიდი ხანია, წითელ მოედანზე არ გამივლია, ხოლო მავზოლეუმის რიგში არასოდეს ვმდგარვარ“.

სტალინმა ჩიბუხი გააბოლა და მკაცრად ჩაილაპარაკა: წადი, ახლავე გაიარე იქ. მოედანს რომ მოივლი, შემდეგ რიგში ჩადექი და სანამ ილიჩს არ ნახავ, ფეხი არსად მოიცვალო. ჩემს დავალებას რომ შეასრულებ, არსად გადაუხვიო, პირდაპირ ჩემთან მოდიო. ხრუშჩოვი სხდომიდანვე გაეშურა სტალინის დავალების შესასრულებლად. სტალინმა კი დანარჩენებს უთხრა: „დაახლოებით რვა-ცხრა საათში დაბრუნდება უკან (იმ მომენტში დღის 12 საათი იყო) და არაა გამორიცხული, საცვლებში ჩაისველოს“. პოლიტბიუროს წევრები ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა სტალინი. ცოტა ხანში სხდომა დაიშალა. ზუსტად 20 საათსა და 30 წუთზე ხრუშჩოვი სტალინის კაბინეტში დაბრუნდა, სადაც დილანდელი სხდომის მონაწილეები კვლავ შეკრებილიყვნენ. „რას იტყვი, ნიკიტა, შეასრულე ჩემი ბრძანება?“, რაზეც წამოჭარხლებულმა ხრუშჩოვმა დადებითად უპასუხა. სტალინმა კვლავ გააბოლა და დაიწყო: „მოსკოვი ჩვენი სიამაყეა, ქვეყნის სახეა, ხოლო წითელი მოედანი – დედაქალაქის ყველაზე საპატიო ადგილი. გუშინ კი იქაური სანაგვე საკუთარი  თვალით ვნახე. გარდა ამისა, მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის განსატვირთი ადგილი არსადაა ახლომახლო და მავზოლეუმის რიგში მდგომი ხალხი იძულებულია, ან მოითმინოს, ანდა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იაროს ტუალეტში. შენ, როგორც ქალაქის პასუხისმგებელი მუშაკი, რატომ არ ზრუნავ ამ საკითხზე?“ ხრუშჩოვი კვლავ წამოწითლდა და ენის ბორძიკით თქვა: „ამხანაგო სტალინ, ურნებს აუცილებლად დავდგამთ და უზარმაზარ ტუალეტსაც უახლოეს დღეებში ავაგებთ“. სტალინი გაბრაზდა და მკაცრად მიუგო: „ურნები აქამდე უნდა დაგედგათ, ხოლო ტუალეტის აგება წითელ მოედანზე მიზანშეუწონელია, ტვინი გაანძრიე და მოიფიქრე, რა გამოსავალი უნდა ნახო“.

ხრუშჩოვი კვლავ დაბნეული იდგა ფეხზე და დუმდა, სტალინმა კი საუბარი ასე დაასრულა: „მოძრავი ტუალეტები დაამონტაჟეთ მანქანებზე. საღამოს შესაბამის ადგილებში რომ დაიცალოს, გასუფთავდეს და დილით კვლავ უკან დაბრუნდებიან. შენ კი, სამი დღის განმავლობაში, სხვა მეეზოვეებთან ერთად, დაგვი მოედანს და საქმეს რომ მორჩები, ერთ-ერთ მოძრავ ტუალეტთან იმორიგევებ“. ხრუშჩოვი გაფითრდა და ხმა არ ამოუღია. სტალინმა დამსწრეები დაითხოვა კაბინეტიდან.

დიდი ბელადი თითქმის ყოველთვის აბსოლუტურად მშვიდი იყო და ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებდა როგორც გარეგნულ, ისე შინაგან წონასწორობას. ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი, სტალინს მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა და გეგონებოდა, მაჯისცემა, ნათელი გონება, აზროვნება და კოორდინირებული მოძრაობები არასოდეს დარღვევიაო. მის გაწონასწორებულობაზე მკაფიო, მშვიდი მეტყველება და ხშირ შემთხვევაში, აუღელვებელი, დინჯი სიარული და მოძრაობები მიუთითებდა. ზოგჯერ, გათვითცნობიერებულ ადამიანს სტალინი ინერტულ, უძრავ ადამიანადაც კი მოსჩვენებია, მაგრამ... სწორედ ამ მოჩვენებით უძრაობაში იმალებოდა ბელადის ძალა, რომელიც ყველა წინაღობას არღვევდა და ვერაფერი აჩერებდა, როცა ზვავივით დაიძვრებოდა ხოლმე. ეს ყოველივე „ფორსმაჟორს“ ჰგავდა, იმ დაუძლეველ, გადაულახავ სტიქიას, რომელიც არ უნდა გამოიწვიო, რადგან ის მაინც მოვა და თუ თავს დაგატყდა, ვერც ვერსად გაექცევი და ვერც ვერსად დაემალები. სწორედ, ასე, ზვავივით, ატყდებოდა ხოლმე თავს სტალინის ძალა ყველა შინაურ თუ გარეშე მტერს. სტალინი, ამაღლებული, დახვეწილი სულიერებითა და რწმენით იყო შემკული და რაღაც აისბერგული სისპეტაკე და ბრწყინვალება ახასიათებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მის სითეთრეს ვერ წაბილწავდი. მებრძოლი სტალინი, იავარმქმნელის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ამ დროს, ნებისმიერ წინაღობას ულმობლად, უსასტიკესად უსწორდებოდა, ძლევდა ხოლმე. ამ დროს, სტალინის მრავალი მტერი დათრგუნულა, გაჩერებულა და მცირედი წინააღმდეგობის სურვილიც კი მოსპობია. როგორც მმართველი, დიდი ბელადი, ასე ვთქვათ, „ერთმორწმუნე“, სალი და მიუდგომელი იყო. ის, საკუთარ იდეურ და მორალურ კოდექსებს პრინციპულად იცავდა და მასთან, ამ კუთხით, კადნიერი შეხების მცდელობაც კი, დიდი მარცხით მთავრდებოდა. სხვათა შორის, სანამ სტალინის ოპოზიცია სახელმწიფოს ღალატისთვის სიკვდილით დაისჯებოდა, დიდმა ბელადმა ისინი ჯერ თეორიულად, ფსიქოლოგიური პაექრობით გაანადგურა.

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწარების მიხედვით 

 

скачать dle 11.3