კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს „X ფაქტორის” მონაწილე მებო ნუცუბიძეს და „TV 11-ის” წამყვან სანდრო ლორთქიფანიძეს ერთმანეთთან და რას აღიარებს ის

„TV 11-ზე” გადაცემა „სარჩევის” წამყვანი და ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?” ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი –  25 წლის სანდრო ლორთქიფანიძე მრავალმხრივ საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. პრინციპში, სხვაგვარად არც ველოდი. თუ ვინ არის მისი შეყვარებული, რაში არ იზღუდავს თავს და როგორ დაიბადა გადაცემა, რომელიც მიჰყავს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


სანდრო ლორთქიფანიძე: ტელეკამერასთან მუშაობის გამოცდილება „TV 11-ში” მოსვლამდეც მქონდა. 2012 წელს ვმონაწილეობდი პროექტში „კვირის აზრები”, ტელეკომპანია „მაესტროზე“, სადაც ვიდეობლოკებს ვაკეთებდი. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, ვიყავი „მეცხრე არხის” „დილის” წამყვანი. რაღაც პერიოდის წინ, „TV 11-ში” გაუჩნდათ იდეა, რომ შეექმნათ გადაცემა წიგნებზე, რომელიც იქნებოდა უბრალო ფორმატით – 10 წუთის განმავლობაში ადამიანი ისაუბრებდა წიგნებზე და ჩემდა საბედნიეროდ, მათ მე გავახსენდი. უნდა ვთქვა, რომ არ გამიჭირდა, რადგან ჩემთვის საყვარელი სფეროა წიგნები. შემიძლია, დაუსრულებლად ვილაპარაკო მათზე, პირიქით – 10 წუთში ჩატევა უფრო მიჭირს. ალბათ, აღიარებითი ჩვენება გამომივა, თუ ვიტყვი, რომ პილოტშიც და პირველ გადაცემებშიც, ბევრად უფრო შებოჭილი და დაკვირვებული ვიყავი რაღაც კონკრეტულ დეტალებზე, ვიდრე შემდეგ. მერე ეს ყველაფერი ორგანული გახდა. 

– თურმე, ერთზე მეტი დუბლი არ გჭირდებათ გადაცემის ჩასაწერად.

– კი, ძირითადად, ასე ხდება (იცინის). საერთოდ ასეა, ალბათ, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, თავისთავად გამოდის და ასეა, ჩემს შემთხვევაშიც.

– მთლად ასე არაა, მაგრამ ამ სიტყვებით მივხვდი, რომ თავის ქება არ გიყვართ.

– ჰო, რა ვიცი... (იცინის) ყოველ შემთხვევაში, დღეს ამ გადაცემის ჩაწერა ჩემთვის თავის ტკივილი არ არის  პირიქით, სახალისო შემოქმედებითი პროცესია, რომელიც წყალივით მიდის.

– თქვენი დამოკიდებულება წიგნებთან როდიდან იღებს სათავეს?

– უცნაური თვისება მაქვს, რომ ბოლომდე მივიყვანო წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვიწყებ. თუ პირველივე გვერდზე არ მივატოვე, მაშინ ბოლომდე ვკითხულობ. თავიდანვე ასე ვიყავი. შეიძლება არ დამიჯერებთ, მაგრამ სწორედ ამ თვისების გამო, 8 წლისამ წავიკითხე მარქსის „კაპიტალი.” დღემდე ვერ ვხსნი ამ მოვლენას (იცინის), უბრალოდ, რაღაც წიგნი ვიპოვე სახლის ბიბლიოთეკაში, წითელი იყო და ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა. მართალია, ნახევარი წიგნი ვერ გავიგე, თუმცა საინტერესოდ აქვს მარქსს აღწერილი რაღაც მაგალითებით და ამ მაგალითებს ამბებივით ვკითხულობდი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ფილოსოფიურად ვერაფერი გავიგე. ამ თვისების გამო, დღემდე ძალიან ბევრი ცუდი წიგნიც მაქვს წაკითხული, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე მივიყვანო.

– მაგალითად?

– დენ ბრაუნის „დავინჩის კოდი” არ მომწონს. თუნდაც, სტიგ ლარსონის „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშება”.

– საყვარელი ავტორი გყავთ?

– ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კითხვისას, ჩემზე მოახდინა ჯორჯ ორველმა, წიგნით „1984”. კიდევ აუცილებლად აღვნიშნავდი, ჯოან როულინგს და „ჰარი პოტერის” სერიას.

– თქვენი ვერსიაც მოგვაწოდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი.

– მე ვფიქრობ, არ უნდა დავაძალოთ წაკითხვა. რაღაცნაირად უნდა დავანახვოთ ბავშვებს, რომ კითხვა სახალისო პროცესია. სულ ვაანალიზებ ჩემი ბავშვობის დამოკიდებულებებს. მახსოვს, როცა რამეს მაძალებდნენ, აპრიორი მძულდებოდა ის ყველაფერი, კარგიც რომ ყოფილიყო.

– მაგალითად, რა შეგძულდათ?

– ჩემდა სამწუხაროდ, ბალეტი. 

– პირად ცხოვრებაზე რას მიამბობთ?

– დასაოჯახებელი ვარ. მყავს საყვარელი ადამიანიც, რომელსაც მიმაჩნია, რომ დავუკავშირებ ჩემს ცხოვრებას.

– იგივე სფეროში მოღვაწეობს რომელშიც თქვენ?

– არა, ის ფინანსისტია, მაგრამ წიგნები გვაერთიანებს – იმდენად უყვარს მას კითხვა, ისე ბევრი გვაქვს სალაპარაკო და ერთმანეთისთვის გასაცვლელი აზრები, რომ არასოდეს ვიწყენთ ერთმანეთთან. პროფესიულად სხვადასხვა მხარეს ვართ, მაგრამ ჩვენი ინტერესების კვეთა ძალიან ბევრ საკითხში ხდება.

– მოდი, ცოტა ხნით წიგნებსა და მაღალ მატერიებზე საუბარს შევეშვათ და მელოდრამაზე გადავიდეთ. თქვენი სიყვარულის ობიექტზე ვილაპარაკოთ, რომლის სახელსაც არ ამხელთ.

– ანია ჩემი სიყვარულის ობიექტი. მე ვთამაშობ თამაშს: „რა? სად? როდის?”, სადაც ვარ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. როგორც იცით, ამ თამაშში გუნდი 6 მონაწილისგან შედგება. ამ ნაკრებში გოგო მოთამაშე არის ანი. ჩვენ ერთმანეთი ამ თამაშის წყალობით გავიცანით. როცა ნაკრები შეიკრა, მაშინ 2013 წლის იანვარში, პირველი წინასათამაშო ვარჯიში გვქონდა და მე მივხვდი, რომ დაბნეული ვიყავი და აბსოლუტურად ვერ ვკაპიტნობდი. იმ მომენტში გავაცნობიერე, რომ რაღაც ხდებოდა ჩვენ შორის და ეს არ იყო უბრალოდ, მოთამაშეთა შორის არსებული ურთიერთგაგება. შემდეგ ეს ამბავი, ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან კარგად აეწყო, იმიტომ რომ, ანისგანაც წამოვიდა იგივე იმპულსი. კიდევ იმიტომ, რომ ამან არა თუ ხელი შეგვიშალა თამაშში, არამედ პირიქით – დაგვეხმარა. ბედნიერები ვართ ერთმანეთით.

– ჩხუბობთ რამეზე? ძნელია შემორიგება?

–  არა, არ არის ძნელი შემორიგება. ძალიან უცნაურ რამეზე შეიძლება, დავიწყოთ კამათი. შეიძლება, ელემენტარულად, მისი საყვარელი ფილმი არ მომეწონოს. მე, ალბათ, ცოტა უხეში ვარ ასეთ დროს, რადგან კინოხელოვანი და მსახიობი ვარ. შეიძლება ვთქვა, რომ არ არის ეგ კინო! საშინელებაა! სისულელეა! მარაზმია!... ამაზე კი ის გაბრაზდეს. მე არ მგონია, რომ ვინმეს არ უწევდეს კამათი. ნებისიერი წყვილი კამათობს.

– აბა, ისე, რა პეწი ექნებოდა შერიგებას...

– პეწიანი შერიგება ხდება ისე, როგორც შეეფერებათ გადაცემის „რა? სად? როდის?” მოთამაშეებს (იცინის). მე მიმაჩნია, რომ ჩემი და ანის ურთიერთობა ძალიან ჰარმონიულია.

– რომანტიკული ხართ? 

– ძალიან, ზედმეტად რომანტიკული ვარ და სენტიმენტალურიც, ხშირად ვტირი ხოლმე, მაგალითად ფილმების ყურებისას – ასევე, ანიც (იცინის).

– დგახართ და ორივე ცრემლებად იღვრებით? 

– ვქვითინებთ (იცინის). თუ სწორად მახსოვს, ბოლოს ერთად ვნახეთ კინოში და ძალიან მოგვეწონა ვეს ანდერსონის „სასტუმრო ბუდაპეშტი”. შუქი რომ აინთო, კიდევ დიდხანს ვისხედით პარტერში თვალცრემლიანი.

– რა რომანტიკული საქციელი ჩაგიდენიათ?

– მე ლექსებსაც ვწერ და ამობობენ, რომ პოეტიც ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემი რომანტიზმი, ხშირ შემთხვევაში, შემოქმედებით გადაწყვეტილებას ჰპოვებს ხოლმე. ამ გაზაფხულზე ანის დაბადების დღეზე ვაჩუქე სიმღერა. უფრო ასეთი საჩუქრების გაკეთება მიყვარს. ზოგადად, მიყვარს, როცა ურთიერთობა არის ბუნებრივად შემოქმედებითი. ვცდილობ, არ ვაჩუქო საჩუქარი – საჩუქრისთვის. გარკვეული სიგიჟის ჩადენაც მიყვარს ურთიერთობაში და თავქარიანი ნაბიჯების გადადგმაც.

– მუსიკალური ბავშვობაც გქონიათ?

– მუსიკალური განათლებაც მაქვს და ძალიან მიყვარს მუსიკა. ვამბობ, ხოლმე: დასარტყამი ინსტრუმენტების გარდა ყველაფერზე ვუკრავ-მეთქი. მიყვარს სიმღერების წერა. მე და ჩემს მეგობარს, მებო ნუცუბიძეს გვაქვს საერთო მუსიკალური პროექტი – „12 ოქტომბერი” ჰქვია, რადგან ორივე ამ დღეს ვართ დაბადებულები. ამ პროექტის ფარგლებში ახლა რამდენიმე სიმღერას ვწერთ. დაინტერესებულებს შეუძლიათ, ჩვენი სიმღერები მოიძიონ ინტერნეტ სივრცეში.

– როგორი ბავშვი იყავით?

– არაპროგნოზირებადი ბავშვი ვიყავი. ხომ ხვდებით, რამდენ რამეს მივედ-მოვედები. პროფესიაზე ვთქვი, რომ მსახიობი და დრამატურგი ვარ, მერე თან დავაყოლე, რომ პოეტიც-მეთქი, ისიც აღვნიშნე, რომ მუსიკასაც ვწერ. მეგობრებმა ახალგაზრდობაში შემარქვეს ხვიარა. ხვიარა მცენარეების თვისებებიდან გამომდინარე. კედელზე რომ აუშვებ და მთელ კედელს იკავებს. ასეთი ვიყავი მართლა. დღესაც რომ მეკითხებიან: შენი ნება რომ იყოს, მსახიობობას გაჰყვებოდი თუ მწერლობასო, ვერ ვპასუხობ. იმიტომ რომ, არის დღეები, როცა ჩემს თავში მუსიკოსს ვპოულობ, არის დღეები, როცა – მსახიობს, არის დღეები, როცა – მწერალს და არც მიმაჩნია, რომ თავი უნდა შევიზღუდო. რატომაც არ უნდა ვაკეთო ის, რაც მომწონს?!

– მით უმეტეს, თქვენს ასაკში.

– მითუმეტეს ჩემს ასაკში, ნამდვილად (იცინის).

 

скачать dle 11.3