კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უმალავდნენ „კაგებეს” მერაბ კოსტავა და ავთანდილ იმნაძე პერმის კოლონიის სამალავში და რა მოინანია მან ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით

ავთანდილ იმნაძე იმ ქართველ დისიდენტთა წარმომადგენელია, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს „კაგებეს” იზოლატორისა თუ  გადასახლების სიმძიმე და, რომლებიც, სამწუხაროდ, წლების შემდეგაც, ჩვენი საზოგადოებისთვის ისევ  უმცირესობაში დარჩნენ. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრი და  ადამიანის უფლებების დამცველი, წარსულის ისტორიების გახსენებისას უპირველეს ყოვლისა, მერაბ კოსტავასთან ერთად პერმის  კოლონიაში გატარებულ პერიოდს  იხსენებს.       

 

ავთანდილ იმნაძე: დისიდენტურ მოძრაობას ცხოვრება ადრეულ ასაკში  დავუკავშირე, ამ ამბავს დიდი ისტორია აქვს. 20-21 წლის ვიყავი, როდესაც გეპეიში  გეოლოგიის ფაკულტეტზე მოვხვდი ჯგუფში ადამიანთან, რომელიც არის წმინდა გრიგოლ ფერაძის  ძმისშვილი.  ჩვენ დავმეგობრდით, დღემდე მასზე ახლობელი მეგობარი არ მყავს.  ჩემი მეგობრის მამამ, ვასო ბიძიამ მომიყვა პირველად თავისი ძმის,   გრიგოლ ფერაძის ისტორია, რამაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი დახვრეტის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ყველაზე რეალური ისტორია  მისი ღვიძლი  ძმისგან მოვისმინე.  ვასო ბიძია გენიალური პიროვნება იყო, ბევრს გვესაუბრებოდა ჩვენს სამშობლოზე, მისგან გავიგე, რომ საბჭოთა კავშირი არც ისე ურღვევი იყო, როგორც ამას ჰიმნში გვიმღეროდნენ, მოკლედ, მან ბევრ რამეზე ამიხილა თვალი, თუმცა ალბათ ჩემშიც იყო თავისუფლების მარცვალი, რომელიც 50-იანი წლების ბოლოდან განსაკუთრებულად გაღვივდა.  რამდენიმე მეგობარმა დავიწყეთ არალეგალური მოძრაობა,  ჩვენს შორის იყო ირაკლი შენგელაია, ნემო ბურჭულაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ჩვენი ჭკუით დისიდენტური მოძრაობისთვის ვემზადებოდით.  ჯერ კიდევ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვსწალობდი, როდესაც  სტუდენტების ჯგუფმა დავაარსეთ თეატრის დასი, რომელიც დღემდე არსებობს და დავიწყეთ სპექტაკლების დადგმა.  რეპეტიციების შემდეგ  ჩვენი ჯგუფის წევრები გვიანობამდე ვრჩებოდით ინსტიტუტში და ვსაუბრობდით იმ საშუალებებზე, რითიც შეიძლებოდა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა.  გადავწყვიტეთ პროკლამაციების გავრცელებაც, რამდენიმე დღეში ინსტიტუტის  პარტკომში დამიბარეს და – შენ რა დღეში ხარო. დროებით შევაჩერეთ ჩვენი მოძრაობა. როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, ჩემი  ჯგუფელი იყო ბიძინა ჩხეიძე. მისგან გავიცანი მისი და, თამრიკო ჩხეიძე, რომელიც ბავშვობიდან იყო ჩართული ამ ამბებში. თამრიკოსთან ერთად იყვნენ გელა ნიკოლაიშვილი, გია ჭანტურია და კიდევ რამდენიმე გულანთებული სტუდენტი.  ახალგაზრდების ჯგუფი ცალკე არსებობდა, უფრო გამოცდილებისა და დიდების ჯგუფი – ცაკლე.  მე და თამრიკოს  კარგი მეგობრული  ურთიერთობა გვქონდა.  როდესაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დააპატიმრეს,  ჩვენ დავიწყეთ მათი თავისუფლების მოთხოვნით პროკლამაციების გავრცელება. 7 ნოემბრის აღლუმზე  მე, თამრიკომ, გელა ნიკოლეიშვილმა და მისმა მეგობარმა ფილარმონიის წინ მდებარე სახლის სახურავიდან ხალხს თავზე  გადმოვაყარეთ პროკლამაციები, ზედ  თავზე დავაყარეთ საპროტესტო პროკლამაციები, რომლებშიც უკვე ვრცელი ტექსტით იყო საპროტესტო განწყობები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.  კიროვის ბაღამდე იყო მიმიფანტული ის ფურცლები, რასაც „კაგებეში” დიდი ამბავი მოჰყვა.

– ამ ისტორიის გამო  მოხვდით პატიმრობაში და შემდეგ გადასახლებაში?

– დაპატიმრებას ვერ გადავურჩი, მაგრამ ეს მოხდა  მოგვიანებით, როდესაც თბილისში გაიმართა ცნობილი მანიფესტაცია ქართული ენის დაცვასთან დაკავშირებით. 14 აპრილის დემონტრაციამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინასთან და თამრიკოსთან ვიყავი სტუმრად.  მიდიოდა გაცხარებული საუბარი კონსტიტუციის იმ მუხლზე, რომელიც ქართული ენის ამოღებასთან იყო დაკავშირებული და რასაც მოჰყვა მერე მთელი ამბები. დაწესებულებებში, ქარხნებში იმართებოდა „ომახიანი კრებები”, რომლებზეც „ამტკიცებდნენ”, რომ  ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, ამოღებული  უნდა ყოფილიყო კონსტიტუციიდან. ამ  დროს მწერალთა კავშირში, სამხატვრო აკადემიაში, უნივერსიტეტში,  „ქართულ ფილმში” და კიდევ ბევრგან, სულ სხვა განწყობა იყო. მათი მოთხოვნები შებრუნებულად მიჰქონდათ „ცეკაში“. ამ თემაზე საუბარში ვიყავით, როდესაც ჩემთვის ჩავილაპრაკე – დემონტრაცია უნდა მოვაწყოთ-მეთქი. არ მინდა ეს ამბავი მთლიანად მე დავიბრალო, მაგრამ, იმ დემონსტრაციის იდეის ერთ-ერთი ავტორი მეც ვიყავი. მე უკვე დამთავრებული მქონდა ინსტიტუტი, მაგრამ, უნივერსიტეტში ბევრი ახლობელი მყავდა. დავიწყე სიარული უნივერსიტეტში და ხმების გავრცელება, რაც იგეგმებოდა 14 აპრილისთვის.  თამრიკო ჩხეიძე განსაკუთრებით აქტიურობდა ამ ამბავში, მასზე  თბილისში ლეგენდები დადიოდა. თამრიკომ თქვაო, რომ იტყოდნენ, ეს სარწმუნო იყო, წყალი არ გაუვიდოდა. როცა 14 აპრილის მანიფესტაცია დამთავრდა,  მე და თამრიკო გავიქეცით  სალაპარაკო პუნქტებში და დავრეკეთ ანდრეი სახაროვთან, „ამერიკის ხმის”, „ნიუ იორკ ტაიმსის”,  „ბი ბი სის” კორესპონდენტებთან მოსკოვში და მათ თბილისში მომხდარი მანიფესტაციის შესახებ ვუამბეთ. „კაგებე” არა მარტო გვისმენდა, გვითვალთვალებდა კიდეც, თუმცა, მაშინ ამაზე არც ერთს არ გვიფიქრია.  რამდენიმე დღეში, გამთენიისას, ჩემთან სახლში მოვიდა თხუთმეტამდე შეიარაღებული  ჩეკისტი, ლოგინიდან წამომაგდეს, ჩაცმის საშუალება მომცეს და წამიყვანეს უშიშროებაში, საიდანაც ხუთი წელი არ გამომიშვეს.                     

– სასჯელს იმ ბანაკში იხდიდით, სადაც მერაბ კოსტავა იყო? 

– ჩვენ ერთად მოვხვდით კოლონიაში, რომელიც მდებარეობდა პერმის ოლქში. ჩვენი ბანაკი ორ ლოკალურ ზონად იყო გაყოფილი. ერთ ზონაში მე ვიყავი, მეორე ზონაში – მერაბ კოსტავა. ეს ზონები ერთმანეთისგან   სამრეწველო, „პრომზონით” იყო გამოყოფილი, სადაც ჩვენ  გვამუშავებდნენ მუშებად. იქით ზონაში ქართველი მარტო მერაბი  იყო, აქეთ ზონაში  კი მე და კიდევ ორი ქართველი ვიყავით, ის ორნი სამხედრო დამნაშავეები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, შესანიშნავი პიროვნება, ვასო ელიზბარაშვილი,  რომელიც 82 წლის იყო, ჩემთან ერთად იხდიდა სასჯელს. ის საქართველოდან 30-იან წლებში წავიდა და საფრანგეთში ცხოვრობდა. ბატონი ვასო იყო პოლკოვნიკი და მოხვდა  შალვა მაღლაკელიძესთან, ქართულ დივიზიაში, რომელიც გერმანელებმა ჩამოაყალიბეს. ომის დასრულების შემდეგ ვასო ელიზბარაშვილი „კაგებემ” საქართველოში ჩამოიტყუა და დააპატიმრა. კოლონიაში  ოთხი-ხუთი დისიდენტი ვიყავით, დანარჩენების უმეტესობა  სამხედრო დანაშაულის  მუხლით იყო გასამართლებული. დისიდენტებს შორის იყო იური ორლოვიც – რუსეთში  ყველაზე ცნობილი დისიდენტი ანდრეი სახაროვის შემდეგ. იური მალევე დამიმეგობრდა, ისე მენდობოდა და  ისეთ   ისტორიებს  მიყვებოდა ხოლმე, სხვებს რომ არ უმხელდა.                   

კოლონიაში მერაბ კოსტავასთან ურთიერთობა ფიზიკურად არ მქონდა, რადგან, იქ მკაცრი წესები იყო, თუმცა, ერთმანეთს ძალიან ვგულშემატკივრობდით. მოგვიანებით  მივხვდი, რომ ჩვენი მოხვედრა ერთ ბანაკში შემთხვევითი, ალბათ, არც  იყო. შესაძლოა, მათ სურდათ ჩემი გადაბირება, რომ მერე მე მემუშავა მერაბის გადმობირებაზე, თუმცა, ეს წარმოუდგენელი იყო. მერაბი ისე წაიყვანეს გადასახლებაში ციმბირში, რომ ჩვენ ერთმანეთთან დაკონტაქტებას მხოლოდ წერილებით ვახერხებდით. ჩვენ ერთ დაზგასთან ვმუშაობდით მორიგეობით – მე რომ გამიყვანდნენ, მერაბი შემოდიოდა და ის იწყებდა მუშაობას. ერთხელაც, ისეთ ადგილზე, რომ დარაჯებს არ შეემჩნიათ,  ცარცით დავუწერე: „გამარჯობა, მერაბ!” მეორე დღეს, სამალავიდან, საიდანაც ხდებოდა ერთი ზონიდან მეორეში ინფორმაციის გადაცემა მომივიდა მისი  წერილი: რა ტყუილად დაუჭერიხარ. რომ შეიძლებოდეს, შენს წლებს მე ავიღებდი, ჩემსას კი შენ მოგცემდიო. ის წერილი, რა თქმა უნდა, არავის წაუკითხავს – მაშინვე  ვანადგურებდით, მაგრამ, მართლა ასე მოხდა – მერაბი მალე გადაიყვანეს  ციმბირში.   თუმცა, მანამდე მოხდა ერთი ინციდენტი: ერთხელ  ჩვენს დაზგასთან ძალიან ბევრი „დაბრაკული” დეტალი შევნიშნე, ამ დეტალებში კაპიკებს გვიხდიდნენ, რომლითაც კიოსკში საკვებს, კარაქს, „პეჩენიას”  ვყიდულობდით.  ამ კაპიკებს ჩვენთვის მნიშვნელობა ჰქონდა. მერაბს მივწერე სამალავის მეშვეობით: ეს რა დაგმართნია, ამდენი დეტალი რომ გაგფუჭებია, რაღა უნდა აიღო და რა უნდა ჭამო-მეთქი. საოცარი წერილი მომწერა: ავთო, ძმაო, ესენი ჩვენ გვამუშავებენ და ჩვენი ხელით საბჭოთა კავშრის ძლიერებაზე ფიქრობენ. ეს დეტალები სვერდლოვსკის სამხედრო ქარხანაში მიაქვთ, ამიტომაც,  სპეციალურად გავაფუჭეო.         

– როგორ გადაიკვეთა თქვენი  ცხოვრება უკვე თბილისში?

–  როცა მე ამოვწურე პატიმრობის  ოთხი წელი, გამიშვეს გადასახლებაში, ხაბაროვსკის მხარეში, ეგრეთ წოდებულ „კალიმას“ მეზობლად. მერაბი უკვე გადასახლებაში იყო, ოღონდ, სხვა მხარეს. საშინელ ადგილას აღმოვჩნდი. მარტო მე ვიყავი ქართველი. ჩემი გათავისუფლება ძალიან მოულოდნელად მოხდა, საერთოდ არ ველოდი. ჩვენს დასახლებაში იყო ერთი ჩეჩენი, იგი მანქანის მძღოლად მუშაობდა, მაგრამ მისი მიზნები სულ სხვა იყო, ოქრო და ბეწვეული, რის გამოტანასაც არალეგალურად ახერხებდა. ის ჩემი ძმადნაფიცი გახდა კავკასიური წესით. იცნობდა იმ რაიონის „კაგებეს“ უფროსს და მისგან გავიგე, რომ თბილისიდან ხაბაროვსკში იყვნენ ჩამოსული ქართველი „კაგებეს“ თანამშრომლები. ჩამიყვანეს ხაბაროვსკში, შევხვდი მათ. ორნი იყვნენ. დაიწყეს მუშაობა ჩემს გადაბირებაზე, მაგრამ ისეთი რამ ვუთხარი, რომ ხელი აიღეს ამ განზრახვაზე. იქიდან წამომიყვანეს ვითომ „შვებულებით“. თბილისში დავბრუნდი 1982 წელს, 1987 წელს მერაბიც ჩამოვიდა. ზუსტად ათი წელი იყო თბილისიდან გარიდებული.  ტელევიზიის მუსიკალურ რედაქციაში დავიწყე მუშაობა, მე და ლუიზა შაკიაშვილი ერთად  ვმუშაობდით. ახალგამოსულ პოლიტპატიმარს ტელევიზიაში იმიტომ დამაწყებინეს მუშაობა,  რომ უფრო მეტად ვეყოლებოდი „ხელისგულზე”, სადმე ქარხანაში ან ფაბრიკაში  უფრო გაუჭირდებოდათ ჩვენი მეთვალყურეობა.  ლუიზა და ჩვენი საერთო მეგობრები კვლავ აქტიურობდნენ. მე ცოტა მოგვიანებით ჩავერთე.  როგორც კი მერაბი თბილისში ჩამოვიდა, მაშინვე მივედი მერაბთან სახლში. მახსოვს, გია წავიყვანე, ჭანტურია. მე გავაცანი ისინი ერთმანეთს. 

–ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში თქვენ იყავით ადამიანის უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველი, მაშინ, როცა   ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო მზად ამისთვის.   

– ჩემი მეგობრები ხშირად ხუმრობენ ხოლმე,  პირველი ელენე თევდორაძე ხარო (იცინის). მაშინ უზენაეს საბჭოში  სოციალურ საკითხთა კომისიაში იყო ქვეკომისია, რომელიც იცავდა ადამიანის უფლებებს და მე ამ კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი. მერე ვუთხარი ზვიადს, უხერხული არაა, უზენაეს საბჭოში მუდმივმოქმედი კომისია არ იყოს მაშინ, როცა ჩვენ  ხელისუფლებაში ადამიანის უფლებების დაცვით ვართ მოსული-მეთქი. მართალი ხარო, – მითხრა ზვიადმა. ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიისთვის დებულების შექმნა დამავალა და  კომისიაც შეიქმნა.  იმ პერიოდში  უამრავი წერილი მოდიოდა უცხოეთიდან ჯაბა იოსელიანის უფლებების დაცვისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით,  დაკავებული იყო გია ჭანტურია და გოგა ხაინდრავა, რომელთა გათავისუფლება ჩემზე არ იყო დამოკიდებული, თუმცა, როგორც  შემეძლო, ისე ვიცავდი მათ უფლებებს. ამ მხრივ, ჩემი გზა გააგრძელა ჩემმა შვილმა, ნათია იმნაძემ, რომელიც წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა, დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციაშია.   

– დღეს რას საქმიანობთ ძველი დისიდენტები? 

– ვინც ცოცხლები დავრჩით, გვაქვს ურთიერთობები ერთმანეთთან. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა, რომელიც „მერაბ კოსტავას საზოაგდოების” წევრია, დაიჩივლა ჩემთან, „მერაბ კოსტავას საზოგადოებას“ ხალხმა ხმა არ მისცა არჩევნებზეო. მე ვუთხარი, „მერაბ კოსტავას საზოგადოებას“ კი არა, თვითონ მერაბი რომ ყოფილიყო ცოცხალი, ალბათ, იმასაც არ მისცემდნენ ხმას, ისეთი ვითარებაა შექმნილი-მეთქი. ძალიან სამწუხაროა, რომ დისიდენტები, რომლებიც ათეული წლების წინ უმცირესობაში ვიყავით, ისევ უმცირესობაში დავრჩით.  ეს გულს კი გვტკენს, მაგრამ, ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ, იმდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ამად ყველაფერი ღირდა. ბევრი რამ მოვინანიე ღვთის წინაშე, მათ შორის ისიც, რომ ბოლოს ზვიადის  ოპოზიციაში აღმოვჩნდი. ცხოვრება ასეა – შეცდომების გარეშე   გზას ვერ გავდივართ.   

 

скачать dle 11.3