კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

ქართულ-გერმანული მოლხენა და ექვსი საათით გადადებული რეისი

სამოციან წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. მწვრთნელი გახლდათ ვლადიმერ ელოშვილი – ფეხბურთის უდიდესი სპეციალისტი და შესანიშნავი პიროვნება. სასიამოვნო მოგონებად დამრჩა, რომ ორჯერ ვითამაშე ფინალში საბჭოთა კავშირის პირველობაზე. ის უსიამოვნო ფაქტი, დონეცკში რომ მოსკოვის „სპარტაკთან“ ფინალში 1:2 წავაგეთ, მე მაინც სასიამოვნოდ მახსენდება. ამას მხოლოდ ის თუ გაიგებს, ვისაც ფინალში თამაშის სიამოვნება ერთხალ მაინც განუცდია.

მერე მოხდა ისე, რომ ფეხბურთის ფორმა გავიხადე და მილიციის გენერლის ფორმა ჩავიცვი, თუმცა ფეხბურთს ცოცხალი თავით როგორ ჩამოვცილდებოდი. ყველა უმნიშვნელოვანესი მატჩის დროს სტადიონზე წესრიგს ვიცავდი, ჩემს „არწივებთან“ ერთად. ის ეპიზოდი, რომელზეც უნდა გიამბოთ, „დინამოს“ „ლივერპულთან“ თამაშს უკავშირდება.

ფეხბურთის ფანებს ემახსოვრებათ (ან რა დაავიწყებთ), ის მატჩი ბრწყინვალედ ჩავატარეთ. „ნისლიანი ალბიონის“ ფეხბურთელები გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დავამარცხეთ.

როგორც მოგახსენეთ, წესრიგის დაცვა ჩემს მოვალეობაში შედიოდა. ეს იყო ორმაგი პატივი. ორმაგი იმიტომ, რომ ეს იყო სამსახური, რომელშიც შედიოდა როგორც სტადიონზე წესრიგის დაცვა, ასევე სტუმრად მყოფი ფეხბურთელებისა და მსაჯთა ბრიგადის უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია; მეორე – ქართული ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუხრელი დაცვა.

მოკლედ, უშესანიშნავეს ხასიათზე ვართ. მოვიგეთ! მთავარი მსაჯი (ეშვაილერი – გერმანიიდან) და მისი ბრიგადა პირადად მე უნდა გავაცილო აეროპორტში.

თვითმფრინავი ღამის 12 საათზე მიფრინავს.

ერთი საათით ადრე მივაცილე სტუმრები აეროპორტში. იქვე, რესტორანში დავიწყე „მეორე მოვალეობის“ შესრულება. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა, ერთ ჭიქას – მეორე, მესამე... მსაჯები უთხარი შენ და – წვეთს არ იკლებენ. მალე აუჟუჟუნდათ თვალები, ვარდის კოკორივით გაიფურჩქნენ. თარჯიმნობა ჩვენმა საამაყო სპორტსმენმა ალექსანდრე მეტრეველმა იკისრა.

– არ უნდათ წასვლა, – მითარგმნა ღიმილით.

– როგორ თუ არ უნდათ, რას ჰქვია, არ უნდათ? – გამიკვირდა ქართულად.

– ამბობენ, „იქნებ რეისი ერთი საათით მაინც შეაყოვნოთო“! – მითარგმნა ისევ.

რაღა ვქნათ ახლა?! ისეთი პუნქტუალური ერის წარმომადგენელი – გერმანელი მსაჯი ეშვაილერი, მე – ქართველ კაცს, დემურ მიქაძეს მთხოვს – ერთი საათი კიდევ მამყოფე თქვენს დალოცვილ მიწაზეო. შენ გენაცვალე და შენი ჭირი მე, ჩემო ტკბილო გერმანელო, მაგრამ ვინ, ვინ და მე – მილიციის გენერალმა წესრიგი როგორ დავარღვიო? არადა, ქართველი რომ ვარ? – ვფიქრობ გამწარებული, – სტუმარს როგორ ვუთხრა: გინდა, არ გინდა, წადიო?!

მაინც ქართულმა გენმა იმძლავრა. ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი და გამოვედი.

ფეხის ათრევით შევედი აეროპორტის უფროსთან. სიმწრის ოფლში ვიწურები – როგორი საქმეა, აეროპორტის უფროსს მე, წესრიგის უზადო დამცველმა, ვუთხრა: წესრიგი დაარღვიე და რეისი შეაყოვნე-მეთქი (თუნდაც ერთი საათით).

– მოკლედ, საქმე ასეა, დავიწყე მძიმედ, – ჩვენებმა ხომ მოიგეს დღეს?

– აბა, კაცო, აბა! მაგათ ვენაცვალე! – ამყვა ისიც, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, ტყუილად კი არ უთქვამს ბრძენს...

– ჰოდაა, – განგებ ვწელავ სათქმელს, –  იმ მატჩის მსაჯები ქეიფობენ... რესტორანში.

– მაგათაც ვენაცვალე, უნდა იქეიფონ, აბა, რა!

– არ უნდათ ჯერ წასვლა... – მივადექი მთავარს.

– ნუ წავლენ მერე... ბიჯოს! იყვნენ და იქეიფონ.

გულში იმედი გამიღვივდა... რაც არის, არის... უნდა ვუთხრა.

– კი მაგრამ, – რეისი რომ თხუთმეტ წუთშია?

– რომელი, კაცო?

– მაგათი, – ვანიშნე თავის გადაქნევით რესტორნისკენ.

– კი მაგრამ, საქმის კურსში არ ხართ თქვენ, ბატონო დემურ? – აქეთ მეკითხება.

– ვერ გავიგე?

– რა და უამინდობის გამო მაგათი რეისი დილის 6 საათამდე გადაიდო.

– რაა? – არ ვუჯერებ ყურებს.

– კი, ასეა, – ისხდნენ და იგრიალონ დილამდე.

თვალებში ათასი მზე ერთბაშად გამიბრწყინდა.

– ესე იგი – გადაიდო?

– კი, ასეა, ბატონო.

– არიქა, თუ ძმა ხარ, არავის უთხრა! – „დავუბარე“ და გახარებული „მივფრინდი“ რესტორანში ჩვენს მსაჯებთან.

– ყველაფერი რიგზეა! – ვანიშნე ცერა თითის აწევით. აი, ახლა კი ჩვენს ბრწყინვალე – „დინამოს“ ფეხბურთელებს გაუმარჯოთ! – ავწიე ჭიქა, – ეს ერთი და სხვა მრავალი! – უთარგმნე! – გადავხედე მეტრეველს.

დილარიჟრაჟზე „ღვინის ქურდებში“ როა, ზუსტად ისე მივაცილეთ პატივცემული მსაჯები ტრაპთან.

დღესაც სჯერათ, რომ რეისი მე შევაყოვნე.

ყოფილი ფეხბურთელის, გენერალ დემურ მიქაძის ნაამბობის

მიხედვით

 

скачать dle 11.3