კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

როგორ გაწირეს შალვა ახალციხელი და დიდი საქართველო გარნისის ბრძოლაში

17 (ახალი სტილით 30) ივნისს ქართული ეკლესია აღნიშნავს დიდი მხედართმთავრის, სწორუპოვარი გმირის, ქრისტიანობისათვის წამებული რაინდის, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეს.  

1223 წელს ლაშას ანდერძის მიხედვით, გამეფდა რუსუდანი. რუსუდანის აღმზრდელი იყო იოანე მხარგრძელი – ათაბაგი, იმ დროისთვის უკვე კარგა ხნის მართლმადიდებლურად მოქცეული. იოანე მხარგრძელის ხელში დიდი ძალაუფლება იყო თავმოყრილი, ის იყო ამირსპასალარიც – სამხედრო მინისტრი. მის საგამგებლოში შედიოდა ქვემო ქართლის სამხრეთი და ასევე სომხეთის დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში იყო. გადამწყვეტი სიტყვა სამეფო კარზე ივანე მხარგრძელს ჰქონდა.

როგორც ჩანს, საქართველოს სახელმწიფო დიდ კრიზისს განიცდიდა. უკმაყოფილო იყვნენ სახელმწიფოში შემომავალი სომხები. დაქირავებული ყივჩაღებიც, თურმე, არ ერთგულობდნენ სახელმწიფოს. სახელმწიფოს არ ჰქონდა მკვეთრად ჩამოყალიბებული მოქმედების გეგმა და არც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ ჰქონდა ნათელი წარმოდგენა. 

ამ დროს საქართველოში მოღვაწეობდნენ დიდი მეომრები თორელთა საგვარეულოდან – ძმები, შალვა და ივანე ახალციხელები.

შალვა ახალციხელი საქართველოს სიმბოლოა. მისი ბედი ძალიან ჰგავს საქართველოისას. ის იყო სწორუპოვარი რაინდი – „არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი“. სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სარდალი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ვაზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდგომ მანდატურთუხუცესი), ერისთავთ-ერისთავი. 

 შალვა ახალციხელი 1195 წელს შამქორის ბრძოლაში პირველი შეიჭრა მაჰმადიანთა კოალიციის სარდლობის ცენტრში და ხელთ იგდო მტრის უმთავრესი სიმბოლო, ხალიფას დროშა, რომლის ქვეშაც გაერთიანებული იყო თითქმის მთელი აღმოსავლეთი ერთი მიზნით – საქართველოს დასაქცევად.  

ხალიფას დროშა მოიღო შალვა ახლციხელმა და ფერხთით დაუფინა საქართველოს მნათობს – თამარ მეფეს. ყოვლისა აღმოსავლისა, დასავლისა, სამხრისა და ჩრდილოისა დედოფალმან ეს დროშა გელათის მონასტერს შესწირა. 

მას მერეც ყველა ბრძოლაში გამოიჩინა თავი შალვა ახალციხელმა, თავის ძმა ივანესთან ერთად. ბრძოლა კი ბევრი ჰქონდა საქართველოს. ბასიანშიც გმირულად იბრძოდნენ ძმები – შალვა მანდატურთუხეცესი (წესრიგის დამმყარებელი ქვეყანაში) და ივანე კარის (ყარსის) ათაბაგი. მათი გმირობა და სწორუპოვრობა, ხშირ შემთხვევაში, სხვისი სამხედრო მარცხის გამოსწორება, თავდადებული ქართველობა და პატიოსნება, შურის საგანი გახდა ზოგიერთი დიდებულისთვის, განსაკუთრებით, ივანე ათაბაგისთვის.  

1225 წელს საქართველოს სამფლობელოებს მოადგა ხვარაზმის დიდი სახელმწიფოს უკანასკნელი შაჰი და სულთანი ჯალალ ად-დინი. 

მისი უდიდესი სახელმწიფო დაამარცხეს მონღოლებმა. რამდენიმე წლით ადრე, 1218 წელს, ჯალალედინის მამამ, შაჰმა მუჰამედ მეორემ, რომელიც აღმოსავლეთში მაჰმადიანთა ინტერესების დამცველად ითვლებოდა და თავს „ალაჰის ჩრდილს“ უწოდებდა, უგუნურად, ბარბაროსულად და იმ დროინდელი სამყაროს გასაოცრადაც კი დახოცა მონღოლთა ელჩები და ვაჭრები. ამგვარად გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ საშინელ დამპყრობთა შეტევა საკუთარ სახელმწიფოზე. მონღოლებმა ხორეზმი აიკლეს, ისე რომ, შაჰმა პირდაპირი ბრძოლა ვერ გაუბედა მათ და ქალაქებს ამაგრებდა. მუჰამედ შაჰი გაიქცა კასპიის ზღვის ერთ კუნძულზე, სადაც კეთრით დაავადებულებს ასახლებდნენ და იქ მოკვდა სამარცხვინოდ. ხორეზმის შაჰად და სულთნად თავი გამოაცხადა მუჰამედის მემკვიდრე ჯალალედინმა. მან რამდენჯერმე მოახერხა მონღოლთა სარდლების დამარცხება. თუმცა, მერე მის წინააღმდეგ თავად ჩინგიზ ყაენი დაიძრა და და სასტიკად დაამარცხა ჯალალი, 1221 წელს. ამის შემდეგ ჯალალედინი გაიქცა ინდოეთში. იქიდან კი დაბრუნდა და გამოაცხადა საღვთო ომი – თავი მოუყარა თავისი არმიის ნარჩენებს, ასევე ირანში, ავღანეთში, ერაყსა და მიმდებარე მაჰმადიანურ ტერიტორიებზე მომთაბარე ბრბოებს და შექმნა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია, რომელიც ზოგი გადმოცემით, 200 000 მეომარს ითვლიდა. რამდენჯერმე თითქოს, მონღოლების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯალალედინს ქართველებისგან დახმარება უნდოდა. არც მისი ქმედება იყო დიპლომატიური და არც მისი მიზნები – რეალური. ქართველებმა კი, ალბათ, იცოდნენ მისი ფანატიზმი რელიგიურ საკითხებში და მათი ოჯახის წევრების გაუწონასწორებელი ბუნება. გარდა ამისა, მანამდე ქართველები, ლაშას სიცოცხლეში შეხვედრილან მონღოლებს ბრძოლაში – პირველ შეტაკებაში კი დამარცხდნენ, მონღოლების ერთი საომარი ხრიკის გამო, მაგრამ, მეორე ბრძოლა მონღოლებმა ვეღარ გაბედეს განახლებულ და ხელახლა გაწყობილ ქართულ არმიასთან და გაეცალნენ. ქართველებისთვის კი ეს მონღოლთა ძალის არასწორად შეფასების დასაწყისი იყო.

მოკლედ, ქართული სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა ჯალალედინის შემოსევას.

მოკლედ, უნდა ითქვას, რომ ქართული სახელმწიფო პოლიტიკური თვალსაზრისით, კრიზისს განიცდიდა. ამას ემატებოდა, როგორც ვთქვით, ზოგიერთი დიდებულის ზედმეტად აღზევება, დიდ არისტოკრატთა პირადი ინტერესები და მოუქნელი სახელმწიფო მანქანა. რაც მთავარია, ქართულ სახელმწიფოს არ ჰყავდა ძლიერი მეთაური – მეფე, მამაკაცი.

1225 წელს ჯალალედინი 150 ათასი (ზოგი გადმოცემით 200 000) მეომრით მოადგა საქართველოს საზღვრებს, სომხურ ქალაქ დვინს. ქართველებმა იჩქარეს და წინ დაახვედრეს დაახლოებით 60-70 ათასი ქართველი, სომეხი და ყივჩაღი. ჩვენ იმ პერიოდში თავისუფლად შეგვეძლო, გამოგვეყვანა 90 ათასამდე მეომარი, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს სამხედრო უწყებამ ძალიან იჩქარა.

მოწინააღმდეგენი ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ გარნისის ველზე, სომხეთში. ამირსპასალარ ივანე მხარგრძელს გადაწყვეტილი ჰქონდა თავდაცვითი ხაზის დაკავება და ამიტომ, მაღლობზე გამაგრდა. მესხები, შალვა და ივანე ახალციხელების მეთაურობით, წესისამებრ მეწინავედ განაწყეს.

ბრძოლის წინ სომხურ ნაწილებსა და მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველები აპირებდნენ, იძულებით მოექციათ სომხები მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. ანუ, უკმაყოფილებას ვიღაც მიზანმიმართულად თესავდა. გარდა ამისა, ჯალალედინმა მოახერხა და ყივჩაღები, რომლებიც დაქირავებული ჰყავდა ქართულ სახელმწიფოს (დაახლოებით 20 000) მოისყიდა და დაარწმუნა, მონაწილეობა არ მიეღოთ ბრძოლაში. ამაშიც ჩანს ქართული სახელმწიფოს სისუსტე.

როდესაც ჯალალედინის ბრბოები დაიძრნენ, მესხებს, რომელთა რიცხვი 4 000 იყო, სხვა არაფერი დარჩენოდათ, გარდა შეტევისა. პირველ ხანს წარმატებული შეტევაც განახორციელეს. თუმცა, მაჰმადიანთა ძალები გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, ამიტომ ახალციხელებმა რამდენჯერმე მიმართეს მთავარ შტაბსა და ამირსპასალარს, დამხმარე ძალების მიშველების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ქართველი ისტორიკოსი ამას შურს აბრალებს, რომელიც აღძრული იყო ივანე ათაბაგის გულში ახალციხელებისადმი...

ძირითადმა ძალებმა ისე არაორგანიზებულად დაიხიეს უკან, რომ ბრძოლაში მონაწილეობა არც მიუღიათ. ამაში, ალბათ, თავისი წვლილი ყივჩაღების პოზიციამაც შეიტანა, უკანდახევისას კი, მსხვერპლიც განიცადეს ადგილობრივი ტერიტორიის არცოდნის გამო. 

სანამ შეეძლოთ, გაუძლეს მესხებმა ჭარბი ძალების შემოტევას. ივანე ახალციხელი და მისი ნაწილების მცირე ნარჩენი უკანდახევისას კლდიდან დაგორებულმა ქვებმა იმსხვერპლა. შალვა ახალციხელი კი ხელში ხმალგატეხილი ტყვედ ჩაუვარდათ მაჰმადიანებს.

სწორუპოვარი რაინდი და უნიჭიერესი მხედართმთავარი შალვა ახალციხელი დაუმარცხებელი სარდალი და მეომარი იყო, მაგრამ რა უნდა ექნა 4 000 მესხს 150 000 ბარბაროსის წინააღმდეგ. მით უმეტეს, როცა მისი მოძმეები, შურიანი ივანე ათაბაგის ხელმძღვანელობით, 60 000 ქართველზე მეტი (დავუშვათ, მინუს 20 000 ყივჩაღი), ჯერ გულგრილად (გულგრილად თუ არა, ფაქტობრივად, უმოქმედოდ) უყურებდნენ მესხთა განადგურებას, მერე კი უომრად გაეცალნენ ბრძოლის ველს და იქვე დამარხეს დიდი საქართველოს უძლეველი სახელი.  

ისიც უნდა განვმარტოთ, რომ უბრალო მეომრები და დაბალი რანგის სარდლები, შალვას გამოსარჩლებას ვერ შეძლებდნენ, ჯარის დისციპლინა ამის უფლებას არ აძლევდათ. მათ არც იცოდნენ რა ხდებოდა – უბრძანა უმაღლესმა მთავარსარდლობამ და უბრძოლველად უკან დაიხიეს. გაკვირვებულები და გაოგნებულები კი იქნებოდნენ. 

ივანე ახალციხელი ბიჯნისის ციხეს შეეხიზნა და იქვე მოკვდა მალე.

კარგა ხანს ჯალალედინი არ წამოსულა ტფილისისკენ. მერე კი ისე მიადგა დიდი, უძლეველი სახელმწიფოს დედაქალაქს, წინ არავინ დახვედრია. მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი გამაგრებულიყო ქალაქში და ტფილისელი და მიმდებარე მიდამოების მოსახლეობა... 

საოცარია პირდაპირ, სად გაქრა უძლეველი სახელმწიფო, სად გაქრნენ დიდებულები, როგორ ვერ მოხერხდა არმიის მობილიზება, სახელმწიფოს ამუშავება...  

... ტფილისთანაც ღალატი იყო – საქართველოს სრულუფლებიანმა მოქალაქეებმა, არანაკლები შეღავათებით რომ სარგებლობდნენ, ვიდრე ქართველები და მათ ლუკმა პურსა და სრულ სამოქალაქო უფლებებს, მეგობრობასა და სიყვარულს უზიარებდნენ, კარები გაუღეს მხეც ჯალალედინს, რომელსაც გამარჯვება მხოლოდ დაქსაქსულ და ღალატით გატეხილ არმიასთან შეეძლო. მონღოლებს კი დაუგდო სამშობლო და გამოექცა. ის მხოლოდ სასტიკი იყო, გონიერება და ადამიანობა არ გააჩნდა. 

თუ აზიაში უტვინობა და არაკაცობა, არაადამიანობა შეიძლება დაინახო, ეს ჯალალედინზე, მის იდიოტ, მკვლელ მამასა და მათ „მეომრებზე“ შეიძლება, ითქვას. მხდალებმა დახოცეს მონღოლთა ვაჭრები, ასობით კაცი და გამოიწვიეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დაპყრობითი ომები. თვითონ კი მერე გადაკარგულ ჯურღმულებში ამოხდათ სული. ტფილისის მაჰმადიან მოქალაქეებსაც არ დაადგათ კარგი დღე. ქრისტიანთა ძარცვისა და ხოცვის მერე, მათაც მისდგნენ ჯალალის ბრბოები. ღალატი დასჯადია, თუ სახელმწფოს მხრიდან არა, ღვთისგან მაინც... 

თუმცა, სხვას რას ვერჩით, ჩვენ თუ სასტიკები და დაუნდობლები არ გვყავდნენ ხორეზმ შაჰებივით, მოღალატეები მაინც ბლომად „მოგვეპოვებოდა”.  

დიდი საქართველოსავით განწირული დიდი შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა. მისი გმირობის ამბავი ყველას სმენოდა და სისხლისმსმელმა ჯალალმა გადაწყვიტა, თავის არმიაში მიეღო სწორუპოვარი რაინდი და საპატიო ტყვედ დაიტოვა. ქალაქებს შეჰპირდა სამართავად, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა და თავის ერთ-ერთ მხედართმთავრობას სთავაზობდა.

მაგრამ, შალვა ახალციხელი წერილებს აგზავნიდა სამშობლოში და ქვეყნის თავდასაცავად ჯარის შეყრას ითხოვდა. 

გაუგეს. 

სულთანმა ჯალალედინმა გადაწყვიტა, ეპატიებინა, მაგრამ, ერთი პირობით. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სისხლისმსმელი, ბოროტების მსახური სულთანი ოდნავ „გონივრულად” მოიქცა, ან იქნებ გაუტეხელი ქართველის გატეხვა სურდა – შალვას გამაჰმადიანება მოსთხოვა.  

აქ კი გაეცინა ახალციხელს...  

ზემოთ ვთქვით, შალვა ახალციხელი საქართველოს სიმბოლოა – რომ არა შინა ღალატი, მას ვერავინ მოერეოდა. როგორც ჩვენი სამშობლო მუდამ ღალატის გამო ვარდებოდა სხვათა ტყვეობაში, ასევე, სამხედრო სარდლობის ღალატისა თუ უვარგისობის, სახელმწიფო მანქანის მოშლის გამო, ჩავარდა შალვა ახალციხელი მტრის ხელში, მისი ძმა კი მოკლეს. 

ჯალალედინმა მოაკვლევინა ქვეყნისა და სარწმუნოების ერთგული შალვა ახალციხელი. 

ასე ეწამა შალვა ახალციხელი ქრისტიანობისათვის, როგორც ეწამებოდა ხოლმე ჩვენი სამშობლო ქრისტეს სარწმუნოებისთვის. 

 

скачать dle 11.3