კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

საბჭოთა კავშირი რამდენიმე წლის დაშლილი იყო და სამოქალაქო ომისგან დანგრეული თბილისი ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა. მოსკოვიდან სულ რაღაც ორი დღის ჩამოსული ვიყავი. გაზაფხულის მშვენიერი, თბილი დღე იდგა და რუსთაველზე ფეხით გავლა გადავწყვიტე. ქაშუეთს რომ გავუსწორდი, ჩემკენ მომავალ, გორგოლაჭებზე შემდგარ, მუხლებს ქვემოთ ფეხებმოკვეთილ მათხოვარს მოვკარი თვალი. ის რუსული აქცენტით, დამტვრეული ქართულით ითხოვდა მოწყალებას და ამბობდა:

– მოქალაქენო! ძმებო, ქართველებო, გაიღეთ მოწყალება ინვალიდი რუსისთვის, რომელმაც სასტიკ ომში თქვენი ბედნიერებისთვის ორივე ფეხი დაკარგა...

მოქალაქეები სიბრალულით ივსებოდნენ ქართველებისთვის თავდადებული რუსის მიმართ და ფულებს სამხედრო კასკაში უყრიდნენ.

„რა ნაცნობი ხმაა“, – გავიფიქრე გულში და ჯიბეზე ხელი გავიკარი, რომ ფული ამომეღო. მათხოვარს ჩემი მოძრაობა არ გამოჰპარვია. ჩემკენ გამოგორდა, თავისი რეჩი დაარტყა და თან ფულიანი კასკა მომიშვირა.

– ჯინი, ეს შენ ხარ? – ჰაერში გამიშეშდა ხელი და ყოფილი ქურდი შევათვალიერე.

– მე ვარ, კობრა, – მითხრა ჯინმა.

– რა გჭირს, მართლა ომში დაკარგე ფეხები?

– აფხაზეთის ომში. ჩეჩნებმა ტყვედ ამიყვანეს და მაწამეს. შემდეგ რელსებზე დამაწყობინეს ფეხები და სარკინიგზო ურიკით გადამიარეს. მკვდარი ვეგონე, მიმატოვეს და ამან მიხსნა სიკვდილისგან. ერთმა ღვთისნიერმა ქალმა გადამარჩინა და, აი, ხომ ხედავ, რა დღეში ვარ...

– სამწუხაროა, – გულწრფელად ვთქვი მე. ჯინმა კი ძველებურად ზიზღით შემომხედა და მითხრა:

– სამწუხაროა, არა?!

– ჰო, ასეა.

– შენი ბრალია, ახლა ასეთ დღეში რომ ვარ.

– ჩემი რატომ?

– ჰმ, რატომო. იმიტომ, რომ შენი თაოსნობით გამაფუჭეს.

– მე რა შუაში ვარ? ფუფლო გააკატავე და საკადრისი მიიღე, რა, აღარ გახსოვს?

– ყველაფერი მახსოვს, ყველაფერი, – ბოროტად ჩაიქირქილა ჯინმა, – თავანის ერთი საათით დაგვიანება არ მაპატიეთ.

– შენ ვინმესთვის რამე გიპატიებია? აბა, ის გაფუჭებული ხალხი გაიხსენე, ვისაც სასტიკად ექცეოდი. რაც დათესე, ის მოიმკე.

– მოვიმკე, მოვიმკე, მაგრამ ყველას თავისას მიუზღავს ღმერთი.

– მიუზღავს, ეჭვი არ მეპარება ამაში.

– ჰო. კარგი, კარგი. მართალი ხარ, – მითხრა ჯინმა, – დამეხმარები?

ჯიბეში ოცდოლარიანი მედო. ფული ამოვიღე და ჯინის კასკაში ჩავაგდე. მან ფული უბეში შეინახა და მადლობაც კი არ უთქვამს, ისე გაგორდა წინ. თვალი გავაყოლე და სიბრალულით გავიფიქრე: „რა არის ეს ცხოვრება... ერთ დროს ჯინი ამაყი, სახელიანი და ამპარტავანი ქურდი იყო, ახლა კი რას დაემსგავსა. თუმცა, ამპარტავნობა არც ახლა აკლია“. ის იყო, უნდა შევბრუნებულიყავი და გზა გამეგრძელებინა, რომ ჯინს მისი კოლეგები შემოეხვივნენ. ოთხნი იყვნენ და რაღაცაზე დავობდნენ. უცებ, ერთ-ერთმა მათხოვარმა ჯინს უბიდან ფული ამოაცალა და გაიქცა. დანარჩენი სამიც მას გაჰყვნენ. ჯინმა ჯერ საშინლად დაიკივლა, შემდეგ გორგოლაჭიანი დაფიდან მარდად წამოხტა, ფეხები გაშალა და მძარცველებს დიდი ნაბიჯებით გაეკიდა... ამ სურათის დანახვაზე ლამის თვალები გადმომცვივდა, შემდეგ ხელი ჩავიქნიე და გიჟივით ავხარხარდი...

– რა გაცინებს, კობრა? – მკითხა ვერელმა კაკომ, რომელსაც იქვე უნდა შევხვედროდი და სწორედ იმ დროს მოვიდა.

– ამ ცხოვრებაზე მეცინება, კაკოჯან, მეტი რაზე. ამ ქვეყანას, შეიძლება, მეორედ მოსვლამაც კი არ უშველოს.

– ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, – შეშინდა კაკო და პირჯვარი გადაიწერა, – წამოდი, კობრა, გველოდებიან.

კაკოს მანქანით ლოტკინზე ავედით, სადაც „კოკა-კოლას“ უნდა შევხვედროდით. ის ავტოქურდების ბანდის მეთაური იყო და ერთი მანქანის ვაზვრატზე უნდა დავლაპარაკებოდით. მაშინ თბილისში და სხვა კუთხეებში მოპარული მანქანები ცხინვალში გადაჰყავდათ და ყიდდნენ. კოკა-კოლა ამ საქმის ავან-ჩავანი იყო, წინა დღით მისმა ბიჭებმა „გაუწიეს“ ვერელ კაკოს ძველი „ტოიოტას ჯიპი“ და მის დასავაზვრატებლად მივდიოდით.

– ნეტავი, უკვე ცხინვალში  ხომ არ გადაიყვანეს? – ნერვიულობდა კაკო.

– ხომ გითხარი, რომ არა-მეთქი, – მივუგე ვერელს, – იქაურ ქურდებს წუხელვე ვებაზრე და არ მომატყუებდნენ. ახლა თუ მიიყვანენ, ისინი უკანვე ჩამოიყვანენ მანქანას.

– ხომ არ დაშალეს და ნაწილ-ნაწილ ხომ არ აპირებენ გაყიდვას? – არ ცხრებოქდა კაკო.

– ეს უარესი ვარიანტია, მაგრამ, არა მგონია. დამშვიდდი.

კაკოს ასეთ ნერვიულობას სერიოზული საფუძველი ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ „ტოიოტას“ წინა, ნიკელის ფარში ოცი კილოგრამი პლატინა იყო შედნობილი და ამ გზით აპირებდა ის ამ ძვირფასი ლითონის უცხოეთში გატანას.

კოკა-კოლას კერძო კარ-მიდამოს რომ მივადექით და მანქანა გავაჩერეთ, კაკოს ვუთხარი:

– დამშვიდდი და არ დაიწვა, იმ ბოზმა არაფერი იყნოსოს.

ბოზი კი იმიტომ ვუწოდე კოკა-კოლას, რომ ადრე მილიციაში მუშაობდა, ავტოინსპექტორი იყო და ამგვარად ნაშოვნი ფულით ჰქონდა აშენებული ფეშენებელური სასახლე ლოტკინის მთაზე. ხოლო, ქვეყანა რომ აირია და ის მილიციიდან გაუშვეს, ლოტკინელებისგან მანქანის ქურდების ბანდა შეკრა და საკმაოდ სარფიანი კრიმინალური ბიზნესი ააწყო.

– მობრძანდით, აქ დაბრძანდით, – შეგვიპატიჟა ოთახში კალაბოკის მსგავსმა კოკა-კოლამ და წინ გაგვიძღვა, შემდეგ გააბოლა და დაამატა: – აბა გისმენთ, რისთვის შეწუხებულხართ?

– მე ხომ მიცნობ, კოკა-კოლაჯან? – ვკითხე მასპინძელს.

– კობრას ვინ არ იცნობს, – მომიგო კოკა-კოლამ.

– წუხელ ჩემს ძმას, – მე კაკოსკენ გავიშვირე ხელი, – „ტოიოტას ჯიპი“ გაუწიეს და, მინდა, რომ მის პოვნაში დაგვეხმარო.

– ეგ რომელი „ჯიპი“, უშიტოკო?

„უშიტოკოს“ ხსენებაზე კაკომ ფერი დაკარგა, მე კი მასპინძელს ვუთხარი:

– არა, ფარიანი იყო, შავი ფერის.

– შიტოკი წითელია. შავიც მოიყვანეს გუშინ ჩემებმა, მაგრამ აქ რომ არ მყავს?

– აბა, სადაა? – ვერ მოითმინა კაკომ, რომელსაც ფერდაკარგულ სახეზე ცივი ოფლი ასხამდა და დაამატა, – უკვე გაყიდეთ?

– არა, ძმაო, გადავმალეთ, – მიუგო მასპინძელმა

– შლით?

– არა, ბრატ, მთელია, – თქვა მასპინძელმა და კაკოს გამომცდელი მზერა ესროლა. საუბარში მე ჩავერთე და კოკა-კოლას ვუთხარი:

– კოკა-კოლაჯან, ძმაო, კაკოს ეს მანქანა მისმა ცხონებულმა დამ აჩუქა და ასე იმიტომ ნერვიულობს. თუ ის თქვენ გყავთ, მაშინ მოიყვანეთ და პატივისცემა ჩემზე იყოს.

– არ გრცხვენია, კობრა? მე შენ კაპიკს გამოგართმევ? – თქვა მასპინძელმა. შემდეგ თავის ასისტენტს მიუბრუნდა:

– წადი და „ტოიოტა“ ჩამოაგორეთ, ეგ მანქანა უნდა იყოს. წუხელ სწორედ „კრეტინამ“ „გასწია“ ვერიდან.

ნახევარ საათში კაკოს „ტოიოტა“ უკვე „კოკა-კოლას“ ეზოსთან იდგა. ვერელმა შეხედა მას და მანიშნა: „ყველაფერი  წესრიგშიაო“. ფარი თავის ადგილზე ეყენა, ესე იგი ოცი კილოგრამი პლატინაც იქ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კოკა-კოლა ფულს არ გვართმევდა, მას ორასი დოლარი ჯიბეში ჩავუდე, გამოვემშვიდობეთ და ლოტკინის მთიდან დავეშვით.

– მაგრად გაგვიმართლა, კობრაჯან, მაგრად. კიდევ კარგი, მანქანა ცხინვალში არ გადაიყვანეს ან, უარესი, რომ არ დაშალეს, – მითხრა ფერსა და ხასიათზე მოსულმა ვერელმა კაკომ.

– ცხინვალიდანაც უკან დავაბრუნებდით და არც ფარის პოვნა გაგვიჭირდებოდა, – მივუგე კაკოს, – ქურდებს ჯერ კიდევ შეგვიძლია რაღაც-რაღაცეები, ბევრად უფრო რთული ვაზვრატიც მიჩალიჩია.

– ეგ როგორ?

– კაროჩე, სოჩაში მივემგზავრები. „ესვეში“ ვარ მოკალათებული და ერთ მაგარ ნაშას ვეპადხოდები, რომელიც ჩემი კუპეს პასაჟირი აღმოჩნდა. ღამის ორი საათია და სამტრედიაში გავჩერდით. ნაშა უკვე დაკერილი მყავს და დამთანხმდა, სოჩაში  წამომყოლოდა. არადა, თვითონ მიემგზავრებოდა დასასვენებლად. გასასინჯად უკვე გატოვია და მატარებლის დაძვრას ველოდები, რომ დავიწყო. საათს დავხედე, თვალი ჩავუკარი და ვუთხარი:

– ხუთ წუთში დავიძვრებით და დავწვეთ.

– ერთი სული მაქვს, ჩაგეხუტო, ჩემო სიცოცხლე! – ვნებიანად მომიგო ნაშამ და წელს ზემოთ გაშიშვლდა.

მე ქამარი შევიხსენი... ამ დროს კარზე დააკაკუნეს და მამაკაცის ხმამ თქვა:

– კობრა, გააღე, საქმე გვაქვს შენთან.

არც ძებნილი ვიყავი, არც ეჭვმიტანილი,  სულ რაღაც ორი დღის წინ გამოვედი სროკიდან და გამგზავრებამდე სახლიდანაც კი არ გამოვსულვარ. „ვაა, რა უნდათ ძაღლებს?“ – გავიფიქრე გუნებაში და რომ ვერაფერს მივხვდი, ქამარშეხსნილმა კუპე გამოვაღე.

ზღურბლზე ორი მამაკაცი იდგა და ერთ-ერთმა მითხრა:

– უნდა შემოვიდეთ.

– შემობრძანდით, – უცნობები კუპეში შემოვუშვი.

– ქალბატონო მარგო, ხუთიოდე წუთით უნდა დაგვტოვოთ და მეტს აღარ შეგაწუხებთ, – უთხრა ნაშას ერთ-ერთმა მამაკაცმა, გარეთ გაისტუმრა და კარი მიხურა. მეორემ კი მითხრა:

– კობრა, ჩვენ უშიშროების კომიტეტიდან ვართ.

– ამ ქალს ნუნუ ჰქვია, – ვუთხარი დაუპატიჟებელ სტუმრებს.

– მაგას მარგო ჰქვია და სამხედრო ოფიცრის ცოლია. თავის ვინაობას კი საყვარლებს უმალავს და ხან მეგის ირქმევს, ხან ნუნუს და ასე შემდეგ, – განმიმარტა ერთ-ერთმა კომიტეტელმა.

– გასაგებია, – ვთქვი მე და დავამატე: – ჩეკისტებთან არასდროს მქონია საქმე, რა მოხდა, დავაშავე რამე?

– ჩვენთან სუფთა ხარ, უბრალოდ, შენი დახმარება გვჭირდება, – მითხრა ერთ-ერთმა.

– გისმენთ, ბრძანეთ.

– კობრა, გამოცდილი კაცი ხარ და ენაზე კბილის დაჭერა ჩვენგან არ გესწავლება. რასაც ახლა გეტყვით, სახელმწიფო საიდუმლოებაა და არავისთან არ უნდა თქვა. ჩვენ არც ხელწერილს გთხოვთ და შენს სიტყვას ვენდობით, – მითხრა ერთ-ერთმა.

– არ ვიტყვი. გისმენთ.

– გუშინ ჩვენი კონტრდაზვერვა ერთ ადამიანს უთვალთვალებდა, რომელიც უცხოელ ჯაშუშს შეხვდა და მისგან ტყავის პატარა ჩანთაში მოთავსებული პორტატული რადიომიმღები მიიღო. ეს ნივთი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს, მაგრამ მას ის ვიღაცამ მოპარა. ჩვენ ამ ყველაფერს ფირზე ვიღებდით, თუმცა, ქურდობის მომენტი არ დაფიქსირდა და წამღები ვერ გავშიფრეთ. შენ კი იმიტომ მოგმართეთ, რომ მის პოვნაში დაგვეხმარო, თანახმა ხარ? – მითხრა ჩეკისტმა.

– პირდაპირ ჩემთან მოხვედით?

– შენამდე, მთელი პრისტუპნი მირი ფეხზე დავაყენეთ, მაგრამ უშედეგოდ.

– იქნებ შპიონი თვალთვალს მიხვდა და ნივთი მოიშორა?

– გამორიცხულია. ის ჩვენ ავიყვანეთ და დავკითხეთ. ასე რომ ყოფილიყო, გვეცოდინებოდა. ვიღაცამ მოჰპარა და აორთქლდა.

– შეკითხვის დასმის უფლება ხომ მაქვს?

– რამდენიც გინდა.

– სად და რა ვითარებაში დაიკარგა ნივთი?

– გუშინ, დღის პირველის ნახევარზე, თბილისის ვაგზლის შესასვლელთან. ობიექტს, ანუ ვისაც ვუთვალთვალებდით, ეს პატარა ჩანთა მარჯვენა მხარეზე ჰქონდა გადაკიდებული. ჩანთის ქამარი ფოლადის სამაგრებით იყო მიბმული და ქურდმა სწორედ ეს სამაგრები მოხსნა. იმდენი ხალხი ირეოდა იქ, რომ ქურდი კადრში არ ჩანს. მას ერთი მამაკაცი ეფარება და ყველაზე საოცარი ისაა, რომ იმ კრეტინმა ვერც კი იგრძნო, როგორ გაქურდეს.

– როგორ, მხარი რომ შეუმსუბუქდა, ვერ იგრძნო?

– საქმეც ეგაა, რომ ქურდმა ჩანთა მოხსნა და მის ნაცვლად მაშინვე კაპრონის ბადე ჩამოჰკიდა, რომელშიც ქაღალდში გახვეული რკინის დაჟანგული ნაჭერი იდო.

– უცნაური და დაუჯერებელია, – გამეცინა მე, – თითქმის უშანსო საქმეა, თუმცა ვიჩალიჩებ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. მაშინ ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე და სოჩაში პაეზდკა დროებით გადადო. ვერტმფრენი გველოდება და მატარებელმაც ოცი წუთით დააგვიანა გასვლა.

– წავედით, – ვთქვი მე, სწრაფად ჩავიცვი და ჩეკისტებთან ერთად კუპე დავტოვე. ფანჯარასთან მდგარ ნაშას რომ ჩავუარე, თვალი ჩავუკარი და ვუთხარი:

– ნახვამდის, მარგოჯან, სოჩა სხვა დროს იყოს. ახლა კი მოვალეობა მიხმობს და საბრძოლო ვახტზე უნდა დავდგე.

თავისი ნამდვილი სახელის ხსენებაზე ნაშამ ცხვირი აიბზუა, ყელი მოიღერა და კუპეში ამაყად შევიდა.

თბილისში ვერტმფრენით ჩამომიყვანეს. შავი ფერის, ფარდებიანი  „ვოლგა“ უკვე გველოდებოდა. მანქანის საჭეს ერთ-ერთი ჩემი თანმხლები ჩეკისტი მიუჯდა, მეორე მის გვერდით მოკალათდა და მითხრა:

– ხელს არ შეგიშლი, თავისუფლად მოთავსდი.

– სად მივდივართ? – ვიკითხე მე.

– სადაც გვეტყვი.

– ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ.

– შევთანხმდეთ.

– მართალი გითხრათ, ამ წამოწყების დიდად არ მჯერა და, ვფიქრობ, ქურდს ვერ ვიპოვი, მაგრამ შანსი მაინც არის. ჰოდა, თუკი სასწაული მოხდა და გაგვიმართლა, ჩანთას მოგიტანთ, მაგრამ, ქურდს არ გავცემ. გაწყობთ?

მძღოლის გვერდზე მჯდომს გაეცინა და მითხრა:

– ქურდი ჩვენი ინტერესების სფეროში არ შედის. შენ ოღონდ რადიომიმღებიანი ჩანთა მოიტანე და პატივისცემა ჩვენზე იყოს.

– შევთანხმდით?

– შევთანხმდით, – მომიგო ჩეკისტმა.

– მაშინ, სახლში წამიყვანეთ. ცოტას დავფიქრდები და ჩალიჩს დავიწყებ.

ჩემს ბინაში რომ შევედი, დილის შვიდი საათიც შესრულდა. წამოვწექი და ფიქრი  დავიწყე, მაგრამ ხეირიანი არაფერი მომდიოდა თავში. აშკარა იყო, რომ გამოუცდელი, მაგრამ ნიჭიერი პიროვნება იყო ის, ვისაც ვეძებდი. გამოუცდელი იმიტომ, რომ პროფესიონალი ქურდი, კონკრეტულად კი ჯიბგირი,  ინტუიციით გრძნობს, რა უნდა მოიპაროს და ასეთ რისკზე ალალბედად არ წავიდოდა. ნიჭიერი კი იმიტომ, რომ ასე ოსტატურად იჩალიჩა... ფიქრში ჩამეძინა, მაგრამ, არც მაშინ შემიწყვეტია ფიქრი და, არ ვიცი, დამესიზმრა თუ რა დამემართა, „აფერისტა“ წარმომიდგა თვალწინ. ოქროსუბნელი აფერისტა ერთი ძველისძველი ჯიბგირი იყო. თვითონ დიდი ხანია, აღარ ჩალიჩობდა, მაგრამ, ყური მქონდა მოკრული, რომ ახალი თაობის აღზრდით იყო დაკავებული. ამიტომ, მასთან მისვლა და დახმარების თხოვნა გადავწყვიტე. ავდექი, ტაქსი გავაჩერე და ოქროსუბნისკენ ავიღე გეზი. მანამდე კი „ციგანსკი პასიოლოკში“ გამოვიარე და ჩემს უფროს კოლეგას ერთი ბლოკი სიგარეტი „სალემი“ ვუყიდე, რომელიც მას ძალიან უყვარდა.

– ვაა, ამას ვის ხედავს ჩემი ბებერი თვალები! – გაუხარდა ჩემი დანეხვა აფერისტას და გადამეხვია.

– აი, ეს შენ, – სიგარეტის ბლოკი მივეცი და ვკითხე, – როგორ ხარ? აფერისტჯან?

– ვაჰ, ვაჰ, „სალემი“? – თქვა აფერისტამ და ჩვეული ოსტატობით ჯერ სიგარეტის კოლოფი ამოაცურა ბლოკიდან, შემდეგ კი ჩემთვის აუხსნელი სიმარდით, თან, ცალი ხელით, გახსნა კოლოფი, სიგარეტის ღერი ამოიღო, მოუკიდა, სიამოვნებით გააბოლა და დაამატა, – ვარ, რა, როგორც ბებერ ქურდს შეეფერება.

– ბებრობის არაფერი გეტყობა. ისევ ისეთი მარჯვე ხარ.

– სადღაა ძველებური კლასი. ადრე ნა ხადუ ვფცქვნიდი კლიენტს, ახლა კი ვაშლის გაფცქვნა მიჭირს. ეეჰ, ვბერდები, კობრა, მივდივარ და ძველ დროს ვნატრობ, როცა ახალგაზრდა ვიყავი.

– წასვლა ჯერ ადრეა, ახალი თაობა გყავს გასაზრდელი და მათ ვის უტოვებ?

– ეეჰ, სადღაა თაობა, – ხელი ჩაიქნია ჯიბგირმა, – სულ დურაკები მხვდებიან. თუმცა, ერთი მაგარი ნიჭიერი მყავს, მაგრამ, ისიც დურაკია.

ინტუიციით ვიგრძენი, რომ მიზანთან ახლოს ვიყავი და ვუთხარი:

– რას გულისხმობ?

– ერთი პატარა ბიჭია, რა, „ხვლიკას“ ვეძახით. მართლა მაგრა იპარავს, მაგრამ, დურაკია. ვეუბნები: ბიჭო, ხომ გასწავლი, მაყუთიანი როგორ უნდა გამოიცნო, ყველას ნუ ეჯიბგირები და ხარახურას ნუ ეზიდები-მეთქი, ის კი მეუბნება: მოპარვა მევასება, თან, ხელს ვიწაფავო. ერთხელაც იქნება, იმ ხელებს მოაძრობენ და კარგად მეყოლე. გუშინწინ რადიო არ მომითრია? კინაღამ გავგიჟდი. მან კი – მოუსმინეო და ეს ბარახლო აქ არ დამიტოვა?! არა, რა, დურაკები არიან, დურაკები...

– აფერისტჯან, ეგ რადიო ტყავის პატარა ჩანთაში ხომ არ იდო?

– ჰო. მერე?

– გადააგდე?

– რათა, ვუსმენ, რა!

– შეგიძლია, მანახვო?

– მაიცა, მაიცა, შენ, რა, ამ რადიოს ვაზვრატზე ხომ არა ხარ მოსული?

– მანახვე და გეტყვი.

აფერისტამ ჩანთაში ჩადებული რადიომიმღები მომიტანა და მკითხა:

– ესაა?

– კი, ესაა.

– ვისია?

– რომ გითხრა, არ დაიჯერებ.

– მაინც, ვისია?

– „კაგებესი.”

– ხომ ვამბობ, დურაკია-მეთქი! ასეთი ბარახლო მოათრიო, თანაც, „კაგებესი”?! ეს რა ხათაბალაა. მარტო მოპარვა ხომ არაა საქმე. ხომ უნდა იცოდე, ვის ჰპარავ. ეს მინდოდა ამ სიბერეში?

– ნუ გეშინია, აფერისტ. შენ არავინ შეგეხება და ვერც ვერავინ გაიგებს რამეს.

– „კაგებე” ვერ გაიგებს?

– ვერა.

– მაიცა, რა, კობრაჯან, მაგათმა ის იციან დედამიწის გულში რა დევს და ამას ვერ გაიგებენ?

– ვერა და არც აინტერესებთ. მაგათ მარტო ეს რადიო უნდათ.

– წაიღე, ძმაო, წაიღე, მომაშორე ეს შარი. რომ ვუყურებ, ასე მგონია, „კაგებეს” კამერაში ვზივარ, – თქვა აფერისტამ, ოფლი მოიწმინდა და დაამატა,– აი, ხვლიკას კი პანღურით გავაგდებ.

– რათა, პაპაჯან, რას მერჩი, პანღურით რატომ უნდა გამაგდო? –  მომესმა ხმა, შევტრიალდი და პატარა ტანის ახალგაზრდა შემრჩა ხელში, რომელსაც თხელი და შეუფერებლად გრძელი თითები ჰქონდა.

– აი, ეს დურაკიც მოსულა, – თქვა აფერისტამ, – ბიჭო, ხომ გითხარი, ჩუმად ნუ შემოდიხარ-მეთქი, გული გინდა გამიხეთქო?

– მე მეგონა, გეძინა და იმიტომ აღარ დავაკაკუნე, – მიუგო ხვლიკამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ თავხედი იყო.

– რა მეძინა, შე დურაკო, რამდენჯერ გითხარი, ტუფტაზე ნუ იპარავ-მეთქი!

– რა მოხდა, რო?!

– რა მოხდა და „კაგებეს” რადიო მოიპარე.

– ეგ ვინაა?

აფერისტამ თავი გააქნია, შემომხედა და მითხრა:

– ხომ გეუბნები, დურაკია-მეთქი.

ხვლიკამ შემათვალიერა და აფერისტას ჰკითხა:

– პაპაჯან, ეს კაცია „კაგებე”?

აფერისტამ თავში ხელები შემოირტყა და თქვა:

– ვაი, ვაი, რა დურაკი ხარ! ეს კობრაა.

ჩემი სახელის ხსენებაზე ხვლიკამ შიშნარევი მზერით შემომხედა და მითხრა:

– ბოდიში. არ გიცნობიდით.

– ჰოდა, გავიცნოთ ერთმანეთი, – ვუთხარი ბიჭს და ხელი გავუწოდე. მან ხელი ჩამომართვა და მითხრა:

– ხვლიკა.

– კობრა, – ვუთხარი ბიჭს და ვკითხე: – ეს ნივთი გუშინწინ, შუადღეზე ვაგზალზე მოჰპარე ხომ, ვიღაც კაცს?

– კი.

– ძალიან კარგი. ხომ არ გეწყინება, თან რომ წავიღო?

– არა.

– ყველაფერი გაიასნებულია, – ვთქვი მე. მაგიდაზე ხუთი ცალი ასმანეთიანი დავდე და ბიჭს ვუთხარი:

– აი, ძმაო, ეს ფული ამ რადიომიმღების სანაცვლოდ გქონდეს და პაპას დაუჯერე, რასაც გეტყვის. მე კი მეჩქარება, უნდა დაგტოვოთ.

აფერისტამ ბიჭს ოთახში დარჩენა უბრძანა, კარამდე მიმაცილა და მკითხა:

– კობრაჯან, საშიში ხომ არაფერია, ბიჭს ხომ არავინ არაფერს ეტყვის?

– გეკადრება? თავს ვდებ, რომ არა.

– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა. დურაკი კი არის, მაგრამ, ოქროს ხელები აქვს. მაგრად მოვკიდებ ხელს და კაცს გამოვიყვან.

– კარგად, აფერისტჯან, წავედი.

– კარგად, კობრა, ღმერთი შენკენ.

ერთ საათში რადიომიმღები უკვე ჩეკისტებს ჰქონდათ. მათ არაფერი უკითხავთ ჩემთვის, დიდი მადლობა გადამიხადეს, პატარა პაკეტი გამომატანეს და მითხრეს:

– ეს შენ. სოჩაში კარგ დროსტარებას გისურვებთ.

სახლში რომ მივედი და პაკეტი გავხსენი, იქ ხუთი ათასი მანეთი და მეორე დღისთვის აღებული, თბილისი-სოჩის მატარებლის „ესვეს“ ბილეთი იდო. აი, ასეთი უჩვეულო ისტორიის მონაწილე გავხდი, ჩემო კაკო და რადიომიმღები ვიპოვე. შენ კი ნერვიულობდი, – ვუთხარი ვერელ კაკოს.

სხვათა შორის, ხვლიკას კვლავ შევხვდი. რამდენიმე წლის შემდეგ მოსკოვში ვიმყოფებოდი. სროკიდან ახალი გამოსული ვიყავი და ერთ ქურდულ მალინას მივაკითხე. მშვიდი, არახალხმრავალი ადგილი იყო და, მაქსიმუმ, ერთი კვირა ვაპირებდი იქ გაჩერებას. ბინის მეპატრონე ძველი ქურდის ცოლი იყო, სამოც წელს გადაცილებული „ბიტი“ ქალი, რომელთან ურთიერთობა ძალიან სახალისო იყო და იქ გაჩერება იმიტომ მიყვარდა. დიასახლისმა რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა, ბინაში შემიპატიჟა, გადამკოცნა და მითხრა:

– როგორ ხარ, ძვირფასო? კარგად გამოიყურები, არ შეცვლილხარ.

– შენც კარგად გამოიყურები, ანუშკა და არც შენ შეცვლილხარ.

– გულს მიკეთებ, ხომ კობრა? რაღა დროს ჩემი კარგად ყოფნაა, უკვე სამოცს გადავაბიჯე.

– მართლა? ორმოცსაც ვერ მოგცემს კაცი.

– რა ხართ ეს ქართველები, – თავი გააქნია ანუშკამ, – ქალს კომპლიმენტი რომ არ უთხრათ, სულ მათხოჯიც რომ იყოს, არ შეგიძლიათ. ერთი ქართველი ცხოვრობს ჩემთან და, უნდა განახა, რა ტიპია.

– ესე იგი, მარტო არ ხარ, ანუშკა? – ვკითხე დიასახლისს.

– მოვთავსდებით, კობრა, ბინა დიდია, – მითხრა ანუშკამ, – ჰოდა, ამ ქართველ ბიჭზე გეუბნებოდი. ისეთი შუსტრია, ისეთი, რომ თვალს ვერ შეავლებ. რომ გგონია, აქააო, იქაა და პირიქით, მოკლედ, ვერცხლისწყალია. იცი, რა სიტყვებს მეუბნება?! ჩემო ლამაზო, ჩემო კეთილო დეიდაო. შენ ჩემთვის მეორე დედა ხარო და ასეთ რაღაც-რუღაცეებს. ყოველდღე საჩუქარი მოაქვს ჩემთვის. ერთი სიტყვით, სულში ჩაიძვრენ.

– ჩვენიანია?

– თანაც, როგორი. აი, ასეთი, – ცერი თითი ასწია ანუშკამ, – უმაღლესი კლასის ჯიბგირია.

– რა ჰქვია?

– ცოტნე.

– ცოტნე, ცოტნე... მასეთს, რაღაც, ვერ ვიხსენებ, – ვთქვი მე და ვკითხე: – მეტსახელი არ აქვს?

– აქვს და მითხრა კიდეც, მაგრამ, ისეთი რთული გამოსათქმელია, ვერ დავიმახსოვრე და ცოტნე მირჩევნია, – მითხრა დიასახლისმა და დაამატა: – სადაცაა მოვა. შუადღეზე შემოირბენს ხოლმე, წაისადილებს და ისევ მიდის. წამოდი, სამზარეულოში შევიდეთ. მშიერი იქნები, გაჭმევ რამეს და ამასობაში ცოტნეც მოვა.

ანუშკამ სამ კაცზე გაშალა სუფრა, კონიაკიც გამოიტანა და მითხრა:

– შენ დაიწყე ჭამა და ჩვენც შემოგიერთდებით, ჩემი ბიჭი წუთი-წუთზე მოვა.

ძალიან მშიოდა და, ჩავიდე თუ არა პირში ლუკმა, მომესმა:

– ანუშკა-დედიკო! მე მოვედი, სად ხარ?

– აი, ჩემი მზეც მოვიდა. ხომ ვამბობდი, ამ დროს შემოირბენს-მეთქი, – თქვა ანუშკამ და გასძახა, – სამზარეულოში ვართ, შემოდი, სტუმარი გვყავს!

მე ზურგით ვიჯექი და ვერც მე ვხედავდი ანუშკას „მზეს“ და ვერც ის მხედავდა სახით. ის არც კი მომესალმა, ისე მიიჭრა დიასახლისთან, პატარა ხვეული მისცა, აკოცა და უთხრა:

– ეს შენ, დედიკო, საჩუქრად.

– ჩემო მზეო, სტუმარს მიესალმე, – უთხრა ანუშკამ ცოტნეს, რომელმაც შემომხედა და გაქვავდა...

– ხვლიკა, როგორ ხარ? – ვკითხე ბიჭს.

– გამარჯობა, კობრა, – ამოილუღლუღა აფერისტას ყოფილმა შეგირდმა.

– თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ? – იკითხა ანუშკამ.

ხვლიკა ხმას არ იღებდა, ანუშკას კი ვუთხარი:

– ძველი ნაცნობები ვართ, ჯერ კიდევ თბილისიდან.

– ჩემო მზეო, ხელი ჩამოართვი სტუმარს, რამ დაგაბნია? – უთხრა დიასახლისმა ხვლიკას, რომელიც ადგილიდან არ იძროდა.

– გამარჯობა, ძმაო, – ხელი გავუწოდე ბიჭს. მან ხელი ჩამომართვა და შევთავაზე, – რას უდგახარ, დაჯექი და ვისადილოთ.

ხვლიკა მაგიდას მიუჯდა, მაგრამ, ძალიან თავშეკავებულად იქცეოდა ანუშკამ უთხრა კიდეც:

– რა გჭირს, ჩემო მზეო, რამე უსიამოვნება ხომ არ შეგემთხვა?

– ჩემმა დანახვამ გააოცა. ჩემს აქ ნახვას არ მოელოდა, – ვუთხარი დიასახლისს და ხვლიკას მივუბრუნდი: – თუ ჩემი ნახვა გეწყინა, ავდგები და წავალ. რა ჩუმად ხარ, ბიჭო, ხმა ამოიღე.

– არა, კობრა, სად წახვალ, – ენა ამოიდგა ხვლიკამ. შემდეგ კონიაკი ჩამოასხა, ჭიქა ასწია და თქვა: – ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს!

– მოიცა, მოიცა, ჯერ არ დალიო, – ვუთხარი ბიჭს, რომელსაც ჭიქა ჰაერში გაუშეშდა, – შეხვედრისა მერე იყოს, პირველი ჭიქით კი ჩვენს ანუშკას, ჩვენს დიასახლისსა და შენს დედობილს გაუმარჯოს...

სამი ჭიქა რომ შევსვით, ხვლიკას ენა აეხსნა და უფრო თავისუფლად იქცეოდა. იცინოდა და ანუშკას თბილ-თბილ სიტყვებს ეუბნებოდა, რაც დიასახლისს  ძალიან სიამოვნებდა და იმეორებდა:

– რა ხართ ეს ქართველები, ქალის გულის მოგებას ვერავინ გასწავლით!..

– ხვლიკა, ძმაო, მოსკოვში როგორ მოხვდი? – ვკითხე ბიჭს.

– გამოვიქეცი, „ძაღლებს” მოვუტყდი.

– რატომ?

– ჩემი ბედის დედა რომ ვატირე, ის, – ხელი ჩაიქნია ხვლიკამ.

– მაინც, რა მოხდა?

გაგრძელება შემდგე ნომერში

скачать dle 11.3