კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ყორღანაშვილი

ყორღანი თურქული სიტყვაა და მეზობლების მიწებს შორის გაკეთებულ სასაზღვრო ნიშანს, ქვების გროვას ნიშნავს.

გვარის ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი ყორღანა.

ყორღანა ყორღანაშვილი მოხსენიებულია 1737 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც იასე როინიშვილმა და ყორღანაშვილმა თავიანთ ბიძაშვილს, ზაალ როსტომაშვილს მისცეს.

ყორღანაანი იყვნენ მებატონეები.

„1710 წლის მაისის თვეში, ხარჯის გარიგება ბარათაანთ და ყორღანაანთ ყმებისა, შესრულებული ვახტანგ მეექვსის ბრძანებით, ზურაბ ერისთავის ძისა და წინწყაროს მამასახლისის, ავთანდილის მიერ სახასო ყმათა ნუსხით.”

საქართველოში 411 ყორღანაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 121, თბილისში – 95, სიღნაღში – 84. არიან სხვაგანაც.

ფსუტური

ისტორიულ წყაროებში ამ გვართან დაკავშირებით ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იყო ვინმე, სახელად ფსუტური.

გვარ-სახელების საკუთარ სახელებად გამოყენების ტრადიციის შესახებ მეცნიერები სვანეთში მიუთითებენ.

საქართველოში 751 ფსუტური ცხოვრობს: გორში – 247, თბილისში – 212, კასპში – 117. არიან სხვაგანაც.

სულხანიშვილი-სულხანაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულხანი.

1711 წელს ყაფლანიშვილების ყმების ნუსხაში მოიხსენიება ვინმე სულხანა.

1721 წელს მონასტრის ნუსხაში მოიხსენიება დათუნა სულხანიშვილი. ამავე წელს, სოლოღაშვილი ქაიხოსროს ყმად მოიხსენიება რევაზა სულხანიშვილი.

სულხანიშვილები მეთვრამეტე საუკუნიდან ხევსურეთში, ერწო-თიანეთში გადასახლებულან.

ღოუბანში მცხოვრები სოლომონ სულხანიშვილი 1826 წელს ნათლავს ვაჟს – იაკობს. მიმრქმელი ყოფილა ღოუბნელი ივანე აზარიაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი სულხანაური.

საქართველოში 1 393 სულხანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 618, მცხეთაში – 125, თეთრი წყაროში – 117. არიან სხვაგანაც.

ჭიღვარია

გვარის ფუძეა სიტყვა ჭიღვა, რაც ჭიგოზე ვაზის მისაბმელ წნელს ნიშნავს.

ეთნოგრაფიული მასალებით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს და ლეჩხუმში გადახვეწილან.

ჭიღვარიები ლეჩხუმში, სოფელ ჭყვიშში და დარიდასანაში ცხოვრობენ.

ეს გვარი მოხსენიებულია 1766 წელს, ერთ-ერთ საბუთში: „მოჯალაბე დაუსახლებიათ მაღლუდა ჭიღვარია და უდაბნოსთვის შეუწირავთ მოსამსახურედ.”

ჭიღვარიას გვარის ფუძეს, ასევე, მეტსახელადაც მიიჩნევენ.

ვარაუდობენ, რომ ჭიღვა ძველად ტოპონიმი უნდა ყოფილიყო. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ჭიღვარია ჭიღველს ნიშნავს.

საქართველოში 319 ჭიღვარია ცხოვრობს: ქუთაისში – 82, ამბროლაურში – 72, ცაგერში – 52. არიან სხვაგანაც.

ჯმუხაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯმუხა.

ჯმუხაძეები 1941 წელს გადავიდნენ ასურეთში საცხოვრებლად ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდიდან.

1873 წლის აღწერით, სოფელ ღოლოვანის ტერიტორიაზე მოიხსენიებიან გაბრიელ, ბესარიონ და მიხეილ ჯმუხაძეები.

საქართველოში 810 ჯმუხაძე ცხოვრობს: თბილისში – 438, ამბროლაურში – 110, ქუთაისში – 62. არიან სხვაგანაც.

ფირუზაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფირუზი, რომელიც ძვირფასი ქვის აღმნიშვნელი სიტყვაა. ეტიმოლოგიურად ის სინათლით სავსეს, ნათელს ნიშნავს.

1721 წელს, წინწყაროში, საბარათაშვილოში, ბატონის დედოფლის სახასოში მოიხსენიებიან – ზურაბა, პაპა, საქუა ფირუზაშვილები.

საქართველოში 121 ფირუზაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 73, თბილისში – 43, რუსთავში – 4. არიან სხვაგანაც.

როსტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი როსტომი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად ძლიერს ნიშნავს. სპარსულად გამოითქმის როგორც რუსტამი.

1721 წელს სამაჩვეთში მოიხსენიება პაპუა როსტაშვილი.

საქართველოში 18 როსტაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 7, რუსთავში – 6, თბილისში – 5.

მათიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – მათე, რომელიც ძველი ებრაული წარმოშობისაა და „ღვთის საჩუქარს“ ნიშნავს.

„კოდაში მცხოვრებ საბატონო ყმას, სოლომონ მათიაშვილსა და სჯულიერსა ცოლსა მისსა მარიამს, 1834 წელს დაებადათ ვაჟი – მიხეილი. სახელი განათლა და მონათლა კოდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმა, იაკობ აბრამის ძე ხუროშვილმა.”

მოგვიანებით გვარი მათიაშვილი რუსულის გავლენით მატინოვად ჩაწერეს. ამავე ძირისაა გვარები: მატიაშვილი, მათესშვილი, მათეშვილი, მატიკაშვილი.

მატიაშვილების ერთი შტო 1886 წლის აღწერით, შემდეგ აზატაშვილად ჩაეწერა.

საქართველოში 2 870 მათიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 336, საგარეჯოში – 301, გურჯაანში – 272. არიან სხვაგანაც.

ბერია

ილია მაისურაძემ დაწვრილებით აღწერა ბერ ძირისგან წარმოქმნილი გვარ-სახელები.

ბერი იგივეა, რაც ვაჟი, ძე, ყმა. მისგან წარმოქმნილია როგორც საკუთარი, ისე მეტსახელები.

საქართველოში გავრცელებულ 25 000 გვარს შორის ბერიძეებს პირველი ადგილი უჭირავთ, ბერიძიდან წარმოქმნილია 33-ზე მეტი გვარი.

ბერიდან კი წარმოშობილია გვარები – ბერია და ბერიაშვილი. მეცნიერებს არ დაუდგენიათ და არც უცდიათ დაედგინათ, რომელი უფრო ადრე გაჩნდა.

საქართველოში 1 698 ბერია ცხოვრობს: თბილისში – 375, ჩხოროწყუში – 364, ზუგდიდში – 231. არიან სხვაგანაც.

ქოქოსაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი – ქოქია.

ამავე ძირისაა გვარი ქოქიაშვილი.

გვართან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: ვიღაც მისიონერმა ინდოეთიდან ჩამოიტანა ქოქოსის პალმა და აქედან გაჩნდა მეტსახელი ქოქოსა. შემდეგ კი ის საფუძვლად დაედო ქოქოსაშვილთა გვარს.

მეორე მოსაზრებით კი, ძველად მესხეთში არსებობდა პროფესია ქოქოსი, რაც არხების გამყვანსა და ჭაობის ამომშრობს ნიშნავს. აქედან გაჩნდა გვარი ქოქოსაძე.

ამ გვარის წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მოსაზრება მეტად მისაღებია და, ამბობენ, რომ გვარები – ქოქოსაძე და ქოქოსაშვილი ხელობა-საქმიანობისგან მომდინარეობს.

საქართველოში 408 ქოქოსაძე ცხოვრობს: თბილისში – 159, ამბროლაურში – 50, ტყიბულში – 38. არიან სხვაგანაც.

საზანდარიშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა საზანდარი.

ანალოგიურად წარმოქმნილი გვარებია: არუთანაშვილი, მესტვირიშვილი, მექანარიშვილი, მედოლიშვილი, ჭიანურაშვილი და სხვა.

დავით, კონა და გაბრიელ საზანდარიშვილები მოიხსენიებიან 1843 წელს, პატარა თონეთში.

საზანდარიშვილები დღეს სანდროშვილებადაც იწერებიან.

საქართველოში 202 საზანდარიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 130, თბილისში – 49, გორში – 9. არიან სხვაგანაც.

ჯაშიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ჯაშა.

სოფელ მუხათში გვხვდება, აგრეთვე, ქალის მეტსახელი – ჯაშია.

1698-1712 წლების ვენახის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ელიკა ჯაშიაშვილი.

1873 წლის კამერული აღწერით, მოიხსენიებიან ენაგეთის ახალშენში მცხოვრები ჯაშიაშვილები.

საქართველოში 1 339 ჯაშიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 436, თბილისში – 362, თეთრი წყაროში – 267. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3