კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორ მოახერხეს სტალინმა და ორჯონიკიძემ „ოხრანკის“ გაცურება და ლენინისთვის 200 ათასი მანეთის გადაცემა

სტალინს უამრავ ცოდვას მიაწერდნენ, თუმცა, როგორც ამ ბოლო დროს ირკვევა, მათი უმრავლესობა ოპოზიციის მიერ იყო შეთითხნილი და დიდი ბელადის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

– უზარმაზარ რუსეთში 150 მილიონი მართლმადიდებელი მორწმუნეა და თუკი ჩვენ შევძლებთ და სტალინს ანტიმართლმადიდებლის სახელს დავუმკვიდრებთ, მაშინ ის ვერასდროს შეძლებს ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, – ამბობდა ტროცკი ერთ-ერთ ოპოზიციურ შეკრებაზე 1923 წელს.

– თუ სტალინი ეკლესიის გაძლიერებას შეეცდება? – იკითხა იმავე შეკრებაზე ტომსკიმ.

– მაშინ, მას პოლიტბიუროში შეერყევა პოზიციები. ასე რომ, მეგობრებო, ჩვენ ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში ვიმყოფებით, ვიდრე ჩვენი ახალგამომცხვარი გენერალური მდივანი.  სტალინი ორ ცეცხლს შუა მოექცევა, – დააბოლოვა ოპოზიციის ლიდერმა მისთვის ჩვეული ირონიით.

ტროცკი მართალი იყო. სტალინი ორ ცეცხლს შუა იყო მოქცეული და ერთი მცდარი ნაბიჯიც კი დამღუპველი აღმოჩნდებოდა მისთვის. ამიტომ, სტალინმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და პოლიტბიუროს სხდომაზე აშკარად უჭერდა მხარს ლენინის ანტირელიგიურ პოლიტიკას. სინამდვილეში კი, რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა მის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მართლმადიდებლური ტაძარი დაანგრიეს, ლენინის სიცოცხლეში, სტალინმა ათასობით ეკლესია გადაარჩინა განადგურებას. განათლების სახალხო კომისიას მან ტაძრები კულტურულ-ისტორიული მემკვიდერობის სიაში შეატანინა და მათ დანგრევას ტაბუ დაადო.

– სტალინი სულ გავიდა თავს. გარდა იმისა, რომ ეკლესიებს არ გვანგრევინებს, იქ ღვთისმსახურების ნებაც მისცა, – ჩაუკაკლა ლენინს ტროცკიმ, რომელიც სტალინს გორკაში ჰყავდა გამომწყდეული. მას კრუპსკაიას ხელშეწყობით შეხვდა და სტალინი დაასმინა.

ტროცკის მსგავსად, სტალინს ვერც კრუპსკაია იტანდა და ყოველმხრივ ცდილობდა მის განადგურებას. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა ავადმყოფი ლენინი საგრძნობლად გამოკეთდა და ოპოზიციის წაქეზებით, კვლავ სრული ძალაუფლების დაბრუნება გადაწყვიტა.

– მით უარესი მისთვის, – მიმიკებით ანიშნა ლენინმა ტროცკის. ლენინს იმ დროისთვის მეტყველების უნარი ჰქონდა წართმეული. ის მიმიკებით ლაპარაკობდა, მისი ცოლი კი თარგმნიდა ლენინის ჟესტებს, – ზეგვე შემიკრიბეთ პოლიტბიურო და მასზე სტალინის ამ სერიოზულ დანაშაულზე ვიმსჯელებთ, – განრისხდა „მუნჯი“ ლენინი. იმ პერიოდში მართლმადიდებლური ქრისტიანობა მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა და ამის გამო ადამიანებს ხვრეტდნენ კიდეც.

– როგორც იქნა, იმ ველური კავკასიელის საკითხი პოლიტბიუროს სხდომის დღის წესრიგში შევატანინე ლენინს და იმედია, მას, ბოლოს და ბოლოს, მოვიშორებთ, – ზარზეიმით განუცხადა ლენინისგან დაბრუნებულმა ტროცკიმ თავის ოპოზიციონერ კოლეგებს.

ორი დღის შემდეგ გორკაში ლენინს მთელი პოლიტბიურო ეწვია და ყველანი დიდ ოთახში შეიკრიბნენ.

– ამხანაგებო! ვლადიმირ ილიჩს სიტყვით გამოსვლა უნდა  და ყურადღებით ვიყოთ! – გამოაცხადა პოლიტბიუროს სხდომების მდივანმა ქალმა ფოტიევამ და ნადეჟდა კრუპსკაიას გახედა.

ინვალიდის ეტლში მოკალათებული ლენინი აწრიალდა და მიმიკებითა და ჟესტებით რაღაც თქვა.

– ვლადიმირ ილიჩი კითხულობს, თუ რატომ დართო ნება სტალინმა მღვდლებს, რომ ღვთისმსახურება შეასრულონ, – მკაფიოდ წარმოსთქვა კრუპსკაიამ და მისი სიტყვები ბრალდებასავით გაისმა.

სტალინს წარბიც არ შეუხრია. ის აუღელვებლად წამოდგა ფეხზე და ღიმილით განაცხადა: „ჩემო მეგობრებო! ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო პირველ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ასპარეზზე. თითქმის ყველა ჩვენ წინაამდეგაა ამხედრებული. გადახედეთ, რას წერენ ჩვენზე მსოფლიოს მოწინავე გაზეთები. იქ ჩვენ უკულტურო ბარბაროსებად მოგვიხსენიებენ და ყველას დაავიწყდა, რომ ქრისტიანობის თითქმის ათასწლოვანი გამოცდილება გაგვაჩნია. რა შუაშია აქ ღვთისმსახურება? მე ეს ფორმალურად იმისთვის დავუშვი, რომ საბჭოთა კავშირში ჩამოსულმა უცხოელმა ნახოს და დარწმუნდეს, რომ ბარბაროსები არ ვართ“, – სტალინს მთელი ამ გამოსავლის განმავლობაში ღიმილი არ მოსცილებია სახიდან და ძალიან მშვიდად, დამაჯერებლად ლაპარაკობდა. საიერიშოდ მომზადებულ ტროცკის ენა ჩაუვარდა და სახეზე დაბნეულობა დაეტყო. ლენინი, რომელმაც ყველაფერი მშვენივრად გაიგო, ეშმაკურად იღიმებოდა თავის სტილში. ოთახში სამარისებური სიჩუმე სუფევდა, რომელიც მოულოდნელად სერგო ორჯონიკიძემ დაარღვია:

– ამხანაგებო! თუკი ეს ჩვენს დიად კომუნისტურ საქმეს სჭირდება, დიახაც, რომ ღვთისმსახურებაც არ უნდა დავაბრკოლოთ. ვლადიმირ ილიჩ! თქვენ, ალბათ, გახსოვთ 1909 წლის 30 მარტი. იმ დღეს მე და კობამ 200 ათასი მანეთი ჩამოვიტანეთ თბილისიდან პეტერბურგში ჩვენი სალაროს შესავსებად.

ლენინმა გაიღიმა და ორჯონიკიძეს თავი დაუქნია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახსოვდა.

– ჩვენ „ოხრანკა“ გვეჯდა კუდზე, – განაგრძო თხრობა ორჯონიკიძემ, – და სანამ თქვენს კონსპირაციულ ბინაში მოვიდოდით, ფულით სავსე საკვოიაჟით ნახევარი ქალაქი შემოვიარეთ, რათა „ოხრანკის“ აგენტები ჩამოგვეშორებინა. ბოლოს კობამ ერთი ფანდი მოიფიქრა და ჩვენ ორივე წმინდა ბარბარეს ეკლესიაში შევედით. იქაური მოძღვარი, მამა კირილე თბილისელი იყო და კობა მას ჯერ კიდევ სემინარიიდან იცნობდა. იმ პერიოდში, თუ გახსოვთ, მეც და კობაც წვერმოშვებულები დავდიოდით. ჰოდა, დახმარება ვთხოვეთ მამაოს და მან მღვდლების ანაფორები გადაგვაცვა, საკვოიაჟი კი საკურთხეველში დამალა. სანამ „ოხრანკის“ აგენტები  დაგვეძებდნენ, აზრადაც კი არ მოსვლიათ მღვდლისა და დიაკვნის შემოწმება, რომლებიც პატარა ბავშვს ნათლავდნენ ტაძარში. საქმე ის გახლდათ,  რომ მოულოდნელად, ბავშვიანი ცოლ-ქმარი მიადგა მღვდლის ანაფორაში ჩაცმულ კობას და ბავშვის მონათვლა სთხოვა. უარი არ გამოდიოდა, რადგან „ოხრანკის“ აგენტები ტაძარში დაძრწოდნენ და ცოლ-ქმარს სკანდალი რომ აეტეხა, შესაძლოა, გავშიფრულიყავით. ამიტომ, კობა იძულებული გახდა, ნათლობის რიტუალი შეესრულებინა, მე კი მას ვეხმარებოდი. მოგეხსენებათ, კობა სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და მთელი ეს რიტუალი ბრწყინვალედ შეასრულა. შემდეგ, როცა „ოხრანკის“ „შპიკები“ იქაურობას მოშორდნენ, ჩვენ საკურთხევლიდან ფულით სავსე საკვოიაჟი ავიღეთ და თქვენ მოგიტანეთ. 14 წელიწადია, ამ ისტორიის მოყოლა მინდოდა თქვენთვის და დღეს, როგორც იქნა, შევძელი. ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, ხომ ხედავთ, რა სარგებლობა მოგვიტანა მართლმადიდებლური წესების ცოდნამ და საქმეს რომ დასჭირდა, კობამ ანაფორაც კი ჩაიცვა.

ორჯონიკიძემ თხრობა დაასრულა და დაჯდა.

ყველა ლენინს მისჩერებოდა და დუმდნენ.

რევოლუციის ბელადმა რაღაც ანიშნა კრუპსკაიას და მან ლენინი საძინებლისკენ „გააგორა“. საკითხი ამოწურული იყო. პოლიტბიუროს სხდომა ამით დასრულდა და სტალინმა ოპოზიციას მორიგი მარცხი აგემა.

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწარების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3