კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ არის მოდური განათლებულობა, რატომ არ გამოირჩევა ცოდნის დონით, ვისაც ფულის შოვნა შეუძლია და რატომ იქცა მსოფლიო ახალგაზრდების იდეალად მარიფათიანობა

2006-სა და 2011 წლების წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში, რომლის მიზანიც 9-10 წლის მოზარდების კითხვის უნარისა და მასთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლა იყო და რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 173 სკოლა და 4796 მოსწავლე გახლდათ ჩართული, ჩვენმა მოსწავლეებმა საშუალოზე დაბალი შედეგი აჩვენეს (ჩვენ შემდეგ აზერბაიჯანი, ირანი, ყატარი, ომანი და მაროკოა, მოწინავე პოზიციებზეა რუსეთი). მეორე მხრივ, 9-10 წლის ასაკში მოსწავლეების კითხვის უნარის დაბალ  დონეს განათლების რეფორმას ვერ დავაბრალებთ (იმ უბრალო მიზეზით, რომ რეფორმის შედეგი მხოლოდ განათლების ყველა საფეხურის გავლის შემდეგ ჩანს), სავარაუდოა, რომ უწიგნურობის პრობლემას სხვა – საზოგადოებრივი საფუძველიც აქვს. რატომ დაიწია განათლების საერთო დონემ თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში და რა სავალალო შედეგს უნდა ელოდოს ქვეყანა, თუ დროულად არ გადაწყვეტს ამ პრობლემას,  – თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– ჩემი აზრით, განათლების რეფორმას ნაკლებად უკავშირდება ეს მაჩვენებელი, ვინაიდან განათლების მიღების საწყის ეტაპზევე ავლენენ ჩვენი ბავშვები განვითარების დაბალ დონეს. რა არის ამის მიზეზი: საზოგადოების განათლების საერთო დონე შემცირდა; განათლება აღარ განიხილება საზოგადოებაში, როგორც მნიშვნელოვანი რამ?

– საყურადღებო მომენტზე გააკეთეთ აქცენტი, იმ თვალსაზრისით, რომ, როდესაც ვსაუბრობთ განათლების დაბალ დონეზე, როგორც წესი, თვალი გაგვირბის განათლების სისტემისკენ, მაგრამ ეს შედეგი ავლენს უფრო დიდ პრობლემას. ის ავლენს ეგრეთ წოდებული საოჯახო განათლების პრობლემას. საოჯახო განათლება, ალბათ, ის საფუძველია, რომლის გარეშეც, იდეალური განათლების სისტემაც რომ გქონდეს, მაინც ვერ მოუვლი ამ პრობლემას შესაბამისი მასშტაბით. იმიტომ რომ, 11-12 წლამდე ბავშვი ოჯახზეა ორიენტირებული. ოჯახია მისი ეტალონი, ოჯახის მიერ მიწოდებული იდეალებით ცხოვრობს და თუკი ოჯახმა ეს იდეალები ამ ათიოდე წელიწადში არ გაამყარა ბავშვში, მაშინ განათლების სისტემა მისთვის გამოდის, როგორც ტვირთი.

– ჩემი შთაბეჭდილებით, ცოტაა მშობელი, რომელიც არ ეუბნებოდეს შვილს, რომ უნდა ისწავლოს. თუ მხოლოდ ლაპარაკი არ შველის, ბავშვი ცოცხალ მაგალითსაც უნდა ხედავდეს?

– ნუ ვიმსჯელებთ იმაზე, რაც ჩვენი ვარაუდია. ჩვენ არ ვიცით, რას ეუბნებიან მშობლები შვილებს. მეორე –  უამრავ რამეს და, რაც მთავარია, დამოკიდებულებებს ბავშვი სწავლობს არა ნათქვამით, არამედ –  მიბაძვით. თუ ის არ უყურებს, რომ მშობელი კითხულობს, ანუ მშობელს აქვს სურვილი, ეზიაროს ინფორმაციას, ეს სურვილი ბავშვსაც არ გაუჩნდება, რამდენიც უნდა შეუძახონ. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ცხოვრების რა წესით ცხოვრობს მშობელი და ამით უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რატომ არიან ჩვენი ბავშვები გაუნათლებლები. შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას: რესტორნებია უფრო მეტი საქართველოში თუ  წიგნის მაღაზიები?!

– წიგნის მაღაზია ერთიც არ დატოვეს რუსთაველის გამზირზე.

– დატვირთულობა რესტორნის უფრო დიდია თუ იმ ცოტა წიგნის მაღაზიის?! ადამიანების  მეტი რაოდენობა უფრო დიდი ხალისით რესტორნებშია, ვიდრე ბიბლიოთეკებში. იაკობ გოგებაშვილის სახელობის გენიალური ბიბლიოთეკაა თბილისში. შესანიშნავი ძველი ფსიქოლოგიური ლიტერატურა აქვთ. ჭაღარა ქალები დაფარფატებენ, გადაკრიალებულია იქაურობა, შესანიშნავად უვლიან, მაგრამ არავინ დადის იქ.

– ჩვენ აქტიურად ვსარგებლობდით ბიბლიოთეკებით, მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკითაც. ახლა რატომ აღარ სჭირდებათ სტუდენტებს ბიბლიოთეკები?

– ბიბლიოთეკა შეუძლებელია დღეს საჭირო იყოს სტუდენტისთვის, იმიტომ რომ, დღეს ლექტორი ითხოვს ინგლისურენოვან ლიტერატურას. ის ბიბლიოთეკა კი ჩამოყალიბდა რუსულენოვან პერიოდში. შესაბამისად, იქ შესანიშნავი რუსულენოვანი ლიტერატურაა. მაგრამ, რადგან ლექტორებსა და უნივერსიტეტს ორიენტაცია აქვთ ინგლისურენოვან ლიტერატურაზე, ძალაუნებურად, სტუდენტიც ეძებს ინგლისურენოვანს, მაგრამ ინგლისურენოვანი ლიტერატურა არ არსებობს საქართველოში.

– რომ დაამატონ იმ ბიბლიოთეკებს და რუსულენოვანიც იყოს ლიტერატურა და ინგლისურენოვანიც?

– ამას ზრუნვა უნდა. ის მოხუცი ქალბატონები ხომ ვერ დაამატებენ?!

– ძალიან საინტერესო რამ მოხდა წინა ხელისუფლების დროს: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 200 000 ლარი ბიბლიოთეკების ლიკვიდაციისთვის, ორიოდე წლის შემდეგ კი გამოიყო თანხა ბიბლიოთეკების შექმნისთვის.

– სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა ეს პარადიგმა, რომ მხოლოდ ინგლისური ენა და არანაირი სხვა.  ფაქტია, ჩვენ ისედაც მოვხვდით ისეთ ხაფანგში, საიდანაც აუცილებლად მივიღებთ გაუნათლებელ მომავალ თაობას.

– იმიტომ რომ ინგლისურენოვანი ლიტერატურა არ გვაქვს, რუსულენოვანს არ და ვერ ვიყენებთ, ქართულენოვანი არ არსებობს?

– ეს პროგნოზი ფრანგებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში გააკეთეს. და იმ მარტივი ლოგიკით, რაც თქვენ თქვით: ქვეყანას, სადაც ინგლისურენოვანი ლიტერატურა არ არის, რუსულზე ორიენტაცია მოხსნილია, სხვა გზა, რომ დარჩეს გაუნათლებელი, არ ექნება.

– შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკა იყო? თუ არ შემოიტან ინგლისურენოვან ლიტერატურას, მაშინ თარგმნე მაინც ქართულად, რაც რუსულად გაქვს, თუ საქმე ორიენტაციაშია?

– ეს ის სირთულეა, რომელიც თუ არ გადაწყვიტე, აუცილებლად დაგაყენებს ფაქტის წინაშე, რომ შენი მომავალი თაობა იქნება გაუნათლებელი. მაგრამ ჩვენ ახდა ვლაპარაკობთ უმაღლესი განათლების საფეხურზე.

– დიახ, ჩვენ გვაქვს 10 წლამდე და ცოტა უფროსი ასაკის ბავშვების განვითარებისთვის საჭირო ქართულენოვანი ლიტერატურა.

– არაჩვეულებრივი ლიტერატურა გვაქვს. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა წიგნის გამოფენაზე სწორედ საბავშვო ლიტერატურის სიუხვემ და ბევრიც ყიდულობდა, მაგრამ გამოფენაზე გაყიდული წიგნების რაოდენობა ვერ გადაფარავს გაუნათლებლობის იმ დიდ ლაქას, რომელიც დღეს ქართულ ცნობიერებას აქვს.

– წლიდან წლამდე რომ განათლების დონე იკლებს, ამას ყოველგვარი კვლევების გარეშე ერთიან გამოცდებზე სხვადასხვა საგანში საშუალო ქულების კლების ტენდენციაც მოწმობს.

–  წელიწადში ათასამდე სტუდენტი გადის ჩემს ხელში. ამ თაობებში აშკარად არიან ბრწყინვალე სახეები, ბრწყინვალე გონების მქონე სტუდენტებიც, ზოგიერთს ბრწყინვალე განათლებაც აქვს, მაგრამ იქვე, მათ გვერდით, იმავე ჯგუფში დიდი ნაწილი საერთოდ არაფრით ინტერესდება და განათლების ძალიან დაბალი დონე აქვთ. 50-კაციან ჯგუფში დამჭირდა „ჰამლეტის“ ხსენება. ერთმა სტუდენტმა იცოდა მხოლოდ ჰამლეტის არსებობა.

– გაგონილიც არ ჰქონდათ დანარჩენებს?!

– ჩვენი ახალგაზრდობის განათლების ძირითადი წყარო ხომ ფილმები და თამაშებია?! „ჰამლეტი“ კი არც ფილმებშია და არც –  თამაშებში. თავის დროზე ჩვენც რომ იგივე არ გვჭირდა, ამის მიზეზი იყო მოდა. თუ ესა და ეს წიგნი წაკითხული არ გქონდა, ეს ისეთივე სირცხვილად ითვლებოდა,  როგორიც ტანსაცმლის მოდის ჩამორჩენა. დღეს ინტელექტუალური მოდა აღარ არსებობს. პირიქით, შეიძლება, სამარცხივნოც იყოს ინტელექტი. როდესაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმ ერთ სტუდენტს ჰქონდა წიკითხული „ჰამლეტი“, მორცხვი გამომეტყველება იმ ერთ ბავშვს ჰქონდა და არა დანარჩენებს. ასე რომ, ჩვენი პრობლემა არა ბავშვებია, არამედ –  საზოგადოება, რომლის არაინტელექტუალობის მსხვერპლი ბავშვებია. ეს პრობლემა საქართველოს ჰქონდა და გაიხსენეთ ლუარსაბ თათქარიძე, როგორც ტიპაჟი. მას განათლების დამფინანსებელი კი არ აკლია, არამედ განათლების მიღების სურვილი.

– კონკრეტულად არ დავასახელებ, მაგრამ წინა ხელისუფლებაში ბევრი არაინტელექტუალი სახე იყო, როგორც პარლამენტარი თუ გუბერნატორი, ისე მინისტრი, რომელთა შემხედვარე მოზარდი ფიქრობდა: რატომ უნდა ვისწავლო, თუ საშუალოზე დაბალი ინტელექტი საკმარისია, რომ გავხდე წარმატებული?! ახლაც არ არის ხელისუფლებაში ინტელექტუალთა ცვენა.

– მე ასე ვიტყოდი: განათლების ტვირთის ტარება ცოტა ვინმეს ეტყობა.

– კი ბატონო. და ახლაც იმავეს  ფიქრობს მოზარდი: რატომ უნდა ვისწავლო, თუ შემიძლია, რომ არ ვისწავლო და სულ სხვა უნარებია საჭირო, რომ ვიყო წარმატებული?

– მე უფრო დავამძიმებ თქვენს მაგალითს. განათლების პრობლემა მსოფლიო  პრობლემა გახდა. მეოცე საუკუნე განსაკუთრებით და ოცდამეერთე, მით უმეტეს, არის ბიზნესის წარმატების საუკუნე. ამ ეპოქაში საზოგადოებაში ყველაზე წარმატებულ და ძლიერ ფენად მიიჩნევა ხალხი, ვისაც შეუძლია ფულთან წარმატებით ურთიერთობა. და, როგორც სამწუხარო სტატისტიკა გვიჩვენებს, ძალიან ბევრი მათგანი ჩვენთანაც და უცხოეთშიც დიდი განათლებით არ გამოირჩევა.

– სამაგიეროდ, არიან მარიფათიანები.

– ძალიან სპეციფიკური უნარების ერთობლიობაა ბიზნესმენობა. ახალგაზრდები უყურებენ ამ ადამიანებს და მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოიკლას თავი ზოგადი განათლებისთვის, როდესაც შეუძლია, ვიწრო ბიზნესგანათლებით მიაღწიოს წარმატებას?!

– მაგრამ ყველა ვერ იქნება ბიზნესმენი და არც ამდენი ფულია, რომ ყველამ იშოვოს?

– მაგრამ ამაზე არ ფიქრობს ადამიანი. კონკურსი რის მიხედვით ეწყობა? იმიტომ ხომ არა, რომ ყველა იქნება დიპლომატი? იმიტომ რომ, ყველას აქვს სურვილი, გახდეს დიპლომატი. შესაბამისად, ახალგაზრდები ასეთ ადამიანებს ირჩევენ იდეალად. ამას რეპრეზენტაციული ჯგუფები ჰქვია, მაგრამ ტერმინებით არ გადავიტვირთოთ. რუსეთი ახსენეთ: რუსეთის სპეციფიკა სწორედ ისაა, რომ მას თავისი ინტელიგენცია მოაქვს, როგორც იდეალური ადამიანების ერთობლიობა.

– დასავლეთი ორიენტირებულია ფულის შოვნაზე, მაგრამ იქ სახელმწიფოები აფინანსებენ არარენტაბელურ საგანმანათლებლო მიმართულებებს. რაც უნდა მარიფათიანი იყო და ბევრი ფული იშოვო, თუ არ შექმნეს წამალი, რომელიც მოგარჩენს, მოკვდები უდროოდ და დაგრჩება ფული ოხრად. თუ არ განვითარდა მეცნიერება, ვერ იცხოვრებ კომფორტულად, ანუ ვერ დახარჯავ ნაშოვნ ფულს.

– თქვენ პოლიტიკური რაკურსი მიეცით თემას. ჩვენ აქამდე ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რატომ შეიძლება, დაეკარგოს პიროვნებას სწავლის სურვილი. რაც შეეხება პოლიტიკას: „დისქავერი“, „ნეშენელ გეოგრაფიკი“ და მსგავსი შემცნებითი სატელევიზიო არხები სახელმწიფოს ხელდასმით წამოიწია წინ თავის დროზე, რადგან სახელმწიფომ ნახა, რომ თაობებმა შეიძლება, დაკარგონ ინტერესი საერთო განათლების მიმართ. რაც მთავარია: თავად სახელმწიფოს რაში სჭირდება ეს განათლება?!

– რომ კარგი შეიარაღება ჰქონდეს, ცხოვრების კარგი პირობები შეუქმნას თავის მოქალაქეებს, რომ აჯობოს კონკურენტ სახელმწიფოებს.

– მართალი ბრძანდებით, მაგრამ კიდევ ერთი ნიუანსის დამატებაა საჭირო: აღმოჩნდა, რომ ის იდეები, რომლითაც კარგ ტანკსა თუ მანქანას გააკეთებ, უჩნდება ზოგადი განათლების მქონე ადამიანს, ვიდრე ვიწრო განათლების მქონეს. მაგალითად, იაპონიამ ორიენტაცია აიღო თითქმის სავალდებულო უმაღლეს განათლებაზე სწორედ იმიტომ, რომ მისი მუშა-პერსონალი ინტელექტუალური მუშა იყოს და არა მარტო კუნთების მუშა.

– იაპონიაში, თურმე, დამლაგებელს წერითი და ზეპირი გამოცდის ჩაბარება უწევს.

– ანუ ინტელექტუალიზებულია თვითონ ეს პროფესია. თუ სახელმწიფო დაფიქრდება, დღეს არსებული გაუნათლებლობის მოდა ხელს არ აძლევს არავის, მათ შორის არც სახელმწიფოს, მაგრამ ამის ფიქრის ნიშნები არ გვეტყობა.

– როგორ გავხადოთ მოდური განათლება?

– მოდური რომ გახდეს, ამისთვის მკაფიო უნდა იყოს, რომ საჭიროა განათლება. მაგალითად, ბანკების ხელმძღვანელებს საკმაოდ საფუძვლიანი უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ სერიოზულ ბიზნესს ხელს არ მოკიდებდნენ. საქართველოში უნდა შეიქმნას პირობები, რომ სერიოზული ბიზნესის ხელმძღვანელობა ან მასში თანამშრომლად ყოფნა საგანმანათლებლო ბაზის გარეშე შეუძლებელია. ეს პრაგმატიზმი შემდეგ აიძულებს ადამიანს, რომ განათლებაზე აიღოს ორიენტაცია. მეორე –  მოდა უნდა შეიქნას და ამ მოდას ქმნიან წამყვანი სახეები.

– მაგალითად, ერთ-ერთ წამყვან სახედ გვყავს ვარსკვლავი ნინა წკრიალაშვილი. 

– ეგ კიდევ სხვა რამის შედეგია. საქართველოში უბრალოდ მოისპო კრიტიკა: ერთი კინოკრიტიკოსი გვყავს: გიორგი გვახარია და ერთი თეატრალური კრიტიკოსი –  დათო ბუხრიკიძე. განათლების პრობლემის გადაწყვეტას მინიმუმ 25-დან 30 წელი სჭირდება, ამიტომ ამის გადაწყვეტაში არც ერთი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რადგან ამ პერიოდის შემდეგ, ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში.

– არც სახელის დატოვება აინტერესებთ?

– აი, მაგას უკვე კულტურის სხვანაირად აწყობა უნდა. ჩვენ გვქონდა კულტურა, რომელიც ამბობდა: „სჯობს, სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“. მივამატებ, რომ ამას რუსთაველი ამბობდა. აი, ეს დღეს აღარ არსებობს. მაგალითად, ექვთიმე თაყაიშვილი სიღარიბეში ცხოვრობდა და ისე დაატარებდა ზურგით საქართველოს განძს, რომ ერთი ნივთის გაყიდვა თავში აზრად არ გაუვლია. კარგი გაგებით, სახელის მოხვეჭა იყო მისი მოტივი. მან არ იცოდა, გაიხსენებდა თუ არა შთამომავლობა, მაგრამ თვითონ ეამაყებოდა. ექვთიმე თითქმის ჩვენი თანამედროვეა და ამიტომ გავიხსენე. დღეს კი გვეუბნებიან, დიდი პრემიები და ხელფასი უნდა დაუნიშნო, რომ არ მოიპაროსო. მეორე –  ჩვენ ბრმად გადმოგვაქვს ის, რაც სხვაგანაა. ეს დიდი ხანია, მოგვდევს, დავითისა და თამარის ეპოქის შემდეგ გვიდგას ეს პრობლემა. სულ სხვებზე გავხდით ორიენტირებულები. ასე რომ, პატარა ტვირთის აწევა არ გვიწევს და არ ვიცი, ავწევთ თუ არა.

 

скачать dle 11.3