კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ შედგება სრულყოფილ პიროვნებად ღარიბ ოჯახში გაზრდილი ბავშვი და როგორ უნდა წავახალისოთ ის, რომ ბედნიერი გაიზარდოს

გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში ბავშვები იმყოფებიან. კერძოდ, 16 წლამდე მოზარდების 27 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს და, რაც მთავარია, ბავშვები სხვა სოციალურ ჯგუფებზე მეტად დგანან სიღარიბის რისკის ქვეშ. დემოგრაფიული პრობლემის გათვალისწინებით, ჯერ ერთი, კატასტროფულად მცირეა 16 წლამდე ასაკის მოსახლეობის რაოდენობა, მეორეც, თითქმის მათი მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც  ნიშნავს, რომ პრობლემა საკმაოდ საგანგაშოა (საბოლოოდ, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ მოასფალტებულ გზებზე მოსიარულეები აღარ გვეყოლება). რა გავლენას ახდენს სიღარიბე პიროვნების ფორმირებაზე და გახდება თუ არა სრულფასოვანი მოქალაქე სიღარიბეში გაზრდილი ბავშვი? – თემას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი განგვიმარტავს.

 

– რა მინიმალური პირობებია აუცილებელი იმისთვის, რომ ბავშვი ნორმალურ, კონკურენტუნარიან პიროვნებად ჩამოყალიბდეს?

– ამ თემის შესახებ ფსიქოლოგიაში ნათელი პოზიციაა: ადამიანები თავს თვლიან ბედნიერად, თუ აქვთ ძალიან ბევრი ფული, ან არიან კარგად უზრუნველყოფილები და აქვთ პროფესია: ინჟინრის, ექიმის თუ სხვა.

– ბედნიერი შეიძლება იყოს უმუშევარი?

– აი, მაქეთკენ მივდივარ: მაგრამ ბედნიერი ვერ იქნება ღატაკი –  ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მას ერთმნიშვნელოვნად ექნება განცდა, რომ არის დაჩაგრული, უბედური, გატანჯული და საშინელ მდგომარეობაში. იმის თქმა მინდა, რომ ბედნიერების განცდა არ არის დამოკიდებული ფულზე, როდესაც ლაპარაკია საშუალო, მაღალ და ზემაღალ უზრუნველყოფაზე, მაგრამ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები ერთმნიშვნელოვნად განიცდიან თავს უბედურად. მათი ცხოვრება პრობლემებითაა დატვირთული. კვლევებით დადგინდა, რომ ფულის რაოდენობა არ განსაზღვრავს ბედნიერებას, მაგრამ უფულობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ ადამიანები იქნებიან უბედურები.

– არის სხვაობა იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობიდან იზრდებოდნენ გაჭირვებაში და მათ შორის, რომლებიც შემდგომ გაღარიბდნენ?

– რა ასაკშიც იქნება ადამიანი გაჭირვებული, იმ ასაკში ექნება მას ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და ცხოვრებისეული გაჭირვება, რაც  ათქმევინებს, რომ უბედურია და ვერ ახერხებს ნორმალურად არსებობას.

– თეორიულად შესაძლებელია, რომ სიღარიბეში, ამ ფსიქოლოგიით გაზრდილი ადამიანი გამდიდრდეს?

– ეს თემა ხშირად არის რომანებისა და კინონაწარმოებების სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია, როგორ შეიძლება, გახდეს ბედნიერი და მდიდარი უბედური და გაჭირვებული ადამიანი, მაგრამ ცხოვრებაში ასე არ არის. ჩვეულებრივ, საუბედუროდ, ასეთი ვითარებაა: მძიმე პირობები არ აძლევს ადამიანებს იმის საშუალებს, გამოხატონ საკუთარი თავი, საკუთარი პოტენციალი, საკუთარი რესურსები და მოახერხონ მათი სრულყოფილი განვითარება. სამწუხაროდ, ცხოვრებაში, თუ ბავშვობაში არ განვითარდა უნარები, ნიჭი, ჩანასახში არსებული პოტენციალი, მაშინ ეს ადამიანი რჩება იმ ფსკერზე, სადაც იმყოფება. იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს, საჭიროა, რადიკალურად შეიცვალოს გარემო. განწყობის თეორიის მიხედვითაც, არ არის საკმარისი, რომ ადამიანს რამის მოთხოვნილება ჰქონდეს. იმისთვის, რომ შეექმნას შესაბამისი განწყობა, აუცილებელი ელემენტია გარემო. თუ შესაბამისი გარემოც არ არის შინაგან მოთხოვნილებებთან ერთად, ადამიანი ვერ ასრულებს შესაბამის ქცევებს და ვერ ახერხებს თვითრეალიზაციას. მაგალითად: ადამიანი აფრიკის განუვითარებელ ქვეყანაში და შვეიცარიაში სრულიად სხვადასხვანაირად გამოიყურება. შესაძლოა, მათ ერთი და იგივე ნიჭი ჰქონდეთ, მაგრამ განუვითარებელ აფრიკაში ან განუვითარებელ აზიასა თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არ არის ის შესაძლებლობები, რაც შევიცარიაშია. მივარდნილი სოფელი, რომელშიც ჯერ არ შეუღწევია ცივილიზაციას, უკვე განსაზღვრავს იმ ადამიანის ბედს. იმის თქმა მინდა, რომ განსხვავებით იმ ფილმებისგან, სადაც ნაჩვენებია მეტარმორფოზა, როგორ იქცევა მილიარდერად მათხოვრულ სიტუაციაში მყოფი ადამიანი, რეალურ ცხოვრებაში ფსკერზე მყოფები, საუბედუროდ, მიჯაჭვულები არიან ამ ფსკერს და ვერ ახერხებენ იქიდან ამოსვლას. ეს, რა თქმა უნდა, მათი ბრალი არ არის. ეს იმ გარემოს ბრალია, რომელიც მათ ამგვარ სიტუაციაში ამყოფებს. ამას უკავშირდება პროტესტი, რომ არ შეიძლება, ადამიანები ამყოფო ასეთ გარემოში, რადგან ისინი იქ უბედურები არიან, თავიანთ ადამიანურ ბუნებას ვერ ავლენენ.

– ადამიანი ერთადერთი არსებაა სამყაროში, რომელიც მხოლოდ ადამიანთა გარემოცვაში ყალიბდება ადამიანად. ყველა სხვა სახეობა ინარჩუნებს თავის არსს, ვისთანაც და რა გარემოშიც არ უნდა გაიზარდოს.

– ადამიანური გარემო ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ბუნებას. არსებობს ექსპერიმენტები, როდესაც ადარებდნენ ადამიანების ქცევას ჭუჭყიან, დაბინძურებულ ქუჩაზე და მოვლილ, გაწკრიალებულ უბანში.

– ჩვენ თავად ვიყავით ცოცხალი ექსპერიმენტის მონაწილენი: არ იგვებოდა ქალაქი და ვყრიდით ნაგავს, ანუ გვექცეოდნენ ნახირივით და მასობრივად ვიქცეოდით ნახირივით. აღარ გვექცევიან ნახირივით და ცოტა ჩვენც გამოვსწორდით.  

– იგივე ხდება კრიმინალთან მიმართებაშიც. ღია ავტომანქანას სპეციალურად ტოვებდნენ მივარდნილ ადგილას და ძალიან პრესტიჟულ გარემოში. თუკი პრესტიჟულ გარემოში, სადაც იგრძნობა ადამიანის ხელი და სული, ახსნილ კაპოტს ხურავდნენ, გაღებულ შუშას თუ კარს კეტავდნენ, მივარდნილ გარემოში, რომელსაც ძალადობა ეტყობოდა, კიდევ უფრო მეტად ძარცვავდნენ ავტომანქანას. ეს გამოხატავს გარემოს ზეგავლენას ადამიანებზე, რის შედეგადაც  ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა გარემოში განსხვავებულად იქცევიან.

– თქვით, რომ მხოლოდ ფილმებისა და წიგნების სიუჟეტებშია შესაძლებელი ღარიბის გამდიდრება, მაგრამ ისტორიამ იცის ასეთი გამონაკლისები: მათ შორის, ჩარლი ჩაპლინი, განზრახ არ მომყავს  ბიზნესმენის მაგალითი.

– არის გამონაკლისები, მაგრამ ეს გამონაკლისები მიანიშნებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც არსებობს. გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ეს არ ქმნის გარემოს.

– ამბობენ, რომ სიღარიბემ იცის შეჩვევა და ეს მდგომარეობა იმორჩილებს ადამიანს. ის ირგებს  მსხვერპლის როლს და უნდა, რომ მუდმივად ღარიბი და დაჩაგრული იყოს.

– საუბედუროდ, ამან იცის გადასვლა ჩვევაში. როდესაც ადამიანი დაუკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მას არ უჩნდება ის პრეტენზიები და მოთხოვნილებები, რაც უჩნდება ადამიანს, ვისაც აქვს მოტივაცია, პიროვნულად გაიზარდოს. შეძლოს უფრო მეტი, ვიდრე მანამდე შეეძლო. ადამიანს ეუბნებიან, შენ არაფერი შეგიძლია, არაფერი გამოგივა და როდესაც ეს ბავშვობიდან კულტივირდება, ბავშვს ასეთი წარმოდგენა ექმნება საკუთარ თავზე. თუკი ასეთი დამოკიდებულება შეექმნა საკუთარ თავზე, მაშინ მას აღარ აქვს პრეტენზია, იყოს უნიკალური, განუმეორებელი, გამოხატოს თავისი თავი ისეთად, როგორი პოტენციალიც აქვს და, ფაქტობრივად, უარს ამბობს საკუთარ ინდივიდუალობაზე, პიროვნებაზე. თუ გარემომ უარი ათქმევინა ადამიანს საკუთარ თავზე, მაშინ ხდება ადამიანის, მისი მეს, მისი შესაძლებლობების ჩაკვლა და ეს არის სიღარიბის ყველაზე მტკივნეული შედეგი.

– ჩვენი 16 წლამდე მოსახლეობის 27 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში. რას ნიშნავს ეს? როდესაც ისედაც ძალიან ცოტაა 16 წლამდე ასაკის მოსახლეობა, თუ მათი მესამედი განწირულია  და ღირებულს ვერაფერს შექმნის, გვრჩება სახელმწიფოს აშენების ადამიანური რესურსი?

– ეს ადამიანები, ფაქტობრივად, არაადამიანურ სიტუაციაში არიან. მათ არ აქვთ საშუალება, გამოხატონ საკუთარი თავი, როგორც ნორმალურმა ადამიანებმა. ეს ძალიან დიდი პროცენტია და თუ შევედარებით დასავლეთის უზრუნველყოფილ ქვეყნებს, იქ ასეთი გარიყული ადამიანები მაქსიმუმ 2-3 პროცენტია. ზოგადად, ნებისმიერ საზაგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარ კეთილდღეობაზე, არიან ნარკომანები, ლოთები, ანუ ასეთი სუბკულტურაც არის, მაგრამ საგანგაშო ის არის, რომ ჩვენთან ასეთ სუბკულტურაში შეიძლება, მოხვდეს ეს 27 პროცენტი.

– გამოდის, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, როგორც საზოგადოებას, არ შეგვიძლია, შევუქმნათ პირობები აი, ამ 27 პროცენტს, მაშინ რისთვის გვჭირდება ან ტერიტორიული მთლიანობა ან რეფორმები, ან ინფრასტრუქტურა, თუ იმ ევროსტანდარტებით დაგებულ გზებზე მოსიარულეები არ გვეყოლა? როგორც საზოგადოებას, როგორ გვახასიათებს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობის  27 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეშია?

– ეს არის ტრაგედია და ჩვენზე მეტყველებს, ალბათ, ყველაზე უფრო უარყოფითად. თუ მეტაფორულად შევადარებთ, გარემო, ბუნება, სადაც არის წყალი, მზე, ჰაერი, იძლევა საშუალებას, გაიხარონ მცენარეებმა. ამ მხრივ, ჩვენი სოციალური გარემო შეიძლება, შევადაროთ უდაბნოს, სადაც არაფერი გაიხარებს. ხე არ აყვავდება, ყვავილი არ გაიშლება, იმდენად უნაყოფოა. იქ არაფერი ხარობს და იქიდან უნდა წახვიდე, რადგან საცხოვრებლად არ ვარგა და ჩვენ ვხედავთ კიდეც, თუ როგორ გარბიან ქვეყნიდან ახალგაზრდები თუ შრომისუნარიანი ადამიანები.

– ჯერჯერობით გარბიან იმიტომ, რომ აქ ფული გამოაგზავნონ.

– დიახ, რომ ამ უდაბნოში გამოაგზავნონ ფული, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. ეკონომიკაზეც არის დამოკიდებული, პოლიტიკურ მდგომარეობაზეც და ფსიქოლოგიაზეც, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი მდგომარეობა ასეთია: აქ, ფაქტობრივად, არის უდაბნო და ეს არ არის გარემო, სადაც ადამიანები ახერხებენ თავიანთი პოტენციალის გახსნას და გაძლიერებას. ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული დგას ეს პრობლემა ჩვენთან. საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ჩამოგვეყალიბებინა ნორმალური სახელმწიფო, რომელიც ადამიანის განვითარებას შეუწყობდა ხელს. ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუ რა შეიძლება, იყოს უახლოესი წლების გამოსავალი. ვინ უნდა იზრუნოს ამაზე? წესით, მთავრობამაც, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, მოდიან მთავრობები, რომლებიც ფიქრობენ საკუთარ ან საკუთარი პარტიის კეთილდღეობაზე. საკუთარ, კერძო თუ პარტიულ ინტერესებზე ზრუნვას უფრო ახერხებენ, ვიდრე საზოგადოებაზე. განვითარებულ ქვეყნებში ამაზე ზრუნავენ მთავრობაც და ინდივიდუალური პიროვნებებიც. ჩვენს რეალობაში არც ერთია და არც –  მეორე. 

– ჩვენი განათლების სისტემა არ უზრუნველყოფს, ნიჭიერმა, მაგრამ ხელმოკლე ახალგაზრდამ  მიიღოს განათლება, რაც ნიშნავს, რომ, თუ დაიბადე ღარიბი, მოკვდები ღარიბად, მიუხედავად შენი პოტენციალისა. თუმცა ინდივიდუალიზმი ბავშვში შეიძლება, ჩაკლას ოჯახურმა გარემომაც. რას ურჩევთ მშობლებს, რა სიტყვები გამოიყენონ ბავშვებთან მიმართებაში, როგორ შეაფასონ მათი წარმატებები თუ წარუმატებლობები?

– ეს ის სფეროა, სადაც შემოდის ფსიქოთერაპიული ურთიერთობები: რა უწყობს ხელს პიროვნების განვითარებას. სიღატაკის დონეზე ასეთი ურთიერთობები არ იქმნება და ამიტომ ეს გარემო არც აქვს ბავშვს.

– ანუ ღატაკ ოჯახში გამორიცხულია ბავშვის წახალისება? მშობელი, რაც უნდა შეუძახოს შვილს, მაინც ვერაფერს გახდება?

– დიახ. ადამიანური გარემოს მახასიათებელია უპირობო მიმღებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ.

– მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს.

– დიახ, უყვართ იმიტომ კი არა, რომ ჭკვიანია, იმიტომ კი არა, რომ ნიჭიერია, არამედ უყვართ ამისგან დამოუკიდებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ის უყვართ არა იმიტომ, რომ რაღაცას აკეთებს, ის უყვართ, როგორც უბრალოდ, საყვარელი არსება. ამის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მისი განცდების ესმით –  ამას უწოდებენ ემპათიას –  როდესაც ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის მისი განცდები გასაგებია. ასეთ ემპათიურ გარემოში ადამიანები გაცილებით უფრო თამამად გამოხატავენ საკუთარ თავს, საკუთარ რესურსებს, ნიჭსა და შესაძლებლობებს. ეს ძალიან ჰუმანური გარემოა. მაგრამ ჩვეულებრივ, ეს არ ხდება სიღატაკის გარემოში. ამიტომ ასეთ გარემოში ადამიანი ვერ აღიქვამს საკუთარ თავს ისეთად, როგორიც არის. როდესაც გარემო მას ეუბნება, აგრძნობინებს, რომ შენ ხარ ცუდი, ამას ძალიან მარტივად აიტაცებს ხოლმე ბავშვი და თავადაც როგორც საკუთარი თავის, ისე გარემოს მიმართ ანალოგიური აზრები უჩნდება, რაც დამღუპველია. ეს ქმნის მტრობას, მიუღებლობას, დაპირისპირებას. ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება, მოიტანოს ასეთმა აღზრდამ. ასეთ გარემოში ადამიანები, როგორც წესი, მიმართავენ ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, რომ გაემიჯნონ, დაივიწყონ ის ურთიერთობები, რაც მათ გარშემოა.

– და ეს უქმნის საფრთხეს დანარჩენ საზოგადოებასაც.

– რა თქმა უნდა, საკუთარი თავით უკმაყოფილება აისახება საზოგადოებაზეც. ასეთი ადამიანი საზაგადოების მიმართაც მტრულადაა განწყობილი; ადამიანი, რომელიც არ ზრუნავს საკუთარ თავზე, არ ზრუნავს არც სხვაზე, არც საზოგადოებაზე. ეს მდგომარეობა გადამდებია.

 

скачать dle 11.3