კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა ქალი ტრადიციულ პატრიარქალურ საქართველოში ფაქტობრივ ლიდერად და რატომ აღიქვამს ოჯახი და საზოგადოება ქალს, როგორც საგანს

გაუგებარ მიზეზთა გამო საგრძნობლად იმატა მამაკაცების მიერ ცოლის ან პარტნიორის მკვლელობის ფაქტებმა. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა სამ ათეულს მიაღწია, წელს უკვე ამ ტიპის 10-მდე მკვლელობაა. რატომ დაერივნენ პარტნიორ ქალებს ჩვენი თანამემამულე მამაკაცები, შეიძლება, თუ არა ტენდენციად მივიღოთ არსებული სტატისტიკა და რა პრობლემის არსებობაზე მიუთითებს ის? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემასა და შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზებზე ლია მუხაშავრიასთან ვისაუბრებთ.

 

– ოკუპანტებითაა გაძეძგილი ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენი თანამემამულე მამაკაცები, რატომღაც, მაინცდამაინც, ქალებს, თან, შინაურობაში, დაერივნენ. საერთო აგრესიული ფონია მაღალი თუ სად უნდა ვეძებოთ მიზეზი?

– მე ვფიქრობ, რომ აგრესიული ფონი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ყბადაღებული თემაა, მაგრამ ცნობილია, რომ სამართლიანობის არ აღდგენა იწვევს საერთო ფონის დაძაბვას. გარდა ამისა, ფაქტორი შეიძლება, იყოს შემდეგიც: მაგალითად, წამება აღიარებულია უფრო მძიმე დანაშაულად, ვიდრე თვით სიცოცხლის მოსპობაც კი იმის გამო, რომ წამების მსხვერპლი უნებლიეთ იწყებს იმ ადამიანების ტრავმირებას, ვისთანაც შეხება აქვს, მაშინაც კი, როდესაც ის ადამიანები არაფერს უშავებენ. გადააქვს ამ ადამიანებზე განცდილი ტანჯვა, მაშინაც კი, როდესაც არ უნდა ამ ადამიანების დატანჯვა. ეს მსხვერპლები, რომლებიც ციხიდან გამოვიდნენ, ქმნიან მატრავმირებენ ფონს, რომელიც შემდეგ, როგორც წყალში ჩაგდებული ქვის მიერ წარმოქმნილი რგოლები, ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე.

– ამიტომაც მუშაობს უცხოეთში ფსიქოლოგების მთელი არმია ადამიანების რეაბილიტაციაზე.

– დიახ, არსებობს რეაბილიტაციის უამრავი ცენტრი. ბევრი ადამიანი, რომელიც ციხის წამების მსხვერპლი იყო, ახლა სერიოზული ფაქტორია ჩვენს საზოგადოებაში, რაც ამ ფონს ქმნის და ამ ფონის შედეგია გავრცელებული უმძიმესი დანაშაულები. გარდა ამისა, ჩემი აზრით, არის ერთი ძალიან ძველი და ღრმა სოციალური პრობლემა: დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, როდესაც ჩვენ თვალწინ დაინგრა ყველაფერი, ქალებმა მამაკაცებთან შედარებით მეტი სიცოცხლისუნარიანობა და ადაპტაციის უნარი გამოავლინეს და მათ, ფაქტობრივად, ფიზიკურად გადაარჩინეს თავიანთი ოჯახები და ამ პროცესში სრულიად გაუცნობიერებლად მოხვდნენ ოჯახის სათავეში, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის და სოციალური გადარჩენის ფაქტორები. მაგრამ ქალების ოჯახის ფაქტობრივი მესაჭეობა და საზოგადოებაში ლიდერის პოზიციის ფაქტობრივი დაკავება არამც და არამც არ მოდის თანხმობაში ქალის ამ საზოგადოებაში გავრცელებულ ტრადიციულ როლთან. ანუ უწინდებურად ითვლება, რომ მამაკაცია ოჯახის თავი, ლიდერი, მაშინ, როდესაც რეალურად სრულიად საწინააღმდეგო რეალური სურათია და ეს დამახინჯებული სოციალური მდგომარეობა არის უზარმაზარი სოციალური კონფლიქტის წყარო, რომელიც ახლა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებში ვლინდება.

– ანუ ქალებს სჯიან იმისთვის, რომ უფრო სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ და ამით უნებლიეთ დაამცირეს კაცები?

– ეს არ არის დასჯა, ეს არის ამ ანომალიურ მდგომარეობაზე ანომალიური რეაქცია. იმის მაგივრად, აღიარო, მიიღო ეს რეალობა და გახდე ამ რეალობის ადეკვატური, იმის გამო, რომ შენც ხარ ანომალიურ მდგომარეობაში, იქცევი არაადეკვატურად და არაადეკვატური რეაქციაა ძალადობა და გაუმართლებელი სისასტიკე. ბევრგან შეიძლება, ასეთ ტრაგიკულ შედეგამდე არ მიდის, მაგრამ ურთიერთობის ხასიათი და ფორმა არის სრულიად ანომალიური. ეს არის ღრმა სოციალური პრობლემა და ჩემი, როგორც იურისტისა და უფლებადამცველის გადმოსახედიდან, ვხედავ, რომ ქალთა მდგომარეობა რეალურად შეცვლილია, მაგრამ კულტურული, ტრადიციული, გნებავთ, რელიგიური დამოკიდებულება ქალებისადმი არ არის ადეკვატური და ეს არაადეკვატურობა ქმნის პრობლემას, რაც შესაძლოა, გამოიხატება ასეთ ანომალიურ შედეგში. ანომალიაა მკვლელობა და ასეთი ფორმით ურთიერთობის დასრულება. თუ ამაზე თვალს არ გავახელთ და არ დავინახავთ, რომ თუნდაც მიკროდონეზე ეს პრობლემა არსებობს, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. ამაზე ძალიან სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ, თუ არსებობს ასეთი ანტაგონიზმი ყოველი ურთიერთობის შიგნით, სადაც ქალი და მამაკაცია, მაშინ ძალიან მძიმე ვითარებასთან გვქონია საქმე და ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელია ან სტაბილურობა, ან განვითარება, არ წინსვლა.

– როგორ იცავს ქალებს ჩვენი კანონმდებლობა, რამე გარანტიებს სთავაზობს ქალებს, ფაქტია, თუნდაც ოჯახური ძალადობის პრობლემიდან და იმ სტატისტიკიდან, რომ გამოკითხულთა ნახევარი ამართლებს პარტნიორი მამაკაცის მიერ ქალის ცემას, თუ მიზეზი აქვთ.

– ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობა მეტნაკლებად ადეკვატურია, ისეთი ხარვეზები არ გვაქვს, რომ ასეთი ძალადობა კანონმდებლობას დავაბრალოთ. ჩვენ უფრო მეტი პრობლემა გვაქვს ჩვენს ტრადიციულ გარემოში და იმაში, რომ ჩვენი ტრადიციების არასწორი გაგება და ინტერპრეტაცია ხდება. სამწუხაროდ, საზოგადოებაში არის თემები, რასაც ტაბუ ადევს, ეს ტაბუ იხსნება გარკვეული ჩარჩოების შიგნით, მაგრამ არ ვცდილობთ, პრობლემა დავინახოთ მთელი სიღრმით და ვცადოთ მისი მოვლა კომპლექსურად.

– ანუ ქალი მაინც უფრო ქვედა საფეხურზე მდგარ არსებადაა განხილული ჩვენს სოციუმში?

– რა თქმა უნდა, ეს უნდა ვაღიაროთ. განსაკუთრებით, ეთნიკურ უმცირესობებში და არაქრისტიანულ რელიგიურ მიმდინარეობებში. მაგრამ ეს უმცირესობები მთლიანობაში ისეთი უმრავლესობაა, რომ მართლმადიდებელ ქართველ ეთნოსზეც მოახდინა გავლენა და გარკვეული ტენდენციები ჩანს. მაგალითად, პრაქტიკის, რომ კარგი ბიჭია, რადგან ცოლიც ჰყავს და საყვარელიც, უკან ხომ მუსლიმანური ფილოსოფია დგას, რომელსც ყურანი 4 ცოლს ყოლის უფლებას აძლევს?! ჩვენ ხომ არ გვაქვს შეურიგებელი პოზიცია ამის მიმართ?!

– პირიქით: კაცია და რა ქნასო?!

– დიახ, ვამართლებთ.

– თან, ამატებენ: მთავარია, ოჯახს არ აკლებს არაფერს, თითქოს ოჯახი საქონელი იყოს და მთავარია, ფული არ მოაკლო.

– ესეც ხომ მუსლიმანური კულტურის ნაწილია –  თუ შეინახავს თანაბრად, შეუძლია 4-ზე მეტი ცოლი ჰყავდეს?! ჩვენ ხომ ერთმანეთზე ვახდენთ გავლენას და ეს ძალიან საგრძნობია. მე მართლაც მიკვირს, რომ მართლმადიდებლური და ევროპული კულტურა არ არის იქით გავლენის მომხდენი.

– არადა, ქრისტიანობა გაცილებით პროგრესული მოძღვრებაა.

– რა თქმა უნდა, ის აღიარებს ქალის თანასწორობას ყურანთან შედარებით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემა არსებობს. გარდა ამისა, ძალიან მაშფოთებს ის დამოკიდებულება, რომელიც ახალგაზრდობას აქვს. ჩემი აზრით, ახალგაზრდებს აქვთ ასეთი დამოკიდებულება: კარგი კაცის აქსესუარია ძვირფასი მანქანა, ლამაზი ცოლი, რომელიც კარგად გამოიყურება, კარგად არის ჩაცმული და ძვირფასი ნივთებითაა აღჭურვილი; ცოლი არ არის მეუღლე, ანუ ქმრის თანასწორი, ოჯახის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების თანაბრად გამნაწილებელი სუბიექტი.

– ადრე თუ საყვარელი ცოლზე ლამაზი უნდა ყოფილიყო, როგორც წესი, დღეს აუცილებელია, რომ ცოლიც იყოს ლამაზი.

– სამწუხაროდ, ცოლი გახდა აქსესუარი და ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების ცოლები ამის საწინააღმდეგო სიგნალებსაც კი არ იძლევიან. ისინი ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ამ სრულიად მანკიერ ხატს კიდევ უფრო ამყარებენ და ამკვიდრებენ. და ისინი, რა თქმა უნდა, მიბაძვის ტენდენციებს ქმნიან. მესმის, რომ ჩემი ტიპის ქალი არ არის იდეალი, მაგრამ არც ის არის იდეალი, როდესაც ქმართან ერთად ჩნდები და ხმას არ იღებ ან თუ რამეს ამბობ, იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ისინი არ არიან აქტიურები არც სოციალურად, არც პროფესიულად და არც ოჯახურად. მათი ასეთი პოზიცია ახალგაზრდებს აფიქრებინებს, რომ ეს კარგია. მათთვის იდეალია პრეზიდენტის თუ პრემიერის ცოლები, რომლებიც დადიან მიღებებზე, მაგრამ არანაირ გავლენას არ ახდენენ არც ქმრის გადაწყვეტილებებზე, არც მის კარეირაზე, არც მის თვითშეფასებაზე ან საზოგადოების შეფასებაზე, იმიტომ რომ დღეს ეს ქალები თავიანთი გარეგნობითა და აქსესუარებით განსაზღვრავენ ქმრების სტატუსს და არა იმით, რას და როგორ ამბობენ. მაგალითად, იმავე ევროპაში, საითაც ჩვენ ასე მივისწრაფით, ასეთი სტატუსის მქონე პოლიტიკოსთა ცოლები, არიან ძალიან აქტიურები და სოციალურად ძალიან თვალსაჩინო პირები და მათი სტატუსი ბევრწილად განაპირობებს მათი ქმრების წარმატებას. არაფერს ვამბობ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც პირველი ლედი თანამდებობა და პირდაპირი მოვალეობაა, რომელიც ამ ქალბატონს ეკისრება და მან ეს უნდა განახორციელოს და განავითაროს და არამც და არამც არ უნდა დააკნინოს. ჩვენთან ამის საწინააღმდეგო ტენდენციებია; ქალის  როლი კნინდება, შესაბამისად, ქალს საზოგადოება, მისი ოჯახის წევრები უყურებენ, როგორც საგანს, როგორც ნივთს, რომელიც მხოლოდ აქსესუარია და არა პიროვნება, არა თანასწორი ადამიანი ყველა თავისი ღირსებითა და მოვალეობით. ეს ქმნის იმ ფონს, როდესაც ასე ხშირდება ძალადობა და საზოგადოების ჩუმი თანხმობით ძალადობა იღებს კატასტროფულად მძიმე ფორმებს.

– მაგრამ ეს ქალი-აქსესუარები არიან აქსესუარის მფლობელი მამაკაცების შვილების აღმზრდელები?

– ეს კიდევ ცალკე პრობლემაა და ვფიქრობ, დღეს ყოველთვის აღარ ანდობენ მათ უკვე შვილების აღზრდას, რადგან შემოდის ძიძის ინსტიტუტი. ადრე ძიძის ინსტიტუტი არ იყო ასე ძლიერი, ამიტომ კაცს უფრო მეტად უწევდა ცოლის განათლებასა და სულიერებაზე ფიქრი, თუნდაც, იმიტომ რომ ის მისი შვილების აღმზრდელი უნდა ყოფილიყო. დღეს, როდესაც შეგიძლია, დაიქირავო შენს ცოლზე გაცილებით განათლებული, კარგად აღზრდილი და კარგი პედაგოგიური უნარის მქონე ძიძა, ცხადია, ცოლის მნიშვნელობა ამ კუთხითაც სერიოზულადაა ლიმიტირებული. მე შეიძლება, ძალიან საშიშ სურათს ვხატავ, მაგრამ მეჩვენება, რომ ტენდენცია აქეთკენაა და თუ ეს ტენდენცია არ შევაჩერეთ და შესაბამისი დასკვნები არ გავაკეთეთ, ეს იქცევა ძალიან საშიშ მოვლენად და როდესაც ამას ყველა დაინახავს, ძალიან გვიან იქნება. ამიტომ ამას ახლა უნდა ვუპატრონოთ და ვუწამლოთ.

– ჩვენთან მეოცე საუკუნის დასაწყისში არა მხოლოდ ხმის უფლება ჰქონდათ ქალებს, არამედ 4 ქალბატონი საკანონმდებლო ორგანოს წევრიც კი იყო. როდიდან დაიწყეს ჩვენმა თანამემამულე ქალბატონებმა თავიანთ უფლებებზე ზრუნვა და რამდენად წინ წავედით ამ პროცესში?

– ქალებმა ასი წლის წინათ დაიწყეს ძალიან აქტიურად საკუთარი უფლებების დაცვა. ასი წლის წინათ ისინი სწორედ ამ სიტყვებით, სწორედ ამ შინაარსით საუბრობდნენ და მართლაც მოიყვანეს გაზაფხული და მათი სახელები ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს და ყველა დედამ თავის გოგონას უნდა ასწავლოს. ესენი იყვნენ კატო მიქელაძე, ჯორჯაძე… არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამიტომ არ ჩამოვთვლი. ქართული ფენიმიზმი ევროპული ფემინიზმის კვალდაკვალ და პარალელურად დაიწყო. ისინი თავიანთი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ფასად ავრცელებდნენ ამ იდეებს: ატარებდნენ საჯარო ლექციებს და მოუწოდებდნენ ქალებსა და მამაკაცებს, რომ ქალი არის სწორუფლებიანი. ძალიან გულსატკენია, რომ ასი წლის თავზე საქართველოში ისევ ამ მანკიერებებზე ვსაუბრობთ. მე ვარ თანასწორუფლებიანობის მომხრე, ფემინიზმი ცოტა სხვა რამ არის. ჩვენ ფემინიზმამდე კიდევ ბევრი გვიკლია, ჩვენ ბევრი გვიკლია თანასწორუფლებიანობაზე და ამას ავლენს სტატისტიკა: როგორია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურაში. მაშინ, როდესაც ქალთა განათლების დონე არ ჩამორჩება მოსახლეობის განათლების საერთო დონეს. საზოგადოებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი თავისი ნახევარი ადამიანური რესურსის შესაძლებლობების გამოყენებაზე. სუფთა მატერიალისტურად შევხედოთ საკითხს: თუ ვინმე პროფესიულად თანაბარია და მას მხოლოდ იმიტომ არ აძლევენ დასაქმების უფლებას, რომ ის ქალია, ეს არის ქვეყნისა და სახელმწიფოს უბედურება. დასავლელი ფემინისტები საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილია გარემო, როდესაც ქალმა, რათა მოხვდეს მაღალ სოციალურ საფეხურზე, უნდა მიიღოს მამაკაცის თამაშის წესები, რაც არსებითად განსხვავდება ქალის ბუნებისგან. ეს ნიშნავს, რომ მან უარი უნდა თქვას ქალურ საწყისზე და მამაკაცური საწყისით იმოქმედოს, რაც ქალს ანგრევს, იმიტომ რომ მამაკაცური ბუნება ქალისთვის მიუღებელია, ამიტომ ის აპრიორი წაგებულია, თუ ამ მამაკაცური წესებით იმოქმედებს, მაგრამ გარემო არ უტოვებს ქალს შესაძლებლობას, ქალური ბუნებიდან გამომდინარე უნარებით იმოქმედოს. ამიტომ იცვლიან ხოლმე რადიკალურად ჩვენი ლიდერი ქალები ბუნებას, ხასიათს და ხანდახან თვით ადამიანურ სახესაც კი და ემსგავსებიან მამაკაცს. ამ თემას ადევს ტაბუ, არავინ გამოთქვამს უკმაყოფილებას, მაგრამ, მოდი, ვილაპარკოთ ამაზე ახლა.

– ან აღვადგინოთ გენდერული ბალანსი იმ სტატისტიკაში: არც ერთი შემთხვევა არ არის ჯერჯერობით ქალის მიერ ქმრის ან პარტნიორის მოკვლის შესახებ. შავი იუმორის სტილში ვამბობ ამას.

– თუ ქალებს ვაიძულებთ, რომ მამაკაცებს უპასუხონ ისეთივე წესებით, რა წესითაც ისინი ექცევიან ამ ქალებს, მივიღებთ სამოქალაქო ომს, საიდანაც გამარჯვებული არასდროს არავინ გამოდის. როდესაც ჩვენს სიცოცხლეში გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ვართ მტრულ გარემოცვაში, შიგნით კიდევ ასეთი ფრონტის არსებობა ნამდვილად ძალიან საშიშ ვითარებას გვიქმნის. რაზეც მე ვსაუბრობ, საყურადღებო უნდა იყოს როგორც ქვეყნის ხელისუფლებისთვის, ისე რიგითი მოქალაქისთვის, რომ დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ჩვენი ტრადიციული –  მშვიდობის – სადღეგრძელო. მშვიდობას ვუსურვებთ ერთმანეთს და არ ვფიქრობთ, რომ ეს მშვიდობა არ გვაქვს აღარც შიგნით და აღარც –  გარეთ.

 

скачать dle 11.3