კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაცვალა შავმა პრინცმა „შავლეგო“ რეპზე და რატომ იყო მისი პირველი სიმღერა „ეს საწყალი კურდღელი”

რატომ გაცვალა შავმა პრინცმა „შავლეგო“ რეპზე და რატომ იყო მისი პირველი სიმღერა „ეს საწყალი კურდღელი”

 

– რამდენიმე წლის წინ, რეპერები საკმაოდ აქტიურობდით. მერე თითქოს ყველა გაჩერდით და ახლახან შევიტყვეთ, რომ შენ „ძებნილები” შექმენი და დიდი გეგმებიც გაქვთ.

–  „ძებნილები” სულ ახალი თაობით არის დაკომპლექტებული. ძებნილებში 12, ყველასთვის უცნობი წევრია შესული, ახალი სახეები არიან. ბიჭები მუშაობენ სტუდიაში, ქმნიან ახალ ჰიტებს და მალე მსმენელის წინაშეც წარდგებიან და რეპის მოყვარულებს სიახლეს შესთავაზებენ. 

–  12-კაციანი შემადგენლობა სიმბოლურად წელიწადის 12 თვესაც ხომ არ უკავშირდება?

–  ნამდვილად ასეა. ჩემი სურვილი იყო, რომ ძებნილები 12 წევრისგან ყოფილიყო შემდგარი. მართალია, გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, 12-ზე მეტი ვერ შევარჩიე. წელიწადში 12 თვეა, თან ჩვენი ზეციური მამის ციფრია. 12 მოსწავლე ჰყავდა და მეც ამიტომ მივანიჭე ამ ციფრს უპირატესობა. გავაკეთეთ ჩვენი სტუდია, სადაც გაერთიანებულია, ხმის ჩამწერი, ვიდეო და ქორეოგრაფიული სტუდიები. ძალიან დაკავებულები ვართ. ვმუშაობთ, ვშრომობთ და გვინდა, ახალი ნაბიჯი გადავდგათ ქართულ რეპსამყაროში.

–  წლებია, რაც მსმენელს თავი გააცანი. გიცნობდნენ როგორც შავ პრინცს, მერე სახელი გადაირქვი და გახდი – პრინციპი. ამჯერად რა ხდება, შავი პრინცის ფსევდონიმი დაიბრუნე?

–  ორ პროექტს შევეჭიდე. ერთი პრინციპის პროექტია, რომელიც უფრო ღრმა ტექსტებით არის დატვირთული, ხოლო მეორე შავი პრინცის, რომელიც გაცილებით მარტივ თემებზეა დაყრდნობილი. ორდისკიან ალბომზე ვმუშაობ, სადაც პრინციპის და შავი პრინცის თემა ერთად იქნება შესული. ჩემი აზრით, მხოლოდ ჩემში კი არა, ყველა პიროვნებაშია ორი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვანაირად აზროვნებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ ერთ ადამიანში, ის ორი ერთმანეთს უპირისპირდებოდეს. მინდა, ეს ყველაფერი ხალხს რეალურად „დავუდო” თვალწინ. ასე რომ, მხოლოდ მედალს კი არა, ადამიანსაც ორი მხარე აქვს. 

–  გასულ წელს პროექტ „ნიჭიერში” მიიღე მონაწილეობა, რითაც ერთგვარად, მაყურებელს თავი შეახსენე. ამ პროექტში შენი სათქმელი ნამდვილად თქვი.

–  ცოტა მიჭირდა ისეთ პროექტში მონაწილეობა, როგორიც „ნიჭიერია.” ამიტომ, რაღაცნაირად, ცოტა შებოჭილი ვიყავი. მინდოდა, იმ თაობას დაენახა ჩემი შემოქმედება, რომელიც 15 წლის წინ საერთოდ არ იყო დაბადებული ან ძალიან პატარები იყვნენ. სწორედ ეს იყო ჩემი მოტივი. ამას ისიც ერთვოდა, რომ ჩემი აზრით, ხელოვანმა ხანდახან ისეთ პროექტებშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს „ნიჭიერი” იქნება, „ორი ვარსკვლავი” თუ „ცეკვავენ ვარსკვლავები.” ჟიურის წინაშე დგომა რაღაცნაირი განცდაა. შეიძლება, შენზე ბევრად უმცროსი და ნაკლებად გამოცდილი გაფასებდეს შენს საქმეში, მაგრამ მაინც სხვა განცდაა და მინდოდა, გამომეცადა. ბავშვობაში ოლიმპიადებზე რომ გამოვდიოდი სიმღერით, იგივე განცდა დამეუფლა ახლა, 40 წლის ასაკში, რაც ძალიან გამიხარდა. 

–  ბავშვობიდან მღერი?

–  7 წლის ვიყავი მუსიკალურში რომ ჩავაბარე. პირველად „ეს საწყალი კურდღელი” მამღერეს. მერე სკოლის გუნდში ქართულ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი. 

–  ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის.

–  მაშინ რეპი არ იყო. 16 წლის ასაკში, შემთხვევით ვნახე რუსულ არხზე, „მუსიკალური ფოსტა” იყო გადაცემა და მასში როსტოვიდან ბრეიგდანსის მოცეკვავე იღებდა მონაწილეობას. ამის შემდეგ უკვე ბრეიგდანსით დავინტერესდი. დავიწყე ვიდეომასალების მოპოვება, ვარჯიში და ჩემით დავეუფლე ამ ცეკვას. ბრეიგდანსი ხომ ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ფესვია. ძიებ ძიებაში მივაგენი ერთ კარგ და საინტერესო შემსრულებელს – გურუს, რომელსაც თავისი გადაცემა ჰქონდა „ბლექ თაიმი” და კაბელურზე ღამის 1 საათზე გადიოდა. ჩავუსაფრთდი და რეპშემსრულებლების რამდენიმე ვიდეო გადმოვწერე. ამის შემდეგ, სურვილი გამიჩნდა, ამ საქმიანობაში მეც მიმეღო მონაწილეობა. საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე და „შავლეგოდან” რეპში გადავედი. 

–  როგორც ამბობენ, რეპერები ნამღერში ყოველთვის თავის სათქმელს ამბობენო და „ძებნილების” შემთხვევაშიც ასეა?

–  ეს არის სწორედ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი. 12-ვე წევრს საკუთარი სიტყვა აქვს, მაგრამ ყველა აუცილებლად სიმართლეა. მართალი სიტყვა ყოველთვის მწარეა. ხულიგნები ნამდვილად არ ვართ, ძალიან ზრდილობიანი და თავშეკავებულები ვართ. თავმდაბალ ხალხს კი უფრო მეტი სათქმელი აქვს, ვიდრე ხულიგნებს. 

–  შავი პრინცი, ძებნილები... ისეთი სახელებია, რომ...

–  „ძებნილები” მაინცდამაინც კრიმინალთან არ ასოცირდება. ჩვენ ერთმანეთს ვეძებდით, რადგან, უპირველესად, გვინდოდა, ქართული ჰიპ-ჰოპი საქართველოში წარმატებული ყოფილიყო. მარტო, ერთი ადამიანი ამას ვერ შეძლებს. ჩემი აზრით, წარმატება ერთიანობას, შრომას და მეგობრობას მოაქვს. ამ ერთიანობის ძებნაში, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. ძველი ძებნილებიც ასე იყო და ახალიც ასეა. ვეძებეთ ერთმანეთი, ვეძებეთ და ერთი დიდი გუნდი და ოჯახი გავხდით. 

–  რაც შეეხება შავი პრინცის ფსევდონიმს?

–  შავი პრინცი რამდენიმე სიმპათიური ქალის არჩევანი იყო, მაგრამ მე მხოლოდ ერთის დავიჯერე. 

–  კარგია, რომ მუშაობთ, მაგრამ სიმღერის დაწერას და ჩაწერას, თანხებიც სჭირდება.

–  ამ მხრივ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, რადგან, როგორც უკვე გითხარით, საკუთარი სტუდია გვაქვს. შევიძინეთ აპარატურა, ვისწავლეთ ყველაფერი და თავად ვასრულებთ ყველა სამუშაოს. ასე რომ, ფულს ვხარჯავთ ცოტას, სამაგიეროდ, ვაკეთებთ ბევრს და  ხარისხიანს. 

–  ზაფხულის გეგმები როგორია?

–  ვგეგმავთ ბევრ და კარგ „ჰიპ-ჰოპ ფართს” ზღვისპირა ქალაქებში. ასე რომ, მსმენელს წინ ბევრი საინტერესო რამ ელის. ერთი მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ქართულ ჰიპ-ჰოპს ვმღერით და არა უცხოურს. ამით კი, მე კმაყოფილი ვარ. 

–  მოკლედ, შავი პრინცი შავ ზღვაზე „ჰიპ-ჰოპ ფართზე” ეპატიჟება მსმენელს. 

–  შავი პრინცი „ძებნილებთან” ერთად. 

 

скачать dle 11.3