კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გია გორდეზიანი ცნობილი სიმღერების უცნობი ავტორი, რომელმაც ნოტების წერაც არ იცის და ვინ არის მისი მუზა

„მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება”, „რა დილა თენდება”, „საყვარელო ჩემო თბილის-ქალაქო”... – ეს სიმღერები ყველა ქართველს ულამაზებს ყოფას; ნებისმიერმა იცის, უყვარს, ღიღინებს... თუმცა, ალბათ, ძალიან ცოტა თუ იცნობს მათ ავტორს. პირადად მე, ის დღეს გავიცანი. ძალიან გამიჭირდა ინტერვიუზე მისი დაყოლიება. ბოლოს მესიჯი გავუგზავნე – თბილისს გაფიცებთ, უარი არ მითხრათ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ საჭირო სიტყვებს მივაგენი და, შედეგად, ჩვენს რუბრიკაში ამ გაჰიტებული და ნებისმიერი თაობის წარმომადგენლისთვის ერთნაირად საყვარელი სიმღერების ავტორი, გია გორდეზიანი გვესაუბრება.

 

– ბატონო გია, თქვენი სიმღერები მთელმა ქვეყანამ იცის, მაგრამ, მათი ავტორი – თითქმის არავინ.

– ვერ ვიტყოდი ასე, იმიტომ რომ, დიდი სამეგობრო წრე მყავს.

– და, მაინც, მხოლოდ დიდმა სამეგობრო წრემ იცის, საზოგადოებამ კი – ნაკლებად.

– ჰო, ალბათ, იმიტომ, რომ მაინცდამაინც არ მიყვარს ინტერვიუები.

– ერთი ვაკელი ბიჭი იყო, რომელსაც ქეიფი და დროსტარება უყვარდა. ნოტების წერაც კი არ იცოდა, მაგრამ, მუზა რომ ეწვეოდა, სიმღერას დაამღერებდა და შემდეგ ეს სიმღერა ჰიტი ხდებოდაო, – ეს შევიტყვე თქვენ შესახებ. მართალია?

– დაახლოებით ეგრე იყო (იცინის), მაგრამ, განსხვავება ისაა, რომ ეგ „ბიჭი” უკვე ბაბუაა და მესამე შვილიშვილს ელოდება.

– მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

– დავამთავრე 57-ე სკოლა. ვიზრდებოდი ჭავჭავაძეზე, ატენის ქუჩის ჩასახვევთან. ჩვენ, ჩვენი სამეგობრო, სიმღერამ შეგვაკავშირა – ცნობილი ექიმი მერაბ თევზაძე, თავგასა – დათო გოგიაშვილი, ერთი წლით უფროსი იყო ჩვენზე. დავამთავრეთ სკოლა და ჩავაბარე აკადემიაში. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ აკადემიაში მაქვს გატარებული. თავის სიმღერებით, ქეიფებით, მუშაობით, ხატვით... მაშინ თითქმის იქ ვცხოვრობდით.

არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს. იყო ჩვენი მეგობრის, ნინო გიორგობიანის ბიძა – ჯანიკო გიორგობიანი, შესანიშნავი გეოლოგი, უნიკალური ტიპი. ის იყო ჩვენთვის უფროსი, საოცარი ადამიანი რომ შეგხვდება და გზას გაგიკვალავს. ძალიან ვუყვარდით. განსაკუთრებით – მე და მერაბ თევზაძე, იმიტომ, რომ ჩვენ ვმღეროდით. თუკი ვინმე იყო იმ პერიოდში, ყველა ჯანიკოსთან იკრიბებოდა სახლში – ჯანო კახიძით დაწყებული, თემიკო ჩირგაძე იყო თამადა სულ. ცნობილი თამადა იყო. მოკლედ, ისეთი პიროვნებები იყვნენ, რომ დაჯექი და უსმინე, მეტი არაფერი. სწორედ იმ სუფრებზე მოვუსმინე პირველად ზაურ ბოლქვაძეს, იქ იყვნენ: მიშიკო შენგელია, გიზო ბერაძე, ჯემალ ჭკუასელი... მაშინ ავმღერდი მეც.

კარგი პერიოდი იყო... ბოლოს გაუგებარი დაავადება შეეყარა ბატონ ჯანო გიორგობიანს. საფრანგეთში ჰყავდათ და უთხრეს: თუ არ მოწევ, არ დალევ და არ ინერვიულებ, შეიძლება, ორი წელი კიდევ იცოცხლოო. რომ ჩამოვიდა, სულ გვკრებდა და ძალიან ბევრ დროს ატარებდა ჩვენთან. ერთ-ერთი ბოლო ქეიფი იყო ოქროყანაში, მათ აგარაკზე, ძალიან ვიწრო წრეში. რაღაც გამოსათხოვარი სუფრასავით გააკეთა, კი არ დაარქვა ასე, მაგრამ, მაინც... თავის ძმაკაცებს, ჩვენთვის სათაყვანებელ პიროვნებებს უცებ გამოუცხადა: მე მინდა, რომ წახნაგა იყოს თამადაო.

– წახნაგა?

– ანუ – მე (იცინის). ტკბილი, გემრიელი საღამო ჩავატარეთ. ჩვენი მღერაც უკვე თანდათან, – თავის ქება კიტრად ღირსო, –  მაგრამ, ღირდა მოსასმენად.

ჩვენ, შვიდი კაცი დავდიოდით მთელ თბილისში და იმისთანა ქეიფებს ვაწყობდით: მე, დათო გომართელი, გიო ხუციშვილი, მერაბ თევზაძე, წიკო, თავგასა და ირაკლი ჭანტურია. შვიდ ხმაში ვმღეროდით – თანამედროვეს, ხალხურებს, ათასნაირ პოპურებს ვაკეთებდით. შეიძლება ითქვას, წარმოდგენებს ვდგამდით. დღემდე ასე ვართ. ყველას უხარია ჩვენთან ერთად სუფრასთან მოხვედრა. ჩვენი განუყრელი მეგობარი იყო ალეკო კვაშალი. ბავშვობის მეგობრები ვართ პრაქტიკულად ყველა. სპორტულად ვცხოვრობდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერიც იყო და არა მარტო სპორტი. ძალიან ლაღი პერიოდი იყო. დღემდე ვცდილობთ, რომ ასე გავაგრძელოთ. მე, მაგალითად, სანამ სარკეში არ ჩავიხედავ, ვერ ვხვდები, რამდენი წლისა ვარ.

– გახსოვთ, რომელი სიმღერა დაიწერა პირველად?

– „რა დილა თენდება” – რაჭაში ყოფნისას დავწერე. დილას გავიღვიძე – გადასარევი ეზო, სიმწვანე, სიგრილე, სილამაზე და – სიმღერაც დაიწერა. 18-19 წლის ვიქნებოდი მაშინ.

– კი მაგრამ, ნოტები რომ არ იცოდით?

– გიტარაზე დაკვრა ვისწავლე ჩემით. პაკო დე ლუსია არა ვარ, მაგრამ, რაღაცას ჩემით ვპორჭიკობ. თბილისში რომ ჩამოვედი, მოვასმენინე ფიჯეროს – დათო ერისთავს, გაგიჟდა – ეს ჰიტიაო. წავედით მერე ჩვენს ერთ მეგობართან წოდორეთში და, იქ, ქეიფის დროს, დავაწესეთ, რომ ყოველი მეოთხე სიმღერის შემდეგ ეს სიმღერა უნდა გვემღერა, ამიტომ, თავიდან „რა დილა თენდებას” ერქვა „მეხუთე”. მერე ტელევიზიითაც შევასრულეთ. მერე იყო „საახალწლო”, „მოწყენილ სახეებს” რომ ეძახიან და, მერე – „საყვარელო ჩემო თბილის-ქალაქო”. პირველი სამი სიმღერა ეს იყო, დანარჩენების თანმიმდევრობა აღარ მახსოვს.

– ჩემი მეუღლე ჩემი მუზააო, წეღან ბრძანეთ.

– ასეა. ნინო გავიცანი ჩვენს მეგობართან. მაშინ ის 16 წლის იყო მე – 21-ის. როგორი შეყვარებული ვიყავი... ასე ვარ დღემდე. რომანტიკულ რაღაცეებსაც ვაკეთებდით ხოლმე – ფანჯრებთან ვუმღეროდით. ნინო მართლა ჩემი ბედი იყო, იმიტომ რომ, ზუსტად ბედობა დღეს შევხვდი და, ერთი დანახვით მივხვდი, ეს გოგო ნამდვილად ჩემი გახდება-მეთქი. მერე ნინოსაც შევუყვარდი და მას შემდეგ მოვდივართ ასე.

– ტრადიციულად დაქორწინდით?

– არა, წავედით წყნეთში და ხმები დავყარეთ, რომ ვართ თელავში. მერე საქორწინო მოგზაურობაში წავიყვანე რაჭაში. რაჭას დღემდე მაგის გამო  ვერ იტანს (იცინის) – არა წყალი, არა დენი, საერთოდ არაფერი... ნინოს ხათრით გავაკეთე ყველაფერი ჩემი ხელით; დიდი კი არაფერი, მაგრამ, ელემენტარული კომფორტი შევქმენი. ჩვენი შვილები იქ გაიზარდნენ და, ავადმყოფობა რა არის, არ იციან. უნიკალური ადგილია. 

– სპორტიც იყო და ყველაფერიც იყოო, ბრძანეთ. ჩხუბიც იყო?

– როგორ არა. მახსოვს, მეგობარს მოსწონდა ერთი გოგო და ავედით კიკეთში მის მეგობართან, იქ მოვიყარეთ თავი. მერე მოვიდნენ მასპინძლის სხვა, ნასვამი, მეგობრები და დაიწყო სუფრის ჩაშლა. ამას მოჰყვა ჩხუბი. მოკლედ, ვცემეთ ბიჭი, რომელიც 2 და 10 იყო სიმაღლეში. ვცემეთ რა, ხელი რომ გეკრა, თავისით წაიქცეოდა, ისეთი მთვრალი იყო. მეორე დღეს დაგვიბარა საბურთალოზე. ვისაც უშუალოდ უნდა შეხვედროდა, ის ელოდა, ელოდა და წავიდა. ჩვენ დავრჩით და მოვიდნენ ორი მანქანით. ვაი შენ წახნაგას (იცინის)... გავიდეთო და, მე მარტო მერაბ თევზაძე გამომყვა. უკან ხომ არ დაიხევ?! რატომ მცემეო, – მკითხა. ღირსი იყავი-მეთქი, – ვუპასუხე. დამიჭირა, თავი მიმარტყმევინა კედელზე და დავრეტიანდი. ავტოფარეხი იყო და იქვე დიდი ზომის ქვა იდო, მაღალი. ჯერ ცხვირზე მიკბინა და მერე ჩამტენა ამ ქვასა და ავტოფარეხს შორის (იცინის). მერაბი ცაკლე ეგდო.

– გცემათ?

– გვცემა რომელია, დედა გვიტირა (იცინის). ვითომ მერე ვუსაფრდებოდით, მაგრამ, ჩვენი შეხვედრა ვერ მოხერხდა – ეტყობა, ჩვენც არ გვინდოდა ძალიან (იცინის). გავიდა დრო, დრო კი მართლაც ყველაფრის მკურნალია, თუ, რა თქმა უნდა, ბოღმიანი ადამიანი არ ხარ. მეცინება და არანაირი წყენა არ მაქვს გულში ჩარჩენილი. გარკვეული ხნის შემდეგ მერაბს ცალკე შეხვდა ეს 2 და 10-იანი ბიჭი და მე – ცალკე.  ჩავეხუტეთ ერთმანეთს. მე მგონია, რომ სიცივე და გულქვაობა სპობს ადამიანებს. ერთი სიმღერა მაქვს, სადაც ასეთი ფრაზაა: „ღიმილი და წყენის დავიწყება, ეცადე, იცოდე, დაგჭირდება” – ჩემთვის ეს კრედოა.

– სულ რამდენი სიმღერის ავტორი ბრძანდებით?

– ოცდახუთზე მეტი სიმღერის ავტორი ვარ. ჩემი საქმე მხატვრობაა, სიმღერა – ჰობია.

 

скачать dle 11.3