კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ ამბობს მარიამ სანოგო პოდიუმზე მოშიშვლებულად გამოსვლაზე უარს და რა ოცნებას ვერ აიხდენს ვერასდროს ის

მშვენიერი და ქართველებისგან განსხვავებული გარეგნობის მარიამ სანოგო სამოდელო სააგენტო „ჯეო მოდელსის“ ერთ-ერთი წარმატებული მოდელია. პარალელურად კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და, სამომავლოდ, შეიძლება, ჟურნალისტიკაშიც, განსაკუთრებით კი რადიოში სცადოს ძალები.

 

 მარიამ სანოგო: ილიას უნივერსიტეტში სწავლების ლიბერალური მეთოდია და, ამიტომ, არ ხარ შეზღუდული. მაგალითად, პირველ კურსზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ საგნებს ვსწავლობდი და ეს ჩემთვის უფრო მეტად  იყო მისაღები. ზოგადად, ვიცი, რა მინდა, რა სფეროში მინდა ვიმუშაო, მაგრამ, კონკრეტულად რა გზით უნდა წავიდე, ამის არჩევაში უკვე უნივერსიტეტი მეხმარება. თან, ბევრი ისეთი საინტერესო საგანი აღმოვაჩინე, რომლებიც მანამდე არ მაინტერესებდა. მაგალითად, „ზოროასტრიზმიდან – ხელოვნულ ინტელექტამდე“ – ასე ჰქვია კურსს, რომელსაც ძალიან კარგი ლექტორი მიკითხავს და ძალიან მომწონს. ზოგადად, ძალიან კარგი ლექტორები მყავს. „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ – ამ საგანს ძალიან კარგი ლექტორი, სერგო რატიანი მიკითხავს და, მგონი, ერთადერთი ლექციაა, რომელსაც ყოველთვის ვესწრები და არ ვაცდენ.

– თქვი: ვიცი, რა სფეროში მინდა ვიმუშაოო. რა არის ეს სფერო? 

– უფრო კარგად ვიცი, რა არ მინდა. მაგალითად, არ მინდა პოლიტიკაში ყოფნა ან პოლიტიკაზე მუშაობა. ოდესმე, შეიძლება, ჟურნალისტი გავხდე. ტელეჟურნალისტიკა არ მინდა, მაგრამ, თუ იქნება შემოთავაზება, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი უარს. მაგრამ უფრო მეტად მაინტერესებს წერა, რადიო. რადიოში სიამოვნებით ვიმუშავებდი. არადა, რადიოს რომ ვამბობ, ყველას უკვირს. ჩემთვისაც ვწერ რაღაცეებს, ფართო საზოგადოებისთვის. რაც შეეხება გამოცილებას, ვფიქრობ, ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოსცადოს. კარგი ჟურნალისტი რომ იყო, ამისთვის, მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადიოში მიიღო გამოცდილება, რადგან, შენი ვიზუალი უკანა პლანზე გადადის და ყველაფერი შენს პროფესიონალიზმზე არის დამოკიდებული. 

– რისი გაკეთება არ გინდა ყველაზე მეტად? 

– ვერ ვიტყვი, რომ რაღაცას არასდროს არ გავაკეთებ, რადგან, სანამ კონკრეტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდები, ვერ იტყვი რას გააკეთებ და რას – არა. არ მინდა, მუდმივად ვიჯდე ერთ კაბინეტში, ერთი საქმე ვაკეთო – ასეთი რამ არ შემიძლია. მთელი ცხოვრება ვცდილობ, სხვადასხვა სფეროში გამოვცადო საკუთარი თავი, რეალურად, ძიების პროცესში ვარ და ეს ძალიან მსიამოვნებს. შეიძლება, თავიდანვე ვიცოდე, რომ ეს არ გამომივა, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს – რა დონეზე გამომივა. ყოველ შემთხვევაში, მიყვარს მრავალფეროვნება. 

– როგორც ვიცი, უკვე მუშაობ. როგორი გრაფიკი გაქვს?

– ვაკეთებ ისეთ რაღაცეებს, რაც მე მაინტერესებს: ორგანიზება, დარეკვა სხვადასხვა კომპანიაში, სასტუმროებში და ასე შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ დილიდან საღამომდე კაბინეტში ვზივარ, ძალიან მომწონს ჩემი საქმე, საინტერესოა, ბევრ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. 

– მახსოვს, „იმედზე“ „ვოისი“ რომ გადიოდა, შენც აქტიურად ჩანდი, აცილებდი მონაწილეებს სცენაზე გასვლის წინ. 

– „ვოისში“ შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემი შეყვარებული მუშაობდა იქ, მე არდადეგები მქონდა, თავისუფალი ვიყავი და ერთხელ ჩაწერაზე მივედი. პროდიუსერმა მითხრა, ძალიან კარგი გოგონა ხარ, კადრში კარგად გამოჩნდები და, იქნებ, ერთი დღე დადგეო. ძალიან კარგია, როცა ასეთ გადაცემაში სტაფის როლში ხარ – საკმაოდ საინტერესოა. მომავალში ტელევიზიაში რომ მომიწიოს მუშაობა, ამ კუთხით ბევრი რამ ვიცი; თან, ბევრი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, მუსიკას ვუსმენდი – რაც მიყვარს და კარგადაც გავერთე. უფრო საინტერესო იყო ის ემოციები, თუ როგორ ვაწყნარებდით მონაწილეებს – ბევრი რამ არც ჩანდა კადრში. ისე ნერვიულობდნენ, ზოგჯერ კონკრეტული დეტალის ახსნა ათასჯერ მიწევდა.

– საკმაოდ აქტიური და წარმატებული მოდელი ხარ. მგონი, „თბილისის მოდის კვირეულს“ შენ გარეშე არასდროს ჩაუვლია. წელს მოდელები საკმაოდ თამამები იყავით პოდიუმზე, ბევრი გამოვიდა გამჭვირვალე სამოსით, რომლის ქვეშაც არ ეცვათ ბიუსტჰალტერი. ადრე უფრო შებოჭილები იყავით, ბევრ რამეს აქცევდით ყურადღებას. 

– პროფესიული მომენტია. მეც მაქვს ჩემი პრინციპები – აბსოლუტურად შიშველი არ გამოვალ პოდიუმზე, მაგრამ, არც ანაფორით გამოვალ და არ ვითხოვ, დიზაინერმა სპეციალურად ჩემთვის შეკეროს ასეთი რამ. მართალია, საქართველოში ვართ, მაგრამ, მოდის სფერო მოდის სფეროა. შეიძლება, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულები არ არის, მაგრამ, ჩვენთანაც თავისი წესები აქვს ყველაფერს. როგორც პოდიუმზე უნდა გამოხვიდე სწორ ხაზზე, ასევე, კოსტიუმი უნდა მოირგო ისეთი, როგორიც არის. თუმცა, არიან გოგონები, რომლებიც უარს ამბობენ ცოტა მოშიშვლებული სამოსით გამოსვლაზე. მეც მითქვამს უარი – არ მდომებია, გამოვსულიყავი ზედმეტად გახდილი. მაგრამ, ზოგჯერ გამოვსულვარ კიდეც. გააჩნია, სამოსი რამდენად გამჭვირვალეა და რა დონეზე გახდილი უნდა გამოხვიდე, ზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდეს ყველაფერი. როცა ჩავთვლი, რომ, შეიძლება, ეს ყველაფერი ვულგარულად გამოჩნდეს, მაშინ უარს ვამბობ და ასე ბევრჯერ მოვქცეულვარ. მაგრამ, თუ მიმაჩნია, რომ ესთეტიკურად ლამაზია, მაშინ, ვთანხმდები. 

– კიდევ არის ისეთი რამ პოდიუმთან დაკავშირებული, რაზეც ხშირად ამბობ უარს? 

– ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ფეხსაცმელი ყველა ჩვენებაზე ხან პატარაა, ხან დიდი, ხან  კი საერთოდ არ არის. იმედია, ამ პრობლემას მოაგვარებენ. თითო მოდის კვირეულზე დაახლოებით 8-9 ჩვენება ხომ მაქვს და, აქედან მხოლოდ ერთზე მაცვია ჩემი ზომის ფეხსაცმელი. დანარჩენებზე 2-3 ზომით პატარას მაცმევენ. ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წუთით მიწევს ჩაცმა – ხუთი წუთის განმავლობაში სამი ზომით პატარა ფეხსაცმელს ბევრი ვერ გაუძლებს. 

– შეყვარებული ახსენე. ზოგიერთ ქართველ ბიჭს არ მოსწონს, როდესაც მისი შეყვარებული პოდიუმზე თამამად ჩაცმული გამოდის, გამჭვირვალე სამოსიდან შიშველი მკერდი უჩანს... როგორი რეაქცია აქვს შენს შეყვარებულს ამაზე? 

– ზოგს არ მოსწონს, მაგრამ, ჩემს შეყვარებულს არ აქვს რეაქცია. თან, არ გამოვსულვარ იმდენად გახდილი, რომ რეაქცია ჰქონოდა. ძალიან მოკლეც მცმია, გამჭვირვალე გიპიურის ზედაც, მაგრამ, იცის, რომ ეს პოდიუმზე ხდება. ასე, გიპიურის გამჭვირვალე კაბით ქუჩაში რომ გამოვიდე, დარწმუნებული ვარ, ექნება რეაქცია.

– როგორი გაიცანით ერთმანეთი? 

– მე და ლაშას ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა და ასე გავიცანით ერთმანეთი. პირველად რომ შევხვდით, მეორე დღიდანვე ყოველდღე მირეკავდა... ვმეგობრობდით, ვსეირნობდით, მეგობრებთან მივდიოდით ერთად. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. 

– შენისთანა ლამაზი და საქართველოსთვის ეგზოტიკური გარეგნობის შეყვარებული ბევრს არ ჰყავს. 

– დიახ, ეგეც არის. „ეგზოტიკა“ – ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე ხშირად მესმის. ეს სიტყვა ჩემთვის კომპლიმენტი გახდა და მის გაგონებაზე უკვე საკუთარ თავთან მიჩნდება ასოციაცია. თუმცა, ხალხი შეეჩვია ჩემს გარეგნობას, რადგან, ბევრი უცხოელი ჩამოდის საქართველოში და ნელ-ნელა ამ ყველაფერს თვალიც ეჩვევა და ყურიც; ხვდებიან, რომ ეს არ არის საოცრება, რომ არსებობენ სხვადასხვა რასის, სხვადასხვა კანის ფერის, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები. ის, რომ მე ქართულად ვლაპარაკობ, დღემდე უკვირთ. მეც კი გამიკვირდა, როდესაც რამდენჯერმე ინდოელმა გოგონებმა ქართულად მკითხეს რაღაც  – რამდენიმე წუთი პირღია ვუყურებდი მათ. 

– ბავშვობაში, ალბათ, ძალიან აქტიური და ენერგიული იყავი. 

– ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი სახლშიც, გარეთაც, საქმეშიც და დღემდე ასე ვარ. თუ ჩემი მუხლებით ვიმსჯელებთ, ძალიან ხიფათიანიც ვყოფილვარ – ბევრი პატარ-პატარა შრამი მაქვს. მიყვარდა ბიჭებთან ერთად სოფელში, ჭალაში ფეხბურთის თამაში, სირბილი და თითოეული შრამის ისტორია მახსოვს – ყველა ისეთია, დაგამახსოვრდებოდა. ბებია სულ მეუბნებოდა: მარიამ, გოგო ხარ, შრამები არ მოგიხდებაო. ახლა ვხვდები, რატომ მეუბნებოდა, რადგან, ისეთი კანი მაქვს, ყველანაირი შრამი მემჩნევა. 

– როგორც მახსოვს, ადრე ვოკალის პედაგოგთან დადიოდი. ამ მხრივ რა ხდება? 

– შეიძლება, ერთ დღესაც, გავიღვიძო და გადავწყვიტო, რომ მინდა ისევ გავაგრძელო. რაღაც პერიოდი დავანებე თავი, რაღაცეებიც ვცადე, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ჯერ არ ვარ მზად ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად. ხან იმას ვცდი, ხან – ამას და მცდელობების შემდეგ ვარკვევ, რა მაინტერესებს და რა უფრო მინდა. ძირითადად, რასაც ვინდომებ და მაინტერესებს ყოველთვის გამომდის ხოლმე. ერთი პერიოდი მინდოდა, ბალერინა გავმხდარიყავი – ეს არის ჩემი აუხდენელი ოცნება, რომელსაც ვერასდროს ავიხდენ. ამაზე ძალიან, მგონი, არაფერი მინდა. იმის გამო, რომ ზედმეტად მაღალი ვარ, პატარა ასაკშივე მითხრეს, რომ არ გამოვიდოდა ჩემგან ბალერინა, რადგან, სწრაფად ვიზრდებოდი. ჩემებს სულ დავყავდი ოპერაში და თითქმის ყველა ბალეტი მინიმუმ 20-20-ჯერ მაქვს ნანახი. ვგიჟდები ბალეტზე და ამჟამად მხოლოდ მისი ცქერით ვტკბები.

 

скачать dle 11.3