კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ არის თბილისში არსებული არც ერთი სახლი სეისმომედეგი და როგორ ანგრევს ძველ უბნებში ახალი მშენებლობები ძველ შენობებს

სულ ახლახან თბილისში ევროპის 25 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით მსოფლიოში ამ ბოლო დროს გააქტიურებული მიწისძვრებისა და მშენებლობის სეისმოუსაფრთხოების შესახებ სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ, სპეციალისტთა თქმით, მეტად საკამათოა თბილისის ახალმშენებლობების სეისმომედეგობა და ძველი შენობების უმეტესობის ექსპლუატაციის ვადაც ამოწურულია, კონფერენციის თემა ჩვენთვის საკმაოდ აქტუალურია. თან, თუ იმასაც დავამატებთ, რომ, მაგალითად, თბილისი 8-ბალიანი მიწისძვრის ზონაშია და ახალმშენებლობებიც გრძელდება. რა სეისმური პრობლემების წინაშე დგას დედაქალაქი და მთლიანად საქართველო (მართალია, დანარჩენ რეგიონებში მაღალსართულიანი სახლები იშვიათობაა, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა დაწყებული, რომლებიც მიწისძვრამ შესაძლოა, ნაცარტუტად აქციოს). მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე გვესაუბრება.

 

– რომელი იყო ბოლო დროს ყველაზე მასშტაბური მიწისძვრა მსოფლიოში?

– როგორც კონფერენციაზე გამომსვლელმა ერთ-ერთმა უცხოელმა პროფესორმა აღნიშნა, ყველაზე მსხვერპლიანი და უდიდესი მასშტაბის იყო 2010 წლის ჰაიტის მიწისძვრა, მაგარმ ყველაზე არაბუნებრივი, ერთგვარად მისტიკური იყო. იაპონიაში 2011 წელს მომხდარი ცნობილი მიწისძვრა. მას ცუნამიც დაერთო და ატომური რეაქტორი გამოიყვანა მწყობრიდან, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა. ამ მიწისძვრისა და ცუნამის მისტერია იყო ის, რომ ცუნამების დროს აქამდე არასდროს წარმოშობილა 5 მეტრზე მაღალი სიმაღლის ტალღები, ამჯერად კი 10-მეტრიანი ტალღები მივიღეთ. უნებურად გამახსენდა ჩემ მიერ 2010 წელს აგვისტოში დაწერილი სტატია: „აპოკალიპტური უსტარი საქართველოს მოსახლეობას –  ფრთხილად, შევდივართ საერო და სასულიერო კატაკლიზმების ათწლეულში“. ამ წერილში მოყვანილია მოსალოდნელი დამანგრეველი საფრთხეები და იქვეა განხილული გადაუდებელი ღონისძიებები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს და შეამცირებს მოსალოდნელი მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბებს.

ამ კონფერენციის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ აქამდე საკითხზე მსუბუქად ვსაუბრობდით და უფრო მკვეთრი ლაპარაკი ყოფილა საჭირო. თანაც, აუცილებელია, სხვებმაც დამიჭირონ მხარი, რადგან ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო და ვერც მე მოვიყვანე. ასეთმა კრიტიკულმა გამოსვლებმა, მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთში შედეგი გამოიღო და იქ დღეს უკვე არსებობს უახლესი სესიმოდამცავი ტექნოლოგიები, როდესაც დედამიწის ქერქიდან წამოსული მაღალბალიანი მიწისძვრების დროს ხდება 2-3 ბალის ჩაქრობა და ამდენად, შენობის კონსტრუქციულ ნაწილს გადაეცემა 2-3 ბალით ნაკლები დარტყმები. არადა, რამდენიმე წლის წინათ სომხეთის სეისმომედეგი მშენებლობის ასოციაციის თავმჯდომარე მიქაელ მელქუმიანი წერდა: 7-ბალიანი მიწისძვრების შემთხვევაში, ერევნისგან არაფერი დარჩება, დაიღუპება, დაახლოებით, 300 000 ადამიანი და დაიგრევა შენობა-ნაგებობების 80 პროცენტიო. წარმოიდგინეთ, ამას ამბობენ სომხეთში, სადაც ჩვენსავით არც მშენებლობის სამინისტრო გაუუქმებიათ და არც სამშენებლო დარგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. პირიქით, პარლამენტის დადგენილებით, დამატებით შექმნეს უდიდესი უფლებებით აღჭურვილი ახალი სახელმწიფო სტრუქტურა: სომხეთის სეისმური სახელმწიფო დაცვის სამმართველო. ჩვენ კი რა გაგვაჩნია? 8-კაციანი დეპარტამენტი, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება და არც არაფრის გაკეთების უფლება აქვს. ამის შედეგია ის უბედურებები, რაც დღეს ხდება მშენებლობისას მთელ საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში, სადაც არ არსებობს არანაირი კანონი. გაეცი „ქეში“ და ქუჩაში, ტროტუარზე, სკვერსა თუ ბაღში რამდენსართულიანი შენობაც გინდა, ააშენე. ღმერთმა არ ქნას, მართლაც რამე მოხდეს, რა დარჩება თბილისიდან 8-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში?! დარჩება ერთი დიდი საძმო სასაფლაო და ნახევარი საქართველო აღარ იარსებებს.

– თუ შეისწავლის ჩვენთან რამე ორგანიზაცია ჰიდროელექსტროსადგურების მშენებლობისას იმ კონკრეტულ გარემოში არსებულ სეისმურ  მდგომარეობას?

– სწორედ ეს მინდა, ვკითხო ენერგეტიკის მინისტრს, ხუდონჰესის აშენებას რომ აპირებთ, ვინ უზრუნველყოფს იმ ჰესს სამეცნიერო-ლაბორატორიული კვლევებით? იცით თუ არა, რომ ენგურჰესის მშენებლობის დაწყებამდე, ადგილზე ჯერ საველე ლაბორატორია მოეწყო, ხოლო თბილისში „ტნისგეიში“ შეიქმნა ბეტონების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შემსწავლელი სპეციალური ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობდა თვით რუსების მიერ „ბეტონების მეფედ“ წოდებული დიდი მეცნიერი პეტრე წულეისკირი, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და დამატებით შეიქმნა სპეცბეტონების უნიკალური ლაბორატორია. საერთოდ, ჰესებსა და განსაკუთრებით სეისმურად საშიშ ზონებში განლაგებულ მაღალ კაშხლებს, აუცილებლად სჭირდება მუდმივი სამეცნიერო-ლაბორატორიული კვლევებით უზრუნველყოფა. სწორედ „ტნისგეის“ განადგურების შემდეგ დაიწყო პრობლემები ენგურჰესზე. რადგან აღარ ტარდება სისტემატური კვლევები და სისტემაში დაიწყო დაგუბებული წყლის დანაკარგები, რომელმაც დღეს კატასტროფულ, 30-პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწია. ამისთვის ვერ მიგვიხედია და ახალ თავსატეხს ვიჩენთ?! თან, მაშინ, როდესაც აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე გვაფრთხილებს, რომ კავკასიონის მთელ ქედზე მიმდინარეობს ქანების დაშლა და მოსალოდნელია კატასტროფული, დამანგრეველი მიწისძვრები?! ამიტომ, თუ ხუდონჰესის აშენება გადაწყდება, ჯერ ინვეტსორმა ახალი „ტნისგეი“ უნდა აგვიშენოს.

– მეორე მხრივ, ერთი კვირის წინათ მოხდა ავარია ენგურზე, რის გამოც, ფაქტობრივად, ნახევარი საქართველო გაითიშა. რა დაუშლის სეპარატისტებს ან ოკუპანტებს, რომ ენგურჰესის პარალიზება გამოიწვიონ? არ უნდა გვქონდეს ალტერნატივა ხუდონისა თუ სხვა ჰესის სახით?

– ამას წინათ, შევხვდი მეცნიერებათა დოქტორს, ჩვენი ასოციაციის წევრს, საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელს –  გიორგი სადაღაშვილს, რომელმაც სენსაციური რამ მითხრა: მაქვს გათვლები და მიღებული შედეგებით, მხოლოდ თბილისში თუ განვახორციელებთ ჩემს შეთავაზებას, თანამედროვე ენერგოეფექტიან მშენებლობას, იმდენ ენერგიას დავზოგავთ, რასაც 2 ხუდონჰესი გამოიმუშავებსო. ასეთ უნიკალურ სპეციალისტს რომ ქვეყანა არ მოუსმენს, ის ქვეყანაა?!

– თბილისი არის 8-ბალიანი მიწისძვრის ზონაში, როგორია დედაქალაქში ძველი და ახალი შენობების სესიმომედეგობა?

– თბილისში გვაქვს, დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული შენობები, რომლებიც უკვე ამორტიზებულია და მათი სეისმომედეგობა განსაზღვრული არ არის. ეს ყველაზე დიდი საშიშროების კერაა ჩვენს დედაქალაქში. მეორე –  საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული სახლები, რომლებიც 7 ბალზეა გათვლილი. 1930-იანი წლებიდან თბილისში უკვე დაწესდა ნორმები და შენდებოდა 7-ბალიანი სეისმომედეგობის მქონე სახლები. საერთოდ, რკინა-ბეტონის შენობების მედეგობის ხანგრძლივობა 100 წელია, ამიტომ თბილისში ბევრი სახლი უკვე უახლოვდება ამორტიზაციის ბოლო ფაზას, რის გამოც მათი სეისმომედეგობა 7 ბალიც აღარ არის. მესამე ტიპის შენობები არის ის, რაც აშენდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში. არც ერთი მათგანის უსაფრთხოება არ არის ლაბორატორიულად შემოწმებული. კარგად ვიცით, როგორ შენდებოდა ეს სახლები: 1990-იან წლებში დაიწყო მასობრივი ფალსიფიკაცია: ბეტონის გაყიდვა დაიწყეს ნახევარ ფასად ცემენტის შემცირების ხარჯზე. ბუნებრივია, ცემენტის შემცირებით ბეტონის სიმტკიცე კატასტროფულად მცირდება. სამწუხაროდ, ჩვენს ასოციაციას არ მიეცა საშუალება, შეგვემოწმებინა თბილისში მშენებარე სახლები. ამის საშუალება არც ერთმა მერმა არ მოგვცა. მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს, როდესაც თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, მივიღეთ ნებართვა და კომისიასთან ერთად მოვახერხეთ რამდენიმე ობიექტის შემოწმება. 100 პროცენტით დადასტურდა ჩვენი ვარაუდი: არც ერთ მშენებარე თუ აშენებულ კორპუსში ბეტონის სიმტკიცე ნორმას არ შეესაბამებოდა. მეტიც, სიმტკიცე ორჯერ ნაკლები იყო დაშვებულ ნორმაზე. შემოწმების შედეგი იმდენად კატასტროფული იყო, რომ მცხეთის ქუჩაზე აშენებული ერთ-ერთი სახლის დანგრევა მოვითხოვე, მაგრამ ეს საქმეც ჩაიფარცხა და დღეს იმ კორპუსში ხალხი ცხოვრობს. ამ შემოწმებამ დაადასტურა, რომ ათი წლის განმავლობაში მთელი თბილისი ფალსიფიცირებული ბეტონითა და მასალით შენდებოდა. დღეს კი, როცა სეისმური რისკები გაიზარდა და მიწისძვრის საშიშროებაც მეტია, ამ პრობლემას რა ეშველება, აღარ ვიცი! გიგი უგულავამ არც მიგვიღო და არც ჩვენს წერილებს უპასუხა. 

– ერთადერთი იმედია, რომ არ მოხდება 8-ბალიანი მიწისძვრა. საერთოდ, რა პერიოდულობა ახასიათებს ძლიერ მიწისძვრებს? 

– პერიოდულობა ძალიან ძნელი დასადგენია. როგორც ამ კონფერენციაზე ერთ-ერთმა უცხოელმა გამომსვლელმა თქვა, დიდი ალბათობით, საშუალოდ 456 წელიწადში ერთხელ არის მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მიწისძვრა 1991 წელს იყო. თუმცა 8-ბალიანი მიწისძვრა კარგა ხანია, საქართველოში არ ყოფილა. მეოცე საუკუნეში იმდენად დიდი მიწისძვრა მოხდა გორში, რომ გორის ციხე დაანგრია და ძალიან დიდი მსხვერპლიც იყო.

– ფორმალურ ცნობასაც კი არავინ გასცემს, როდესაც ახალი მშენებლობები იწყება?

– ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიუერთეს. ამდენი წელია, ვწერ, რომ მშენებლობის სამინისტროს გაუქმება იყო უბედურება. ამიტომაც შევქმენით ასოციაცია და უმუშევრად დარჩენილი მშენებლები შემოვიკრიბეთ. მშენებლობა მარტო ის კი არ არის, რასაც უყურებთ და ჩანს, ეს მთელი დარგებია. ჩვენ უდიდესი მეცნიერები გვყავდნენ სამშენებლო დარგში და უდიდესი მიღწევებიც გვქონდა. შენობების სეისმომედეგობას არავინ ამოწმებს. ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე აშენებენ 33-სართულიან 8 საცხოვრებელ კორპუსს. არადა, როდესაც 100-მეტრიან ან უფრო მაღალ შენობას აგებ, მინიმუმ 100 მეტრის სიღრმეზე უნდა შეისწავლო ნიადაგი და წინასწარ გააკეთო გარშემო მდგარი კორპუსების დააგნოსტიკური შემოწმება, რომ ახალმა მშენებლობამ ისინი არ დააზიანოს. უნდა აღირიცხოს ნებისმიერი ბიძგი და რყევა, რაც წარმოიქმნება იმ მშენებლობის დროს, მაგრამ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. გინახავთ ქალაქი, ევროპას თავი დავანებოთ, ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომ განვითარების გენერალური გეგმა არ ჰქონოდეს? საერთოდ, არსად ძველ უბნებში მრავალსართულიან სახლებს არ აშენებენ. რადგან, როდესაც 2-3-სართულიან სახლს გვერდში აუშენებ 10 და 16-სართულიან შენობას, ესე იგი, იმ ძველ სახლს ძირს უთხრი. ამან გამოიწვია ის, რომ მთელ თბილისში ამ მაღლივმა შენობებმა დაანგრია მათ გვერდზე მდგომი დაბალი შენობები და ამის გამო არავინ პასუხს არ აგებს. არადა, ეს კერძო საკუთრების ხელყოფაა. ეს ისეთი ძალადობაა კანონზე, მოსახლეობაზე, ადამიანის უფლებებზე, ვინმეს რომ მოუყვე, არ დაგიჯერებს.

– აბა, როგორ შენდება ეს ახალი სახლები? გეგმისა და ყოველგვარი გამოკვლევების მიხედვით?

– ისევ იმ მშენებლობას მოვიტან მაგალითად ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე: ვერაფრით მივაღწიეთ, რომ გვენახა კონსტრუქციის სქემა. გიგი უგულავას გამოგონებაა: მშენებლობის დაწყება მხოლოდ არქიტექტურული ნახატით. არადა არქიტექტურული ნახატი პროექტის მხოლოდ 20-25 პროცენტია, მთავარი დანარჩენია, რაც არ არის გაკეთებული.  2013 წელს იძულებული გახდა მერია, პასუხი გაეცათ და გვითხრეს, ინვესტორის მოთხოვნით პროექტის ამ ნაწილს გრიფი „საიდუმლოდ“  დავადეთო. ნონსენსია. გამოვკითხე მოსახლეობა: მშენებლობა დაწყებულია და არაფერი შეუსწავლიათ გარშემო.

– თბილისის რელიეფისთვის უჩვეულო მაღლივი შენობების მშენებლობისას გათვალისწინებულია, თავი დავანებოთ სეისმომედეგობას, რელიეფის თავისებურებები?

– 2010 წელს პატარა შედეგს მივაღწიეთ: რაკი 2010 წლიდან მთელ მსოფლიოში გაიზარდა სეისმური საფრთხეები, საქართველომაც მიიღო კანონი სეისმოუსაფრთხოების შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა ეკონომიკის მინისტრმა. კანონში წერია, რომ შეზღუდულია სართულების ოდენობა, თუ არის კარკასული შენობა. 12 სართულზე ზემოთ არ შეიძლება იმ ტექნოლოგიებით და იმ დაპროექტებით აშენება, როგორც ჩვენთან აშენებენ. სართულიანობა რომ მატულობს, დამატებითი ღონისძიებებია ჩასატარებელი, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და რასაც ჩვენთან არავინ აკეთებს.

– რამ შეიძლება, გამოასწოროს ვითარება? 

– რაც აშენებულია, იმას უკვე აღარაფერი ეშველება. როგორც ჩემს აპოკალიპტურ წერილში ვწერ: სასწრაფოდ უნდა დაიცალოს თბილისი, მოხდეს მოსახლეობის დაბალანსებული განსახლება და რამდენსაც მოვასწრებთ, იმდენით მეტი მცხოვრები დარჩება საქართველოში. ჩვენ საკმაოდ წინ ვიყავით სეისმოლოგიური მეცნიერების განვითარების დონით, საბჭოთა კავშირში პირველი ადგილი გვეკავა. ახლა კი საერთოდ გამქრალი ვართ მსოფლიო სეისმოლოგიური სკოლების რუკიდან და ეს უდიდესი ეროვნული ტრაგედიაა. საკუთარი ხელით გავანადგურეთ ქართული სეისმოლოგია და მომავალი თაობები დავტოვეთ მოსალოდნელი კატასტროფული დამანგრეველი მიწისძვრების წინაშე. ხელისუფლებას მოსვლისთანავე შევთავაზეთ ამ პრობლემის მოგვარება: კერძოდ, რეგიონული განვითარების სამსახურს უნდა ჩაენაცვლოს ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის დეპარტამენტი და აღდგეს მშენებლობის სამინისტრო, ისრაელის მოდელის თანახმად.

 

скачать dle 11.3