კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ნახავს ყველა ადამიანი მაცხოვრის ზეციდან მოსვლას და რა ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია

სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს; როდესაც წმიდა წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმიდა მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღე ებრაელებისთვის უდიდეს ყოველწლიურ დღესასწაულად იქცა. სწორედ ამ დღეს მოევლინათ მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ამიტომაც ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ მიიჩნევა. სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესია ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით, ძირს ეფინება ბევრი ბალახი. სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ ბალახს მთელი წელი ინახავენ. როგორც ცნობილია, ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულმოქმედი ძალა აქვს.  ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 

 

– არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორედ მოსვლის წინ მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი მოვა ქრისტესმტყუვრის სახით. ისინი იტყვიან: „მე ვარ იესო ქრისტე“; გამოვლენ ტელევიზიით, პრესით, საჯარო თავშეყრის ადგილებში და მრავალ ადამიანს აცდუნებენ. ამიტომ გაგვაფრთხილა ეკლესიამ, რომ, როგორც მოციქულებმა იხილეს ხილული ქვეყნიდან ზეცად აღმავალი მაცხოვარი, ასევე, ყველა ადამიანი იხილავს ზეციდან მის დაბრუნებას. როგორც ცნობილია, აღდგომიდან მეორმოცე დღეს არის ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოველ დილით, სარწმუნოების სიმბოლოში მართლმადიდებელი ქრისტიანი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა“. ამას გვაუწყებს მარკოზის სახარებაც. როდესაც მაცხოვარმა მოციქულები აიყვანა ელეონის მთაზე, დაასხა ხელი, მიჰბერა მათ სულიწმიდა, ანუ სამღვდელო მადლი და უთხრა: ვისაც მიუტევებთ ცოდვებს – მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ – არ მიეტევებათო. ცოდვების მიტევება-არმიტევება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში. სხვა ეკლესიები ამ ძალაუფლებას არ ფლობენ, რადგან ისინი გამოეყვნენ, განუდგნენ მართლმადიდებელ დედაეკლესიას. როდესაც მაცხოვარი ელეონის მთაზე ამაღლდა, მოციქულები უყურებდნენ ქვევიდან ზევით და მათ ეჩვენათ ორი ადამიანი სპეტაკი სამოსით. ბუნებრივია, აქ ლაპარაკია ანგელოზების სიწმიდეზე, რომლებმაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რატომ იყურებით ზეცად? ეს არის იესო, რომელიც ამაღლდა თქვენდა და რომელსაც ასევე იხილავთ ზეცად მომავალს“. როგორც მოციქულებმა იხილეს, როგორ ამაღლდა მაცხოვარი ზეცად, ასევე, მთელი კაცობრიობა იხილავს მაცხოვრის მეორედ მობრძანებას. ამაღლების დღესასწაულიდან 10 დღის შემდეგ კი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. კარჩაკეტილ სახლში მოციქულებს მოესმათ ძლიერი ქარის მსგავსი ხმაური და იხილეს შუქი, რომელიც, ვითარცა ცეცხლოვანი ენები, აკიაფდა ყოველი მათგანის თავზე. მათ სასწაულებრივად მოემადლათ ნიჭი მრავალ ენაზე ქადაგებისა, რამაც განაცვიფრა სახლის გარშემო შეკრებილი სხვადასხვა ერისა და ტომის ადამიანები, რომლებსაც მოციქულთა ქადაგება თავ-თავიანთ ენაზე ესმოდათ. გაოცებულ ხალხს წმიდა პეტრემ განუმარტა მომხდარის აზრი: „ამგვარად მომაღლდა იგი ღმერთის მარჯვენით, მამისგან მიიღო სულიწმიდის აღქმა და გადმოაფრქვია ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ. მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს, ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღქმა და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი ღმერთი ჩვენი”. 

– როგორც ცნობილია, სულიწმიდის მოფენა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველევი, ამასვე მოასწავებდა იოანე ნათლისმცემელიც. 

– სულთმოფენობა ეს არის ქრისტეს მიწიერი მისიის დაგვირგვინება, მისი განკაცებით აღთქმის აღსრულება. ეს არის უმთავრესი მოვლენა ქრისტიანული რწმენის დაარსებაში, ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენაში, კაცთა მოდგმის ხსნის განგებულების საქმეში, რომელსაც მოჰყვა საუკუნო მეუფება უფლისა. მართლაც, სულთმოფენობა, ერთი მხრივ, აგვირგვინებს და ასრულებს ქრისტეს მიწიერ მოღვაწეობას, მეორე მხრივ კი, იწყებს ახალ ეპოქას მსოფლიოს ხალხების ქრისტიანულ ეკლესიაში გაერთიანებისა, რაც განკითხვის დღით ბოლოვდება. სულთმოფენის გამოსახულების უამრავი ნიმუში არსებობს როგორც მონუმენტურ, ასევე მინიატურულ მხატვრობაში, ხატწერასა და ჭედურობაში. ზოგადად, კომპოზიციის ბირთვია ნახევარწრიული მოხაზულობის მერხზე (ხშირად – მაღალი ზურგით) მჯდარი თორმეტი მოციქულის ფიგურა. შარავანდედით მოსილნი, წიგნებითა და გრაგნილებით ხელში, ისინი საზეიმოდ და წარმოსადეგად სხედან, კურთხევის ან მოწმობის ჟესტით ცენტრისკენ მიმართული ხელებით. თუ საუფლო ან სხვა დღესასწაულთა სცენაში მოციქულები ხშირად შარავანდედის გარეშე გამოისახებიან, ამ შემთხვევაში ეს აუცილებელია, რათა თვალნათლივ გამოჩნდეს მათზე სულიწმიდის გარდამოსვლა. ამასვე აღნიშნავს ცეცხლოვანი ენები ყველას თავზე – ეს სულიწმიდის ნიჭის ვიზუალური გამოსახულებაა და, თანაც, მოციქულთა მაღალი მისიის აღმნიშვნელი – თავზე ანთებული ალით ისინი რწმენისთვის დანთებულ სანთლებს მოგვაგონებენ.  

– როგორც ცნობილია, ამ დღეს ბევრი სასწაული მოხდა. 

– სიონის მთაზე იყო შეკრებილი 120 ადამიანი, იქ იყო ღვთისმშობელიც. როცა ისინი ერთად ლოცულობდნენ, სულიწმიდა ცეცხლოვანი ენის სახით გადმოვიდა. ამ მოვლენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და მოისმინეს, თუ როგორ ამეტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე. ამ დროს მოციქულებს მიეცათ მადლი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, რათა მათ სხვადასხვა ქვეყანაში ექადაგათ უფლის სარწმუნოება. რადგან ისინი უბრალო მეთევზეები, მებადურები იყვნენ და წერა-კითხვა არ იცოდნენ, უცებ ვერ ისწავლიდნენ სხვადასხვა ენას, ამიტომ, სულიწმიდის მადლით ამეტყველდნენ იმ ენაზე, რომელ ენაზეც ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ასეთი გადმოცემაც არსებობს: რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ იგი ამეტყველდა ქართულად, რათა ქართულად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. უფლის კურთხევით, სულიწმიდის გარდამოსვლით მოხდა სამოციქულო ეკლესიის ამა თუ იმ ენაზე ალაპარაკება, რომ ყველა ეროვნებას თავის ენაზე ექადაგა ღვთის სიტყვა. ეს დღემდე ასე გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ მაცხოვარი მეორედ მოვა ჩვენს სამხილებლად და სანამ ყველა ენაზე არ იქადაგება სახარება. თუ სულთმოფენობამდე მოწაფეები ურიათა შიშის გამო იყვნენ დამალულები, სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ისინი თამამად გადიან და იწყებენ ღვთის სიტყვის ქადაგებას. 

–  ამ დღეს ეკლესია ირთვება ყვავილებით, რომლებიც მორწმუნეებს მიაქვთ სახლში და მომავალ სულთმოფენობამდე ინახავენ. ბევრი მას სამკურნალოდაც იყენებს.

 – სულიწმიდის გარდამოსვლის დღესასწაულამდე, შაბათს, ეკლესიაში იხდიან დიდ პანაშვიდს მიცვალებულების სულის საოხებლად. სულის შაბათი, ანუ სულთაობა – ასე უწოდებენ ამ დღეს და მორწმუნეები თავიანთი გარდაცვლილების მოსახსენიებლად, მათი სულის საოხებლად მოდიან ეკლესიაში, ესწრებიან საყოველთაო პანაშვიდს. მეორე დღეს კი, ანუ, სულიწმიდის მოფენის დღეს, საზეიმო წირვისას, ეკლესია ხის მწვანე რტოებით, ბალახებითა და ყვავილებით ირთვება, რაც იმ წმიდა და განმაცხოველებელ მადლს მოგვაგონებს, სულიწმიდის მოფენის შემდეგ რომ ვიღებთ. ყვავილები და სიმწვანე, სიმბოლურად, სიცოცხლის მანიშნებელია. ამ დღეს ეკლესიაში იკითხება ხანგრძლივი მუხლმოდრეკის ლოცვა. წირვის შემდეგ წინამძღვარი აღსავლის კართან მოიყრის მუხლს, მრევლიც იყრის მუხლს და ამ დროს იკითხება სულიწმიდის მოწვევის ლოცვები. ეს არის ძალიან ლამაზი, ბედნიერი, მისტიკური დღე. რაც შეეხება ყვავილების სახლში წაბრძანებას, ბზა ხომ მიგვაქვს შინ, ნიშნად მარადიული სიყვარულისა, სარწმუნოებისა, სიხარულისა და ამით უფალს ვიწვევთ სახლში, ამავე მიზნით ხდება სულთმოფენობის დღეს, ეკლესიიდან სახლში ყვავილების წაბრძანებაც. რუსული ტრადიციით, როცა მორწმუნეებს სახლში მიაქვთ ყვავილები, კერავენ პატარა ბალიშებს, ამ ყვავილებით ამოავსებენ და თავქვეშ იდებენ, ავადმყოფებსაც უდებენ. ეს არის ტრადიცია, საეკლესიო გარდამოცემა, რასაც ქართველი ქრისტიანებიც სიამოვნებით აღვასრულებთ. ასევე, ამ დღეს ეკლესიაში სულიწმიდის გარდამოსვლა აღესრულება მირონის ცხებით. ადრე, როდესაც მოციქულები ნათლავდნენ ხალხს, მათი ხელდასხმით გადმოდიოდა ადამიანებზე სულიწმიდა. რადგან ნათლისღების მსურველთა რაოდენობა ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ეკლესიაში დადგინდნენ მოციქულების მიერ ნაკურთხი ხუცესები, იგივე მღვდელმსახურები, რომლებსაც კეთილსურნელების სახით გადაეცათ მირონი. მირონის ცხებით ნათლისღების საიდუმლოს დროს ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი. ბევრმა არ იცის, რომ ნათლისღების დღეს ის ორ საიდუმლოში მონაწილეობს: პირველი – ეს არის ნათლისღება, ხოლო მირონცხებით ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია, თქვას აღსარება, ეზიაროს, იაროს ეკლესიაში და, რაც მთავარია, ვერ ცხონდება. 

 

скачать dle 11.3