კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეხმარება 21 წლის ლილე სახელაშვილი მრავალშვილიან ოჯახებს, უნარშეზღუდულ ბავშვებს და რატომ ყვებიან თბილისში მის შესახებ „საოცრებებს“

დღეს საქართველოში ძალიან ბევრს სჭირდება როგორც სახელმწიფოსგან, ასევე ჩვენგან, ადამიანებისგან დახმარება. შეიძლება, ამის სურვილი ბევრმა გამოთქვას, მაგრამ, სინამდვილეში, არავინ არაფერს ვაკეთებთ, თუნდაც, ჩვენ გვერდით მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, უნარშეზღუდული, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ხშირ შემთხვევაში, სიტყვა მხოლოდ სიტყვად რჩება, სურვილი კი – სურვილად... თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, მაგალითად, 21 წლის ლილე სახელაშვილის სახით, რომლებიც ძალიან ბევრს უწვდიან დახმარების ხელს. ლილეს შესახებ უკვე არაერთი მადლიერი ადამიანისგან შევიტყვე. 21 წლის გოგონამ მოკლე პერიოდში საოცრებები ჩაიდინა. ის არაერთ გაჭირვებულ ოჯახს, მზრუნველობამოკლებულ და ავადმყოფ ბავშვს დაეხმარა და გაჩერებას არ აპირებს. მან იცის, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა იკისრა და ძალიან ბევრ ადამიანს სწორედ ამ მშვენიერი გოგონას იმედი აქვს. ხომ ამბობენ, „სიკეთე გადამდებიაო“ და იქნებ ლილეს გაკეთებული უამრავი სიკეთე ჩვენთვისაც გადამდები  და მაგალითის მომცემი გახდეს. 

 

ლილე სახელაშვილი: მოდელი ვარ და ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. კომუნიკაბელური ვარ და ადამიანებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ასევე, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ჩემი პროფესია ამ ყველაფრის განხორციელებაში დამეხმარება. 2 წელია, „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ვარ.  მინდა, უცხოეთში გავაგრძელო ჩემი სამოდელო კარიერა და პარალელურად, ჟურნალისტიკაზეც ვისწავლო. რაც მთავარია, მინდა, ეს ორივე საქმე ქველმოქმედაბაში ჩავრთო, ამ საქმეს მოვახმარო მომავალი წარმატებები, გამოცდილება. ერთხელ ქუჩაში მივდიოდი, ერთმა დიზაინერმა დამინახა და მის ჩვენებაზე გამოსვლა შემომთავაზა. მომწონს, საინტერესო, მრავალფეროვანი ცხოვრება, ექპსერიმენტები... ამიტომ დავთანხმდი. ყოველგვარი გამოცდილების გარეშე გამოვედი პოდიუმზე, მაგრამ არ დავბნეულვარ, რადგან შემიძლია სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტირება. 2012 წელს „მის საქართველოზეც“ გამოვედი და „მის მომხიბვლელობა“ გავხდი. 

– ახლა მინდა, შენი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ მიამბო. უკვე არაერთი ადამიანისგან შევიტყვე, როგორი დახმარება აღმოუჩინე და ძალიან ბევრს აქვს შენი იმედი. 

– ბავშვობიდან მინდოდა, ადამიანებს დავხმარებოდი. როგორც კი 21 წლის გავხდი, გადავწყვიტე, საქმისთვის სერიოზულად მიმეხედა. ერთ თვეში შევძელი, 2 ბავშვთა სახლს და 4 მრავალშვილიან ოჯახს დავდგომოდი გვერდით. მახსოვს, ერთ ოჯახს სახლში არაფერი არ ჰქონდა – არც საწოლები, არც მაცივარი. ყველაფერი რომ ვუყიდეთ და ავუტანეთ, ისე გაუხარდათ, ვამბობდი: ასე მაცივრის ყიდვა, არასდროს გამხარებია-მეთქი. როცა ასეთ ოჯახთან მიდიხარ, ეხმარები და მერე მათ ბედნიერ სახეებს ხედავ, ეს უფრო მეტ სტიმულს გაძლევს, კიდევ მეტის გაკეთება გინდება და ვეღარ ისვენებ. თავიდან საინიციატივო ჯგუფი ვიყავით, მერე უკვე, როგორც ორგანიზაცია ისე დავრეგისტრირდით. ჩემს ორგანიზაციას „ლილეო“ ჰქვია – ძველი ხალხური სახელია, ამომავალ მზეს ნიშნავს და ჩემში დადებით ემოციებს იწვევს. თან, ჩემს სახელთანაც ასოცირდება. თავიდან ჩემი საქმიანობის შესახებ რომ იგებდნენ, ყველას უკვირდა: მოდელი და ქველმოქმედება?! მგონი, შენ ხარ ამ კუთხით პირველიო. თან, 21 წლის რომ ვარ, ესეც უკვირდათ. მაგრამ, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, საქმეს პასუხისმგებლობის გრძნობით მიუდგე, მკაცრი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ. ყველაფერი სწორად დაგეგმო და გააკეთო ისე, როგორც საჭიროა. ამ საქმეს რომ იწყებ, მერე აღარ უნდა გაჩერდე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე გაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ეს საკმაოდ რთულია, – სტრესიც არის, დაძაბულობაც. მაგრამ, მე ერთი კარგი თვისება მაქვს: ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს. როდესაც მივდივარ ბავშვთა სახლში, ან ოჯახში, ვიგებ მათ ამბავს, ეს იმხელა სტიმულია, რომ მაშინვე  ძალას მმატებს და არაფერს ვუშინდები. მერე მიდიხარ რომელიმე კომპანიაში, სთხოვ დაგასპონსოროს, მაგრამ ზოგჯერ ცხვირწინ გიხურავენ კარს. ზოგან, პირიქით, გულისყურით გისმენენ და გეხმარებიან. მორიდებული არ უნდა იყო, ამას ხომ ჩემთვის არ ვაკეთებ, იმ ბავშვისა და ოჯახისთვის ვაკეთებ, ვისაც ვეხმარები და ეს უდიდეს ძალას მმატებს. ზრდილობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებ, უკან არ ვიხევ. ზოგი უარს გეტყვის, ზოგი დაგეთანხმება, უბრალოდ, არ უნდა გერიდებოდეს და მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ვიღაც კარს მოგიხურავს, ვიღაც კი გაგიღებს. რაც დრო გადის, უფრო მეტი შემოთავაზება მოდის. 

– ასეთი კარგი გოგონა რომ მიდის კომპანიაში დახმარებისა და გვერდში დგომის სათხოვნელად, მაინც გულგრილები რჩებიან? 

– ზოგჯერ ჭრის. ისედაც ყველგან მოწესრიგებული დავდივარ და შესაბამისად, ასეთ შეხვედრებზეც მოწესრიგებული მივდივარ. ვცდილობ, დადებითი ვიყო, თან იმავდროულად, ოფიციალურიც, რადგან ასე სჭირდება საქმეს. ხანდახან კომპანიების სიმპათიურ ხელმძღვანელებზე მოქმედებს ჩემი გარეგნობა.  თავიდან დედა მეუბნებოდა: ლილე, კარგად დაფიქრდი, შეგიძლია, ამხელა პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზეო. მაგრამ, ვიცოდი: აუცილებლად გამომივიდოდა. უნივერსიტეტიდან ან გადაღებიდან რომ მოვდივარ, გზაში უკვე ამ საქმეზე ვფიქრობ, ვსახავ გეგმებს, გზებს. ჩემი ორგანიზაციის მიზანია, გარდა იმისა, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს,  ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ,  სხვებსაც აღვუძრათ მათი დახმარების სურვილი. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მართლაც გაუჩნდათ სხვებს ამის სურვილი – მირეკავდნენ, მიდიოდნენ მათთან, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. მინდა, სიკეთე ყველამ ვაკეთოთ. ერთხელ, მახსოვს, ქუჩაში მოვდიოდი, ვიღაც ქალი მომიახლოვდა, ჩამეხუტა და მითხრა: ჩემი ახლობლის ოჯახში იყავით, დაეხმარეთო, ისე გამიხარდა. მერე „მის საქართველო“ ანი ზუბაშვილი მიყვებოდა, თბილისის მოდის კვირეულზე ერთ ადამიანს უკითხავს: ლილე სახელაშვილს თუ იცნობ, ჩვენთან იყო მოსული, დაგვეხმარაო. ასეთ რაღაცეებს რომ ვიგებ, სტიმული და ძალა მემატება. პირველად, მახსოვს, გლდანის მე-200 საჯარო სკოლის ბენეფიციალებთან ვიყავით, უნარშეზღუდული ბავშვები არიან. მივუტანეთ ბავშვებს ის, რაც სჭირდებოდათ და რაც მთავარია, ეს არასდროს არ არის ერთჯერადი. მეორედ უკვე კულტურის ცენტრში წავიყვანე, თოჯინების სპექტაკლს უყურეს, ახლა მინდა, ქალაქგარეთ დასასვენებლად გავიყვანო. მათთვის ის, რომ სხვები მათ მიმართ სიყვარულს, სითბოს გამოხატავენ, უდიდესი სტიმულია, ძალიან უხარიათ.

– როგორ არჩევ მათ, ვისაც ეხმარები? 

– ვეხმარები ბავშვთა სახლებს, უნარშეზღუდულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს. ზოგს ოპერაციისთვის სჭირდება თანხა, ზოგს – მედიკამენტებისთვის, ზოგს არანაირი საარსებო საშუალება არ აქვს. ასევე, არ აქვთ სახლში არანაირი ინვენტარი. ანუ, ვისაც შეგვიძლია, ყველას ვეხმარებით. მინდა, მოხუცებულთა თავშესაფარშიც მივიდეთ და ყველაზე საყვარელ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ. ლამაზი საღამო მოვუწყოთ და დავეხმაროთ. ერთ-ერთ კლინიკაში მყავს ექთანი, რომელიც მაწვდის ინფორმაციას მათ შესახებ, ვისაც შეგვიძლია, დავეხმაროთ. ახლა 1 ივნისს, ვეხმარებით აუტიზმით დაავადებულ 12 წლის ანას, რომელსაც სპეციალური აპარატი და წამლები სჭირდება. ძალიან კარგი ოჯახია, ტრაგიკული ისტორიით. ანას დედა პანსიონატში გაიზარდა, მერე ქმარი დაეღუპა. ჰყავს 12 წლის ანა და 87 წლის გამზრდელი დედა. ნათესავებიც არ ჰყავთ. უკიდურესად გაჭირვებულები არიან, სახელმწიფო მხოლოდ თვეში 100 ლარით ეხმარება. არაფერი არ ჰქონდათ სახლში. ჩვენ მივიტანეთ საჭირო ნივთები. საოცარი ხალხია, დადებითი. ახლა მინდა, ამ ივენთით, რომელიც 1 ივნისს 8 საათზე „სენატში“ გაიმართება (ინტერვიუ ჩაწერილია 27 მაისს – ავტორი), დავეხმაროთ ანას, რომ შეუმსუბუქდეს ტკივილები, უკეთ იგრძნოს თავი. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული და GE93TB7965536080100003 ანგარიშის ნომერზე ჩარიცხული თანხით დავეხმარებით ანას. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, კომპანიებს, მომღერლებს ვინც გვერდში დაგვიდგა. ანას დედამ თავად შემოგვთავაზა, რომ, თუ შემოვა საკმარისზე მეტი თანხა, იმით სხვას დავეხმაროთო. უკვე ვიცით, ასეთ შემთხვევაში, ვის დავეხმარებით. მომავალში ვეცდები, ორ თვეში ერთხელ გავაკეთო ასეთი საღამოები და შემოსული თანხით დავეხმარო ორ ოჯახს. ამ ყველაფერმა მეც ძალიან გამაძლიერა. ეკლესიური ვარ და ღმერთის ძალა, სიყვარული, რწმენა ამ ყველაფრის საკეთებლად ძალას მაძლევს. ჩემი ოცნებაა, მომავალში ბავშვთა სახლი მქონდეს და ბავშვებს ძალიან კარგი პირობები შევუქმნა.

– არ გეხმარებიან შენი თაყვანისმცემლები?

– ბევრი ცდილობს დამიდგეს გვერდში, ქველმოქმედებაში ჩაერთონ. მათ დადებითად ვუყურებ, თუმცა სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს. მომავალში გააჩნია, ვინ როგორ მოიქცევა, როგორ გამოხატავს თავის გრძნობებს. მე აქტიური, ყურადღებიანი ბიჭები მომწონს – სერიოზული, მამაკაცური. უნდა მაფასებდეს, ჩვენ შორის ურთიერთგაგება და პატივისცემა იყოს, კეთილი უნდა იყოს. გვერდში დამიდგეს და ერთად ვაკეთოთ სიკეთე.

 

скачать dle 11.3