კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

სქესთა თანაფარდობა

სქესთა თანასწორობის შესახებ ხმამაღლა და ამაყად აცხადებენ. მაგრამ, როგორ შეიძლება, თანასწორი იყოს ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არსება. განსხვავებული, როგორც მასშტაბურად, ისე ელემენტარულ საკითხებთან დაკავშირებით...

– გეყოფა, ნუღარ სვამ, – ვახომ ჭიქა ააცალა გიგის და გვერდით მიაჩოჩა. წამოდი, მეც მზად ვარ, ვცემოთ.

გიგიმ ამღვრეული მზერა მიაპყრო.

– შენ რა შუაში ხარ, ეს ჩემი საქმეა.

– რატომ არის მარტო შენი საქმე? ეგ ტიპი, ეტყობა, სხვის ქალებზე ნადირობს და ჭკუა უნდა ვასწავლოთ.

გიგიმ თავი გააქნია.

– არა, შენ არ ჩაერევი ამაში. არ დავუშვებ ამას. შენ ფირმაზე და მის რეპუტაციაზე უნდა იფიქრო. მეც ვეყოფი მაგ კუნთებდაბერილს, დამიჯერე. იცი, რა?! მოდი, შენ საერთოდ წადი აქედან. მოჰკიდე გოგოებს ხელი, წაიყვანე და წადი.

– და შენ აქ, მარტო დაგტოვო? არ გამოვა, – ვახომ გიგისთვის წართმეული ჭიქა პირში გადაიმხო და თვალები აუელვარდა, – მაინც, რა ნაბიჭვარი ტიპია, ტო... თუ ნინისთან არის, ჩემს ცოლთან რაღა უნდოდა? 

გიგიმ მრავალმნიშვნელოვნად შემართა ხელი.

– არა, მთლად ასე დაზუსტებითაც ვერ ვიტყვი, რომ „ეს“ და „ის“ ტოპი ერთი და იგივე პიროვნებაა. ამიტომ გეუბნები, არ ჩაერიო-მეთქი. მეც ვეყოფი მაგას.

– არა. მარტო არ დაგტოვებ, – გააპროტესტა ვახომ, – გარეთ გავიყვანოთ. შუა დარბაზში ნუ ავტეხავთ მუშტიკრივს. არ გვინდა, მაინც...

– გეთანხმები, – გიგი წამოდგა, – უხერხულია, მაინც... ამ ხალხს რას ვერჩით...

***

ნინიმ ბეჭედს უყურადღებოდ, ნაჩქარევად დახედა და მერე თომას შეხედა:

 – კარგია. ლამაზია.

– ძალიან დიდი ხანი დაგჭირდა, რომ ჩემი არჩევანი შეგეფასებინა, – ამოიოხრა ბიჭმა, – თითქოს ეს ამბავი შენ საერთოდ არ გეხებოდეს. ნინი, გულახდილად მითხარი, რას ფიქრობ ჩემს წინადადებაზე?

– არაფერს, – გულახდილად წამოსცდა გოგოს და მაშინვე შეეცადა, ნათქვამი გამოესწორებინა, – რას უნდა ვფიქრობდე?! შენ, ალბათ, პასუხი უფრო გაინტერესებს და ეგრევე ქორწილის დღეს დამითქვამ.

– ჰოდა, ეს ჩვენი ურთიერთობის ლოგიკური დასასრული იქნება.

– მართალი ხარ, ეს ყველაფერს დაასრულებს, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა გოგომ და ისევ ბეჭედს დახედა, – მართლა ძალიან ლამაზია, თანაც ორიგინალური. კარგად შეგირჩევია. ვინმე დაგეხმარა?

– ლიზამ შემარჩევინა, მაგრამ ახლა ამას აქვს მნიშვნელობა? – შეწუხებული ხმით წამოიძახა ბიჭმა, – ნინი, ვინ იყო ის ბიჭი, შენ რომ ელაპარაკებოდი და რა კავშირი აქვს ჩვენს ურთიერთობასთან?

ნინი გაშრა. არ ელოდა თომასგან ამ შეკითხვას. პასუხადაც ერთბაშად ვერაფერი მოიფიქრა. თომამ მომენტით ისარგებლა, მხრებში მოკიდა ორივე ხელი, თავისკენ მიატრიალა და თვალებში ჩააშტერდა.

– ნინი, მე უნდა ვიცოდე... ეგ „ის“ არის?

– ვინ „ის“? – ჩაწყვეტილი ხმით მიუგო ნინიმ, იმ ადამიანის ხმით, რომელისთვისაც ყველაფერი სულერთია.

– „ის“, ვინც ადრე გიყვარდა. მახსოვს, როგორ ნერვიულობდი, როცა არ მოდიოდა ან არ გირეკავდა.

ნინის ტუჩები აუკანკალდა, წამწამებზე კი ცრემლი დაეკიდა.

– როგორ არ გრცხვენია, ჯაშუშივით მაკვირდებოდი, თურმე... მე კი, ლამის დავიჯერე, რომ მართლა გიყვარდი.

– ნინი, რას ლაპარაკობ? – თვალები გაუფართოვდა თომას, – რა თქმა უნდა, მიყვარხარ.

– ტყუილია. შენ საკუთარი თავი გიყვარს, როგორც ყველა კაცს. არაფრით განსხვავდები გიგისგან, საერთოდ არაფრით.

– ნინი, გთხოვ, მომისმინე.

– არაფრის გაგონება არ მინდა, – ნინიმ ყურებზე ხელისგულები აიფარა და ლამის ისტერიკაში ჩავარდნილმა ფეხები დააბაკუნა.

– ნინი, რას აკეთებ? გთხოვ... ხალხი გვიყურებს, სირცხვილია.

– შენი დანახვაც არ მინდა. გამომართვი ეს, – ნინიმ ბეჭდიანი კოლოფი ხელში მიაჩეჩა გაოგნებულ ბიჭს, შებრუნდა და თითქმის სირბილით მოშორდა იქაურობას. თომა გამწარდა, მაგრამ ვერც გამოეკიდა და ვერც ბეჭდიან კოლოფს მოუხერხა ერთბაშად რამე... სასოწარკვეთილმა მიიხედ-მოიხედა და პირველივე, ახლოს მდგომ მამაკაცს სთხოვა:

– სიგარეტი ხომ არ გაქვთ? იქნებ მომაწევინოთ. საერთოდ, არ ვეწევი, მაგრამ ახლა რომ არ მოვწიო, გავგიჟდები.

ვახომ პირქუშად გაუწოდა სიგარეტის კოლოფი და სანთებელა.

– გარეთ ხომ არ მოგვეწია, ერთად, თან რაღაც სალაპარაკოც გვაქვს თქვენთან.

თომამ ახლაღა შენიშნა, რომ სიგარეტის პატრონი მარტო არ იყო. გვერდით ახალგაზრდა კაცი ედგა და არაკეთილგანწყობილი გამომეტყველებით უმზერდა. კარგად რომ დააკვირდა, ის ტიპი ამოიცნო, ნინის რომ ელაპარაკებოდა ბართან და შეცბუნდა.

– თქვენ გაქვთ ჩემთან საქმე? ორივეს?

– დიახ, ორივეს... და გავიდეთ გარეთ. ყველასთვის ასე აჯობებს, – ცუდად დაფარული მუქარით განუმარტა გიგიმ.

– თუ ეს ნინის ეხება, პრობლემა არ არის, გავიდეთ, – აღარ დაიხია უკან...

***

ქეთიმ ლიზას ჩანჩქერთან მიაგნო, ქმართან გაცხარებით მოსაუბრეს.

– უკაცრავად, ხელს რომ გიშლით, მაგრამ, ლიზა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს შენთან.

ლიზას ფერი ეცვალა. დაფეთებული მზერა შეავლო ქეთის და მის გვერდით უხერხულად გაჩერებულ თიკოს, რომელმაც არ იცოდა, სად წაეღო ხელები. მის დანახვაზე, არც ლევანი იყო კარგ დღეში. მომენტით ისარგებლა, ცოლს ნაჩქარევად აკოცა ლოყაზე და ნაძალადევი, ყალბი ღიმილით ჩაილაპარაკა: 

– მაშინ მე დაგტოვებთ. სტუმრებს მივხედავ. გოგოებს უთხარი, ლიზიკო, რომ ბანკეტი დიდ დარბაზში ერთ საათში დაიწყება.

„ფარისეველი“, – გაიფიქრა თიკომ და ამოიოხრა...

– რა ხდება, ქეთი? რა სახე გაქვს? ეს გოგო ვინ არის?

– ჩემი ქმრის თანამშრომელია, თიკო, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. თუ დროულად არ ვიღონეთ რამე, დიდი ჩხუბი მოხდება აქ.

– რა? გაგიჟდი? არ მითხრა, რომ ზუკა მოვიდა და ლევანთან აპირებს ჩხუბს.

– არა. უარესი...

– უარესი რაღა უნდა იყოს? გამაგებინეთ, რა ხდება? გაფრთხილებთ, ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება.

– ვახო და გიგი აპირებენ თომას ცემას, – სწრაფად თქვა ქეთიმ და შუბლზე ხელისგული მოისვა.

– რაო, გიგი? რომელი გიგი?! – ლიზა წამით ჩაფიქრდა, – უჰ, ნინის ყოფილი... და შენი ქმარი? არ გადამრიოთ ახლა, რა ჯანდაბა დაეტაკათ.

– კაცების ამბავი არ იცი? ცუდად არის საქმე... – ქეთის ატირებას აღარაფერი უკლდა, – ვაიმე, რა მეშველება, თავი მომეჭრება. ესღა მაკლდა... ლიზა, გააკეთე რამე... ლევანს ხომ არ ვუთხრათ?

– მოიცადე. დამშვიდდი. ისტერიკაში თუ ჩავარდები, საერთოდ ვერაფერს გავაკეთებთ. მაგრამ ვერ გავიგე, შენს ქმარს რაღა ესაქმება თომასთან.

– ვაიმე, ხომ გითხარი, მგონი, რაღაცას ხვდება-მეთქი. წესიერად მეც ვერ გავიგე, მაგრამ დროს არ ვკარგავთ? ჩქარა, სანამ ცემა-ტყეპა აუტეხავთ, – ვეღარ მოითმინა ქეთიმ და თიკომაც მექანიკურად დაუქნია თავი.

ლიზამ წარბი შეიკრა და თიკო ავად შეათვალიერა. მერე ზლაზვნით წამოდგა და გაღიზიანებული ხმით წარმოთქვა.

– არავის მივცემ უფლებას, ზეიმი ჩამაშხამოს. ლევანი არაფერში მჭირდება. ახლავე ვეტყვი დაცვას და მაგ ჩხუბისმოყვარე ვაჟბატონებს კინწისკვრით მიაბრძანებენ აქედან. უყურე ვახოს? მაგისგან ნამდვილად არ ველოდი ასეთ იდიოტურ საქციელს, თორემ გიგისგან ყველაფერი გასაგებია.

– გიგის ძალიან უყვარს ნინი, – მეგობრის დასაცავად თავი გამოიდო თიკომ და მაშინვე დაიტეხა თავზე ლიზას რისხვა, რომელმაც ტუჩები ზიზღით მობრიცა და გესლიანად შენიშნა:

– ეგენი ყველაფერს სიყვარულს ეძახიან, ჩემო კარგო. გეტყობა, კაცებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება რომ არ გაქვს, თორემ ასეთ სისულელეს არ იტყოდი.

თიკოს უსიამოვნოდ ენიშნა ლიზას სიტყვები, მაგრამ არ შეიმჩნია. მხოლოდ ჩუმად ამოიოხრა...

ქეთიმ ხელები გაასავსავა.

– ხალხო, ფეხს ნუ ვითრევთ, გული მისკდება, გვიანი არ იყოს ჩვენი ჩარევა...

პატარა ბაღში რამდენიმე წყვილი მშვიდად წრუპავდა კოქტეილს და წყნარი მუსიკა უკრავდა. თომამ ბოლო ნაფაზი „დაარტყა“, ნამწვი იქვე, მოჩუქურთმებულ ურნაში ჩააგდო და გულხელდაკრეფილმა გამომწვევი ღიმილით მიმართა გიგის.

– აბა, გისმენთ, რა გინდოდათ?

– გიგი, ჯერ მე მაცალე, – ფეხი წინ გადმოდგა ვახომ და თომა ჯიქურ შეათვალიერა, – შენ, გეტყობა, სხვის ქალებს დასდევ და ეს მაგარი ბიჭობა გგონია. არ იცი, მაგისთვის პასუხი რომ მოგეთხოვება?

– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ და პირადად თქვენ, რა პრობლემა გაქვთ ჩემთან.

– აჰა, ვერ ხვდება ბიჭი... – ირონიულად ჩაიცინა ვახომ და გიგის გადახედა, – ავუხსნათ უფრო გასაგებ ენაზე? იქნებ, გონება გაეხსნას.

– მაცალეო და ჯერ ჩუმად ვარ. თუმცა, გეთანხმები, გონების გახსნა ნამდვილად სჭირდება, – შეუბღვირა გიგიმ თომას, – აბა, რაო, რაინდო, მზად ხარ კითხვებზე გვიპასუხო თუ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

– ნუ იმუქრებით. თქვენი არ მეშინია, – გააფრთხილა თომამ, – აი, შენ გიცნობ. ისიც ვიცი, რატომ მიბღვერ ხარივით. თუმცა, ახლავე უნდა გითხრა, რომ ნინის აღარ უყვარხარ. ჩემთან ჩხუბით არ დაგიბრუნდება. ცოტა ხნის წინ თანხმობა მითხრა და მალე ცოლადაც მოვიყვან. ჩემი პრობლემაა ის, რომ შენ ასეთ გოგოს არ გაუფრთხილდი? აი, თქვენთან კი მართლა ვერ ვხვდები, რა საქმე შეიძლება მქონდეს, – მიუბრუნდა ვახოს.

– მე ქეთის ქმარი ვარ, – თქვა ვახომ და მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმდა.

თომას გაეღიმა და ამით ვახოს მოთმინების ძაფი „გაწყვიტა“. ცოტა დააკლდა, გაშლილი ხელი გამეტებით რომ არ შემოეკრა ბიჭისთვის. მუშტები ჯიბეებში ჩაიტენა და დაუფარავი აგრესიით წარმოთქვა.

– გატყობ, ნელ-ნელა გინათდება გონება. იცოდე, ყველაფერი მაინტერესებს. უნდა მითხრა, რა საქმე გქონდა ჩემს ცოლთან?

– თქვენი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია და მიხარია, რომ პატივი მაქვს, მისი მეგობარი მერქვას. ყოველთვის მეშინოდა სტომატოლოგების და ქეთიმ ამ ფობიისგან განმკურნა. ისეთი ხელი აქვს... მოკლედ, მე ქეთის პაციენტი ვარ, ერთი ჩვეულებრივი პაციენტი. სულ ეს არის, დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა?

– ვერა! – იფეთქა ვახომ, – ჩვეულებრივი პაციენტები ექიმებს კინოში არ ეპატიჟებიან. რა გინდოდა ჩემს ცოლთან?!

– ნუ ყვირით და შეეცადეთ, დამშვიდდეთ. რატომ ცდილობთ ჭიქაში ქარიშხალი გამოიწვიოთ? თქვენს მეგობარს წუთის წინ ვეუბნებოდი, რომ ცოლად ვირთავ ქალს, რომელიც მიყვარს. არ მივეკუთვნები მამაკაცების იმ კატეგორიას, ერთდროულად რამდენიმე ქალს რომ „აბამენ“. ასე რომ...

– ფეხებზე მკიდია, რა კატეგორიას მიეკუთვნები. ვიცი, რომ ქეთის ხვდებოდი. ამის უარყოფას აზრი არ აქვს.

– არც უარვყოფ, მაგრამ კინოში მეგობრულად დავპატიჟე ერთხელ. მინდოდა, პატივი მეცა იმ მოთმინებისთვის, რომელიც ჩემი პრობლემური კბილის დაპლომბვისთვის გამოიჩინა. რა ხდება, ცოლს არ ენდობი?

– ენას ეგ დაპლომბილი კბილი მაგრად დააჭირე და კარგად გაუფრთხილდი, საერთოდ უკბილოდ არ დარჩე, – გამოსცრა გიგიმ, – იმაზე უფრო დიდი ნაბიჭვარი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა. ნინის თავგზა აურიე. ეს არ იკმარე და გათხოვილ ქალთან გააბი რომანი... ამისთვის ძალიან მაგრად უნდა მოგხვდეს. ჭკუას გასწავლით.

– უკვე გითხარით, რომ თქვენი მუქარის არ მეშინია. მუშტებით ურთიერთობების გარკვევის მომხრე არ ვარ, მაგრამ, თუ ეს ასე გინდათ, პრობლემა არ არის.

– ჯერ კიდევ მაშინ უნდა მეცემე, როცა ნინის გვერდით პირველად გნახე.

– როგორი სასაცილო ხარ, თუ ფიქრობ, რომ ჩემთან ჩხუბით ნინი დაგიბრუნდება. ყველაფერი გადაწყვეტილია და ეს გადაწყვეტილება ნინიმ დამოუკიდებლად მიიღო. მე არაფერი დამიძალებია, – წარბშეუხრელად განაცხადა თომამ და პერანგის სახელოები დაიკაპიწა, – მორიგეობით უნდა გცემოთ თუ ორი ერთზე წამოხვალთ.

– ამას უყურე, რა დღეშია?! ბედავს და დაგვცინის. აშკარად ჩხუბი უნდა. კუნთებს ნუ ათამაშებ, ბიჭო... თავი ვინ გგონია?

– არავინ, – თომა ბოლომდე ინარჩუნებდა სიმშვიდეს, – მართლა არავინ მგონია. თქვენ მანიჭებთ გადაჭარბებულ ყურადღებას.

– ნუ გვიწვევ. ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება, – გააფრთხილა ვახომ, – არც მე ვარ ურთიერთობების ცემა-ტყებით გარკვევის მოსურნე და მიმდევარი, მაგრამ სხვა გზას აშკარად არ მიტოვებ.

– მაშინ, ვიჩხუბოთ, – ხელები გაშალა თომამ.

– ბიჭო, აზრზე მოდი... – გაიქაჩა გიგი და მუშტი მოიქნია. თომას მყისიერი რეაქცია ჰქონდა დარტყმაზე, მუშტი აიცილა და ბიჭს წელში ეცა. თვალის დახამხამებაში გიგი მიწაზე აღმოჩნდა, ბალახში პირქვეჩამხობილი. ვახოს ბევრი არ უფიქრია, საერთოდ დაავიწყდა საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვიჩხუბებო და თომას მივარდა... მაგრამ, მკლავამოტრიალებული, ღმუილით გაგორდა გიგის გვერდით... აზრზე ორივე მალე მოვიდა, წამოხტნენ და კლდესავით აღმართულ თომას ჯიქურ შეუტიეს. ბაღში ქალის კივილი გაისმა... ლიზა, ქეთი და თიკო რომ მოცვივდნენ მოჩხუბრებთან დაცვასთან ერთად, გიგის გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ვახოს წარბზე ემჩნეოდა დარტყმის კვალი და გადაყვითლებულ თითებს სულს უბერავდა. თომას პერანგი რამდენიმე ადგილზე ჰქონდა გახეული. მხარზე კი გიგის სისხლი ჰქონდა მოცხებული... დაცვამ ცალ-ცალკე გაათრია მოჩხუბრები. ქეთი ტიროდა... ვახო უშვერი სიტყვებით იგინებოდა და ცოლის ხელებს თავიდან იშორებდა... ლიზა ჩხუბობდა... თიკო გიგის დაწყნარებას ცდილობდა... ბაღში ცნობისმოყვარეებმა იწყეს შეგროვება. ბილიკზე ლევანი და ნინი გამოჩნდნენ... შეშფოთებული სახეებით მორბოდნენ ჩხუბის ადგილისკენ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3