კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ბაჩო ცანავა პირველი ქართველი, რომელიც სამეფო ფაიფურით იტალიურ საკულტო თოჯინებს აკეთებდა და რომლის ნამუშევრები ვატიკანსა და პატრიარქის მუზეუმში ინახება

ბაჩო ცანავას ბინაში, მის ოთახში შესვლისთანავე, შენ თვალწინ თითქოს მთელი ბავშვობა ცოცხლდება, პოზიტიურ განწყობაზე დგები, იღიმები... მალევე ხვდები, რომ ამის მიზეზი იატაკზე, თაროებზე წამოსკუპებული ბაჩოს მიერ შექმნილი ულამაზესი, მოღიმარი და სევდიანი თოჯინებია, რომლებიც თითქოს გისმენენ, გიღიმიან, მეთოჯინეს ემოციებზე გესაუბრებიან, იმ ემოციებზე, რომელიც ხელოვანს მათი შექმნისას ჰქონდა. მისი ნამუშევრებიც ამ პატარა ოთახში იქმნება, ცოცხლდება და მნახველს საკუთარ თავსა და შემოქმედზე ესაუბრება. ბაჩოს ოცნებაა, ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო, სადაც მშვიდად იმუშავებს. 

 

ბაჩო ცანავა: 2008 წელს უნივერსიტეტში სააღდგომო გამოფენაზე გავიტანე ჩემი ნამუშევრები და მაშინ მითხრეს: შენ ამას აკეთებდი და მალავდიო. რადგან მოწონება დაიმსახურა ჩემმა ნამუშევრებმა, ამან უფრო მეტი სტიმული მომცა – რადგან მოსწონთ შენი შემოქმედება, ამიტომ ვალდებული ხარ, უფრო მეტად იმუშაო, თუ რა თქმა უნდა, შენც მოგწონს ეს საქმე. 

– გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი ნამუშევრები გაქვს, ისინი საოცარ ემოციებს გამოხატავენ და მნახველშიც ანალოგიურ ემოციებს აღძრავენ. 

– ეს ყველაფერი ნელ-ნელა დავხვეწე. ბოლო დროს გაჩნდა მათ სახეებში ემოციები, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია. მინდა, ჩემი თოჯინები ემოციური იყოს, მოძრაობაში, მნახველს რაღაცას ეუბნებოდეს. თუმცა, ბევრი მათგანი მოწყენილია, რადგან, მათზე რომ ვმუშაობდი, ცოტა რთული პერიოდი მქონდა – შეყვარებულს დავშორდი. დეპრესია საკმაოდ დიდხანს მქონდა, ამიტომ იმ პერიოდში შექმნილი თოჯინები მოწყენილებია, ნაკლებად იცინიან. 2012 წელს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში მქონდა გამოფენა, სადაც 30 ნამუშევარი გავიტანე. სამ თვეში შეიქმნა ჩემი ნამუშევრები და ეს ერთგვარი რელაქსაციაც იყო. მუშაობის პროცესს ყოველთვის გამოვყავარ რთული მდგომარეობიდან. ეს ისეთი შეგრძნებაა – შენთვის, რომ ხარ, მაგრამ ჰაერში დაფრინავ. ახლა ხალისიან განწყობაზე ვარ და მეგობრები დამცინიან: ტიტველი ქალების გაკეთება დაიწყეო. ზოგადად, ჩემი საყვარელი ეპოქა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნის საფრანგეთია – დახვეწილი, ქალური ლამაზი ქალი, კორსეტით, დიდი კაბებით. ამიტომ, ჩემს ძველ ნამუშევრებში, ძირითადად, ასეთები სჭარბობს – მინდოდა, გადმომეცა ქალის სინაზე, სილამაზე. ჩემთვის, შინაგანი ემოციის გარდა, ჩაცმულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო დროს უფრო გავთანამედროვდი და ჩემი შემოქმედების ინტერესი თანამედროვეებსაც მისწვდა. მაგალითად, ჰარი პოტერი, ჯამბაზები... ახლა ვმუშაობ ასეთ რაღაცაზე – „ვირობანა“ ჰქვია, ბიჭები თამაშობენ „ვირობანას“. ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ალბათ, ეს თამაში ყველას უთამაშია და გადავწყვიტე, გამეკეთებინა. 

– შენი თოჯინების სამოსის ფერებიც ძალიან კარგად არის შეხამებული. ამას უფრო მეტი ხალისი შეაქვს და ალამაზებს მათ. 

– ჩემი საყვარელი ფერი წითელია, ამიტომაც ეს ფერი ჭარბობს. მე ხომ მხატვარი არ ვარ, ამიტომ ესკიზებს ვერ ვაკეთებ. რასაც თვალით, ხელით შევიგრძნობ, იმას მივყვები. ერთ მეგობართან წავიწუწუნე: მიჭირს ფერების შეხამება-მეთქი. მან კი მითხრა: გარეთ გაიხედე, შეხედე, რას რა უხდება, ხეებს, ფოთლებს და მიხვდებიო. ამან ფერების აღქმის ახალი საშუალება მომცა და დავიწყე ფერებში ჩასმა. ადრე ცვილზე ვმუშაობდი, რომელიც ადვილად დასამორჩილებელია. ახლა მყარ მასალაზე ვმუშაობ, ეს არის კერამიკა, თიხა და ბოლო დროს კი ქსოვილებზეც გადავედი. დიზაინერი გავხდი ლამის, ჩემს თოჯინებს სამოსს მე ვუკერავ. კერვა საშინელებაა, ძალიან ვიტანჯები, თარგსაც თვალით ვჭრი, ესკიზის გარეშე. თან, ჩემს სამოსს ვჭრი, ფარდებს. სხვადასხვა ქსოვილი მეგობრებსაც მოაქვთ. ერთ-ერთი თოჯინას კაბა დედაჩემის ფარდისგანაა შეკერილი – ეს არის პერსონაჟი ფილმიდან „საიდუმლო კავშირები“. ცოტა „კურტიზანკა“ ქალს ჰგავს, მოშიშვლებული მკერდი აქვს. მისი კაბის შეკერვა ძალიან რთული იყო. 

– შენს შემოქმედებაში ჯამბაზები ჭარბობენ. რატომ? 

– ეს იტალიური გავლენაა. „კაპოდემონტეს“ ფაიფურზე გავიარე პრაქტიკა და იქიდან რომ ჩამოვედი, მერე დავიწყე ჯამბაზების კეთება. ვატიკანის ელჩმა კლაუდიო გუჯეროტიმ ნახა ჩემი ნამუშევრები, მათი ფოტოები გააგზავნა და მომივიდა მიწვევა. ნეაპოლშია პატარ-პატარა ქარხნები, სადაც ოსტატი ზის და ფაიფურისგან უძვირფასეს ნამუშევრებს აკეთებს, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს. იქ ბევრი რამ ვისწავლე, რაც უმთავრესია, ვიმუშავე ფაიფურზე და ისეთი ფაიფურის ნაკეთობებს ვაკეთებდი, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და საკმაოდ ძვირად ფასობს. ვცხოვრობდი მეთექვსმეტე საუკუნეში აშენებულ სასახლეში, სადაც გამოფენილი იყო იტალიელი მხატვრების ნამუშევრები, თან ორიგინალები. ოსტატი მაძლევდა დავალებას და მე ვაკეთებდი ყველაფერს. ეს არის დიდი პროცესი, რთული და საინტერესო. სხვათა შორის, საბოლოოდ, ოსტატი ისე აღფრთოვანდა ჩემი მუშაობით, რომ მთხოვდა, დიდი ხნით დავრჩენილიყვი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ეს ცოტა შორეული ოცნებაა. თუმცა, მაქვს სურვილი, ისევ წავიდე ნეაპოლში და შევისწავლო ფაიფურის რესტავრაცია. სხვათა შორის, მე პირველი ქართველი ვარ, რომელმაც „კაპოდემონტეს“ სამეფო ფაიფურზე მუშაობა ისწავლა და ეს კურსი გაიარა. ძირითადად, ვაკეთებდი მზარეულის თოჯინას, რომელიც მათთვის საკულტო თოჯინაა, სულ ამას აკეთებენ. კიდევ ვიმუშავე „შობაზე“. თავად შევქმენი დიზაინი, რომელიც ოსტატს ძალიან მოეწონა. ჩემი ნამუშევრები იქ დარჩა. საკმაოდ ძვირი ღირს და რთული იყო მისი ჩამოტანა. უბრალოდ, ჩემი ნამუშევრებიდან ოსტატმა რამდენიმე მაჩუქა და ისინი ჩამოვიტანე. 

– ვისთან ინახება შენი ნამუშევრები?

– ვატიკანის ელჩს იტალიაში, ვატიკანში აქვს ცვილისგან გაკეთებული „შობა“, რომელიც ძალიან მოეწონა, გახარებული იყო. საკმაოდ საინტერესო კომპოზიცია გამოვიდა ჩემი ინტერპრეტაციით გაკეთებული. ცოტა ხნის წინ „თავისუფალმა თეატრმა“ შემიკვეთა სპექტაკლ „კომედიანტების“ კომპოზიცია. გავაკეთე და ბატონ ავთო ვარსიმაშვილს გადავეცი საჩუქრად. იქ იყო ოვაციები, ფეხზე წამოვდექი, მთელი დარბაზი მიკრავდა ტაშს – ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ნამუშევარი მოსწონთ. ჩემი ნამუშევრები მუზეუმებშია დაცული. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ნამუშევარი ბათუმში გაიგზავნა, მისი უწმიდესობის, ილია მეორის სალონ-მუზეუმში, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. ეს არის მოხუცი ქალბატონი, რომლის პროტოტიპი ბებიაჩემია. ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მიხარია, რომ პატრიარქის მუზეუმში ინახება ბებიაჩემის პორტრეტი. უცხოეთიდანაც შემიკვეთეს საკმაოდ ძვირად ღირებული ნამუშევარი, რომელიც, თუ არ ვცდები, გერმანიაშია. ასევე, უცხოეთშია ჩემი გაკეთებული ტომ სოიერი. „ხელოვნების სასახლე“ უშვებს კატალოგს, სადაც შევა ამ მუზეუმში დაცული სხვადასხვა ნამუშევრები – გუდიაშვილის, ახვლედიანის... აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას და მათ შორის, ჩემი ერთი ნამუშევარიც. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ბედნიერებაა. გოგი ჭიჭინაძის პორტრეტიც მაქვს გაკეთებული, დირიჟორის ჯოხით და ფრაკში. ძალიან მოეწონა, ახლა სახლში აქვს. 

– იმედია, მხოლოდ საჩუქრებად არ გასცემ შენს ნამუშევრებს და ყიდი კიდეც.

– ეს ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ძირითადად, სხვადასხვა ადამიანის პორტრეტებს მიკვეთავენ. პორტრეტზე მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესო. სხვა ადამიანის ემოციებს, ნაკვთებს ვისრუტავ და მერე ნამუშევარში გადმომაქვს. ფოტოებს მიგზავნიან და იმის მიხედვით ვაკეთებ. ერთმა გოგონამ თავისი შეყვარებულის ფიგურა გამაკეთებინა გურული სამოსით, ძალიან ლამაზი გამოვიდა. თან, წლებს უძლებს, ადვილად არ ტყდება. თუმცა, გასაყიდად მენანება ხოლმე, ვფიქრობ: მოუვლის, არ მოუვლის?! ისინი ხომ ჩემი სხეულის ნაწილებია, ძალიან მიყვარს, ვუფრთხილდები... 

– თითები საოცრად დაოსტატებული გექნება და ალბათ, განსაკუთრებულად უფრთხილდები კიდეც. 

– თითებით ვგრძნობ ყველაფერს. თითებში იმხელა შეგრძნებები მაქვს, შემიძლია, თვალდახუჭულმა გავაკეთო ყველაფერი. ამიტომაც, ყველაზე მეტად ხელის და თითების მოტეხვის მეშინია. ერთხელ მატარებლიდან გადმოვვარდი, უფრო სწორად, ჯარში ვიყავი, დავალება გვქონდა ასეთი: ნელა მიმავალი მატარებლიდან უნდა გადმოვმხტარიყავით. რომ ვისკუპე ამ ჩემი ზურგჩანთით, გავფრინდი, ხელები სულ ამიტყავდა. მაშინვე თითებს დავხედე, შემეშინდა, მოტეხილი ხომ არ მქონდა. ამის პანიკური შიში მაქვს და სულ ვუფრთხილდები. ჩემს ცხოვრებაში ერთი უცნაური რამ მოხდა. ჯერ ხალხი არ მიცნობდა, როცა ჩემ მეზობლად, ყაზანის ღვთისმშობლის ხატი მოაბრძანეს. ღამე დამესიზმრა: ქუჩაში ვიდექი, ბევრი ხალხი იყო, უცებ ერთი ქალი მომიახლოვდა, ხელზე ხელი მომკიდა და მითხრა: შენ მალე ძალიან ცნობილი გახდები, წინ ბევრი რამ გელოდებაო. სხვა რაღაცეებიც მითხრა, მაგრამ არ მახსოვს. ეს ხატი ონკოლოგიურში უნდა წაებრძანებინათ, სადაც სიმსივნით დაავადებული დედაო იწვა. მეზობელმა მთხოვა, მეც გავყოლოდი. მე, მამაო და ჩემი მეზობელი წავედით. პალატაში რომ შევედით, ხატი მე მეჭირა ხელში. საოცრება მოხდა: სარეცელზე ზუსტად ის ქალი იწვა, ანუ დედაო, რომელიც სიზმარში ვნახე. მას არც საუბარი შეეძლო, პირჯვარსაც ძლივს იწერდა. ეს ჩემთვის უდიდესი შოკი იყო, გამახსენდა სიზმარი. ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი – დაიწერა ჩემზე, გადაიღეს სიუჟეტები, წავედი იტალიაში. ამ ყველაფერმა უფრო მეტი სტიმული მომცა. 

 

скачать dle 11.3