კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მამუკა ჩარკვიანი მძიმე კაცი და რისგან არ იხსნა ის მამამ

10 მაისს  დიდი  საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავი მამასთან ერთად გაუხსნეს – მამასთან,  რომელმაც  ცხოვრების მთავარ კანონებს ისე აზიარა, რომ ძალიან  რთული პერიოდების დაძლევაც  შეძლო და გადარჩენაც.  ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების ისტორია ერთი ისტორიაა –  ბობოქარი, „ჩარჩოებიდან გასული”  და იმ იდუმალებით სავსე, რაც მხოლოდ ისეთ  მამა-შვილს შეიძლება ჰქონდეს, რომელთაც  ერთად „თქვეს:” ომახიანი „თავისუფლება ლომთა ხვედრია” და ერთად გააგრძელეს გზა, რომელიც მათთვის სამოცი წლის წინ დაიწყო.      

 

მამუკა ჩარკვიანი:  ორ კაცზე ერთი ვარსკვლავი, კარგია, ეს ერთად უნდა მომხდარიყო. ცალკე ჩემი ვარსკვლავის გახნას, არც  ვისურვებდი. მთელი ჩემი ცხოვრება  მამაჩემთან არის დაკავშირებული.  წელს ერთი ლექსი ვიპოვე, 2006 წელს  აქვს დაწერილი.  შემთხვევით გადმოვარდა კარადიდან, თავზე დამეცა. მამას ხელნაწერი იყო და ეწერა – მამუკას. მაშინ, ალბათ, წავიკითხე კიდეც, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და სადღაც შემოვდე.  როგორ უნდა მიცნობდეს კაცი მე, მამუკას, რომ ეს ლექსი დაეწერა ჩემთვის.  „მოგონება” ჰქვია ამ ლექსს.  ახლა მივხვდი, რა ჰქონდა მასში ჩადებული; როგორ მიხვდა, რომ გავიდოდა დრო და მე იმ ლექსს ვიმღერებდი.  ეს არის მამა-შვილს შორის უხილავი ძაფი.  „ჩემი აღარა ხარ, მორჩაც” ჯანსუღის დაწერილია. როგორ უნდა იცნობდე შვილს, რომ ეს ლექსი დაუწერო. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ჯანსუღ ჩარკვიანისა და მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი ერთად უნდა ყოფილიყო.   მე მამაჩემის პოეზია გავამუსიკე.  ჯანსუღს ძალიან მაგარი მუსიკა აქვს  ლექსებში.  მის ლექსებზე დაახლოებით 200 სიმღერაა შექმნილი. თითქმის ყველა კომპოზიტორს აქვს დაწერილი  მუსიკა მის ლექსზე,  მთელი ჩემი შემოქმედებაც  მამაჩემის პოეზიაზეა აგებული. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა მის ლექსზე პირველი სიმღერა დავწერე. „ჩამოთოვა ისევ” დღემდე პოპულარულია და ბევრი ადამიანის სიყვარულის ისტორიაა დაკავშირებული ამ სიმღერასთან.  

– როგორც ამბობენ, ბატონმა  ჯანსუღმა ჩვეულებისამებრ იხუმრა „საზიარო” ვარსკვალავზე.

– არ ვიცი, ამაზე რა იხუმრა – ხუმრობა  და იუმორი ხომ მისი ჩვეული სტილია. ზუსტად დღეს გამახსენდა ეს ამბავი: როცა ჩემი და გათხოვდა და მისი ხელის სათხოვნელად ჩვენთან, სახლში ჯონი და მისი ახლობლები მოვიდნენ,  მამა თავის ოთახში ყოფილა შეკეტილი.   დედას უთქვამს, გამოდი, კაცო, დაელაპარაკე ამ ხალხსო. რა უნდა ველაპარაკო, მაგათ ქართული არ იციან, მე – სვანურიო. აი, ასე, სულ ხუმრობს ჯანუკი. მეც მიყვარს ხუმრობა, ჩვენ  განსხვავებული იუმორი გვაქვს, მაგრამ მამა-შვილი ვართ და ცხადია, ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს.  

– როგორ განსაზღვრა მან თქვენი ცხოვრება?

– ჯანსუღს  არ განუსაზღვრია ჩემი ცხოვრების გზა,  მე თვითონ განვსაზღვრე. ძალიან მინდოდა კინორეჟისორობა, მაგრამ მეათე კლასში ავად გავხდი და შეეშინდათ ჩემი მარტო გაშვება მოსკოვში.  ჯანსუღმა  მითხრა: სადაც გინდა იქ ჩააბარეო. მეც ავდექი და როგორც ლიტერატურის მოყვარულმა კაცმა,  ფილოლოგიურზე ჩავაბარე. ფრიადზე დავამთავრე უნივერსიტეტი, საპატიო უნივერსიტეტელი ვარ.  რამდენიმე წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით,  წერილებსაც ვაქვეყნებდი, მაგრამ  მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. მერე  ერთხანს ლიტერატურის მუზეუმში ვიმუშავე.  ჩემი სიმღერებით პოპულარული რომ გავხდი,  დავანებე თავი ჩემს საქმეს.  40 წლის ვიყავი იმ დროისთვის, ამ ასაკში  გვიანი იყო კონსერვატორიაში ჩაბარება, თუმცა  ხანდახან ვერც ვიგებ, რას ნიშნავს მუსიკალური განათლება. იმდენი მუსიკოსი ვიცი, დასვამ პიანინოსთან და თუ ნოტებს არ დაუდებ, ვერაფერს დაუკრავს.  მე ჩემით ვისწავლე დაკვრა, თეორიების გარეშე, ნებისმიერ რამეს ავაწყობ.  ის, დიპლომიანი პროფესიონალები ხშირად, კარგ ვარიანტში, მუსიკალურ შვიდწლედში  მიდიან პედაგოგებად.  მე სამოცდაათამდე სიმღერის ავტორი ვარ. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ,  მათი დიპლომი თუ  ჯობია ჩემს შემოქმედებას. 

– დიდი ტაიმაუტი გქონდათ. მეორე წრეზე  თითქოს ახალი სუნთქვა გაგეხსნათ, ბევრი ახალი სიმღერა შესთავაზეთ მსმენელს.  რა და ვინ არის მამუკა ჩარკვიანის „მუზა”?  

– ხერხემლის პრობლემამ, ჯანმრთელობის მდგომარეობამ „დამბრიდა“, თორემ უფრო მეტი რამის გაკეთება მინდოდა ამ პერიოდში.  შარშან ვთქვი, მთელ საქართველოს შემოვივლი-მეთქი და ყველგან  ვიყავი. კახეთიდან დავიწყე და რაჭამდე ჩავედი, ყველგან ანშლაგები იყო. ფილარმონიაში მინდოდა ამ ტურნეს დაგვირგვინება და ვარსკვლავის ამბავიც დამახვედრა დათო ოქიტაშვილმა.   წელიწად-ნახევარში სამოცი წლის გავხდები. ვიფიქრე,  ახლა თუ არა,  მერე როდისღა მოვივლი-მეთქი საქართველოს. 

– ამ ასაკში რომ ხართ ამას როდის გრძნობთ?

– ხშირად არა, ვიცი, რომ გარეგნულად სულ არ მეტყობა ასაკი. ახლა, მე ერთ სიმღერას გიმღერებთ და მიხვდებით, ასეთ სიმღერას რომ დაწერ, რასაც გრძნობ.  ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. კარგ ოჯახში დავიბადე, კარგი ბებია-ბაბუა მყავდა,  ჩემს სიმღერებს ყველგან მღერიან. მთავრობა არ მოდის, „თავისუფლება ლომთა ხვედრია” რომ არ იმღეროს. ბედნიერი ვარ, აბა რა ვარ! მაგრამ ერთ რამესაც გეტყვით, ვარსკვლავი რომ გაიღვიძებ და ხუთი ლარი არ გიდევს ჯიბეში, ეს ძალიან ცუდი განცდაა. მე არავის არაფერს ვთხოვ, მაგრამ ხომ შეიძლება, სახელმწიფომ ისე დააყენოს საქმე, რომ ჩვენნაირ ხალხს და ჩვენ ბევრნი არ ვართ, დაგვენიშნოს ხელფასი. სად უნდა ვიმუშაო, როცა სიმღერას ვეღარ შევძლებ? ბენზინკალონკაზე ხომ  ვერ წავალ. რაღაც უნდა მოიფიქრონ ისეთი ხალხისთვის, ვინც თავის საქმეში ნოვატორია.    

– მამა  ძალიან გავლენიანი კაცი იყო, ალბათ, ბევრ პრობლემას გიიოლებდათ შვილს, რომელსაც არ ჰქონდა „სტანდარტული” ცხოვრება. 

– რა თქმა უნდა, მიიოლებდა, ჯანუკი ტრადიციული კაცია. მეც ტრადიციული ვარ, მაგრამ ჩარჩოებიდან გასული. მამაჩემი ამაზე  ხმას არ იღებდა, 70-80-იან წლებში ისეთი ლექსები აქვს დაწერილი, თვითონაც გასული იყო იმ „ჩარჩოებიდან”.  ტყვია მიზანში მოსახვედრიაო, ისეთ დროს თქვა, რომ დაგიბარებდნენ და გკითხავდნენ: ვის უნდა ესროლო და რა თავისუფლებაზე ლაპარაკობ  ამ  გაგანია კომუნიზმშიო. ჩემი თავისუფლება როგორ გაუკვირდებოდა ამ სიტყვების დამწერ კაცს. მამა-შვილის „ომი” ჩვენც გვაქვს გადატანილი, მაგრამ მამაჩემის ომი რომ გადავიტანე, ამავე დროს ჯანსუღი წავიკითხე თავიდან ბოლომდე და მივხვდი, რომ არ უნდა მეომა, მას უნდა ავყოლოდი.  პირდაპირ გეტყვით: ჯანუკი ძალიან მაგარი კაცია, იმათზე მაგარიც კი, ვინც იჩემებს, კაცი ვარო.  თავისუფლებამ და ეგრეთ წოდებულმა დემოკრატიამ, კარგად გამოამზეურა, ვინ  არის კაცი, და ვინ – კაცუნა. მე  მამას ვგავარ,  კაცური სახელის მოპოვების ჟინით, სულ ვცდილობდი, არ დამერღვია ის კანონები, რაც ამ ცხოვრებას ახლავს.  კაცი წესიერი უნდა იყო, სხვის ოჯახში მოქცევა იცოდე და არ „იბოზო”.  ეს, ან მამამ უნდა გასწავლოს, ან „შიგნიდან” უნდა გქონდეს. ჯანუკი სულ მეუბნებოდა, რას ერქვა სწორად  მოქცევა. როცა ჩემს ცხოვრებაში რთული სიტუაციები იყო,  ისიც მაგრად გადამქონდა. თუმცა, ცრემლიც გადმომვარდნია მაშინ, როცა მეგონა, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვიყავი. მამაჩემი სულ ამბობდა, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, იფიქრე, როგორ მოძებნო გამოსავალიო. მამა შორიდან იდგა ხოლმე ჩემ გვერდით, მაგრამ ამას ყოველთვის ვგრძნობდი. უფრო ახლოს იდგა დედა. აგერ უკვე 22 წელია, ჩემი ცოლი დგას ჩემ გვერდით. ირმა  ჩემი  ნაღდი მეგობარია და ნაღდი მეუღლე. ამაზე ხომ იხუმრა ჯანუკიმ, საირმეში ვცხოვრობო. მე ერთი ირმა კიდევ შევმატე მის „საირმეს.”  

მამა სახლში  იყო მკაცრი, მაგრამ დემოკრატიც. დიდ  თავისუფლებას გვაძლევდა მეც და ჩემს დასაც.  ჩემ მიმართ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე – თაკოსთან.  მე ბევრს ვაშავებდი. თაკოს, როგორც გოგოს, უფრო მეტი „პრივილეგია” ჰქონდა. მე ბევრ პრობლემას ვუქმნიდი. სულ მეუბნებოდა: გეყოლება შვილი და ყველაფერს გადაგიხდისო. ახდა მისი სიტყვები, ხანდახან მაბრაზებს ჯანუკი (იცინის).  როცა პატარა ვიყავი,  სულ ქუჩაში ვიდექი, მაგრამ მილიციაში არასდროს მოვხვედრილვარ.  ქუჩა ისე კაეგად ვიცოდი, ისე გავძვრებოდი და გამოვძვრებოდი, რომ იქ არ მოვხვდებოდი. დანარჩენი რა იყო? სიგარეტის მოწევა რომ დავიწყე, მითხრა: ჩემთან ნუ ეწევიო. სამთვიან ჯარში რომ წავედი, ვალეში ჩამომაკითხა და ერთი  დიდი ტომარა ჩამოიტანა. ყაზარმასთან რომ მიაყუდა ვკითხე: მამა, ეს რა არის-მეთქი? კოლხეთი და კოსმოსია, ოღონდ მარტო შენი არ გეგონოს, ეს ყველასიაო. დავტოვე ტომარა გარეთ, ვისაც უნდოდა, იღებდა სიგარეტს.

– ჯარში მაინც გაგიშვათ გავლენიანმა მამამ?

– გამიშვა. მისთვის ჩემი  ჯარიდან გათავისუფლება  არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ მაინც გამიშვა. ვალე არ იყო ახლოს. საქართველოა პატარა, თორემ ვალე შორსაა, ხუთი საათის სავალზე.  ამაზე ერთ ამბავს გეტყვით. ბინების განაწილებაზე კომისიის წევრი იყო მწერალთა კავშირში. ერთს უთქვამს, ჯანსუღ გლდანი შორიაო. თუ მეტყვი, საიდან არის შორი, სხვაგან მოქცემთო, უპასუხია ჯანსუღს.  რაღაცნაირი კაცი იყო.  როცა პატარა ვიყავი, ყოველ დილას  200 გრამ შვეიცარიულ ყველს და 100 გრამ „კალბასს” ყიდულობდა. უყვარდა შვეიცარიული ყველი.  ვგიჟდებოდი ამაზე და ვეუბნებოდი: ცოტა მეტი იყიდე, ხვალ ხომ მაინც უნდა იყიდო-მეთქი. არა, ხვალ ხვალისას ვიყიდიო, – მეტყოდა. იმას არ მიმხელდა, რომ თურმე ფული არ ჰქონდა. როცა „დილას“ რედაქტორი იყო, 120 მანეთი ჰქონდა ხელფასი. ეს არ იყო იმ დროს ისეთი ფული, 4-კაციან ოჯახს ფუფუნებით რომ ეცხოვრა. თეთრი პურის აკრძალვაც მახსოვს,  შავი პური რომ უნდა გვეჭამა, თურმე  ხრუშჩოვის  „ბრძანებით”. გაჭირვებაც მახსოვს და კარგი ცხოვრებაც, მერე უკვე, როცა მამას წიგნები იბეჭდებოდა. კომუნისტები კარგად იხდიდნენ ჰონორარებს. დღეს მე თუ ორი სიმღერა არ ვიმღერე, ფულს არავინ მომცემს. ახლახან მძიმე ოპერაცია გავიკეთე და ორ კვირაში სცენაზე ვიდექი. აბა, რა ვქნა? არავისგან ხელფასი არ მაქვს დანიშნული.  მეგობრები მიდგანან გვერდით და ისევ მამა მეხმარება.   ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ მაგარი მეგობრები – ზურა ყიფშიძე, ერთი წლით უფროსია ჩემზე. ზურა, ერეკლე ბადურაშვილი და ჩემი საძმო ერთი დღე არ მომცილებიან, როცა მიჭირდა თავზე მედგნენ.  ჩვენ დაკარგული თაობა გვიწოდეს, ვინაა დაკარგული? ერეკლე, ზურა, გია მირზაშვილი, გიგი სულაკაური თუ  მე?  ჩვენ არ ვართ დაკარგულები. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც არ იცის „ნოტები”, მაგრამ იცის, როგორ აკეთოს კარგად თავისი  საქმე.  

– მამა ერთ ინტერვიუში ამბობს, მამუკა არ დამემსგავსა ქალების მიმართ დამოკიდებულებაშიო.  

–  ქალები ორივეს გვიყვარდა, მაგრამ მას ერთი ცოლი ჰყავდა, მე – ორი.  ასე მოხდა ჩემთან, ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. ახლა პირველი  ოჯახიდან ერთი შვილი და სამი შვილიშვილი მყავს. 37 წლის ვიყავი, როცა ირმას შევხვდი. მერე გაჩნდა ჯაკო. ჩემი ოჯახის წევრებისთვის არ იყო იოლი ჩემი ატანა. ცოტა მძიმე კაცი ვარ – ყველაფერი მიყვარს იმწუთას. რამე თუ ავიჩემე, ის უნდა გაკეთდეს.  ეს „სტრანნი” რამეა.  ერთი პერიოდი, ძალიან ვსვამდი. გამომიყვანდნენ სიტუაციიდან, დავწერდი სიმღერას, შევიდოდი ისევ. რვა წელია, აღარ დამილევია. ჩვენს თაობაში ალკოჰოლი, ნარკოტიკი ჩვეულებრივი ამბავი იყო. მე ნარკოტიკზე ნაკლებად ვიყავი დამოკიდებული.  იმით გადავრჩი, რომ ღვინო,  გიტარა, ქალები მერჩივნა.  მარტოხელა კაცი ვიყავი და ასეთი ცხოვრების წესი მქონდა. ჩვენებმა მიშველეს, თორემ ცუდად დავამთავრებდი ცხოვრებას. ძალიან დამეხმარა მუსიკაც, რომელიც ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ახლა კორსეტით მივედი კონცერტზე, ორი დრენაჟი მეკეთა. კონცერტზე   ჩემი გიტარა წავიღე, რად გინდა გიტარაო? – მკითხეს. აწყობილი პროგრამა შევცვალე, ჩემი გიტარით მივედი იქ. 10-12 სიმღერა ვიმღერე ცოცხლად. კონცერტზე ისე  გამოვედი, ვერავინ  წარმოიდგენდა, რომ ათი დღის გაკეთებული მქონდა ოპერაცია. სცენაზე ისე შემიყვანეს, სიბნელე იყო  და ვერ დაინახეს, რა დამიჯდა იქ შესვლა.  ვარსკვლავის გახსნაზე კი „კატალკით” ჩამიყვანეს. ყველა მიხვდა, რომ ჩერეზ „ნე მაგუ” ვიმღერე. გაგიჟდა ხალხი, როცა გაიგეს, რაც მჭირდა. აი, ამას აქვს ფასი, რომ ამოიღებ შენს გულს, ჯიგარს და დადებ. ამას, იცით, როგორ გრძნობს ხალხი? ისე, როგორც მე ვგრძნობ, რომ  მუსიკის გარეშე არ შემიძლია, რომ სიმღერა სიცოცხლისთვის მჭირდება.       

 

скачать dle 11.3