კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გაანელა ფასიანმა სწავლებამ საქართველოში სურვილი, გახდე სტუდენტი ნებისმიერ შემთხვევაში და რატომ არ აქვს მნიშვნელობა მომავალ პროფესიას

მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდებიც დასრულდა და აბიტურიენტები მისაღები გამოცდებისთვისაც ემზადებიან. წელს მათ არაერთი სიახლე ელით: უცხო ენის ტესტში ახალი, მოსმენის კომპონენტით დაწყებული და თვით გამოცდების დასრულების შემდეგაც კი, სასურველი ფაკულტეტების ჩამონათვლის შეცვლით დასრულებული. რა შედეგები აჩვენეს გამოსაშვებ გამოცდებზე მოსწავლეებმა და რა შესაძლებლობებს სთავაზობს გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს 2014 წელს, –  თემაზე გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გვესაუბრება.

 

 – აუღეს ალღო სიახლეს აბიტურიენტებმა, რომ ფაკულტეტების ჩამონათვლის შეცვლა მუდმივად შეუძლიათ, გამოცდების დამთავრების შემდეგაც კი?

– არის აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი, რომლებსაც არჩევანი ჯერჯერობით საერთოდ არ გაუკეთებიათ და ეს მათი უფლებაა. ასე რომ, ბუნებრივია, მონაცემები იცვლება და ამას დეტალურად არ ვადევნებთ თვალყურს, იმიტომ რომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი საბოლოო გადაწყვეტილება და საბოლოო არჩევანი. ეს კი, დაახლოებით, აგვისტოს პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.

– გამოცდების დასრულებისა და შედეგების გამოცხადების შემდეგ.

– დიახ, ამიტომ ეს მონაცემები არაფერზე მეტყველებს. მათ შეუძლიათ დაამატონ, შეცვალონ, თავიდან შექმნან რეიტინგული სია, გადაადგილონ.

– გაამართლა ამ მიდგომამ თუ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი?

– რა კრიტერიუმებით შეიძლება, შევაფასოთ, გაამართლა თუ არა? თუ იმ კრიტერიუმით შევაფასებთ, რომ უფრო მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, მაშინ ნამდვილად გაამართლა, იმიტომ რომ, შარშან 28 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, მაშინ, როდესაც წინა წლებში ნაკლები იყო –  24 000-ს არ სცილდებოდა. დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ, როდესაც შედეგები უკვე ცნობილია, ეს ინფორმაცია ეხმარება, წესით, უნდა დაეხმაროს აბიტურიენტებს ძალიან ეფექტიანი და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მაგალითად, თუ არჩეული მაქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომელიღაც კონკრეტული ფაკულტეტი და უკვე ვიცი ჩემი შედეგები, რადგან ამ უნივერსიტეტს ყველა მიმართულებაზე ბარიერი აწეული აქვს, შესაძლებელია, მე გადავლახო გამოცდების ცენტრის მიერ დაწესებული ბარიერი, მაგრამ ვერ გადავლახო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ბარიერი. ამდენად, არანაირი აზრი არ აქვს, მივუთითო ის, იმიტომ რომ, იქ ვერ მოვხვდები და მაქვს შესაძლებლობა, ამოვიღო ეს უმაღლესი სასწავლებელი და ჩავწერო სხვა. ეს ერთი მაგალითია, როდესაც ჩემი შედეგების ცოდნა დამეხმარება უმაღლესი სასწავლებლის ადეკვატურად შერჩევაში. მეორე მაგალითი: თქვენ იცით, რომ თითოეული უმაღლესი სასწავლებელი და კონკრეტული ფაკულტეტი სხვადასხვა წონას ანიჭებს ჩასაბარებელ საგნებს. მე შეიძლება, საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ვაფასებ და მგონია, რომ ძალიან კარგი ვარ ან პირიქით, ეჭვი მეპარება ჩემს შესაძლებლობებში და არ ვუთითებ ისეთ ფაკულტეტს, რომელზეც მაღალია კონკურსი. დავუშვათ, ფაკულტეტს, რომელსაც მივუთითებ, მათემატიკისთვის აქვს მინიჭებული ყველაზე დიდი წონა, როდესაც შედეგები მეცოდინება და მათემატიკაში კარგი შედეგი მექნება, დიდი შანსი მაქვს, ჩავირიცხო ამ ფაკულტეტზე, რადგან საკონკურსო ქულაში ყველაზე დიდი წილი მინიჭებული ექნება მათემატიკას. ან პირიქით, ვხედავ, რომ არცთუ ისე კარგი შედეგი მაქვს მათემატიკაში, რომელსაც დიდი წონა აქვს იმ ფაკულტეტზე, სადაც მინდა სწავლის გაგრძელება და დიდი ალბათობით, არ მაქვს შანსი, გავიმარჯვო ამ კონკურსში. ამიტომ მირჩევნია, ისეთი ფაკულტეტი მივუთითო, სადაც მათემატიკას ნაკლები წონა აქვს და იქ, რა თქმა უნდა, დიდი შანსი მექნება. ეს არის ძირითადი ლოგიკა, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

– აბიტურიენტებს მხოლოდ თავიანთი შედეგები ეცოდინებათ და არა ის, თუ რომელ ფაკულტეტზე რა კონკურსია?

– კონკურსის შედეგი არ ეცოდინებათ, მაგრამ ეცოდინებათ, ამ კონკრეტულ საგანს რა წონა ენიჭება ამა თუ იმ ფაკულტეტზე ჩასარიცხად და არანაირი აზრი არ აქვს, პირობითად ვამბობ, ისეთ ფაკულტეტზე ჩარიცხვას, სადაც მათემატიკას მაღალი წონა აქვს, თუ დაბალი შედეგი მაქვს მათემატიკაში. ეს ეხება ყველა საგანს. ადრე რეგისტრაცია, მეტად თუ ნაკლებად, ბრმად მიმდინარეობდა.

– სურვილებიდან და არა შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

– დიახ, ახლა ეს ინფორმაცია მეხმარება იმაში, რომ, თუნდაც, რეიტინგული ჩამონათვალი მოვამზადო ისეთი, რომ შანსი მქონდეს, გავხდე სტუდენტი. აი, ეს არის ლოგიკა და ეს შეუძლებელია პოზიტიურ ზეგავლენას არ ახდენდეს აბიტურიენტებზე სწორი არჩევნის გაკეთების თვალსაზრისით. თუ არის კრიტერიუმი, რომ უფრო მეტი გახდა სტუდენტი და ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება, მეტი სტუდენტი ჰყავდეს ქვეყანას, ამ მიზანს მივაღწიეთ.

– ყველა ადგილი დიდი ალბათობით  შეივსება უმაღლეს სასწავლებლებში?

– ყველა ადგილი შევსებული ვერ იქნება.

– უფრო მეტი შეივსება, ვიდრე წინა წლებში ივსებოდა?

– უფრო მეტი გახდა სტუდენტი, ვიდრე წინა წლებში ხდებოდა, მაგრამ ყველა ადგილი ვერ შეივსება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, ჯერ ერთი, აბიტურიენტებმა უნდა გადალახონ ბარიერი, რომ სადმე ჩარიცხონ და, მეორე, შარშან 42 000-ზე ოდნავ მეტი იყო საკონკურსო ადგილების რაოდენობა, ამდენივე აბიტურიენტი გვყავდა, თუმცა 13 000 ადგილი ვაკანტური დარჩა უმაღლეს სასწავლებლებში. ახლა 45 000-ს აჭარბებს ადგილების რაოდენობა, აბიტურიენტების რაოდენობა კი 36 500-მდეა. ასე რომ, გაცილებით მეტი ადგილებია, ვიდრე აბიტურიენტები არიან.

– აბიტურიენტთა კლებას რას უკავშირებთ, მოსალოდნელი დეპოპულაცია დაიწყო? 90-იანებში ცოტა ბავშვი დაიბადა და დემოგრაფები პროგნოზირებდნენ ამ კლებას.

– მხოლოდ ამას ვუკავშირებთ. მეთორმეტეკლასელების რაოდენობაც მცირეა წელს, ვიდრე წინა წლებში იყო. ამ შემთხვევაში გამოსაშვები გამოცდების რეგისტრაციის შედეგებით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ: 2011 წელს მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვებ გამოცდებში 45 000-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას; 2012-ში –  42 000, 2013-ში ჩვენ არ ჩაგვიტარებია გამოსაშვები გამოცდები და წელს მეთორმეტეკლასელთა რაოდენობა 38 000-იც არ არის.

– მოთხოვნა არის სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ მიმართულებებზე?  

– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უფასოა.

– მესმის, მაგრამ, თუ ისეთ პროფესიას მიიღებ უფასოდ, რომელიც შემდგომ ვერ დაგასაქმებს, ასეთ სწავლას აზრი აქვს?

–   არსებული რეალობა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეში სწავლა და თითქოს აუცილებელიც კი არის. უმრავლესობა მაინც ცდილობს, სტუდენტი გახდეს.

– საინჟინრო მიმართულებებზე უფრო სუსტი და ხელმოცარული აბიტურიენტები აბარებდნენ თითქოს, მაგრამ ადრე მითხარით, რომ ეს დინამიკა იცვლებოდა, არის ამ მიმართულებაზე კონკურსი?

– გააჩნია საინჟინრო მიმართულებას. არის მიმართულებები, სადაც არის კონკურსი და სადაც არ არის. მაგალითად, რამდენადაც მახსოვს, კონკურსი იყო სამშენებლო ფაკულტეტზე, ინფორმატიკაზე, კავშირგაბმულობაზე, მეტალურგიაზეც კი. ჩვენ ეს მონაცემები ჯერჯერობით არ გაგვისაჯაროებია, იმიტომ რომ, საბოლოო შედეგი არ არის. შარშანდელი გამოცდილებით პირდაპირ გეტყვით, რომ გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ, დრამატულად შეიცვალა სურათი და, ფაქტობრივად, ყველა აბიტურიენტმა თუ არა, უმრავლესობამ არჩევანი შეცვალა. თუმცა არის აბიტურიენტების კატეგორია, რომლებმაც ზუსტად იციან, სად უნდათ ჩაბარება, ზუსტად იციან უმაღლესი სასწავლებელი, სადაც უნდათ სწავლის გაგრძელება და ამ გადაწყვეტილებას არ ცვლიან შედეგების გამოცხადების შემდეგაც. საბედნიეროდ, ასეთი აბიტურიენტებიც გვყავს.

– ერთია, შესაძლებლობების მიხედვით პროფესიის არჩევა და მეორე, რა გინდა, რომ გამოხვიდე. სურვილს არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში? გაამართლებს მიდგომა, ოღონდ სადმე მოვხვდე?

– ეს არის ჩვენი რეალობა: ძალიან კარგად ვიცით, რომ არის აბიტურიენტების დიდი რაოდენობა და, უპირველესად, მშობლების, რომელთათვისაც  სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მათი შვილი გახდეს სტუდენტი და ხშირად სულერთია, რა მიმართულებით გააგრძელებს სწავლას.

– და ამაში იხდიან ფულს.

– დიახ, ნამდვილად ასეა. მაგრამ გვყავს გარკვეული რაოდენობა ისეთი აბიტურიენტებისაც, რომლებმაც ზუსტად იციან, სად უნდათ სწავლის გაგრძელება.

– სკოლები ძალიან ნერვიულობდნენ გამოსაშვები გამოცდების ჩატარებაზე. წელს მათ პირველად ჩაატარეს ისინი საკუთარი ძალებით: როგორი შედეგი აჩვენეს ჩვენმა მეთორმეტეკლასელებმა?

– მართალი გითხრათ, არ ვიცი, რატომ ნერვიულობდნენ ან რა იყო სანერვიულო. თუ ადმინისტრაციულ ნაწილზე ვისაუბრებთ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს სარეზერვო დღე ფორსმაჟორული ვითარებისთვის. არ გამოგვიყენებია, თუმცა იყო ელექტროენერგიის შეფერხების რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ მოგვარდა. იყო საუბარი იმაზე, რომ არცთუ სახარბიელო შედეგი დაფიქსირდა, იმ თვალსაზრისით, რომ ცალკეულ ჯგუფებს ჰქონდათ პრეტენზია, მაღალი ქულები არ დაიწერაო. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი, ამეხსნა ყველასთვის, როდესაც 300 მოსწავლე უმაღლეს შეფასებას იღებს მათემატიკაში, ეს არ ნიშნავს, რომ მაღალი ქულები არ დაიწერა. ვცდილობდი, ამეხსნა, რომ 8-დან 10 ქულამდე შეფასება არის ძალიან მაღალი შეფასება და, თუ მოსწავლეს აქვს პრეტენზია მაღალ ქულაზე, დავალებებსაც უნდა გაართვას თავი. ეს არის სასერტიფიკაციო გამოცდა და არა –   სასელექციო. მნიშვნელოვანია, გადალახე თუ არა ბარიერი: თუ გადალახე ბარიერი, ატესტატი გეკუთვნის და ეს არ მოქმედებს არც მედალზე, არც სასკოლო შეფასებაზე, უბრალოდ, გეკუთვნის ატესტატი. სასაცილო იქნებოდა, მოსწავლეების 80 პროცენტს 10 ქულა რომ მიეღო, ეს ხომ არსებული რეალობის დამახინჯებული ასახვა იქნებოდა?! ამდენს ვსაუბრობთ კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგით, რომ ცუდად გვაქვს საქმე სასკოლო განათლების სისტემაში. როდესაც წაკითხულის გააზრების კომპონენტში 73 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზე გადის საქართველო, როგორ შეიძლება, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ბევრია უმაღლესი შეფასების ღირსი?! ისედაც ძალიან დაბალი ბარიერი გვაქვს დაწესებული.

– რამდენი დავალებაა?

– დაახლოებით, 40 დავალებას იღებს მოსწავლე და უმაღლესი შეფასება იწერება იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლე 3 დავალებას არასწორად უპასუხებს. ბარიერის გადასალახავად კი, 40 დავალებიდან ტესტში 11-ს უნდა უპასუხოს სწორად. არსებული რეალობის გათვალისწინებით, როცა პრობლემებია სასკოლო განათლების სისტემაში, მოსწავლეზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი და ის ატესტატის გარეშე არ უნდა დატოვო, ამიტომაცაა ბარიერი ასეთი დაბალი. მაგრამ კეთილი ინებონ და, თუ აქვთ პრეტენზია უმაღლესი შეფასების, მოახერხონ და რთულ დავალებებსაც გაართვან თავი და 40-დან 37 დავალებას უპასუხონ სწორად.

– ყველაზე ცუდი შედეგი რომელ საგანში აჩვენეს მეთორმეტეკლასელებმა?

– ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბარიერი ვერ გადალახა მეთორმეტეკლასელების 2-მა პროცენტმა. თუმცა ცოტა დაიწერა უმაღლესი შეფასება. გამოსაშვები გამოცდები ორიენტირებულია იმის შემოწმებაზე, რა ისწავლეს სკოლაში. არის ქართული გრამატიკა გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო პროგრამით და ბუნებრივია, გრამატიკის ცოდნა მოეთხოვებათ მოსწავლეებს. ქართული ენა და ლიტერატურა ისეთი საგანია, რომელიც ჰგონიათ, რომ ყველამ იცის. როგორ, ჩემი მშობლიური ენა არ ვიცი?! ჩემთვისაც მშობლიურია ქართული ენა, მაგრამ გამოცდა რომ ჩამაბარებინო, ნამდვილად არ მექნება პრეტენზია, 9 და 10 ქულა მივიღო, გვესმის რატომაც. მოსწავლეების უმრავლესობამ მიიღო შედეგი 6-დან 8 ქულამდე.

– არა უშავს შედეგია.

– 8-ის ზემოთ შედეგის მიღებას კი სჭირდება დამსახურება და ეს ნურავის გაუკვირდება. ყველაზე ცოტა მოსწავლემ ქართულში მიიღო 10 ქულა. მათემატიკაში, როგორც გითხარით, დაახლოებით, 300-მა მოსწავლემ აიღო 10 ქულა, უცხო ენაში –   350-მა,  800-მდე –  ბიოლოგიაში, უფრო მეტმა, 1 000-მდე –  გეოგრაფიაში. ეს, უბრალოდ, არსებული რეალობის ასახვაა, მეტი არაფერი.

– გამოსაშვებ გამოცდებსაც უკვე რეგულარულად ატარებთ, განათლებისა და მომზადების დონე იკლებს თუ სტაბილურად დაბალია?

– იმატებსო, ვერ გეტყვით, მგონი, იმდენად ყურადღებამისაქცევია კვლევის შედეგები, იმდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომ არც კი ვიცი, მეტი რაღა უნდა გაუარესდეს.

– როგორ სწავლობენ ჩვენი სტუდენტები უცხოეთში? უბრალოდ იქ კარგები მიდიან?

– მადლობა ღმერთს, გვყავს სტუდენტებისა და მოსწავლეების ნაწილი, რომლებიც კარგად სწავლობენ. ჩვენ ახლა საერთო დონეზე ვსაუბრობთ, თორემ ხომ არსებობენ ის ბავშვებიც, რომლებმაც გამოსაშვებ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს?! სტუდენტობისას ბევრი იქ გამოიჩენს ხოლმე თავს, ესეც რომ არ გვქონდეს, საერთოდ დაღუპულები ვიქნებოდით. უბრალოდ განათლების საერთო დონე არ არის სახარბიელო, თორემ გამორჩეული მოსწავლეები და სტუდენტები არიან, რა თქმა უნდა.

 

скачать dle 11.3