კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის დაკავებული თბილისში ცნობილი ფილოლოგი დედამთილის შემოსვით და რის გამო უწევს მანანა კოზაკოვას ბეწვის ხიდზე სიარული

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, მანანა კოზაკოვას არაერთი როლია დამახასიათებელი, მაყურებლისთვის საყვარელი და პოპულარული. ასეთ როლებზე საუბრისას, არ შემიძლია, არ აღვნიშნო „TV 11-ზე” პროექტ „სელავიში” ქალბატონი მანანას მიერ განსახიერებული ფილოლოგი დედამთილი. ცნობილი მსახიობი დღეს ამ როლზე, ზოგადად კი – დედამთილის ფენომენსა და მსახიობების ცხოვრებაზე გვესაუბრება.

 

მანანა კოზაკოვა: საქართველოში დედამთილი ძალიან პოპულარული ცხოვრებისეული გმირია. მაგალითად, რუსეთში უფრო სიდედრის თემაა ასეთი. ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი, ჩემს ცხოვრებაშიც და ჩემ ირგვლივაც, რომლებშიც დედამთილი ოდიოზური ფიგურაა. მე კიდეც ვხუმრობ ხოლმე,  საქართველოში პრივილეგია არის, რომ უნდა გაჩნდე მამაკაცად, ან – დედამთილად-მეთქი (იცინის). ძირითადად, დედების პრობლემა ის არის, რომ 40 წლის მამაკაცს ისევ ბავშვად აღიქვამენ, „ჩემი ბავშვი” – ასე იხსენიებენ. დიდმა სიყვარულმა იცის ზედმეტობა იმ მხრივ, რომ ერევიან შვილის ცხოვრებაში და თანამონაწილეები ხდებიან, განსაკუთრებით, ცოლი როცა მოჰყავთ. ეს ქალიც – რომელსაც მე განვასახიერებ – არ არის გამონაკლისი, პირიქით, საკუთარი შვილის პირადი ცხოვრების არასწორი აღქმის საუკეთესო მაგალითია. თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ – ასეა. ისე, რა თქმა უნდა, ფილოლოგი დედამთილი უფრო გაშარჟებული პერსონაჟია, გაბუქებული და იუმორში გადაწყვეტილი, მაგრამ, ასეთი ხომ ძალიან ბევრია ირგვლივაც. არა მგონია, ვინმე არ დამეთანხმოს იმაში, რომ აქტუალურია დედამთილის თემა.

– ალბათ, ამიტომაც გახდა პოპულარული ეს ქალბატონი, გარდა იმისა, რომ თქვენ განასახიერეთ, რა თქმა უნდა. როგორი ემოცია დაგეუფლათ, როცა ამ როლს გაეცანით და მისი განსახიერება შემოგთავაზეს?

– მიმაჩნია, რომ „TV 11-ის” ბიჭების მიერ დაწერილი ეს სცენარი ძალიან საინტერესო და კარგია. სწორი, კარგი იუმორით არის დაწერილი. როგორც კი წავიკითხე, თვითონ ვიხალისე და, ლევანმა, ჩემმა ქმარმა, იხუმრა კიდეც – კიდევ კარგი, ბიჭი არა გვყავს, თორემ, ალბათ, არც ერთი გოგო არ გაგვეკარებოდა არ მოინდომებდა ჩვენს რძლობასო (იცინის). ცოტა საშიში ხარო.

– საშიში ხართ, ჰო, – თქვენს პერსონაჟს ვგულისხმობ. უკაცრავად ამ კითხვაზე, მაგრამ, თქვენი ოინები იყო, კოტიკოს ოჯახი რომ დაენგრა? ისე აქებდით ლამარას გოგოს, ეკას, რომ ეჭვი მაშინვე თქვენზე ავიღე.

– რა თქმა უნდა, ჩემი ოინები იყო. პრინციპში, ლამარას გოგო ძალიან მოსწონს ჩემს პერსონაჟს და ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა შვილმა ის მოიყვანოს ცოლად და ამას გაშორდეს. მიაჩნია, რომ კოტიკოს არჩევანი მისი ოჯახისთვის არ არის შესაფერისი. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, თუნდაც შეცდომით, მაგრამ, ის შეცდომაც საკუთარი უნდა იყოს. ჩემი პერსონაჟი ამას რადიკალურად არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მან უკეთ იცის, ვინ უფრო მოუხდება მის შვილს.

– არადა, თვითონ, ქალბატონო ფილოლოგო დედამთილო, მგონი, ხუთჯერ შეცდით, სანამ ნამდვილი სიყვარული იპოვეთ და სანამ ისეთი ოჯახი შექმენით, როგორიც გსურდათ. 

– ასეა, მაგრამ, ხომ ვიცით, რომ სხვის საქმეში ყველა ბრძენი ხდება?! ეს ქალიც ასეა. ასეთებს თავიანთი ცხოვრება არ ახსენდებათ. 

– არის ამ ქალბატონში ისეთი თვისებები, რომლებიც მისი განსახიერებისას საზოგადოებიდან აიღეთ, გარდა იმისა, რაც სცენარში იყო მოცემული?

– როგორ არ არის – მენტორული ტონი, კომპეტენტურობის განცდა...  ბევრი შემხვედრია ასეთი. წარმომიდგენია, მაგალითად, როგორ დადის ეს ფილოლოგი დედამთილი. დაახლოებითი ტიპაჟები შემხვედრია ცხოვრებაში, თან, არაერთი და, რა თქმა უნდა, რაღაცეები იქიდან გამომდინარე გავაკეთე.

– თქვნს რძალს ისეთი სამკაულები ამშვენებს, რომ შევხედავ, მაშინვე ვწინასწარმეტყველებ თქვენს რისხვას. პირადად ამ ფილოლოგი დედამთილის ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავს?

– ხაზგასმულად და ბევრ რაღაცას ვიკეთებ, რომ გამოჩნდეს ამ ქალბატონის მაღალი გემოვნება, რომ მას აქვს ბევრი შარფი და სამკაული – ის დარწმუნებულია, რომ ყველაზე გემოვნებიანია. ახლახან ვიყავი პრაღაში, დავდიოდი მაღაზიებში და ვფიქრობდი, ახალი, რა შევუძინო ამ ქალს-მეთქი.

– სახელი არ აქვს ხომ?

– სახელი არა აქვს, დედამთილია ზოგადად, ფილოლოგი დედამთილი.

– ხანდახან მაინც არ გეცოდებათ „თქვენი” რძალი?

– ხანდახან ძალიან მეცოდება ჩემი რძალი, ოღონდ, მანანას მეცოდება და არა ჩემს პერსონაჟ ფილოლოგ დედამთილს (იცინის).

– როგორ მოხვდით „TV 11-ში”?

– ბიჭებმა გადაიღეს კინო, რომელიც ჯერჯერობით არ გამოსულა. ფილმის სახელწოდებაა „კაცების შოუ”. ფილმში რაღაც სიტუაციები ვითარდება ამ ბიჭების თავზე და მეც ვიღებ მასში მონაწილეობას; მერე, რაღაცა პერიოდი, „შუა ქალაქშიც” ვიყავი; მერე „TV 11” რომ გაკეთდა, აქაც დამიძახეს. ძალიან კეთილგანწყობით ვარ ამ გუნდის მიმართ, პროფესიონალები არიან და ნამდვილად არ ვამბობ ამას სიტყვის მასალად. თეატრის შემდეგ ძალიან რთულია სხვაგან წასვლა, რადგან, თეატრი უფრო კონსერვატულია, იქ უფრო მეტ დეტალს ექცევა ყურადღება, ვიდრე ტელევიზიასა და კინოში. ამ გუნდში ყველა კითხვაზე არის პასუხი, ზუსტად მუშაობენ. პიროვნულადაც ძალიან კარგად განვეწყვე ამ ბიჭების მიმართ. ძალიან კარგი ტელევიზია გააკეთეს, მართლა განსხვავებული. არაფერს არ ჰგავს, ხომ სწორია?

– ჩვენ გვგავს, მგონი; ჩვენს ქალაქსა და ჩვენს ყოფას ჰგავს.

– ჰოდა, ეს ძალიან მომწონს როგორც მაყურებელსაც და, რა თქმა უნდა, მონაწილეობასაც რომ ვიღებ ამ პროცესში, მიხარია და კმაყოფილი ვარ. ხომ გაგიგიათ მსახიობებისგან: ძირითადი საქმიანობა მაქვს ეს, მაგრამ, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ფული მჭირდება, ან – პოპულარობა, ან კიდევ რაღაც სხვა... ჩემს შემთხვევაში ასე არაა, ჩემთვის აქ მუშაობის პროცესი ნამდვილად ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.

– თქვენი შემოქმდების მთავარ ნაწილზეც გადავიდეთ: რა ხდება, ზოგადად, თეატრალურ სამყაროში?

– 22 წელია, სცენაზე ვარ. იცით, თეატრი რა არის? თეატრი არ არის სამსახური, თეატრი არის ცხოვრების წესი. არც ერთი მსახიობი არ ამბობს: „წავედი სამსახურში;” ამბობენ – წავედი თეატრშიო. ამით ვცხოვრობ. გარდა იმისა, რომ საღამოს სპეტაკლებია, დღისით ახალზე მუშაობ და სულ მოცული ხარ ამით, ამითაა საინტერესო ჩემი პროფესია. თეატრში, შეიძლება, ათი როლი კარგად ითამაშო და, მეტერთმეტე რომ არ გამოგივიდეს, უცებ ვიღაც იტყვის: უი, როგორი უნიჭო ყოფილაო. სულ ბეწვის ხიდზე დადიხარ, სულ ღელვასა და მტკიცებაში ხარ, რომ შენ გაქვს უფლება, იდგე ამ  სცენაზე. ვერასდროს ვერ ეჩვევი ამას, ვერ იტყვი –  რა გახდა, რაღა მანერვიულებსო.  წლების განმავლობაში, გამოცდილება გიგროვდება, პროფესინალი ხდები, მაგრამ, სულ გამოცდის მდგომარეობაში ხარ. წინა სპექტაკლი არ გშველის, ყოველ ჯერზე თავიდან უნდა დაიწყო. ფარდა იხსნება და ყველაფერი ნულიდან იწყება.

– არაერთი როლი შესარულეთ ამ 22 წლის განმავლობაში და, არაერთხელ დაამტკიცეთ, როგორც თავად თქვით, რომ ხართ ღირსი, იდგეთ ამ სცენაზე. რომელი როლი გიყვართ განსაკუთრებულად?

– მსახიობს არ აქვს საყვარელი როლი. ამას  წინათ ქალბატონმა გურანდამ თქვა და ვეთანხმები – ყველა როლი თავისებურად საყვარელია. მამაჩემი ამბობდა ხოლმე და ძალიან მომწონს ეს გამონათქვამი: უნდა იყო საკუთარი როლის ადვოკატი. თუ ეს ასე არ არის, სხვანაირად არ გამოდის. ამიტომ, ყველა როლს თავისი განწყობა აქვს, ესა თუ ის გმირი გიყვარდება თავისი რაღაცა სიმართლიდან, ან – ლოგიკიდან გამომდინარე, უარყოფით გმირს თუ თამაშობ – მაშინაც. არის როლები, რომლებიც არ მიყვარს, რადგან, მიმაჩნია, რომ ნაკლებად გამომივიდა, ნაკლებად შეიყვარა მაყურებელმა. ვერ გავმიჯნავ – ეს მიყვარს და ეს არა-მეთქი. ყველა თავისებურად მიყვარს. განსაკუთრებით, პატარა როლს  აქვს თავის სირთულე, დიდ როლს კი – თავისი დატვირთვა. ხომ გიყვართ მეგობრები, თავიანთი რომელიმე თვისებიდან გამომდინარე, თავიანთი ნაკლიანად, – ასე არის როლებიც.

– ბოლო პრემიერაზე მესაუბრეთ.

– სულ ორიოდე კვირის წინ ვითამაშეთ „შთაგონების რეცეპტი”. საპასუხიმგებლო როლი იყო. სამნი ვთამაშობთ: ქეთი ცხაკაია მე და ჯაპანა. მნიშვნელოვანი სამუშაო გვქონდა, საკმაოდ რთული და საინტერესო. სეზონის ბოლოს მივდივართ გასტროლებზე და, ეს მოგზაურობა რომ დამთავრდება, ივნისში, წავალ ჩემს საყვარელ ბეთანიაში და დავისვენებ.

 

скачать dle 11.3