კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ექსპერიმენტებს არ ერიდება სალომე ქათამაძე და როგორ ჩამოსდიოდა მის გარდაცვლილ ბაბუას თვალებიდან ცრემლი

ნიჭიერ მომღერალს, სალომე ქათამაძეს ჩვენი მკითხველის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მან თავისი წარმატებით, არაჩვეულებრივი გამოსვლებით არაერთხელ მოგვანიჭა სიამოვნება, სიხარული და აღგვავსო სიამაყით. თუმცა, შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ სალომეს ბაბუა, მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) იყო, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვარი გახლდათ და თავის დროზე, ემიგრაციაშიც გაჰყვა. სალომეს მამა – ნოდარი (ქათამაძე) ასევე სასულიერო პირია. მეუფე ამბროსის წლების განმავლობაში საქართველოდან შორს მოუწია ცხოვრება. მხოლოდ მოგვიანებით შეძლო დაბრუნება და სასულიერო მოღვაწეობის გაგრძელება. 2008 წელს მეუფე ამბროსი მოულოდნელად  საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი სისხლში CO-ს არსებობა გახდა. თუმცა, მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, მეუფეს ბინაში გაზის გამათბობელი არსად ჰქონია დამონტაჟებული. ეს საკითხი დღემდე ბურუსით არის მოცული. მაგრამ, ჩვენ დღეს ამ თემაზე არ ვაპირებთ საუბარს. უბრალოდ, მინდა, წარმოგიდგინოთ სალომეს თვალით დანახული ბაბუა, მთავარეპისკოპოსი ამბროსი, რომლის ცხოვრების გზა საკმაოდ რთული და მოწამეობრივი გახლდათ. 

 

– სალომე, ვიცი, ბოლო დროს ძალიან დაკავებული ხარ. ერთდროულად ორ ალბომზე გიწევს მუშაობა.

– ახლახან იყო ჩემი პირველი სიმღერის პრემიერა, ვმუშაობ ორ ალბომზე – როგორც საკუთარზე, ასევე ჯგუფთან ერთად. ძალიან კარგი ბიჭები, ჩემი მეგობრები არიან  ბენდში. კლავიშზე უკრავს ჯონი თითირაშვილი – ტრომბონისტი, „ჯორჯიან ბრასში“ უკრავს. დრამზე დავით ჩანგოშვილია. „ჩანგო“, „ელდრაინის“ ყოფილი დრამერია, ხანდახან „ელდრაინთან“ ერთადაც უკრავს. ბასზე კი მყავს უნიჭიერესი – ზაზა ჯოჯუა. მოკლედ, ერთ დღეს გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ჩვენი ჯგუფი და ასე შევიკრიბეთ. ვწერთ ახალ სიმღერებს, 11 სიმღერა დავწერეთ და ერთ კვირაში დავიწყებთ სტუდიაში ჩაწერას. ერთი სიმღერის პრემიერა უკვე იყო, უბრალოდ, ჯერ არ არის სტუდიურად ჩაწერილი. წესით, ორივე ალბომმა უნდა გაამართლოს. მოკლედ, ცალკეც ვმუშაობ და ბენდთან ერთადაც. 

– არ განებივრებენ ერთ გოგონას? 

– ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და იმედი მაქვს, თუნდაც ამ სიყვარულის გამო  არ დავიშლებით. კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვუგებთ ერთმანეთს. სულიერი დები და ძმები ვართ. რაღაცეებში მანებივრებენ – ცდილობენ, მომიფრთხილდნენ ხმაზე. ძალიან კარგი ადამიანები არიან და მიხარია, რომ მათ შევხვდი. 

– ხმას განსაკუთრებულად უფრთხილდები? 

– ნაყინსაც ვჭამ და კაშნეც არ მიკეთია ყოველდღე. ალკოჰოლს ვერიდები, რადგან ძალიან სვამს ხმას, არ უხდება იოგებს. ანუ, მას, რაც ხმის დიდი მტერია,  ვერიდები. თხილსაც ვჭამ, მზესუმზირასაც. „იურმალაზე“, სანამ სცენაზე გავიდოდი, „სნიკერსი“ ვჭამე – შემიძლია, სიმღერის წინ თხილიანი სასუსნავი ვჭამო, რადგან ვიცი, მარცხი არ მომივა. 

– ექპერიმენტებსაც ხშირად ატარებ?

– ყველანაირი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული და რკინასავით უძლებს ჩემი ხმა. ექსპერიმენტები მიყვარს, იმიტომაც გავსუქდი – მაინტერესებდა, მომიხდებოდა თუ არა. თმის აპარსვები, ჩაცმულობა, ყველაფერში მომწონს ექსპერიმეტები და ზოგადად, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გამოსცადო – ნახო, გიხდება თუ არა, გარდა ნარკოტიკებისა და ისეთი რაღაცეებისა, რაც ორგანიზმს ვნებს. ბიჭურად რომ შევიჭერი თმა, საერთოდ არ მინანია, ძალიან მომწონდა. ახლაც დიდი სიამოვნებით შევიჭრიდი, მაგრამ გრძელი თმა მენატრებოდა და აღარ ვაპირებ შეჭრას. თუმცა, თუ რამე წამომივლის, ან გადამეკეტება, შეიძლება, შევიჭრა ისევ. 

– აღარ აპირებ კონკურსებზე გასვლას? 

– სამოყვარულო კონკურსზე შეიძლება, გამოვიდე, ვოკალურზე – არ მგონია. ერთადერთი  შეიძლება, ამერიკაში წავიდე და იქაურ „ვოისში“ მივიღო მონაწილეობა. ესეც საკითხავია. მინდა „ბერკლის“ მუსიკალურ კოლეჯში ჩავაბარო. თუ მოვხვდები, ძალიან გამიხარდება. ეს ჩემთვის დიდი ტრამპლინი იქნება. „ბერკლიში“ ჩადიან და ასწავლიან სერიოზული მომღერლები, მუსიკოსები. გიტარებენ მასტერ-კლასებს – ყურს, ვოკალს გივარჯიშებენ. ბევრ რამეს სწავლობ. გიგის ვეუბნები: თუ ჩავაბარებ, შენც წამოდი, ჩემთან ერთად იყავი-მეთქი. ვნახოთ, რა იქნება. 

– ახლა მინდა, შენს ბაბუაზე ვისაუბროთ, მთავარეპისკოპოს ამბროსიზე (ქათამაძე). როგორი ურთიერთობა გქონდა მასთან, როგორი ბაბუა იყო?

– ყოველთვის მახსენდება ერთი რამ: ბაბუა ყველასთან ურთიერთობაში ძალიან თბილი, კეთილი, სამართლიანი და კარგი პიროვნება იყო. უცნაური ხასიათი ჰქონდა. ანუ, იმდენად იყო რწმენაში, რომ ცუდად ყოფნისას წამალს არ იღებდა. სულ მეუბნებოდა: დილით გაყინულ წყალში ჩახტი, გაკაჟდებიო. 67 წლისა, ეკლესიიდან რომ გამოვდიოდით, ისე ენერგიულად გარბოდა... მე კი უკან ქოშინით მივდევდი. შორიდან გამომხედავდა და მეტყოდა: ბაბუ, რა არის, იჩქარე, დამეწიეო. ძალიან კარგი ადამიანი იყო – კარგი მამა, ბაბუა. სულ მასწავლიდა, რომ ვყოფილიყავი კეთილი. არასდროს უთქვამს: ის არ ჩაიცვა, ეს არ ჭამო, არ დალიო... ყოველთვის კარგ რჩევებს გვაძლევდა შვილიშვილებს. ყველას უყვარდა და ეს ძალიან მიხაროდა. მსიამოვნებდა, რომ ყველასთვის საყვარელი ბაბუა მყავდა. მის გვერდით ძალიან ბედნიერი ვიყავი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავდი, როგორ უყვარდა ის ხალხს, როგორ ხვდებოდნენ, როგორ აფრქვევდა ირგვლივ სიყვარულს, სითბოს. მიხაროდა, რომ ასეთი კარგი სასულიერო პირისა და ბაბუის სისხლი და ხორცი ვიყავი. 

– მის შემწეობას, ალბათ, დღემდე გრძნობ, მისი გარდაცვალების შემდეგაც. 

– კი, როგორ არა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, სულ მის გვერდით ვიყავი. მე ბებიამ გამზარდა, დედის დედამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. სულ ბებოსთან ერთად ვიყავი – ბებოს გოგო, ბებოს გოგოო, მასზე ვიყავი აწეპებული. ბებო მიყვარდა ყველაზე მეტად, თუმცა ჩემი მესაიდუმლე, საუკეთესო მეგობარი დედაა. მას ვურეკავ ხოლმე: დედა, დედა... ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, სულ ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქიდან ჩემთვის ლოცულობს. მეც მორწმუნე ვარ  და მჯერა ბევრი რამის. ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში, მეუფის ლოცვები მეხმარება, მამაგრებს და მამტკიცებს. 

– ერთად ხომ არ გალობდით კიდეც?

– ოჯახის ყველა წევრს უყვარდა ჩემი სიმღერა, ამაყობდნენ ჩემით. მე და ბაბუას ერთადაც გვიგალობია. მახსოვს, მარხვის პერიოდში ერთად ვიყავით შიო მღვიმეში – მე, ბებო და ბაბუ. ავიტანეთ ლობიანები, პროდუქტები. იქ ერთ ადგილას კლდეა, გადმოსავარდნი ადგილია. მე და ბაბუ გზაში ვგალობდით „კირიელეისოს“ და მერე, რომ ჩამოვედით, ბებო გვიყვებოდა: იმ კლდიდან ვვარდებოდით, აიწია მანქანამ, მაგრამ სასწაული მოხდა და გადავრჩითო. მე და ბაბუ ვგალობდით – მე ვერაფერი გავიგე, პატარა ვიყავი, მაგრამ ბებო ასე გვიყვებოდა. ეტყობა, რაღაც იგრძნო, ჩვენი გალობის დროს. რა თქმა უნდა, მერე დავუჯერეთ. გიგისთვის მამაჩემს უთქვას: ბაბუ არ გადმოვიდა ჩემთან საცხოვრებლად, ასე ამბობდა: დროს დავკარგავ და მარტო, რომ ვიქნები, თქვენთვის, შვილიშვილებისთვის უფრო მეტს ვილოცებო. ასეთი საოცარი ადამიანი იყო. გიგი არ იცნობდა, მაგრამ ცოცხალი რომ ყოფილიყო, დაქორწინებამდე  აუცილებლად გავაცნობდი. 

– კიდევ რას გაიხსენებ ბაბუასთან ურთიერთობიდან?

– როცა მოსკოვში ვცხოვრობდით, მახსოვს „ლენონები“ ეკეთა ხოლმე. ორი მინა ჰქონდა, ერთი მუქი იყო, მეორე – გამჭირვალე და ზემოთ იწეოდა. კიდევ ჰქონდა სათამაშო სათვალე და ვთამაშობდი ხოლმე. სასეირნოდ დავყავდი. ერთხელ, სეირნობისას, გუბეში ჩავვარდი. ზემოდან თოვლი იყო და ქვემოთ თურმე წყალი, არ ჩანდა და შიგ ჩავვარდი. სველი გამომაქცია სახლში. სულ მივლიდა, ზრუნავდა ჩემზე, ეზოში ჩავყავდი, „პინკ-პონკს“ ვთამაშობდით. ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანი იყო. 

– ეს ის პერიოდია, როდესაც მას საქართველოს იძულებით დატოვება მოუწია. ალბათ, ამას ძალიან განიცდიდა. 

– რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან განიცდიდა, მაგრამ არასდროს არავის არ აწუხებდა ამით. მისგან ვისწავლე, რომ თბილი უნდა იყო და ყველას კარგი უსურვო. თუ ოდესმე ვინმე ცუდად მოგექცევა, არ არის აუცილებელი, გაბრაზდე და მას შეურაცხყოფა მიაყენო. პირიქით, უნდა მოითმინო და თავი შეიკავო სიბრაზისგან, სამაგიეროს გადახდისგან. მეც ვცდილობ, კეთილი ვიყო და არ გავუკეთო ადამიანებს ცუდი. არ უყვარდა, სახალხოდ, გამოსაჩენად ლოცვა. სახლში ან ტაძარში ლოცულობდა. 

– როცა რამე პრობლემა გქონდა ან გიჭირდა, ბაბუასთან მიდიოდი? 

– სერიოზული პრობლემები არ მქონია. თან, ყოველთვის ყველაფერს ჩემით ვაანალიზებდი. ისეთი სერიოზული არაფერი ყოფილა, რომ ბაბუსთან, ან ვინმესთან მივსულიყავი, შემეტყობინებინა. მცირედი რაღაცეები ყველას ცხოვრებაშია, მაგრამ ჩემით ვაგვარებდი. არ მიყვარს ჩემი პრობლემების ვინმესთვის თავს მოხვევა – თავად უნდა მოაგვარო, არ უნდა შეაწუხო არც ოჯახის წევრები.

– წლების შემდეგ მეუფე ამბროსიმ მოახერხა საქართველოში დაბრუნება.

– კი და ძალიან უხაროდა, ისევე, როგორც მე. ძალიან გამიხარდა, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. წლების განმავლობაში იშვიათად, მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობდით. მახსოვს, ადრე საჩუქრად მიკროფონი გამომიგზავნა, რომელშიც ელემენტები იდებოდა, ახლაც მაქვს. როდესაც საქართველოში დაბრუნდა, მიხაროდა, რომ მის ნახვას მოვახერხებდი. მივიდოდი ეკლესიაში, სადაც ის იყო და დამლოცავდა, მომეფერებოდა. ხშირად მივდიოდი მასთან. 

– 2008 წელს მამაშენმა, მამა ნოდარმა ნახა ის საკუთარ ბინაში გარდაცვლილი. ეს თქვენს ცხოვრებაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო... 

– კი, მამამ ნახა გარდაცვლილი. მარტო ცხოვრობდა ბინაში და ტელეფონზე არ პასუხობდა. შეიძლება, სულ ერთად არ ვიყავით, მაგრამ ძალიან მიყვარდა. ჩემთან ახლოს იყო და ძალიან ვინერვიულე, გულზე საშინლად მომხვდა. როგორც ბებიის, ასევე ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, ერთი და იგივე შეგრძნება მქონდა: თითქოს ცოცხლები ისევ აქ, ამქვეყნად არიან. ბაბუას პანაშვიდებზე გაჩერება ვერ შევძელი, ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. თან, ბაბუა იყო პირველი, ვინც ჩემი ოჯახის წევრებიდან გარდაიცვალა – რთულად გადავიტანე. ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა სამძიმარზე, პანაშვიდებზე, დასაფლავებაზეც უამრავი ხალხი მოვიდა. საოცარია, რომ გყავს ისეთი ბაბუ, რომელიც ბევრ ადამიანს უყვარს.

– ერთგან ამოვიკითხე: მეუფე ამბროსის სახე გარდაცვალების შემდეგ ვარდისფერი ჰქონდა, ცრემლი ჩამოსდიოდაო. 

– კი, ცრემლი მოსდიოდა. ვარდისფერი სახე, ლოყები ჰქონდა. ადამიანი რომ დაიღლება, დასცხება და ლოყები აუღაჟღაჟდება, ისე ჰქონდა. ცოცხალს ჰგავდა, ვერ წარმოიდგენდი, რომ მიცვალებული იყო. თვალდახუჭულ ადამიანს ჰგავდა, ვარდისფერი ლოყებით. თან, ცრემლი მოსდიოდა, მამაჩემი წმენდდა – ამ პროცესს, მით უმეტეს, ვერ ვუძლებდი. 

– რამე დაგრჩა მისგან სახსოვრად? 

– არაფერი, მხოლოდ ფოტოები და ის მიკროფონი, რომელიც მაჩუქა. 

– და ბოლოს, რას ნიშნავს შენთვის მისი შვილიშვილობა – ეს, ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა. 

– საზოგადოება ხშირად ბევრს ითხოვს ადამიანებისგან, მაგრამ ყველა ჩვეულებრივია და ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს. თვითონ უნდა იცოდე, როგორ წარმოადგინო შენი ოჯახი სახლში, გარეთ თუ საზოგადოებაში. შენი ქცევა, თავად მეტყველებ იმაზე, თუ როგორი მშობლები, ოჯახის წევრები გყავს, როგორ აღგზარდეს. როცა სერიოზული რაღაც ხდება, ცდილობ, ისე არ მოიქცე, რომ ამით ოჯახის წევრს, ოჯახს ზიანი, ტკივილი მიაყენო. შესაბამისად, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და სულ მახსოვს: „სადაც ვშობლივარ, გავზრდილვარ...“

 

скачать dle 11.3