კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სერიოზული გამოწვევა მიიღო კოტე თოლორდავამ და რომელ ქართულ-ამერიკულ კონტრაქტში გაუწევენ მას პარტნიორობას ჰოლივუდის მსახიობები

სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გაჩნდა, ვიდეოინფორმაცია, რომელიც იუწყებოდა, რომ კოტე თოლორდავა სასტიკად აწამეს like-ების გამო... მტერს არ ვუსურვებ, ისეთი ნაცემ-ნაბეგვი იყო ამ ვიდეოში ცნობილი ქართველი მსახიობი. უფრო სწორად, მისი ცემა-ტყეპისა და მეტიც, წამების ამსახველი კადრები იყო დაფიქსირებული (ისე, როგორც კინოში). 

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მივხვდი, რაღაც ხარისხიან რეჟისორულ და სარეიტინგო ბაზარზე კარგად გათვლილ ინტრიგასთან გვქონდა საქმე, მაინც ვერ მოვითმინე, რომ მხოლოდ ჩემი დასკვნების ამარა დავრჩენილიყავი და ყველაფერი პირადად კოტე თოლორდავასთან არ გადამემოწმებინა. 

 

– კოტე, გამაგებინე, რა იყო ეს და რატომ გაწამეს ასე დამაჯერებლად, მაღალპროფესიონალურად და თითქმის რეალურად?

– მეკუთვნოდა (იცინის). „ვირუსულ ვიდეოს” ეძახიან ამას, რეალურად კი ერთ-ერთი სარეკლამო სვლაა, ხრიკია, რომ ქართველი მაყურებელიც დაინტერესდეს იმით, რითაც უკვე დაინტერესებულია ამერიკელი მაყურებლების საკმაოდ დიდი ნაწილი. ამას, შეიძლება, ვუწოდოთ პროვოკაცია, შეიძლება – ხალხის მიზიდვის საუკეთესო საშუალება. როდესაც ასეთი ვიდეოსაათების განმავლობაში ადის მილიონ და მეტ ნახვაზე, ეს უკვე იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრი ამართლებს და, შესაბამისად, მოლოდინიც უკვე ძალიან დიდია. ქართულ სივრცეში ამგვარი ქმედება, მგონი პირველი იყო.

– სწორედ ამიტომ დავინტერესდით ყველანი. ამ ვიდეოს ასეთი წარწერა აქვს: LANDMINE GOES CLICK–ის გადამღები ჯგუფი. ისინიც ამერიკელები არიან?

– ეს ადამიანები, რომლებთანაც ახლა მე მიწევს თანამშრომლობა და რომლებიც ასე გამეტებით მაწამებენ, ნოვატორები არიან ქართულ ბაზარზე და მათი ნოვაციური ნაბიჯები მხოლოდ ამ ფილმით არ დაწყებულა. ვფიქრობ, არავინ შემედავება იმაში, რომ სტუდია „სარკე” დაფუძნების დღიდან ქმნის რადიკალურად განსხვავებულ პროდუქციას, რომელიც არა მარტო წარმატებით იყიდება, არამედ, საპრიზო ადგილებსაც იკავებს უცხოურ კინობაზარზე.  LANDMINE GOES CLICK იქნება ფილმის სახელწოდება, რომელიც ქართულ-ამერიკული პროდუქტია. „ნაღმი მოდის მოქმედებაში” – ასე ითარგმნება ქართულად. ეს არის მხატვრული ფილმი. ჩემთვის აბსოლუტურად ტაბუდადებული ჟანრი იყო, საერთოდ არ ვიყავი მისი მაყურებელი – ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ, საშინელებათა ჟანრს, ტრილერს. 

– ასეთი იქნება ეს ფილმი?

–კი, ოღონდ, ეს არ გულისხმობს ზომბებს, სისხლების გასხმებს და ამგვარ რამეებს, არამედ, უფრო უცაბედ ემოციაზე იქნება დამყარებული. როგორც მაყურებელს, მე, ზოგადად, არანაირი „საშინელებები” არასდროს არ მხიბლავდა, მაგრამ, როგორც მსახიობს, მიმაჩნია, რომ ამგვარ ფილმში მონაწილეობა ჩემთვის აბსოლუტური გამოწვევაა. დამაინტერესა იმიტომ, რომ  ეს აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრი ჩემთვის იქნება საინტერესო. ჩემი აზრით, მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება კოტე თოლორდავა სრულიად განსხვავებულ ამპლუაში როგორ გაართმევს თავს ამ ყველაფერს. იმის მიღმა, რომ ამ ფილმში ჰოლივუდის ვარკვლავებთან მომიწევს პარტნიორობა, მე გადავეკვეთე ძალიან საინტერესო რეჟისორს. ვგულისხმობ ლევან ბახიას და მის ძალიან საინტერესო შემოქმედებით ჯგუფს.

– როგორ დაგამტკიცეს ამ როლზე?

– პირველი მეილი მომივიდა ამერიკული მხრიდან, რომელმაც მიმიწვია ქასთინგზე. გავიარე საკმაოდ სერიოზული ქასთინგი. გარდა ქართველებისა, ამ როლისთვის იბრძოდნენ რუსები და უკრაინელები.

– დარწმუნებული იყავით წარმატებაში?

– არანაირად, თუმცა, სურვილი ძალიან დიდი იყო. როდესაც ამიხსნეს, თუ რა და როგორი იქნებოდა, ვინ ჩამოვიდოდნენ და ვის გვერდით მომიწევდა მუშაობა ემოციებმა ამიტანა, თუმცა, ყველაფერს გადააჭარბა ჩემი და ამ ფილმის რეჟისორის პირველმა შეხვედრამ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თვითონ რა უნდა და, გარდა ამისა, ფანტასტიკურად ურთიერთობს მსახიობებთან. მე ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი და მივხვდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორივეს წარმატებას მოგვიტანს.

– რა ჰქვია პერსონაჟს, რომელიც თქვენ უნდა განასახიეროთ?

– ილია. ჩემი მეუღლის როლს შეასრულებს ნანა კიკნაძე. დღესდღეობით ნანა საკმაოდ წარმატებული მსახიობია მოსკოვში და, პარალელურად, ასეთივე წარმატებული ჟურნალისტური კარიერა აქვს. ჩემი ქალიშვილის როლს კი შეასრულებს ლიკა ბეზარიშვილი, არაჩვეულებრივი გოგონაა. უკვე პატარ-პატარა „ოჯახური” გასვლები გვაქვს: ჩავედით გურიაში, მოვინახულეთ „ჩვენი სახლი”, მოვსინჯეთ რამდენიმე სცენა.

– ამერიკული მხრიდან რომელი მსახიობები ითანამშრომლებენ თქვენთან?

– ამერიკიდან ჩემი პარტნიორი იქნება მიჩელ მუსო. ეს გახლავთ ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი. ის ჰანა მონტანას სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს; ასევე, ტიმოტი ფელტონი, „ჰარი პოტერში” დრაკო მალფოის ვინც ასახიერებს, ძალიან საინტერესო პროცესები გველის წინ. 

– კაცმა რომელმაც ითამაშა, „ბაბულიკა”, შემდეგ ილია მართალი განასახიერა, ახლა...

– ახლაც ისევ ილია, ოღონდ, ძალიან არამართალი და აბსოლუტურად განსხვავებული ამპლუაა. სიუჟეტს მარტივად გეტყვით: ტურისტები აღმოჩნდებიან უცხო გარემოში, ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილას. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდება „მინაზე“, აქ უკვე შემოდის ჩემი პერსონაჟი და იწყება აბსოლუტურად განსხვავებული ნაციონალური წარმოშობის ადამიანებს შორის ურთიერთობა. 

– ეს ურთიერთობა იმავე ჟანრში მიმდინარეობს, რა ჟანრშიც like-ებისთვის გაწამეს?

– აი, მაგას ჯერ არ გეტყვით (იცინის). მაისის ბოლოს მეწყება გადაღებები. გაბურძგნილი დავდივარ, რადგან, ხელშეკრულებაში მიწერია, რომ ჩემს თმასა და წვერს ხელი არ უნდა ვახლო გადაღებების დასრულებამდე. ესეც თავის როლს თამაშობს ჩემს გარეგნობაში. იერი ვიცვალე. გრიმში რომ მომსინჯეს, აბსოლუტურად სხვა კოტე ვარ, უფრო სწორად – ილია, არაფრით არ ჰგავს კოტეს. ფილმში ჩემს გმირს ჰყავს ძაღლი, ჩვენ გვაქვს გაცნობისა და დაახლოების ყოველდღიური საათები. უკვე დავმეგობრდით და ვურთიერთობთ. ეს ნაკლებად პროგნოზირებადი ძაღლების ჯიშია, როტვეილერზე მაქვს საუბარი. ეს ის ძაღლია, რომელსაც ძაღლებს შორის ყველაზე უფრო ძლიერი ყბა აქვს. თუ ერთი ჩაგკბიჩა, ეგრევე ძვლებში გამტვრევს. ამ ძაღლთან ისეთი ურთიერთობა უნდა დავამყარო, რომ ვეტყვი – „ფას,” უნდა ეცეს და, „ფუს” რომ ვეტყვი, სულ რომ კისერზე ჰქონდეს კბილი დადებული, ეგრევე უნდა გაუშვას. რეალურად, რისკებთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ, ყველაფერი ათასჯერ გაზომილ-გათვლილია. კარგი ჯგუფია, მიხარია, რომ ამ ადამიანებს გადავეკვეთე და, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ლევან ბახიას ბრმად ვენდობი.

– იმიტომაც გიხილეთ ასე მშვენივრად ნაცემ-ნაბეგვი.

– (იცინის) მოხიბლული ვარ თავიდან ბოლომდე.

– უშუალოდ „წამების” კადრებზე მინდა ვისაუბროთ. ალბათ, ძალიან დიდხანს დაგჭირდათ გრიმზე მუშაობა.

– სისხლი ცოტა გრიმის იყო, ცოტა – ნატურალური, ანუ, მეც დავღვარე. აბა, რომ გირტყამენ, როგორ გგონიათ, სისხლის გარეშე?! 

– ბევრი დუბლის ჩაწერა დაგჭირდათ?

– რამდენი დარტყმაც არის, იმდენი დუბლია.

– ესე იგი, დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში რამდენჯერ მოგხვდათ?

– არ დაგიმალავთ და, კარგად მომხვდა (იცინის). მართლა კარგად მომხვდა, ნატურალისტურად.

– რა ხდება ამ მნიშვნელოვანი პროექტის მიღმა, კოტე თოლორდავას ცხოვრებაში?

– ბევრი საინტერესო რამ ხდება კოტე თოლორდავას ცხოვრებაში. ვემზადები რამდენიმე თეატრალური პრემიერისთვის; პარალელურად, მიდის ჩემი და ჩემი მეუღლის საავტორო გადაცემა – „განოს და კოტეს შოუ.” ამას გარდა, მიშა მშვილდაძე იღებს მხატვრულ ფილმს – „ტაქსი”, სადაც მე და კაბუ ვთამაშობთ. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი გრაფიკი მაქვს, ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. ვნერვიულობ, რომ რომელიმეს ხარისხმა არ იკლოს, როდესაც ასეთ ბევრ საქმეს ვარ შეჭიდებული.

– ამდენი პროექტიდან ერთი რომ მოგაკლდა, გამოდის, სიმღერის ხარისხი დაგიწუნეს?

– ძალიან მთხოვეს, რომ მაგ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. როგორ შეიძლებოდა, ამბიცია მქონოდა, როცა არასდროს მიმღერია?! როდესაც დამიძახეს ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ეგ ვუთხარი სწორედ – მე სიმღერა არ შემიძლია-მეთქი. რეალურად, ნოეს უნდოდა, რომ მაგ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. 

– კოტეს „ბაბულიკა” ისეთი რეიტინგული ბიჭი იყო, ნამდვილად მოუხდებოდა სცენასაც.

– ჰოდა, თავისი გასაკეთებელი, სანამ იქ იყო ბაბულიკა, ალბათ, გააკეთა კიდეც, ბაბულიკამ კი არა, კოტემ. მე იქ არ მიბაბულიკია, ცხოვრებაში ხომ, აბსოლურუტად არ ვარ ბაბულიკა. ღმერთმა მომცეს საშუალება, რომ უამრავი, მრავალფეროვანი იმიჯი შევქმნა. რაც უფრო ბევრი და ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანის განსახიერების საშუალება მომეცემა, ამას რა სჯობია, ესე იგი, ძალიან დიდი დიპაზონის შესაძლებლობები მქონია. 

 

скачать dle 11.3