კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მგონი, მშობლებს არ ვუყვარვარ

ძალიან ბევრი ვიფიქრე, მომეწერა თუ არა თქვენთვის წერილი და ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რადგან, ძალიან გულნატკენი ვარ ჩემს მშობლებზე. ძალიანაც კარგი იქნება, თუ წაიკითხავენ და მიხვდებიან, რომ მათზე ვწერ.

ვარ 13 წლის. მყავს ერთი წლით უფროსი და, რომელიც გამხდარი და ლამაზი გოგოა, მე კი მსუქანი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი სახე მაქვს, მაინც უშნოდ ვითვლები. ისე, მთლად ისეთი სქელიც არ ვარ, რომ ვერ დავდიოდე და თვალები არ მიჩანდეს, მაგრამ, ამ ოხერი სიმსუქნის გამო, არავინ არაფრად მაგდებს, შეიძლება ითქვას, ჩემი მშობლებიც კი. იმას კი არ ვამბობ, რომ ვძულვარ, მაგრამ, ჩემი და აშკარად უფრო უყვართ. მისით ამაყობენ, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო ნიჭიერი ვარ და უფრო კარგადაც ვსწავლობ. სადმე სტუმრად რომ მიდიან, ჩემს დას წინასწარ აფრთხილებენ, უნდა წაგიყვანოთო, ჩემი წაყვანა კი დიდად არ სიამოვნებთ. გარდა ამისა, რადგან მე მსუქანი ვარ, საჭმელსაც იმისთვის ყიდულობენ განსაკუთრებულსა და გამორჩეულს, რომ აღარაფერი ვთქვა, ტანსაცმელზე: მაკოსთვის ყველაფერს ძვირიანს ყიდულობენ, ბუტიკებში, ან ინტერნეტიდან იწერენ, ჩემთვის კი ლამის მეორადიდან მოიტანონ რაღაც მოფლაშული ძონძები. ერთხელ დედამ ისიც კი მითხრა, რატომ უნდა გადავყარო ფული ძვირიან ტანსაცმელში, მაინც არ მოგიხდება. გახდი და შენთვისაც გამოვიწერთ ტანსაცმელსო. ისე მეწყინა, მთელი ღამე ვტიროდი. მეც ძალიან მინდა გახდომა, მაგრამ, ვერ ვხდები და რა ვქნა, თავი მოვიკლა?! ისეთი ნაწყენი ვარ ყველაზე, მაგათი არაფერი აღარ მინდა, არც ის ჩამოფასებული ძონძები და არც დაყვედრებული საჭმელი. იმ დღეს მამაჩემმა მარწყვი მოიტანა. ბებიამ გარეცხა და ჯამით მაგიდაზე დადგა. მე მაგიდასთან ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი. მარწყვი რომ დავინახე, ერთი ცალი ავიღე და უცებ დედაჩემის ხმა გავიგონე – მთლიანად მაგას არ დაუდგათ, თორემ, სულ შეჭამს და ბავშვს არაფერს დაუტოვებსო (ბავშვი – ეს ჩემი უფროსი დაა). ყველაფერთან ერთად, დედამ ღორიც გამომიყვანა. წასასვლელი არ მაქვს, თორემ ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი ამათთან. ერთი რამე მაინტერესებს: ინვალიდი რომ ვყოფილიყავი, სადმე „პრიუტში“ ჩამაბარებდნენ თუ საერთოდ გადამაგდებდნენ?!

მანანიკო, 13 წლის.

 

საქმრომ მდიდარ ქალში გამცვალა

მე და გიგი სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენს სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა ინსტიტუტში. დიპლომები რომ ავიღეთ, ქორწილის დღეც დავნიშნეთ – გადავწყვიტეთ, ოქტომბერში დაგვეწერა ჯვარი და ხელიც მოგვეწერა. ნიშნობა კი დიპლომების აღებიდან ორ კვირაში გვქონდა. მოკლედ, ოფიციალური საცოლე და საქმრო გავხდით. მოხდა სასწაული და ორივემ ძალიან მალე ვიშოვეთ სამსახურები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დაწესებულებაში. ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ისე ხშირად ვეღარ ვიყავით ერთად, მაგრამ, ტელეფონით დღეში რამდენჯერმე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მერე გიგიმ მივლინებაში დაიწყო სიარული და უფრო იშვიათად გვიწევდა შეხვედრები, რაც ძალიან არ მომწონდა და მანერვიულებდა, რადგან, ამ ყველაფერთან ერთად, ვგრძნობდი, რომ შეიცვალა ჩემ მიმართ. შეხვედრისას აღარ იყო ხოლმე ძველებურად მხიარული და რომანტიკული; აღარც ყვავილები მოჰქონდა და, რაც მთავარია, ყოველთვის გაურბოდა ქორწილზე ლაპარაკს და, თუ რამეს იტყოდა, მხოლოდ ზოგად ფრაზებს. მე კი მინდოდა, სულ ამ თემაზე გვესაუბრა, დაგვეწყო გეგმები, შეგვედგინა დასაპატიჟებელი სტუმრების სია, მაგრამ გიგის ეს აშკარად აღარ აინტერესებდა, უფრო სწორად, აღიზიანებდა. ერთ დღეს კი ისე მოიქცა, პირდაპირ ვკითხე, გამაგებინე, რა ხდება-მეთქი. არაფერიც არ ხდება, უბრალოდ, ძალიან დავიღალე და, თან, სამსახურში გვაქვს რაღაც პრობლემებიო. მერე კი მითხრა, რომ ორი კვირით გზავნიდნენ მივლინებაში. მეორე დღეს გიგის საერთოდ არ დაურეკავს და არც ჩემს ზარზე უპასუხია, გვიან საღამოს კი დამირეკა დედამისმა და მითხრა (შევეცდები, სიტყვასიტყვით გადმოგცეთ მისი ნათქვამი): გვანცა, დედიკო, მე ახლა ძალიან მძიმე საუბარი მომიწევს შენთან და, ძალიან გთხოვ, ბოლომდე მომისმინე, და რაც მთავარია, უნდა გაგვიგო. ხომ იცი, ჩემი გიგი როგორი მგრძნობიარე ბიჭია, ამიტომ თვითონ ვერ დაგირეკა და, ნერვიულობა რომ ავიცილო თავიდან, მე გადავწყვიტე, დაგლაპარაკებოდი.

– გისმენთ-მეთქი, ვუთხარი და დავიძაბე, რადგან, მივხვდი, რომ რაღაც საშინელება უნდა გამეგონა.

– მოკლედ, ჩემო საყვარელო, შენ ჭკვიანი გოგო ხარ და უნდა გაუგო ჩემს შვილს. საქმე ისაა, რომ გიგი ერთ ძალიან კარგ გოგოზე ქორწინდება შაბათს, სწორედ ასეთ რძალზე ვოცნებობდი, ნამდვილად ჩვენი ოჯახის შესაფერისი ვარიანტია. ძალიან ვწუხვარ, ასე რომ იჩქარა ჩემმა ბიჭმა შენთან დაკავშირებით, მაგრამ, რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ამიტომ, ჯობია, ცივილიზებულად მოიქცე და ალიაქოთი არ ატეხო. და, რაც მთავარია, თუ ძალიან არ შეწუხდები, ჩემი სამკაულიც უკლებლივ დამიბრუნე უკან – იმდენი სად მაქვს, რომ აქეთ-იქით ვარიგოო. ამ სიტყვების მერე ყურმილი დავუკიდე, მაშინვე ჩავყარე მისი მოცემული ბეჭდები და საყურეები ცელოფანში, ჩავიცვი და გიგის სამსახურში მივიჭერი. ოთახში რომ შევედი, ვიღაც ქალთან ერთად იდგა ფანჯარასთან, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. რომ დამინახა, შეცბა და დაიბნა. მე მაგიდაზე დავუყარე სამკაული და ვუთხარი: დედაშენმა დამირეკა და მითხრა, რომ ეს ბეჭდები შენი ახალი საცოლისთვის სჭირდება. ძალიან გთხოვ, აქვე, ჩემი თანდასწრებით გადაითვალე, ხომ არაფერი აკლია, რომ მერე რამე არ დამაბრალოთ-მეთქი. რა თქმა უნდა, არ დაუთვლია, იდგა ხესავით და გაშტერებული მიყურებდა.

რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ „მათი ოჯახის შესაფერისი“ რძალი თითქმის ათი წლით იყო გიგიზე უფროსი, ორი შვილი ჰყავდა სხვადასხვა ქმრისგან და, თან, ძალიან მდიდარი ყოფილა.

ასე ჩაიშალა ჩემი გათხოვება. მართალია, საშინლად განვიცადე, მაგრამ ბებიაჩემი მეუბნება, ეტყობა, ასე იყო საჭიროო. ალბათ, მართალია ბებია.

გვანცა, 22 წლის.

скачать dle 11.3