კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეშინიათ თამარ გვერდწითელსა და ანი ლორაკს უკრაინულ „ვოისში” ნახევარფინალისტი მეგი გოგიტიძის სცენაზე გამოსვლის

უკრაინის კონკურს „ახალ ხმაში” ქართველმა მომღერალმა მეგი გოგიტიძემ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. ის უკრაინელი ხალხის ესემესლიდერიც კი გახდა. ახლა მეგი ფინალისთვის ემზადება და ის, რომ ორსულობის მეცხრე თვეშია, ხელს კი არ უშლის, პირიქით, გამარჯვებისთვის სტიმულს აძლევს. რატომ ეშინია მისი სცენაზე დგომა ანი ლორაკს, რაზე ესაუბრება მას კულისებში თამარ გვერდწითელი და რა ძალას აძლევს მას ქართული გენი, სიმღერის დროს, ამაზე თავად მეგი გვესაუბრება. 


მეგი გოგიტიძე: ჩემდა გასახარად, წარმატებით გავიარე უკრაინული „ვოისის” ბრმა ქასთინგი, რინგი, ნოკაუტი და პირველ პირდაპირ ეთერში ხალხის ესემესლიდერიც გავხდი. ახლა ნახევარფინალში გადავედი და ამისთვის ვემზადები. ანი ლორაკის გუნდში დავრჩით მე და ერთი ბიჭი. ახლა დიდი კონკურენცია გველის წინ და ბოლო ორი ტურისთვის მიდის ბრძოლა.

– როგორც ვიცი, ორსულობის მეცხრე თვეში ხარ. სიმართლე გითხრა, როდესაც შენ დგები სცენაზე, სიმღერას იწყებ და მაღალ ბგერებს იღებ, დარბაზიც და ჟიურის წევრებიც შიშის თვალებით გიყურებენ.

– (იცინის). ეს მეც შევამჩნიე. ანი ლორაკი მეუბნება, რას აპირებ, სცენაზე უნდა იმშობიაროო (იცინის). წამყვანმაც კი მკითხა, მეგი არ გეშინიაო, გამეცინა და ვუპასუხე: არა-მეთქი. ჟიურის წევრები გაოგნებულები არიან ჩემი მდგომარეობით. თუმცა, მე ეს არ მზღუდავს, არც ხელს მიშლის, პირიქით, უფრო მომართული ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინელი ხალხის რჩეული გავხდი. მათ, მე, ქართველს გამომიგზავნეს ყველაზე მეტი ესემესი თავიანთი ქვეყნის „ახალი ხმის” კონკურსზე და ეს ჩემთვის გამარჯვებაზე მეტია. სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი, გამიხარდა და გაკვირვებული დავრჩი. მოკლედ, ექსტრემალურ სიტუაციაში ვარ, არ ვიცი, როდის რა მოხდება, როდის დამეწყება მშობიარობა, მანამდე კი სცენაზე ვიდგები და კონკურსს გავაგრძელებ. 

– მეგი, მახსოვს, ბრმა ქასთინგი რომ გაიარე, ამბობდი, არც კი ვიცი, რა პრიზებია დაწესებული გამარჯვებულისთვის, მე აქ გამარჯვებისთვის კი არა, ჩემი ძალების გაოსაცდელად ვარ მოსული, მინდა, ხალხმა გამიცნოსო. ახლა ნახევარფინალში ხარ და რას ფიქრობ?

– შოუში რომ მიდიხარ, რასაკვირველია, მოგებაზეც ფიქრობ. თუმცა, ჩემი მთავარი პრინციპი მოგება მართლა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალშიც გადავედი. მინდა, ჩემი შესაძლებლობები მივიტანო ხალხამდე და ვნახოთ, რა მოხდება. ამ მდგომარეობაში, ორსული, აქამდე რომ მოვედი, ესეც დიდი საქმეა.  ახლა კი, როცა დიდი რისკია მშობიარობა სცენაზე დამეწყოს, მაინც არ დავტოვებ კონკურსს. ფინალი 8 ივნისს უწევს და ამ დღეს მიწევს მშობიარობაც. მეუბნებიან, აბა, შენ იცი, გაიმარჯვე და პრიზით ხელში გავარდი სცენიდან პირდაპირ სამშობიაროში. იქ კი მეორე პრიზიც დაამატე ბავშვის სახითო (იცინის). უნდა ნახოთ, როგორ მივლიან და მეფერებიან კონკურსანტებიც და ჟიურის წევრებიც. ყველა დადებითადაა განწყობილი ჩემს მიმართ და ამაში დიდი წვლილი ჩემს მდგომარეობას მიუძღვის. სასწაული იცით, რა არის? სანამ სცენაზე გავალ, მუცელში ბავშვი ხვანცალებს, ფეხებს მირტყამს, მაგრამ, როგორც კი სცენაზე გავდივარ და ვიწყებ სიმღერას, ჩერდება, ისუსება და მაძლევს იმის საშუალებასა და ძალას, ისეთი ბგერა და ნოტი ამოვუშვა, რასაც აქამდე ვერ შევძლებდი. დედობრივი ინსტინქტით ვგრძნობ, რომ ამხელა მუცლით დგომა ჟიურის წინაშე და კონკურენტებთან სიმღერა, რისკი კი არა, სასწაულია.

– თამარ გვერდწითელი უკრაინული „ვოისის” ჟიურიშია. ის რას გეუბენება?

– განსაკუთრებულად თბილია ჩემ მიმართ. ორი ქართველი ვართ ამ პროექტში და ერთმანეთით ვამაყობთ. ძალიან თბილი, საყვარელი და უბრალო ადამიანია. რომ დამინახავს, მეხუტება, მეკითხება ბავშვის მდგომარეობას, მეუბნება, შენ ღირსი ხარ ფინალში იდგე სცენაზე, სასწაული გოგო ხარო. მისი მხარდაჭერა ძალიან დიდ რამეს ნიშნავს ჩემთვის. 

–  ანი ლორაკი საკმაოდ ბევრს მუშაობს შენთან. განიცდის, გეხმარება, შენთან ერთად იზიარებს ტურიდან ტურში გადასვლის სიხარულს. ხომ არ აპირებ, მომავალში, მწვრთნელი დაინათესაო და ბავშვი მოანათვლინო?

– ძალიან კარგი ადამიანია ანი ლორაკი, თბილი და ყურადღებიანი. თუმცა, მის დანათესავებაზე ჯერ არ დავფიქრებულვარ (იცინის). ჯერ იმდენი ხნის მეგობრობა არ გვაკავშირებს, რომ დავნათესავდეთ.

– ამბობ, ჩემი მიზანია, ხალხმა გამიცნოს და გამარჯვებაზე არც კი ვფიქრობო. უკვე მიზანი მიღწეულია, რადგან არაერთი შემოთავაზება გაქვს და თუ არ ვცდები, ხალხი ქუჩაში გაჩერებს და გეფერება. 

– ასეა, არაერთი შემოთავაზება მაქვს კონცერტებზე, მაგრამ ამ მდგომარეობაში ვერ ვახერხებ სხვა რამეს. თან, კონკურსისთვის მზადებას დიდი დრო მიაქვს. მე ამ პროექტში გამარჯვება გამოცდილებას შემმატებს. უკრაინელი ხალხის სიყვარული კი, ვფიქრობ, მართლაც მოვიპოვე უკვე. 

– წარმომიდგენია, ქმარი როგორ გგულშემატკივრობს, როცა ამხელა მუცლით სცენაზე დგახარ და მღერი. 

– სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს არ უყვარს, როცა მის ფოტოს ვდებ საიტზე. არც ჩემს საგულშემატკივრო „კამანდაში” ჩნდება და არც დარბაზში ჯდება. კულისებში დგას და უნდა ნახოთ, როგორ ნერვიულობს. ამას წინათ, ბავშვის რაღაცეების ყიდვა გვინდოდა და ქუჩაში იმდენმა ადამიანმა გამაჩერა, მომეფერა, სურათი გადაიღო ჩემთან და მესაუბრა, გადაირია ჩემი ქმარი, აღარ გამოგყვები არსადო (იცინის). ასე რომ, ცნობადი ნამდვილად გავხდი უკრაინაში, ეს „ვოისის” დამსახურებაა. დათუნას, ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, ალბათ, იმიტომ გამოხატავენ ამხელა სითბოს და სიყვარულს ჩემს მიმართ, ორსულად რომ ვარ, ჰოდა, გადავწყვიტე, ამას რომ გავაჩენ, ეგრევე მეორე, მესამე, მეოთხე შვილი მივაყოლო-მეთქი (იცინის). ვერ ვუგებ იმ ქალებს, ვინც ამბობს, ჯერ კარიერას მივხედავ და მერე გავაჩენ შვილს, ორსულობა ხელს შემიშლისო. თუ მოინდომე, ორივეს კარგად გაართმევ თავს. პირიქით, ორმაგი სტიმული გიჩნდება და შენი პატარა, მუცლიდან გაძლევს უდიდეს ძალას. სულაც არ მრცხვენია იმის თქმის, რომ ოცი კილო მაქვს მომატებული. მაინც ვდგავარ სცენაზე, ვიბრძვი, შვილსაც გავაჩენ, გავზრდი და კარიერასაც მივხედავ. ეს, რასაკვირველია, რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი. დედობაზე დიდი კარიერა კი, დამიჯერეთ, არ არსებობს. 

– საქართველოდან უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს შენს გამოსვლებს უკრაინულ „ვოისში”. ალბათ, სოციალურ ქსელში ბევრ საგულშემატკივრო შეტყობინებასაც იღებ, არა?

– დიახ, ასეა და ძალიან მიხარია. ათასობით წერილი მხვდება საიტზე და ეს დიდი მხარდაჭერაა ჩემთვის. ჩემი და დათუნას ოჯახები ძალიან მგულშემატკივრობენ, ნერვიულობენ და განიცდიან. ჩემი ქმრის ბებია, ნაზიკო ბებო, ჩემს ყველა გამოსვლაზე თურმე ცუდად ხდება, ისე ნერვიულობს. მეუბნება, შენ რომ სცენაზე გხედავ, ასი წლის სიცოცხლე მემატებაო (იცინის). მინდა გითხრათ, ქართული გენეტიკა ძალიან მშველის. ეს არის ყველაზე დიდი სიმართლისა და ემოციების წყარო, რომელიც სხვა კონკურსანტებისგან გამომარჩევს და მაძლევს ძალას. ჩვენ, ქართველებს სულ სხვა ნიჭიერება გაგვაჩნია, რასაც სხვა ქვეყანაშიც ამჩნევენ და აღიარებენ. დამიჯერეთ, ის ქართული გენი, რაც ჩვენში დევს, იმდენად ძლიერია, ყველა სირთულეს გაუმკლავდება. დაანახვებს სხვებს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, შეგვიძლია, ვიყოთ თავდაჯერებული და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, გავხდეთ წარმატებული. 

– მეგი, მინდა, გისურვო გამარჯვება! იცოდე, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი გგულშემატკივრობს და ძალიან გაგვახარებ, თუ უკრაინული „ახალი ხმის” გამარჯვებული, შენ – ქართველი, უნიჭიერესი, მიზანდასახული და მამაცი გოგო გახდები.

– დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. მეც ძალიან მიყვარხართ და თუ გავიმარჯვე, ამ გამარჯვებას თქვენ, ჩემს ქართველებს მოგიძღვნით. თუმცა, წინ, ჯერ საფინალო ციებ-ცხელება მელის (იცინის).

 

скачать dle 11.3