კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა არჩილ სოლოღაშვილმა არაგენმოდიფიცირებული და ნოყიერი ქორეოგრაფიული პროდუქტი „რუსთავი 2-სათვის” და რა მოჰყვა ამას

არჩილ სოლოღაშვილისთვის წარმატება ლანგრით არავის მოურთმევია. მისი კარიერის ყოველი საფეხურის ავლა დიდი შრომისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად ხდებოდა. ჩვენს ინტერვიუში ყველასათვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი თავისი კარიერის სწორედ ამ საფეხურებზე გვესაუბრება.

 

არჩილ სოლოღაშვილი: ცეკვაზე 5 წლის ასაკში შემიყვანეს, დიდხანს ვცეკვავდი.  ყოველთვის მინდოდა, გავმხდარიყავი მოცეკვავე და მსახიობი. ცეკვის შემდეგ მომიწია თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში” მისვლა, სადაც მართლა ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდი. პირველი გასტროლიც სწორედ „ბერიკებიდან” იყო, 16 წლის ასაკში, მოსკოვში. ასევე, იყო „კლასცენტრი,” სადაც ჩვენი თაობის ბავშვები იყვნენ და, ურთიერთობები, თავისი პირველი გაპრანჭვა-გამოპრანჭვებით, თან – რუსი გოგოები... ეს იყო თინეიჯერობის პირველი ნაბიჯები, როდესაც თავს იმკვიდრებ საზოგადოებაში კიდევ უფრო სხვა სტატუსით. 

– ამის შემდეგ თეატრალურში ჩაბარება გაგიჭირდათ?

– სულ მეგონა, რომ ჩაბარება „ჩაწყობით” ხდებოდა. რაც გესმის, იმის გჯერა. ჩემი თავიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ეს ასე არ ყოფილა. წლების შემდეგ ყველაფერს ფარდა ეხდება და, დღეს ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ჯგუფში სწავლობდნენ ნიჭით ჩაბარებული ბავშვები. 

ვიყავი მესამე კურსზე, როდესაც პირველად რეჟისორმა ოთარ ეგაძემ მიმიწვია „თეატრალურ სარდაფში”. ეს იყო სპექტაკლი „ინსტინქტი”. ამან კიდევ უფრო სხვა ფერი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, რადგან, „სარდაფში” ჩემი პირველი პარტნიორები იყვნენ დუტა სხირტლაძე, ბაიკო დვალიშვილი და ნანკა კალატოზიშვილი.

– შემდეგი საფეხური იყო მუსიკისა და დრამის თეატრი.

– აქ პირველი როლი დოიმ შემომთავაზა სპექტაკლ „მარლენ დიტრიხში”. დიტრიხის ფსიქო-თერაპევტი ვითამაშე. პერსონაჟი იყო 26 წლის და უყვარდა 84 წლის მარლენ დიტრიხი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილი როლი იყო.

– ისე თუ მომხდარა, რომ, რამე შეცდომის ან გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო, სცენაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილხართ?

– როდესაც 7-8 წლიდან გამოდიხარ სცენაზე, გასწავლიან, რომ, თუ ილეთის დროს ფეხი გეშლება უნდა გამოასწორო, ისე, რომ გაჩერების უფლება არ გაქვს, ანუ, ისე უნდა „ილავირო” და მოიქცე, რომ ეს შენ გარდა ვერავინ შეამჩნიოს. ეს ძალიან გამომადგა შემდეგ თეატრში. მე თავს ვერ ვაძლევ უფლებას, რომ რამე შემეშალოს და, თუ შემეშალა, ვცდილობ, ისე გამოვიძვრინო თავი, რომ ვერავინ მიხვდეს, გარდა რეჟისორისა და პარტნიორებისა. ხშირად ეს ამართლებს, თუმცა, არ მახსენდება შეცდომა, სიტყვის გადაბრუნება ან ტექტის დავიწყება, რასაც ვერ ვიტყვი პირდაპირ ეთერზე – ეს კიდევ სხვა რაღაცაა, პირდაპირ ეთერს კიდევ სხვა სეგმენტი უყურებს. თითქოს ეს ყველაფერი გვერდიდან ძალიან ადვილად ჩანს: რა მოხდა, ამდენი წამყვანია ერთად ერთ გადაცემაში და, ვითომ არაფერი, ისინი ჩვეულებრივად საუბრობენ. ამის უკან კი ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ამაზე მუშაობს პროდიუსერების მთელი არმია, რომ გადაცემა დაგეგმონ ისე, რომ, „ვითომ არაფერი” და, შენ, რომელიც სახლში ზიხარ და ტელევიზორს უყურებ, ის წამყვანიც შენს თავთან უნდა გააიგივო, იმიტომ რომ, პრობლემა, რომელზეც ის გესაუბრება, შენამდე თუ არ მოვიდა, გადართავ და ნახავ იმ სერიალს, რომელშიც შენს თავს აიგივებ. მახსენდება ერთი დღე, როცა საკმაოდ პრობლემურ თემაზე იყო საუბარი, კერძოდ, ნაადრევ ქორწინებაზე და, ერთმა სიტყვამ მთელი წინადადება შემიცვალა – სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა და სულ სხვა რაღაც გამოვიდა. 

– ის ფრაზა გახსოვთ, რომელმაც ასე განერვიულათ?

– საუბარი იყო ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახებზე. იმაზე, რომ ადამიანები   ოჯახს სიყვარულით, სურვილით და ერთმანეთის მიმართ ლტოლვით ქმნიდნენ. მე სიტყვა „სიყვარული” ამომივარდა და, გამოვიდა, რომ მხოლოდ ლტოლვის გამო იქმნებოდა ოჯახები, რაც, მიმაჩნია, რომ მაყურებლისთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, ამას არავინ იმსახურებს. მე, როცა მაქვს საშუალება, ყოველთვის ვიხდი ბოდიშს, არასდროს არ მეზარება, არ მაქვს ამის კომპლექსი. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო კიდევ. პირდაპირ ეთერში არავინაა დაზღვეული. შენს ყოველ წინადადებაზე აგებ პასუხს, რადგან, შენ გიყურებს ძალიან ბევრი ადამიანი – „შუადღე” ძალიან რეიტინგულია. შენ არც იმის უფლება გაქვს, რომ გადაცემას რეიტინგი დააკლდეს შენ გამო და, არც იმის, რომ იმედები გაუცრუო ამდენ ადამიანს, რომლებიც შენზე მუშაობენ.  ყოველდღე „ეთერში ვართ!” – ამ ფრაზიდან მოყოლებული, მე ვიწყებ თამაშს, რომ, ვითომ არ ვნერვიულობ, ვითომ სახლში ვზივარ და მყავს სტუმარი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია – სტუმარი თავს ყოველთვის შინაურად უნდა გრძნობდეს, საუბარში რომ აგყვეს და გაიხსნას. ამ დროს კი, სიტყვაზე, ექიმი, იმიტომაა მოწვეული, რომ შენ ხალხის სახელით დაუსვა მას კითხვები. 

– ექიმი ახსენეთ და, ერთ-ერთ გადაცემას გავიხსენებ, სადაც ეპილეფისაზე იყო საუბარი. მაშინ თქვენ საკუთარ მაგალითზე ესაუბრეთ გადაცემაში სტუმრად მოსულ ექიმს.

– ეს იყო ძალიან დიდი შოკი, მე დღემდე არ მჯერა, რომ ეს პრობლემა მაქვს. დღემდე ვეწინააღმდეგები ჩემს თავს. ეს პრობლემა განკურნებადია, ექვემდებარება მკურნალობას, ამიტომ, მარტივად ვუყურებ. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, მერე ცხოვრების წესი შევიცვალე: არ ვათენებ ღამეებს, არ ვსვამ, ვცდილობ, ნერვები არ მოვიშალო, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჩემს დიაგნოზთან. მე კიდევ გამიმართლა, ისეთი ფორმა რომ მაქვს, რომელიც განკურნებადია, არაგენეტიკური და ხალხში არ იწვევს შოკს. ეს არის გადაღლილობით შეძენილი იმიტომ, რომ მე ძალიან პატარა ასაკში ავიღე დიდი პასუხისმგებლობა.

ძალიან ბევრ ექიმთან ვიყავი, სანამ მივხვდებოდი, საერთოდ რა მჭირდა; ძალიან დიდი ფული აკეთეს ჩემზე. კაპიკებს ვითვლიდი და ისე დავდიოდი ექიმთან, არადა, თურმე, მისი პაცინეტი არ ვიყავი. ეს ჩემთვის მტკივნეულია. მე ამით ოჯახს ვაკლებდი. ხან რა ეგონათ და ხანაც – რა. ეს ის პერიოდია, როდესაც სულ არ გჭირდება ეს პრობლემა და, არც ის გინდა, რომ ანერივულო ახლობლები და ოჯახის წევრები. ხანდახან, შეტევის დროს, აღიარებაც კი არ მინოდა, რომ არ ენერვიულათ. შესაბამისად, მარტო დავდიოდი ხან ვისთან, ხანაც – ვისთან. გამიმართლა, რომ დამიდგინდა და სახელი დაერქვა ამ პრობლემას, რომელსაც ვაგვარებ.

– ტელევიზიაში როგორ მოხვდით?

– ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. ტელევიზიიდან პირველი შემოთავაზება მივიღე, „იმედის ტალღა 4” ერქვა გადაცემას, სადაც მე და ჩემმა მეწყვილემ, თიკა ფაცაციამ, გავიმარჯვეთ. ამას მოჰყვა „რუსთავი 2”. იყო ასეთი პროექტი – „ბრავო,” სადაც ქორეოგრაფად მიმიწვიეს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოცდა იყო, კვირაში ექვსი-შვიდი ცეკვის დადგმა მიწევდა. ეს იყო ჩვეულებრივი საცხობი, სადაც შენ არ გქონდა არც იმის უფლება, რომ დაბალი ხარისხის ნედლეულით გესარგებლა და, არც იმის უფლება, რომ მიღებული პროდუქტი მერე ცუდად გაგეყიდა. ეს უნდა ყოფილიყო არა გენმოდიფიცირებული საკვები, არამედ, ნატურალური და ნოყიერი. ეს გამოცდა, მიმაჩნია, რომ  წარმატებით ჩავაბარე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღესაც „რუსთავი 2-ში” ვმუშაობ. მომავალში „ბრავოს” არაერთი პროექტი მოჰყვა და, შესაბამისად, ტელევიზიამ საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში. 

– თქვენს გენეტიკას რომ გადახედოთ, ვინმე გყავდათ თქვენსავით სცენის მოყვარული?

– გენეტიკაში ამდაგვარი არავინ მახსენდება. შემიძლია, ვთქვა მხოლოდ ის, რომ ოთხივე მხრიდან თავადიშვილი ვარ (იცინის). ეს საკითხი, თითქოს, ჩემი ძმისთვის უფროა მნიშვნელოვანი, მასში უფრო ყივის თავადიშვილური სისხლი. ჩემი ძმა არის ლევან დავიდოვ-სოლოღაშვილი, მე მხოლოდ სოლოღაშვილითაც ვკმაყოფილდები (იცინის). 21-ე საუკუნეში, პირადად მე, გლეხზე მეტს ვშრომობ და ამაში სათაკილო არაფერია. ჩემთან არაფერი არ მოსულა შრომის გარეშე, ყველაფერი შრომამ მომიტანა. მე ეს მირჩევნია, ვიდრე ლანგარზე მორთმეული.

 

скачать dle 11.3