კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა თბილისელი რაფაელ არუთუნიანი ცნობილი, მსოფლიო დონის მწვრთნელი ფიგურულ სრიალში

ჩვენი რესპონდენტი არის ადამიანი, რომლის ცხოვრების 50 წელი ყინულს უკავშირდება. პირველად 7 წლის ასაკში დადგა საციგურაო მოედანზე და მას შემდეგ დღის უმეტეს ნაწილს სწორედ იქ ატარებს. მისი სახელი ცნობილია ოკეანის იქითაც და აქეთაც. უამრავი მოციგურავის წარმატებაში მიუძღვის წვლილი და ყველა სპორტსმენისთვის სასურველი მწვრთნელია. რაფაელ არუთუნიანმა 18 წლის ასაკში დაასრულა მოციგურავის სპორტული კარიერა და მას შემდეგ მწვრთნელის სტატუსით გაითქვა სახელი. 

 

– ყინულთან თქვენი ურთიერთობა სწორედ თბილისში დაიწყო. მართალია, წლების განმავლობაში სხვა ქვეყნებში მოგიწიათ ცხოვრება, მაგრამ აქაურობას მაინც არ ივიწყებთ და წელიწადში ერთხელ ჩამოდიხართ მეგობრებისა და ახლობლების მოსანახულებლად.

– საქართველოში ყოველ წელს, მაისში ჩამოვდივარ. მხოლოდ ამ პერიოდში მაქვს დრო აქ ჩამოსასვლელად. თბილისიდან ჯერ ერევანში წავედი, მერე მოსკოვში ვიმუშავე 18 წელიწადი და უკვე 14 წელია, ამერიკაში ვმუშაობ. მე საქართველოდან არ წავსულვარ, უბრალოდ, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. თქვენ აქ მუშაობთ, მე – იქ. თქვენ აქ გაქვთ სახლი, მე – აქაც და ამერიკაშიც, ასევე მოსკოვშიც. შეიძლება, ბევრი სახლი გქონდეს, მაგრამ სამშობლო ერთია. აქ დავიბადე და ჩემი სამშობლო საქართველოა.  

– როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის დღეს საქართველოში ყინულის სტანდარტული მოედანი?

– ალბათ, არ არის ხალხი ამის გაკეთებით დაინტერესებული და იმიტომ. ფიგურულ სრიალს საქართველოში დიდი ისტორია აქვს. ვინმე რომ იყოს სათანადოდ დაინტერესებული, სტანდარტულ მოედანსაც აუცილებლად გააკეთებდა. ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია, რადგან ფიგურული სრიალი საკმაოდ პოპულარული სპორტის სახეობაა მსოფლიოში.  

– არაერთი მოციგურავე წასულა საქართველოდან და წარმატებისთვის უცხოეთში მიუღწევია.

– კი, ასეა. ძალიან ბევრი წავიდა საქართველოდან უცხოეთში. ესენი არიან მწვრთნელები, მოციგურავეები თუ, ასე შემდეგ.  

– ერთ-ერთი მათგანია ბესო ცინცაძე, რომელიც წლების განმავლობაში, ასევე ამერიკაში მუშაობს მწვრთნელად. მხოლოდ მან ციგურების ზომა შეცვალა და ფიგურული სრიალიდან ჰოკეიში გადაინაცვლა. როგორც ვიცი, მისი მწვრთნელიც თქვენ იყავით და 1993 წელს თქვენ გაიყვანეთ ევროპის ჩემპიონატზე.

– ბესო ძალიან ნიჭიერი სპონტსმენი იყო. რუსეთში მასთან ვმუშაობდი ორი წლის განმავლობაში. ევროპაზეც მე გავიყვანე. სამწუხაროდ, დიდხანს არ გვიმუშავია ერთად. მას საქართველოში მოუწია რაღაც პერიოდი დაბრუნება და ერთ წელიწადში დაანება კიდეც ფიგურულ სრიალს თავი. 

– როდის დაიწყეთ სრიალი?

– 7 წლის ვიყავი, თბილისში ყინული რომ გაიხსნა. მაშინ ძალიან პოპულარული იყო ფიგურული სრიალი და ძლივს მიმიღეს. მამაჩემს ნაცნობების ჩარევა დასჭირდა, ჩემ მისაღებად. სხვათა შორის, ჩემთან ერთად კიდევ ბევრი ბავშვი მიიღეს ნაცნობების ჩარევით და იქიდან ბევრი კარგი მოციგურავე დადგა. კარგი პირობები არც გვქონდა იმისთვის, დიდი „ფიგურისტები“ გამოვსულიყავით – პატარა ყინულზე ვსრიალებდით. 18 წლის ვიყავი, სრიალს რომ თავი დავანებე და ერევანში წავედი მწვრთნელად, რადგან იმ პერიოდში გაიხსნა იქ ყინულის მოედანი. 4 წლის შემდეგ კი, უკვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მყავდა ახალგაზრდებში და მსოფლიო ჩემპიონატზე (ახალგაზრდებში) წავედით. ამის შემდეგ, უკვე რუსეთის ფედერაცია დაინტერესდა ჩემით და მოსკოვში გადავედი სამუშაოდ. ერთ-ერთ ცნობილ ყინულზე დავიწყე მუშაობა. იქაც მყავდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. 

– ამერიკაში როგორ აღმოჩნდით, იქაც თავად მიგიწვიეს?

– ამერიკელებმა ძალიან ცნობილ და ელიტურ ყინულზე მიმიწვიეს სამუშაოდ, სადაც წამყვანი მწვრთნელები მუშაობდნენ. 13 წელი ვიმუშავე და გასულ წელს წამოვედი. წამოვედი, თუმცა ჩემთან ძალიან კარგმა სპორტსმენებმა დაიწყეს მოსვლა. მთავარი ის კი არ არის, კარგი სპორტსმენი რომ მოდის შენთან სამუშაოდ, მთავარია, შეძლებ თუ არა მის „დამუშავებას.” მაო ასადა იაპონიაში მთავაზობდა სამუშაოდ გადასვლას, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან ამერიკაშიც საკმაოდ კარგად ვიყავი. ისე გამოვიდა, რომ ამერიკაში საჭირო დროს აღმოვჩნდი და არაერთი ჩემპიონიც გავზარდე. მაგალითად, ჯეფრი ბატლი თავისი კარიერის შუა პერიოდში მოვიდა ჩემთან, რომელიც შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 

– ამ ეტაპზე ვის ავარჯიშებთ?

– ამჟამად ამერიკის ჩემპიონს, ეშლი ვაგნერს ვავარჯიშებ და 15 წლის ადამ რიპონს, რომელიც ამერიკის ორგზის ჩემპიონია. ასევე, ბევრ სპორტსმენს ვეხმარები და ვმუშაობ მათთან. ამერიკაში შეიძლება, ავარჯიშო სპორტსმენი, მერე კი უცებ გითხრას მადლობა და წავიდეს. მაგრამ, როცა მას ყინულზე სრიალისას სპეციალისტები აფასებენ, ხედავენ და ხვდებიან, ვისი შრომაა მასში ჩადებული. მაგალითად, როცა დენის ტენი მეორე თუ მესამე ადგილზე გავიდა. გასულ წელს, ტარასოვმა დამირეკა და მომილოცა. რომ ვუთხარი, მე დენისთან უკვე წელიწადია, აღარ ვმუშაობ-მეთქი, მიპასუხა: ეს არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვხედავთ, ეს ვინ გააკეთაო. პროფესიონალები ერთმანეთს კარგად ვიცნობთ.

– ელენე გედევანიშვილზე რას გვეტყვით?

– ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის აღება, ეს საქართველოსთვის სუპერმიღწევაა. მას ხალხი იცნობს, პატივს სცემენ, იციან, რომ საქართველოდანაა. ეს უკვე ძალიან კარგია. მაო ასადა, მაგალითად, მას ყოველთვის აკვირდებოდა, რადგან ელენეში კონკურენტს ხედავდა. ჩემი აზრით, ელენე გედევანიშვილის სახელით, შესაძლებელი იყო მეტი პრომოუშენის გაკეთება. მიმაჩნია, რომ ეს არასაკმარისად გაკეთდა. რა, საქართველოს ბევრი გედევანიშვილი ჰყავს? ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში კი არა, ამერიკაშიც ხდება.  

– სოჭის ოლიმპიადაზე თქვენი სპორტსმენის გამოსვლით კმაყოფილი ხართ?

– ჩემი სპორტსმენი მე-6 ადგილზე გავიდა და მას ამჯერად უკეთესი პოზიციის დაკავება არ შეეძლო. ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, როცა საუკეთესო ექვსეულში შედიხარ, ეს ცუდი ნამდვილად არ არის. 

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო?

– საქმის სიყვარული და ბევრი შრომა. 38 წელია, მწვრთნელად ვმუშაობ, ხოლო 12 წელი მოციგურავე ვიყავი. საერთო ჯამში, ჩემი ცხოვრება უკვე 50 წელია, ყინულს უკავშირდება. 5 ივლისს 57 წელის გავხდები.

– თქვენი შვილები რას საქმიანობენ?

– ჩემი ქალიშვილი 31 წლისაა. ის მოსკოვში, ზურაბ წერეთელთან მუშაობს მუზეუმში და საკმაოდ წარმატებულად. გამოფენებს უკეთებს. „ემგეუს” დამთავრებისთანავე, სამსახურში აიყვანეს. რაც შეეხება ვაჟს, მოსკოვში, კონსერვატორია დაამთავრა, შემდეგ კი ინდიანაში განაგრძო სწავლა. თვის ბოლოს ნიუ-იორკში, „კარმელ ჰოლში” აქვს გამოსვლა, ფორტეპიანოზე უკრავს. 

– ყინულთან არც ერთს არ აქვს კავშირი?

– არა, მე თვითონ არ მოვინდომე ეს და არც ერთი არ შევიყვანე ფიგურულ სრიალზე.

– რატომ?

– როცა საკუთარ შვილებს ავარჯიშებ, გინდა არ გინდა, სხვებისგან განსხვავებით, პრიორიტეტით ისარგებლებენ. ეს კი ჩემს სამუშაოს ხელს შეუშლიდა. ამიტომ ჩავთვალე, რომ მათი ცხოვრება ყინულს არ უნდა დაკავშირებოდა. ძალიან დიდი ხანია, ფიგურული სრიალის სამყაროში ვარ და მსგავსი მაგალითი ბევრი მინახავს. ასე რომ, ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. 

– საქართველოდან როდის მიემგზავრებით?

– მაისის ბოლოს მივდივარ და დავიწყებ ახალი სეზონისთვის მზადებას. სპორტსმენები უკვე ელოდებიან ჩემს დაბრუნებას. სანამ აქ ჩამოვიდოდი, ევროპაში ვიყავი, სემინარები მქონდა ორ ქვეყანაში, მერე კი აქ ჩამოვფრინდი. 

 

скачать dle 11.3