კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მიიღო ერთა ლიგამ, რომელიც „ნატოს“ პრინციპით მოქმედებდა, საქართველო თავის რიგებში 1920 წლის დეკემბერში, რითაც საბჭოთა რუსეთს ოკუპაციისთვის მწვანე აუნთო

იმ შორეულ წარსულზე აღარ შევჩერდები, თამარის ქალიშვილი, რუსუდანი რომ სთხოვდა ევროპას თანადგომას მუსლიმანური სამყაროს აგრესიისგან დასაცავად; არც იმას გავიხსენებ, რამდენი ამაო ელჩობა მოუწია სულხან-საბა ორბელიანს ევროპისგან მოწყალების მიღების მოლოდინში; არც ერეკლე მეორის მცდელობების ჩამონათვლით მოგაცდენთ ანალოგიური მიმართულებით. თუმცა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას გავიხსენებთ იმის შესაფასებლად, თუ რა ძალისხმევა გაიღეს ჩვენმა მოკავშირეებმა საბჭოთა რუსეთის აგრესიისგან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და, ზოგადად, ამიერკავკასიის დასაცავად. თემა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინ და დღევანდელი უკრაინის ტრაგიკული ბედის გათვალისწინებით. რა შეცდომები დაუშვა საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, რამდენად ქმედითი იყო მათი დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერა, შეიძლებოდა თუ არა საბჭოთა ოკუპაციის თავიდან აცილება და, შესაბამისად, რა გაკვეთილის გამოტანა შეგვიძლია თითქმის 100 წლის წინანდელი მოვლენებიდან? – თემას ისტორიკოს ვახტანგ გურულთან ერთად განვიხილავთ.

 

 –  ერთია ევროპის მოქმედება და მხარდაჭერა, მაგრამ, იყო თუ არა მზად მოსალოდნელი საფრთხისთვის, საბჭოთა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ოკუპაციისთვის, თავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა?

– საქართველო-რუსეთის 1921 წლის თებერვალ-მარტის ომს, რა თქმა უნდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ელოდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში ისეთი უნიჭო ადამიანები იყვნენ, ეს საფრთხე ვერ შეემჩნიათ. მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა 1920 წლის აპრილში დაიპყრო აზერბაიჯანი, ხოლო 1920 წლის ნოემბერში –  სომხეთი, რაღა მიხვედრა უნდოდა, რომ რუსეთი ომს დაუწყებდა საქართველოს?! მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს დასავლეთის დახმარების ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ.

– რა აძლევდათ ამ ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს? 

–  1920 წლის გაზაფხულისთვის, როდესაც რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი იურისდიქცია აღადგინა, ცხადი იყო, რომ საბჭოთა რუსეთი სამხრეთ კავკასიაში შესაჭრელად ემზადებოდა. ინგლისმა საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომ დაიცავდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენს, ესე იგი, არ დაუშვებდა საბჭოთა რუსეთის შეჭრას სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად ამ განცხადებისა, ინგლისს, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია, ანუ, დასავლეთის დახმარების იმედიც ფუჭი გამოდგა. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის იმედად ყოფნა იმდროინდელ პოლიტიკოსებს დიდ შეცდომად უნდა ჩაეთვალოთ.

– არ უღირდა ამიერკავკასიის დაცვა დასავლეთს თუ რა მიიღო სამაგიეროდ რუსეთისგან პასიურობის გამო?

– სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის პასიურობა შემთხვევითი არ იყო. 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარეობდა ინგლის-რუსეთის საიდუმლო მოლაპარაკება, რომელიც დამთავრდა შემდეგი შეთანხმებით: ინგლისი რუსეთს სამხრეთ კავკასიაში თავისუფალი მოქმედების უფლებას უტოვებდა. ეს იყო საიდუმლო დიპლომატია და ამის არცოდნის გამო იმდროინდელ ქართველ პოლიტიკოსებს პასუხს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ლოგიკურად საქმე ხომ აქეთ მიდიოდა?! ისინი კი, რატომღაც, ბოლომდე ევროპის იმედად იყვნენ. არადა, ევროპული დიპლომატიის მიერ ისეთი მინიშნებები კეთდებოდა, რითაც ქართველი პოლიტიკოსები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ევროპა ჩვენი დამცველი არ იქნებოდა. საერთაშორისო ურთიერთობაში არ არის მიღებული პირდაპირი განცხადებები –  არ დაგიცავ და საკუთარ თავს თვითონ მიხედეო.

– იმის გათვალისწინებით, რომ დღესაც ევროპის იმედზე ვართ, საინტერესოა, მაშინ როგორ იქცეოდა ევროპა, რაც მიგახვედრებდა, რომ ჩვენს დაცვას არ აპირებდა? 

–  მივყვეთ ქრონოლოგიურად: 1917 წლის 8 დეკემბერს თბილისში ანტანტის დელეგაცია ჩამოვიდა. რადგან დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ იყო, ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს ამიერკავკასიის კომისარიატი წარმოადგენდა, მაგრამ დელეგაციამ შეხვედრა გამართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა. ანტანტის დელეგაციაში დიპლომატების გარდა იმყოფებოდა  ინგლისელი გენერალი, სამხედრო ექსპერტი შორი. ქართველებმა კარგად ვერ გაიგეს მათი ჩამოსვლის მიზეზი. გაირკვა, რომ, რადგან რუსის ჯარი გადიოდა კავკასიისდან, ანტანტას ეშინოდა, გერმანიის მოკავშირე თურქეთს არ დაეკავებინა სამხრეთ კავკასია და, იმის გასარკვევად იყვნენ ჩამოსული, დაედგინათ, შეეძლოთ თუ არა ქართველებსა და სომხებს თურქეთისთვის წანააღმდეგობის გაწევა. ნოე რამიშვილი ძალიან გაცხარდა და ანტანტის დელეგაციას განუცხადა, ჩვენ ომში არ ვიღებთ მონაწილეობას, ნეიტრალიტეტს ვაცხადებთ, მაგრამ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, ჯარით თუ დაგვეხმარებითო. ჯარით დახმარებაზე ქართველებმა უარი მიიღეს. მაშინ ნოე რამიშვილმა მეორე კითხვა, დასვა: იარღით თუ დაგვეხმარებითო? ამაზეც უარი უთხრეს. ბოლოს, ქართველებმა  ფულით დახმარება ითხოვეს, რაზეც, ასევე, უარი მიიღეს. გაირკვა რომ ანტანტას თურქეთის წინააღმდეგ მეომარი საქართველოსთვის მხოლოდ სამხედრო სპეციალისტებით დახმარება შეეძლო. გაცხარებულმა ნოე რამიშვილმა განაცხადა: სამხედრო სპეციალისტი იმდენი გვყავს, იქით მოგახმართო. მაშინ ქართველმა პოლიტიკოსებმა ანტანტის დელეგაციას პირდაპირ დაუსვეს კითხვა: რისი იმედი უნდა ჰქონოდათ ევროპისგან; პასუხი ასეთი იყო: ევროპა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას ვერ ცნობს და ის რუსეთის შემადგენლობაში მოიაზრებაო.

– დღეს საქმე უკეთ ყოფილა: ფულით მაინც გვეხმარებიან.

– შემდეგი საგანგაშო სიგნალი გაისმა პარიზის კონფერენციაზე, რომელმაც 1919 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. საქართველოს დელეგაციას საიდუმლოდ განუცხადეს, სამწუხაროდ, გადაწყდა, რომ რუსეთი უნდა აღდგეს ძველ საზღვრებში, რადგან ევროპამ ვერ მოახერხა სამოქალაქო ომში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. ჯერჯერობით რუსეთის დანაწევრების გეგმა არ არსებობს და თქვენ რუსეთის საზღვრებში მოიაზრებითო. შემდეგი საგანგაშო სიგნალი 1920 წლის იანვარში მოვიდა, როდესაც ანტანტის უმაღლესმა საბჭომ დე-ფაქტო ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს მაშინვე განუცხადეს: დე-იურე ცნობა ევროპისგან არ იქნება, სანამ თქვენი ყოფილი მეტროპოლია –  საბჭოთა რუსეთი არ გცნობთო. მართლაც ასე მოხდა: მხოლოდ მას შემდეგ ცნეს ერთმანეთის მიყოლებით ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებმა დე-იურე ჩვენი დამოუკიდებლობა, რაც საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით. შემდეგი საგანგაშო სიგნალი 1920 წლის ზაფხულში გაისმა: ევროპაში მყოფ საქართველოს დელეგაციას უარი უთხრეს იარაღის შესყიდვაზე, რის გამოც, ფაქტობრივად, საქართველო, რუსეთთან ომის შემთხვევაში, სერიოზული რეზერვის გარეშე რჩებოდა. და, ბოლოს, 1920 წლის დეკემბერში, როდესაც ერთა ლიგაში საქართველოს მიღების საკითხი წყდებოდა, ინგლისმა და საფრანგეთმა მხარი არ დაგვიჭირეს, იმიტომ რომ, ერთა ლიგის წესდება ითვალისწინებდა ერთა ლიგის წევრი ყველა ქვეყნის დაცვას სამხედრო ძალით. ამ დროისათვის კი ინგლისს უკვე თანხმობა მიცემული ჰქონდა რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში თავისუფალი მოქმედების შესახებ.

– ამ ასი წლის განმავლობაში ჩვენი მოკავშირეების სქემა შეცვლილა: თუკი მაშინ გერმანია იყო ჩვენი ყველაზე აქტიური მოკავშირე, ინგლისი და საფრანგეთი კი გვბლოკავდა, დღეს ინგლისია უფრო აქტიური მოკავშირე, განსხვავებით გერმანიისა და საფრანგეთისგან. რატომ არ მოვუვედით მაშინ თვალში ინგლისს?

– რატომ დაუჭერდა ინგლისი ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას მხარს, როდესაც საბჭოთა რუსეთისთვის თანხმობა ჰქონდა მიცემული საქართველოს ოკუპაციაზე?! გამოდის, რომ ინგლისი თვითონ უნდა გადაჩეხილიყო ომში საბჭოთა რუსეთთან, რასაც, ცხადია, არ გააკეთებდა. ინგლისზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ მაშინდელი ევროპის პოლიტიკას ინგლისი განსაზღვრავდა, ხოლო ინგლის-საფრანგეთი ერთად ყველაფერს წყვეტდა ევროპულ პოლიტიკაში. ვისი დაცვაც უნდოდათ, მაგალითად, ბალტიის ქვეყნების, ისინი კიდეც მიიღეს ერთა ლიგაში. ამის მიუხედავადაც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას მაინც ჰქონდა იმედი, რომ ევროპა დაიცავდა.

– დღეს გაზი და ნავთობია რუსეთისადმი ევროპის იძულებითი სიყვარულის მოტივი, მაშინდელი „გაზი“ რა იყო?

 – პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა უამრავი პრობლემის წინაშე დადგა. ევროპას სჭირდებოდა პური და სხვა აუცილებელი პირველადი მოხმარების პროდუქტი, ასევე, სამხედრო მრეწველობის აღორძინებისათვის  ქვანახშირი, მარგანეცი, ნავთობი… ყოველივე ამის მიღება ევროპას მხოლოდ რუსეთისგან შეეძლო. სწორედ ამიტომ, ლოიდ ჯორჯმა წამოაყენა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის აღდგენის წინადადება. ევროპამ უზარმაზარი ნედლეული წაიღო რუსეთიდან, რუსეთში კი უამრავი ვალუტა შევიდა. ასე რომ, ევროპას თავისი პრობლემები ჰქონდა და, რუსეთმა, როგორც კი დაინახა, რომ ევროპა მასთან თანამშრომლობაზე მიდიოდა, მაშინვე თავისი პირობები წაუყენა. ერთ-ერთი პირობა იყო სამხრეთ კავკასია. ევროპას იმდენად დიდი მოგება რჩებოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით, რომ ამას სამხრეთ კავკასია ვერ გადაწონიდა. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ევროპა ასე ადვილად თმობს ღირებულებებს. ევროპას არ უნდოდა, უშუალო შეხება ჰქონოდა რუსეთთან, ამიტომ შუაში უნდა შექმნილიყო ბუფერული ზონა. აი, ამან გადაარჩინა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და არა იმან, რომ ამ ქვეყნების პოლიტიკოსები ქართველებზე უფრო ჭკვიანები და გამოცდილები იყვნენ. ევროპას უნდა შეექმნა ბუფერული ზონა საბჭოთა რუსეთთან. ამ ბუფერულ ზონაში შევიდნენ: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სხვა ქვეყნები. სამხრეთ კავკასიაში ევროპას ბუფერული ზონა არ სჭირდებოდა, რადგან სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი ევროპას ვერ ემუქრებოდა.  აი, სწორედ ამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეგვიწირა ჩვენ. ევროპამ სამ ნაწილად გაყოფილი პოლონეთი შეკრა ერთ სახელმწიფოდ და ის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად აქცია. სამხრეთ კავკასიაში კი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმს არ ამზადებდა. აქედან ევროპას თურქეთი იცავდა და ამიტომ რუსეთი რეალურ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა. სამწუხაროდ, მცირე ზომის ქვეყნები გავლენას ვერ ახდენენ დიდ პოლიტიკაზე.  

– თუ რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება გარდაუვალი იყო ევროპელებისა და რუსების შეთანხმების საფუძველზე, რა საჭირო იყო ომი და ამდენი მსხვერპლი?

– ეს შეცდომები იმდროინდელი ხელისუფლების კისერზეა, რადგან, თუ მიგაჩნია, რომ განწირული ხარ, ომი არ უნდა დაიწყო; ხოლო, თუ დაიწყებ, მზად უნდა იყო ამისთვის. ჩვენ შეცდომა იყო ის, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება წავიდა ომზე და ომისთვის მზად არ იყო, თუმცა, ჩვენ ვიცით მაგალითები, როდესაც მცირე ზომის ქვეყნის თავგანწირულ  ბრძოლას შეუცვლია მსოფლიო პოლიტიკა. მე არ შემიძლია იმის თქმა, საქართველოს რომ თავგანწირვით ებრძოლა, ევროპა თავს გამოიდებდა ჩვენს დასაცავად, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თუ ომს იწყებ, მზად უნდა იყო და ტყუილად არ უნდა ჩახოცო ამდენი ხალხი.  ჩვენ, შეიძლება, გვახასიათებს სხვის იმედად ყოფნა. არ ვიცი, იმ დროს არმიაში როგორი ფსიქოლოგიური განწყობა იყო, მაგრამ, მთლიანად ქვეყანა ომისთვის მზად არ ყოფილა. რუსეთი უზარმაზარ კამპანიას აწარმოებდა ჩვენ წინააღმდეგ, მთელ ევროპას უმტკიცებდა, მე ვცანი საქართველო და ახლა ის ამ ხელშეკრულებებს არღვევსო, საქართველოში კი ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მაშინ თბილისში არანაირი სააგენტო არ ფუნქციონირებდა და ევროპა მოსკოვიდან იღებდა ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ლამის ყოველდღიურად აწვდიდა ცნობებს საქართველოს წინააღმდეგ და მთელი ევროპა მოწამლეს დეზინფორმაციით. როგორც ჩანს, საქართველოს წარმომადგენლობას ევროპაში ეძინა. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს რუსეთი ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ქართველები შეიჭრნენ სომხეთში და ჟლეტდნენ სომხებს. ეს ევროპამ დაიჯერა, არადა, რუსები უკვე კოჯორთან და ტაბახმელასთან იყვნენ. მართალია, ლოიდ ჯორჯმა და სხვებმა იცოდნენ, რაც ხდებოდა რეალურად, მაგრამ რუსეთმა სათავისოდ დაამუშავა ევროპის საზოგადოებრივი აზრი. ეს იმდროინდელი ჩვენი მთავრობის შეცდომა იყო. თითქოს ეშმაკის წრე შეიკრა: საქართველოს მთავრობა ევროპისგან დახმარებას ელის და, ამ დროს, ევროპას ეუბნება, ჩვენ რუსეთთან კარგად ვართ, ხელშეკრულება  დავდეთო. ევროპამ ჩვენი მთავრობის მოუქნელი პოლიტიკის გამო ვერ გააცნობიერა, რომ საფრთხე გველოდა. მაგალითად, როდესაც საბჭოთა რუსეთმა სომხეთი დაიპყრო, საქართველოს პარლამენტში დადგა საკითხი –  რა ვქნათ, ხომ არ დავეხმაროთ სომხეთსო. ეს წინადადება საბოლოოდ უარყვეს, მაგრამ, მთელი დღეები დავობდნენ, რა განცხადება უნდა გაეკეთებინათ. ვერ გაბედეს ეთქვათ, რომ ეს იყო დიდი ქვეყნის აგრესია საცოდავი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ. აბა, რა პოლიტიკაზეა ლაპარაკი ამის შემდეგ?! ევროპამ როგორ უნდა გაიგოს, რომ საფრთხე გელოდება, როდესაც მწვავე რეაქცია არ გაქვს?!

– რამე თეორიული შანსი ჰქონდა ჩვენს არმიას ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად?

– არმია რომ ძლიერი არ იყო, ამაში მთავრობას ვერ დავადანაშაულებთ, რადგან, სამ წელიწადში არმია ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეიქმნება. მაგრამ აქ იყო შემდეგი პრობლემა: რუსეთი მომდგარი იყო საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან, სერიოზულად არც კი დამუშავებულა სამხრეთის საზღვრების დაცვის გეგმა. არ არსებობდა თავდაცვის კონცეფცია. სამხედროები ერთმანეთს აბრალებდნენ მარცხს, მაგრამ ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ დაუშვა შეცდომა. რაც მთავარია, თბილისში არ იგრძნობოდა, რომ 100 კილომეტრის იქით დიდი საფრთხე იყო მომდგარი და ის ხვალ-ზეგ ომად გადაქცეოდა, რაც მთავრობის დიდი შეცდომა იყო. რთული სათქმელია, შეიცვლებოდა თუ არა ისტორიის ჩარხის მიმართულება, ჩვენ რომ კარგად ორგანიზებული არმია გვყოლოდა, თუმცა, არასდროს გვყოლია ჭარბი ძალები და მაშინ ყველა ბრძოლა უნდა წაგვეგო: დიდგორიც, ბასიანიც, შამქორიც. ერეკლემ ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლა ძალზე მცირე ძალებით მოიგო. ასე რომ, ბრძოლა შეიძლებოდა, მაგრამ იმ დროს განწყობა არ იყო საბრძოლო. დოკუმენტებს რომ ეცნობი, ხედავ, რომ ყველა გასაქცევად ემზადებოდა. სამამულო ომის ხასიათი ვერ მიიღო ამ ბრძოლამ. იმდროინდელმა მთავრობამ სამი წლის განმავლობაში ისეთი საშინაო პოლიტიკა ვერ შეიმუშავა, რომ მოსახლეობას თავი გამოედო მისი დაცვისთვის. ასეთი საერთო-სახალხო ომი ვერ დაიწყო საქართველოში, თუმცა არმია ძალიან გმირულად იბრძოდა, იმიტომ რომ, ისინი იყვნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები, პირველ მსოფლიო  ომგამოვლილი ოფიცრები, ხალხი, რომელსაც სიკვდილის შიში არ ჰქონდა. განსაკუთრებით, გიორგი მაზნიაშვილი, გენერალი კვინიტაძე, ილია ოდიშელიძე და უმცროსი ოფიცრობა. თუმცა ჯარი თავისი თვისობრივი შემადგენლობით არ იყო ამ ოფიცრობის შესაბამისი. მეორე მხრივ, რუსების არმია მაწანწალების ბრბო იყო, უბრალოდ, ბევრნი იყვნენ. ჩვენი მხრიდან გმირობაც იყო და პროფესიული უპირატესობაც. რუსის ჯარს ხომ ოფიცრები არ ჰყავდა?! შეიძლებოდა რამდენიმე ბრძოლის მოგება, მეთეთრმეტე არმიის დამარცხება და უკუქცევა, თბილისის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაცვა, მაგრამ, თუ ევროპა არ დაგვეხმარებოდა, საბოლოო გამარჯვებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

 

скачать dle 11.3