კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში და რა ასაკიდან აქვს ბავშვს პოლიციისთვის მიმართვის უფლება მშობლების მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლებიც ოჯახში ძალადობის ნიშნით ჩადენილ გადაცდომებთან დაკავშირებულ ნორმებს აზუსტებს. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გამხდარა, რომ ხშირად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებულ დახმარებას, მშობლები არამიზნობრივად იყენებენ და ბავშვებს არ ახმარენ. ზოგადად, რა უფლებები აქვთ ბავშვებს საქართველოს კანონმდებლობით და რატომ გახდა აქტუალური მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობის საკითხი, – თემაზე ვრცლად „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატი, ელენა ფილიევა გვესაუბრება.

 

– რატომ გახდა აუცილებელი მშობლებისთვის მშობლის მოვალეობის შესახსენებელი მუხლის არსებობა? 

– ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 172-ე მუხლი 2013 წელს დაემატა და, ზოგადად, ითვალისწინებს მშობლის ან მშობელთან გათანაბრებული პირის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუკი არასრულწლოვანი, მაგალითად, არ დადის სკოლაში, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ფსიქოტროპული საშუალება, ატარებდა ან არამიზნობრივად გამოიყენა ცივი იარაღი თუ  დარეკა ცრუ შეტყობინებისთვის 112-ზე,  ანუ პატრულში. ასევე, მუხლი ითვალისწინებს სხვა შემთხვევებსაც, როდესაც არასრულწლოვანი ჩაიდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ამის გამო პასუხისგმებლობა ეკისრება მშობლებს ან მშობლებთან გათანაბრებულ პირებს, ეს შეიძლება, იყოს მეურვე ან მზრუნველი. რაც შეეხება ამ მუხლის შეფასებას, ჩემი აზრით, შეიძლება, მშობელი ხშირ შემთხვევაში დაზარალდეს ამ მუხლის გამო. როდესაც ბავშვი არ დადის სკოლაში, აშკარაა მშობლის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობა, მაგრამ, როდესაც ბავშვმა დაურეკა პატრულს ან გავიდა სახლიდან, ვიღაცამ მისცა ცივი იარაღი, რომლითაც მან სხვას მიაყენა ზიანი, სასამართლოს პრეროგატივაა, გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა მშობელს შესაძლებლობა, გაეკონტროლებინა ეს შემთხვევა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მშობლის დაჯარიმებას და მაქსიმალური ჯარიმა 2 500 ლარამდეა. ეს გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს, მაგრამ აშკარად უნდა იკვეთებოდეს, რომ მშობელი თავს ჯიუტად არიდებს საკუთარ მოვალეობას.

ჩვენ არ გვაქვს ბავშვთა უფლებების დაცვის ოფიციალური კანონი, მაგრამ უამრავ კანონშია გაბნეული ბავშვის უფლებები, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსში, რომელშიც წერია, რომ ბავშვს აქვს უფლება, გაიზარდოს ოჯახში, აქვს უფლება, მიიღოს განათლება და მშობლები ვალდებულნი არიან, დაიცვან ბავშვის ეს უფლებები. თუ მშობელი არ ასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ ლაპარაკია მისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევაზე სასამართლოს მიერ. ამის საფუძველია, მაგალითად, თუ მშობელი ეწევა ამორალურ ცხოვრებას, ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანის საჩივარი, მეზობლის, ნაცნობის, ნათესავისა თუ უცხო, გარე პირის, შეიძლება, გახდეს სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი.

– ამორალური ცხოვრების წესის შემთხვევაში, ეს ადვილად დასანახია, მაგრამ ვინ უნდა დაადასტუროს ან საიდან უნდა გაიგოს, მოახმარა თუ არა მშობელმა შვილს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა?

– სხვათა შორის, ცხოვრების ამორალური წესის შეფასებაც ძნელია. თუ, მაგალითად, სახლში, სადაც ბავშვი ცხოვრობს, ეწევიან პროსტიტუციას, იკრიბებიან ნაკროტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებლები, ამ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ამორალური ცხოვრების წესია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს რთულად დასამტკიცებელი ფაქტია. ზოგადად, ამორალური ცხოვრება უნდა ატარებდეს ისეთ ხასიათს, რომ გამოიხატებოდეს პროსტიტუციაში ან ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებაში.

– ბავშვის ფულს თუ თავისთვის იყენებს, ის როგორ უნდა გამოავლინო? მით უფრო, რომ ეს ფული არცთუ დიდი თანხაა?

– ამ შემთხვევაში თვითონ ბავშვსაც აქვს ჩივილის უფლება, მაგრამ ბავშვებმა, როგორც წესი, არ იციან ამის შესახებ. საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელსაც მიმართავს ბავშვი. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ბავშვთა პოლიცია და სხვა სპეციალიზებული ორგანოები, სადაც ბავშვები მიდიან, წერენ განცხადებებს. მათ გაესაუბრებიან და ამის შემდგომ ამოწმებენ ოჯახებს, სადაც მოხდა ძალადობა თუ რაღაც ისეთი, რამაც ბავშვის უკმაყოფილება გამოიწვია. ისეთი პრაქტიკაც არსებობს, როდესაც ბავშვი აფრთხილებს მშობლებს, თუ ხმის ტონს აუწევ, პოლიციას მივმართავო.

– ჩვენთან ვის შეუძლია მიმართოს მშობლებისგან დაზარალებულმა ბავშვმა, გარდა ჩვეულებრივ პოლიციისა?

– ჩვენთან ასეთი სპეციალიზებული ორგანო არ არსებობს, მაგრამ ბავშვს ჩვეულებრივი წესით შეუძლია მისვლა პოლიციაში. შეზღუდულ ქმედუნარიანად ბავშვი 7 წლის ასაკიდან ითვლება, როდესაც მას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, 10 წლის ასაკის შემდეგ კი, უბრალოდ, აუცილებელია ზოგიერთ საკითხში ბავშვის ნების გათვალისწინება. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც 10 წლის ასაკი იყო მითითებული ჩვენს კანონმდებლობაში ბავშვის მიერ პრეტენზიის გამოსათქმელ ასაკად. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოხდა ფაქტი, როდესაც 7 წლის ბიჭუნა მივიდა პოლიციაში, დაწერა განცხადება, უკვე იცოდა წერა, რადგან სკოლაში დადიოდა, რომ მამა სცემს დედაჩემს და გთხოვთ, დაეხმაროთ დედაჩემსო, კანონში შევიდა ცვლილება და ამ ზღვარმა 7 წლამდე დაიწია. სწორედ მაშინ ცნო ჩვენმა კანონმდებლობამ 7 წლის ბავშვი შეზღუდულად ქმედუნარიანად. იმიტომ რომ, იმ ბავშვის განცხადებას ვერ იღებდა პოლიცია, რადგან კანონში ბავშვის მიერ ნების გამოხატვის ასაკად 10 წელი იყო მითითებული. ამის შემდეგ ბავშვებს 7 წლის ასაკიდან მიეცათ თავიანთი ნების გამოხატვის უფლება.

– ბავშვს კი აქვს უფლება ჩივილის, მაგრამ ვიღაცამ ეს უფლება ხომ უნდა განუმარტოს?

– ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თავისი უფლებების შესახებ, რომ ძალადობას არ დაექვემდებაროს. სკოლებში მათ ესაუბრებიან ამ თემაზე, მაგრამ ბავშვის უფლებების განმხორციელებელი ხშირად მისი მშობელი ან მშობლის უფლების მქონე პირია. ბავშვის დაკითხვისას გამოძიებისა თუ სასამართლოს მიერ პროცესს უნდა ესწრებოდეს მშობელი, მასწავლებელი ან ფსიქოლოგი. თუ საქმე ეხება ერთ-ერთი მშობლის მიმართ ბავშვის პრეტენზიას, ბავშვის გამოკითხვას უნდა დაესწროს მეორე მშობელი, ფსიქოლოგი ან მასწავლებელი.

– ჩვენი კანონმდებლობით, რა უფლებები აქვთ ბავშვებს?

– ბავშვს აქვს შემდეგი უფლებები: გაიზარდოს ოჯახში, იყოს საკმარისად უზრუნველყოფილი საკვებით, ტანსაცმლით, გამოხატოს თავისი აზრი, მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა ორგანოდან, აირჩიოს რელიგია, არ დაექვემდებაროს ძალადობას, ანუ აქვს ყველა ის უფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. როგორც გითხარით, ჩვენთან არ არსებობს ერთი, კონკრეტული კანონი, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებოდა ბავშვის ყველა უფლება, მაგრამ ბავშვის ყველა უფლებაზე საუბრობს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ. სხვათა შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთავრობა რამდენიმე წელიწადში ერთხელ გაეროს შესაბამის კომიტეტს უგზავნიან ინფორმაციას ბავშვთა უფლებების განხილვის შესახებ. მორიგი ინფორმაცია უახლოეს მომავალში უნდა გაიგზავნოს. მათაც გამოაგზავნეს რეკომენდაციები, თუ რა უნდა გამოსწორებულიყო ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

– რა იყო გაეროს შესაბამისი კომიტეტის ბოლო რეკომენდაცია?

–  პრობლემა იყო ქუჩის ბავშვები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაეროს წინა რეკომენდაციების უმეტესობა შესრულდა და გაეროს მხრიდან დადებითად შეფასდა ამ კუთხით სახელმწიფოს მცდელობები.

– გავეცანი კვლევას ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, დაწყებული ფიზიკური ძალადობით და ფსიქოლოგიური ძალადობით დამთავრებული.

– როგორც აღმოჩნდა, ჩვენთან არის ბავშვთა მიმართ ძალადობა, თუმცა 2006 წლამდე ითვლებოდა, რომ საქართველოში ასეთი პრობლემა არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის კანონი შემოვიდა, აღმოჩნდა, რომ, თურმე, ძალადობის ბევრი ფაქტია. ეს ეხება ბავშვებს, ქალებს და მამაკაცებსაც. რატომღაც მიჩნეულია, რომ ეს კანონი მხოლოდ ქალებსა და ბავშვებს იცავს, არადა, ის იცავს კაცებსაც, ანუ ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომელიც დაექვემდებარება ძალადობას ფიზიკურს, ეკონომიკურს, ფსიქოლოგიურს თუ სექსუალურს. თუმცა უმეტესად გავრცელებულია ძალადობა ქალებსა და ბავშვებზე და, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად სწორედ ისინი ზარალდებიან. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები ძალადობდნენ მშობლებზე.

– არასრულწლოვანი ბავშვები?

– დიახ, თუმცა უფრო მეტი შემთხვევა ისეთი იყო, როდესაც შვილები თავინთ მოხუც მშობლებს ყრიდნენ სახლებიდან, საერთო სახლებიდან.

– მართალია, ჩვენთან ბავშვების მიმართ ძალადობის მაჩვენებელი არ არის ანალოგიურ ევროპულ მაჩვენებელზე მაღალი, მაგრამ იქნებ ის, რაც იმ კულტურაში ითვლება ძალადობად, ჩვენს კულტურაში არ აღიქმება ძალადობად?

– ზოგადად, ქართულ კულტურაში ტრადიციაა, რომ ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის არის პატივისცემითი ურთიერთობა. ზოგიერთ ქვეყანაში ამის ნაკლები ტრადიციაა. იქ ბავშვი, მას შემდეგ, რაც სრულწლოვნებას მიაღწევს, მიდის სახლიდან და, შესაბამისად, ძალადობის უფრო მეტი ფაქტიცაა, იმიტომ რომ, ტრადიცია არ არსებობს და სხვანაირი ცხოვრების სტილია. ჩვენთან ბავშვები ოჯახში არათუ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ რჩებიან, არამედ იმ ოჯახში მოჰყავთ ცოლი ან თხოვდებიან და მიჰყავთ ქმარი. პატრიარქალური ურთიერთობებია და პატივისცემა არსებობს, თუმცა არის ოჯახები, სადაც ძალადობა პრობლემაა.

– უმეტესად, რა ტიპის ოჯახებშია გავრცელებული ბავშვთა მიმართ ძალადობა?

– როდესაც მამები ან დედები, თუმცა დედები ნაკლებად, მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებას, იღებენ ალკოჰოლს. სწორედ მაშინ ხდება ძალადობა ბავშვების მიმართ, როდესაც მშობელი ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშაა. ასევე, თუ მშობელი აზარტულ თამაშებშია ჩართული, წაგების შემთხვევაში, ჯავრს ოჯახის წევრებზე იყრის და ძალადობს.

– შეიძლება, ითქვას, რომ ევროპულ ქვეყნებში ბავშვებს ძალადობისგან იცავს კანონი, ჩვენთან უფრო ტრადიცია?

– ჩემი მონაცემებით, ასეა. ჩვენთან ოჯახებში ტრადიციულია მშობლების პატივისცემა, როდესაც სხვა კულტურის ადამიანებთან მქონია ურთიერთობა, მართალია, მშობლებისადმი პატივისცემა ყველგანაა, მაგრამ განსხვავებული ტრადიციები აქვთ.

ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვებმა უფრო იციან თავიანთი უფლებები, იციან, რომ მშობელს არ აქვს მათთან ხმამაღლა დალაპარაკების უფლება, ხელის დარტყმის უფლება; იმის უფლება, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთებინოს რამე. ანუ გარემოს ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ისინი იზრდებიან იმ აზრით, რომ არსებობს სპეციალური ორგანო, ბავშვთა პოლიცია, რომელიც კონკრეტულად მათ, ანუ ბავშვის უფლებებს იცავს. ჩვენთან უფრო ტრადიცია იცავს, თუმცა, ჩვენთან, მთავარია, ბავშვმა მიიტანოს ეს ამბავი შესაბამის ორგანოებთან და რეაგირება, ბუნებრივია, იქნება.

– მე რომ ქუჩაში მითხრას უცნობმა ბავშვმა, რომ ძალადობის ან ცუდი მოპყრობის მსხვერპლია, შემიძლია, წავყვე პოლიციაში?

– შეგიძლიათ.

– თუ ყოფილა ჩვენთან შემთხვევა იმ 7 წლის ბიჭუნას გარდა, რომ ბავშვს მიემართოს პოლიციისთვის ოჯახში ძალადობის გამო? 

– ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 16 წლის გოგონამ უჩივლა მამას, რომელმაც სცემა. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი უკვე ნაკლებად შეზღუდულია თავის უფლებებში, უფრო კარგად იღებს გადაწყვეტილებას. ეს საქმე განიხილეს, მამა გამოიძახეს და შეარიგეს. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც 15 წლის გოგონამ განაცხადა პოლიციაში: დედა და მამა დიდი რადენობით იღებდნენ ალკოჰოლს და ბავშვს სცემდნენ. გოგონამ დალია წამლები, ცუდად გახდა, მივიდა მეზობელთან, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოწამვლის შემთხვევაში სასწრაფო ვალდებულია, გადასცეს პატრულს ეს ინფორმაცია, რომ გაირკვეს, რა იყო პრობლემა. გოგონამ უამბო მათ, რომ წამლები მშობლების მხრიდან ცუდი მოპყრობის გამო დალია. საბოლოოდ, ისინიც შეარიგეს. როგორც წესი, ასეთი საქმეები შერიგებით მთავრდება, რადგან მშობელმა ისევ უნდა გააგრძელოს თავისი მოვალეობის შესრულება და, ამდენად, საუკეთესო გამოსავალია.

– ბავშვის განცხადების საფუძველზე მშობლისთვის ჩამოურთმევიათ მშობლის უფლება?

– ასეთი შემთხვევები ხდება, თუმცა მე არ მსმენია დედობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, იმიტომ რომ, ჩვენთან დედები ძალიან იშვიათად ეწევიან ისეთ ცხოვრებას, რაც შეიძლება, მათთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი გახდეს. თუმცა არც მამობის უფლების ჩამორთმევაა ხშირი. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით.

 

скачать dle 11.3