კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუცრუა იმედი დავით აღმაშენებელმა მცირერიცხოვანი ჯარით მთელი აღმოსავლეთის მრავალრიცხოვან კოალიციას

მთელ სამაჰმადიანოში, მთელ აღმოსავლეთში – ეგვიპტიდან ირანამდე – ყოველ ქვეყანაში, ყოველ ქალაქში, ყოველ სოფელში, ყველა სასახლიდან, ყველა მინარეთიდან, ყველა გზაჯვარედინზე, ყოველი სულთანი, ხალიფა, ამირა, ათაბაგი, ბეგი, ყადი და მოლა მოუწოდებდა ქუდზე, უფრო სწორად, ჩალმაზე კაცს, საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებისკენ

 „სანამ საქართველო არ დაეცემა, არაფერი გვეშველება მუსლიმანებს: სანამ დავით მეფე ცოცხალია, ბედნიერი ვერ ვიქნებით თურქები, არაბები, სპარსები!“ – გაჰკიოდნენ მუსლიმანური სამყაროს თავკაცები.

არსად ჩანდა გამოსავალი. ქრისტიანულ სამყაროს და, განსაკუთრებით – საქართველოს, განადგურება ემუქრებოდა.

საქართველოს მესვეურები, ეკლესია და მეფე გიორგი მეორე მიხვდნენ, რომ საქართველოს ტახტს განსაკუთრებულად ძლიერი მპყრობელი სჭირდებოდა. გიორგი მეფის მხოლოდშობილ ძეს, 16 წლის ჭაბუკ დავითს ეტყობოდა, რომ ღვთის რჩეული იყო. ამიტომ, ქართულმა ორდენმა გიორგი მეორის თანხმობით, მეფედ აკურთხა დავით მეოთხე – „თვით მამამან (მეფე გიორგიმ) დაადგა გვირგვინი მეფობისა“. 

ახალგაზრდა მეფემ ყმა-მოლაშქრეთაგან, უბრალო მოქალაქეებისა და მსახურეული აზნაურებისგან ჯარის შეკრება დაიწყო. ნელ-ნელა წვრთნიდა მათ და გამარჯვებას აჩვევდა. მთაში გახიზნული მოსახლეობა თანდათანობით დაუბრუნდა სახლ-კარს. მეფემ დაამარცხა მოღალატე ფეოდალები; 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა თურქებს და ნელ-ნელა იბრუნებდა ტერიტორიებს: 1104 წელს აფხაზთა სამეფოს შემოუერთა კახეთ-ჰერეთი; 1110 წელს აიღო სამშვილდე, 1115 წელს – რუსთავი, შემდეგ წელს – ლორე და არაერთი სასტიკი მარცხი მიაყენა მტრებს.

1118 წელს დავით მეფემ ჩრდილოეთ კავკასიის ველებიდან საქართველოში ჩამოიყვანა 40 ათასი ყივჩაღური ოჯახი. ესენი იყვნენ დაქირავებული მეომრები თავიანთი ცოლ-შვილით, რომელთა ნაწილი დავითის სიკვდილის შემდეგ უკან დაბრუნდა; ნაწილი კი დავითის მიერ მათთვის გამოყოფილ მიწებზე დამკვიდრდა და გაქართველდა, სომხეთის ტერიტორიაზე დასახლებული ნაწილი კი გასომხდა.

1096 წელს რომის პაპმა ურბან მეორემ უფლის საფლავის გასათავისუფლებლად ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, ყველა ევროპელს მოუწოდა მასში მონაწილეობისკენ და ცოდვათა მიტევება აღუთქვა. „დეუს ლე ვოლტ (ღმერთს ნებავს)!” შესძახა ასი ათასმა, ზოგი ცნობით – სამასი ათასმა ევროპელმა და უზარმაზარი არმია იერუსალიმისკენ დაიძრა. გზად მათ შეუერთდნენ ბიზანტიის სამხედრო ძალა, სომხები, ასურელები და დავით მეოთხის ჯარისკაცები.

ჯვაროსნებმა აიღეს ანტიოქია, ედესა და, შემდეგ – იერუსალიმი. 

მუსლიმანთაგან გათავისუფლებულ იერუსალიმში შეიქმნა სამეფო (სამთავრო), რომლის მეთაურმა, გოტფრიდ ბულონელმა, „უფლის საფლავის მცველის“ ტიტული მიიღო. დაარსდა სხვა სამთავროებიც.

მუსლიმანები ნელ-ნელა გონს მოვიდნენ და გააფთრებული ბრძოლა დაიწყეს ქრისტიანთა წინააღმდეგ. მუსლიმანთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა თურქთა სახელოვანი მხედართმთავარი – ილღაზი. მან 1119 წელს შეუტია ანტიოქიის ქრისტიანულ სამთავროს. ანტიოქიის მთავარი როჟერი და ბევრი ევროპელი რაინდი ჯვაროსანი დაიღუპა ამ ომში. 

უკვე ამ დროისთვის იერუსალიმის მეფე იყო ბალდუინ მეორე. მან თავი მოუყარა ყველა ჯვაროსანს ილღაზის წინააღმდეგ და ანტიოქიას მიეშველა. ჯვაროსნებმა შეძლეს ანტიოქიის შენარჩუნება, მაგრამ, დიდი ზარალი განიცადეს.

ჯვაროსნებმა იცოდნენ, რომ თურქთა შეტევები განახლდებოდა, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ძლიერი მოკავშირის მოძიება. 1119 წელსვე, მეფე ბალდუინ მეორე ფარული ვიზიტით ეწვია დავით მეფეს ნაჭარმაგევში. დავითის პიროვნებამ დიდად დააინტერესა ქრისტიანები არა მარტო აღმოსავლეთში, არამედ, ევროპაშიც. მასზე ლეგენდები ვრცელდებოდა. ივერიას ჯვაროსნები განიხილავდნენ როგორც თავიანთ „წინა ბურჯს“.

1119-1120 წლებში, ქართული არმიის მიერ შევიწროებული და შეშინებული თბილისის მაჰმადიანი მმართველები და „ბერები“ (უხუცესები) მუსლიმანთა ქვეყნებისკენ გაეშურნენ, მათთან ერთად იყვნენ განძელი და დმანელი თავკაცებიც, რომლებმაც მიწა და ნაცარი დაიყარეს თავზე, შავად შეიღებეს ტანსაცმელი და ხელ-პირი და ვაებით ეახლნენ სულთნებსა და მეთაურებს.

თურქ-სელჩუკებმა და არაბებმა გადაწყვიტეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსკენ დაძრულიყვნენ გაერთიანებული ძალებით. მათ კარგად ესმოდათ, რომ ქართველ ხალხს, დავით მეფის მეთაურობით, გადაწყვეტილი ჰქონდა, შეექმნა უძლიერესი სახელმწიფო, რომელიც, არათუ ვინმეს დაემორჩილებოდა, არამედ, თავად გახდებოდა მტერთა დამმორჩილებელი და მოყვარეთა შემწე. ქართველების დამარცხების გარეშე კი შეუძლებელი იქნებოდა იერუსალიმისა და ანტიოქიის დაბრუნება, ბიზანტიაზე შეტევა, ევროპისკენ დაძვრა. 

 სწორედ ამიტომ, თურქ-არაბ-სპარსთა სამხედრო კოალიცია დაიძრა საქართველოსკენ და არა იერუსალიმისკენ.

კოალიციას ხელმძღვანელობდა ნეჯმ ად-დინ ილღაზი, ბაღდადის გამგებელი, მარდინის ციხის მფლობელი, ალეპოს დამპყრობი, ანტიოქიაში ჯვაროსანთა დამმარცხებელი. დავით აღმაშენებლის თანამედროვე სომეხი ისტორიკოსის, მათე ურჰაეცის ცნობით, მუსლიმანთა ლაშქარი 560 ათას კაცს შეადგენდა. ასევე იმდროინდელი მოღვაწის, ანტიოქიის სამთავროს კანცლერის, გოტიეს მონაცემებით, მუსლიმანთა ჯარი 600 ათასს ითვლიდა.

დავითის ისტორიკოსის სიტყვით, თურქ-არაბ-სპარსები იყვნენ „ვითარცა ქვიშა ზღვისა“. ისინი მოადგნენ თრიალეთს, მანგლისსა და დიდგორს.

ივანე ჯავახიშვილი და შოთა მესხია მიიჩნევდნენ, რომ მუსლიმანთა კოალიცია 300 000-ზე ნაკლები არ იქნებოდა. შეიძლება, ეს ცნობები მართლაც გადაჭარბებულია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მტრები ქართველებზე გაცილებით მეტნი იყვნენ.

მაჰმადიანები ყარსი-თრიალეთის, დვინისა და განძის მხრიდან შემოსულან საქართველოში და 1121 წლის 10 აგვისტოსთვის თავი მოუყრიათ მანგლის-დიდგორში. შესაძლოა, დავით აღმაშენებელმა მტრები ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა მანევრით შემოიტყუა.

სომეხი ისტორიკოსის, მათე ურჰაეცის თქმით, დავით მეფეს ბრძოლის ველზე გამოუყვანია 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 500 ოსი და 100 ევროპელი ჯვაროსანი. ჩვენი ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის გზით მიუახლოვდა და ორ მთას შორის დაბანაკდა. დავითს დასავლეთიდან უნდა შეეტია, დემეტრე უფლისწულს კი მოულოდნელად უნდა დაერტყა მთაზე გაშლილი ტყიდან, რათა უკან დასახევი გზა მოეჭრათ მტრისთვის. ქართველთა ლაშქრის უკან, ხევი ხის ჯებირებით ჩახერგეს, რათა, რომც სდომოდათ ქართველებს, უკან დახევა ვერ შესძლებოდათ. ეს იყო გადამწყვეტი ბრძოლა: ან გამარჯვება, ან სიკვდილი – სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. ამ ადგილს დღესაც „ჩახერგილას” უწოდებენ.

ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელმა სიტყვით მიმართა ჯარს: 

„ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და, ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისაკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდევაც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შემოსავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და, მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით, დაუნდობლად შევუტიოთ!“

დიდგორის ბრძოლა ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათ დღეს, 12 აგვისტოს მომხდარა.

როცა მეომარი მხარეები ერთმანეთის წინ დაეწყვნენ, მეფის ბრძანებით, ლაშქარს ორასი ქართველი ვაჟკაცი გამოეყო. ისინი მტერს მიუახლოვდნენ. ურჯულოებს ეგონათ, მეფეს უღალატეს და ჩვენს მხარეს გადმოვიდნენო, ამიტომ, დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ განლაგებაში. ქართული საომარი ხელოვნების ოსტატებმა, უეცრად იშიშვლეს ხმლები და თავგანწირვით დაერივნენ მტერს. ამან არეულობა გამოიწვია მუსლიმანთა რიგებში – უკანა რაზმებს ეგონათ, დავმარცხდითო და კისრისტეხით გარბოდნენ. ჭყლეტაში ბევრი დაიხოცა. 

სანამ მტერი გონს მოვიდოდა, დავით მეფე და ქართველთა ჯარი მუსლიმანებს ეკვეთა. გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა. ამ დროს მთიდან დაეშვა დემეტრე დავითის ძე თავისი ლაშქრით და ფლანგიდან შეუტია მტერს.

სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაეცი წერდა: ისეთი სასტიკი ბრძოლა იყო ორ მთას შორის, რომ, ლაშქართა საშინელი ხმაურისგან ეს მთებიც ხმაურობდნენო.

პირველივე შეტაკებამ ძლიერ შეარყია მუსლიმანთა რიგები და მათი დიდი ნაწილი გარბოდაო, – გვიამბობს დავითის ისტორიკოსი. ბრძოლა სულ სამი საათი გაგრძელებულა. მისივე სიტყვით, დავითზე ღვთის წყალობა იყო გადმოსული და თვით წმინდა გიორგი იბრძოდა ქართველთა მხარეს ურჯულოთა წინააღმდეგ, – ამის შესახებ ტყვედ ქმნილი მუსლიმანები გვიამბობდნენო.

მუსლიმანები გარბოდნენ, ქართველები კი მისდევდნენ, ჩეხდნენ ან იჭერდნენ. რვა დღე გაგრძელებულა მათი დევნა. ველები, მთები და მდინარეები მოკლულთა მძორებით ავსებულა.

გოტიესა და მათე ურჰაეცის ცნობით, 400 000 მუსლიმანი მოუკლავთ ქართველებს. არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკიც არ მალავს, რომ ქართველებმა უამრავი ტყვე აიყვანეს. ჩვენც დაგვიხოცეს მეომრები, მაგრამ, დავითის ლაშქრის დანაკლისი განსაკუთრებულად მცირე იყო მტერთან შედარებით.

„ძლევაი საკვირველი“ დიდად მნიშვნელოვანი იყო იმდროინდელი მსოფლიოსთვის. ქრისტიანები განმტკიცდნენ პალესტინაში, ბიზანტიაში, მცირე აზიაში, საქართველო კი უძლეველ ქვეყანად იქცა.

 

скачать dle 11.3