კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას წერდა „დონ ჟუანის” ნახვის შემდეგ ამერიკული პრესა და იყო თუ არა შეცდომა, რომ დე ნიროს თუმანიშვილის თეატრში სტუმრობისას ეს სპექტაკლი არ აჩვენეს

რეჟისორ ქეთი დოლიძეს წარმატებული ჟურნალისტული წარსული აქვს. ისეთი, რომლის მსგავსსაც, ხელოვნებისა და კულტურის დარგში მოღვაწე ნებისმიერი ჟურნალისტი ინატრებს. ამჯერად, ჩვენი საუბარის თემაც, მისი კარიერის ამ საფეხურს დაეთმობა. 

 

– 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ძალიან დიდი კინოფესტივალები მოსკოვში. თქვენ ამ ფესტივალებზე სპეცკორესპონდენტი იყავით. გაიხსენეთ ეს, მეტად საინტერესო პერიოდი თქვენი ჟურანისტური წარსულიდან.

– არაჩვეულებრივი მოვლენა იყო ეს კინოფესტივალები. შეიძლება ითქვას, მაშინდელ, საბჭოთა კავშირში, რკინის კედელი ახალგახსნილი გახლდათ. ამ პერიოდს „დათბობის პერიოდი” ერქვა, – „ოტტეპელ”. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ, როგორც კი ამ „ოტტეპელის” „პრომოუშენი” გაკეთდა დასავლეთში – ესე იგი, სოფი ლორენი, მარჩელო მოსტროიანი, თუ ფელინი.... არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა, არავითარი დაცვა. ახლა რომ დაჰყვება ერთ ადამიანს 7 ათასი კაცი, მსგავსი არაფერი იყო. ყველანი ცხოვრობდნენ ჯერ სასტუმრო „მოსკოვში”, შემდეგ ამ ფესტივალმა გადაინაცვლა სასტუმრო „რასიაში”. ნებისმიერ უდიდეს ვარსკვლავთან შეგეძლო დაგეკაკუნებინა, ან დაგერეკა ნომერში და შეთანხმებულიყავი ინტერვიუზე. 

მამამ მითხრა: შენთვის აუცილებელია ეს გამოცდილებაო. იყო მაშინ ასეთი მშვენიერი გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი”, სადაც ქალბატონი სოფა გველესიანი გახლდათ კულტურის განყოფილების გამგე. მან მითხრა: მე მინდა, რომ შენ იყო ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ამ ფესტივალებზეო. უნდა გითხრათ, რომ ჩემს არქივში არის უნიკალური ინტერვიუები. 

უცნაური კითხვარი მქონდა. ჩემმა პედაგოგმა მიხეილ კვესელავამ რომ ნახა, მითხრა: ყოჩაღ, ამ კითხვარით შენ შეგიძლია, ნებისმიერი ადამიანი გახსნა მეორე კითხვიდანვეო.

– როგორ არ დავინტერესდე ამ კითხვარით?  

– პირველი შეკითხვა იყო ასეთი: არ დაფიქრდეთ, ისე მიამბეთ, პირველ შთაბეჭდილებაზე, რომელიც ბავშვობიდან გახსოვთ. ეს ბავშვობაში აგდებდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორიც იყო – მონიკა ვიტი, ალბერტო სორდი, ბურვილი, სტენლი კრამერი – და ისინი მომენტალურად იხსნებოდნენ. მერე გადავდიოდი უკვე რეალურ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, კინოს პრობლემებზე...

– რომელიმე რესპონდენტის პასუხი თუ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად, მისი ბავშვობის შთაბეჭდილება-შეგრძნებებიდან?

– მახსოვს, ბურვილს ვკითხე: თქვენი ბავშვობის პირველი შთაბეჭდილება გაიხსენეთ-მეთქი და მიპასუხა: სილის გაწვნაო. იმიტომ რომ, სულ სახეში მიტყამდნენო. ძალიან ღარიბ ოჯახში გავჩნდი და ძალიან წუწკი ვიყავი, სულ გვშიოდა, ომის დროს და ომის შემდეგაცო. ამიტომ, ვიპარავდი საჭმელს, რის გამოც აქედან მამაჩემი მილაწუნებდა, იქიდან – დედაჩემიო.

– თქვენი და ბეატა ტიშკევიჩის მეგობრობაც ამ ფესტივალებიდან იღებს სათავეს?

– შეიძლება ითქვას. მამაჩემს ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდა ეჟი კავალეროვიჩთან – უდიდეს პოლონელ რეჟისორთან, იქვე იყო ანჯეი ვაიდა და მაშინ ბეატა ტიშკევიჩი მისი მეუღლე გახლდათ, – ულამაზესი ბეატა. ფესტივალების დასრულების შემდეგ, მამას ყველაზე დიდი ვარსკვლავები ჩამოჰყავდა ხოლმე თბილისში. ყველა რესპუბლიკა ჩხუბობდა, სიკო დოლიძეს ატანთ საქართველოში ყველაზე საპატიო სტუმრებსო. ბეატაც სწორედ ამ პერიოდში ჩამოვიდა. მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობაც, დიდ პოლონურ კინემატოგრაფთან და მის ვარკვლავებთან. ეჟი კავალეროვიჩი სიცოცხლის ბოლომდე მეძახდა: „მოია ცურკა” – ჩემი ქალშვილი. 

– მე ბავშვობაში დაბრუნებას არ გთხოვთ, თუმცა დაუფიქრებლად კი მინდა, მიპასუხოთ, რომელია თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი და დიდი შთაბეჭდილება ამ ინტერვიუებიდან?

– ბურვილი, მონიკა ვიტი, რა თქმა უნდა, სტენლი კრამერი, ეჟი კავალეროვიჩი და ანჟეი ვაიდა, საოცარი იყო ალბერტო სორდიც. მათ თავი დამამახსოვრეს თავისი გულწრფელობით, სიღრმით, სიცოცხლის სიყვარულით.

ალბერტო სორდიმ თავისი ბავშვობის ყველაზე დიდი ემოცია გააიგივა შიმშილთან. მახსოვს, სულ მშიოდაო. სხვათა შორის, ერთად ვსადილობდით, როდესაც მაძლევდა ამ ინტერვიუს. ბოლოს მიუტანეს ნუშის ნამცხვარი. რომ მიირთვა, თეფშზე დარჩა ნამცეცები, უკაცრავად ამ ინტიმისთვის, მაგრამ უნდა ვთქვა: დაისველა თითი, შეაგროვა ეს ნამცეცები და გადაუშვა პირში. ამის შემდეგ, თავი რომ ასწია და დაინახა ჩემი გაფართოვებული თვალები, სიცილით მითხრა: ეს იმის შედეგია. ვიცი, რომ არაფერი არ უნდა დავტოვო, ყველაზე დიდი მკრეხელობა საჭმლის გადაგდება და ბოლომდე არ მირთმევააო.

– თქვენ, სამოციანებიდან დაწყებული, ოთხმოციანების შუამდე, თითქმის ყველა სილამაზის ეტალონად აღიარებული ქალბატონი ნახეთ. მათ შორისაც დაგამახოვრდებოდათ რომელიმე განსაკუთრებულად.

– ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა სოფი ლორენმა. რომ ვუყურებდი არასტანდარტული იყო ეს ქალი, რაღაცა ღმერთქალი. ჩემზე არავის მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება. ერთი რამ ჩამყვა ხინჯად თუ ნაღველად, რომ ვერასოდეს ვნახე და ვერ გავიცანი ანა მანიანი. ალბათ, ეს იქნებოდა ჩემი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ცხოვრებაში. როგორც შემდეგში, უზარმაზარი შთაბეჭდილება და შეიძლება ითქვას, ბედნიერება იყო, რომ დავუმეგობრდი ვანესა რედგრეივს.

– კინოვასკვლავების რამდენიმე თაობას იცნობთ. თანამედროვე მსახიობებიდან ვისთან შეხვედრას ისურვებდით?

– სიამოვნებით შევხვდებოდი ალ პაჩინოს, რომელსაც ავცდი შემთხვევით, კევინ სპეისს, მერილ სტრიპს, არ მიყვარს ოთხი და ხუთდღიანი არტისტები... რა თქმა უნდა, ლეონარდო დიკაპრიოს, რომელიც ყველაზე უფრო საინტერესო და უნიკალური მოვლენაა ახალგაზრდებში... დე ნიროს, რომელსაც შევხვდით და ამ თეატრშიც გვყავდა, მაგრამ ეს უცაბედი შეხვედრა იყო. ახლა ვიტყვი იმას, რასაც შეიძლება, არ უნდა ვამბობდე. რატომღაც კულტურის სამინისტრომ, თუ კინემატოგრაფისტთა კავშირმა გადაწყვიტა, რომ დე ნიროს უნდა ენახა არა „დონ ჟუანი”, თუმანიშვილის აბსოლუტური შედევრი, არამედ – „წუთისოფელი”, ნუგზარ ლორთქიფანიძის, ბრწყინვალე, მართლა არაჩვეულებრივი სპექტაკლი. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ის სპეციფიკურად ჩვენია. რომ გაიგო, უნდა იცნობდე ქართულ მენტალიტეტს, ეთნოსს, ყველაფერს.

– გაგანდოთ დე ნირომ თავისი შთაბეჭდილებები სპექტაკლის შემდგომ?

– ვერ აღიქვა. რაც არ უნდა კარგად გადაგვეთარგმნა მისთვის, თქვა, რომ ძალიან საინტერესოა, კარგი არტისტები არიან. ისიც გვკითხა, რომ ეს ეტიუდების კრებულია, თუ... ეს იყო უზარმაზარი შეცდომა! დე ნიროს რომ „დონ ჟუანი” ენახა, მერე ჩვენ სხვანაირი შეხვედრა გვექნებოდა – ისეთი როგორიც მოგვიწყვეს ვაშინგტონში, როდესაც წავიღეთ „ბაკულას ღორები” და „დონ ჟუანი”. „დონ ჟუანის“ შემდეგ, ამერიკული პრესა ზურა ყიფშიძის შესახებ წერდა: ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს კევინ კოსტნერი და მელ გიბსონი, მაგრამ ეს მსახიობი მათ მტვერში აგორავებსო. ასეთი კომპლიმენტი არ მიუღია არავის. შემდეგში „დონ ჟუანმა” მოიარა მთელი მსოფლიო. 

– არა მგონია, მოსკოვის ახლანდელი კინოსფესტივალები თქვენს მიერ მოყოლილთან სახსენებელი იყოს...

– ახლა მოსკოვის ფესტივალები გადაიქცა ნიკიტა მიხალკოვის პირად ღონისძიებად. უხდის მილიონ დოლარს რომელიმე მსახიობს, ვთქვათ ჯეკ ნიკოლსონს. წაიყვანს მერე თავის „ნიკოლინა გორაზე” და გაატარებინებს იქ დროს – აჭმევს, არ ვიცი, პილმენებს თუ უხას და მორჩა. კი, დიდი რეჟისორია, მაგრამ მოსკოვის ფესტივალები აღარ არის ხალხისთვის, რასაც ვერ ვიტყვით, მაშინდელ ფესტივალებზე. ის სულ სხვა იყო. იმიტომაც დაიჯერეს მაშინ „დათბობის”, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ფელინის „რვანახევარს” რომ მისცა პირველი პრემია საერთაშორისო ჟიურიმ, ნიკიტა ხრუშჩოვმა თქვა: ეს რა ბოდვააო და ეკრანებზე აღარ გამოუშვა. ჩვენ მერე ჩუმად ვნახეთ, ესეც მამაჩემის დამსახურებაა. ჩამოჰქონდა ისეთი ფილმები, რომელსაც არავინ ნახულობდა. ამას ოფიციალურად ერქვა საინფორმაციო ჩვენებები, რეალურად კი აჩვენებდა მთელ თბილისს. „რვანახევარი” 10 დღით დატოვა თბილისში და იქიდან წივილ-კივილი ატეხა მოსკოვმა, როგორ ბედავთო! ფაქტობრივად, სიკო დოლიძე უზარმაზარ საქმეს აკეთებდა. ის იყო უდიდესი საზოგადო მოღვაწე. მან იცოდა, რომ მე ასეთი ნაცნობობა მჭირდებოდა. ბევრი რამ ჩემს შემდგომ ცხოვრებაში სწორედ ამ ეტაპმა განაპირობა. რომ იცოდეთ, წლების მერე, როცა მე ვუკავშირდებოდი ამ ვარსკვლავებს, ყველა მპასუხობდა. ფრანკო ნერო რომ ჩამოვიდა და ვანესამ გამაცნო 1994 წელს პეტერბურგში, ფრანკოს გაახსენდა, ჩვენი ინტერვიუ. შენ არ იყავი რომ მკითხე, პირველი შთაბეჭდილებაო. რა მიპასუხა, ხომ იცით, ფრანკო ნერომ, ჩეჩმაო.

– რას გულისხმობდა?

 – მე ძალიან ღარიბი კარაბინერის ოჯახში დავიბადე, ღატაკ სოფელში, ომის შემდგომი პერიოდი იყო... მერე ცოლზე თქვა, ვანესასავით უდიდესი მსახიობების ოჯახში კი არ გავზრდილვარ, 3-4 წლის ვიყავი დავრბოდი, დავრბოდი და ჩავვარდი ჩეჩმაში. სულ მთლიანად ამ უბედურებაში ამოსვრილი ბებიაჩემმა თმებით ამომათრია და მაშინ უთქვამს თურმე ჩემზე: ეს იქნება ძალიან ცნობილი და ძალიან ბევრი ფული ექნება ცხოვრებაშიო და მართალიც აღმოჩნდაო.

 

скачать dle 11.3