კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

იდეალური სიტუაცია

ვუდი ალენი ამბობდა: იდეალური ცოლი – ეს არის კარგი დედა, ინტელექტუალური ქალი, კულტურული არსება და ღამღამობით უზნეო, ყველაფერზე წამსვლელი საყვარელიო... სათქმელად ადვილია, მაგრამ, აბა, სცადეთ და დააკმაყოფილეთ ეს ერთი შეხედვით მინიმალური მოთხოვნები?!

***

ვახომ ხალხი მოათვალიერა და შეწუხებული სახით გადახედა ცოლს.

– აუ, რაც მე ასეთ ფსევდობომონდურ თავყრილობებს ვერ ვიტან...

– ახლა წუწუნი არ დაიწყო, – გააფრთხილა ქეთიმ, – მე ძალიან მომწონს. არაჩვეულებრივი გარემოა. ყველაფერი ისეთი ლამაზია... ლიზას აშკარად კარგი გემოვნება აქვს, არასდროს ღალატობს.

– აი, მაგაში კი ვერ დაგეთანხმები, თუ მისი და ზუკას ურთიერთობას გავითვალისწინებთ, – ირონიულად ჩაიცინა ვახომ. 

ქეთიმ წარბი შეიკრა: 

– არ გინდა. მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ, ჩვენი საქმე არ არის.

– მე ვამბობ, ჩვენი საქმეა-მეთქი?! – მხრები აიჩეჩა ვახომ, – შენ რომ თქვი გემოვნებაზე,  მეც იმიტომ გამახსენდა ეგ ამბავი.

– ჰო, მართლა, შენები სად არიან? – მიიხედ-მოიხედა ქეთიმ, – რაღაც, ვერავის ვხედავ.

– ჩვენ ცოტა ადრე მოგვივიდა მოსვლა, გამოჩნდებიან ეგენიც. რა ენაღვლებათ, მე კი მაინც ვნერვიულობ ცოტას.

– რატომ?

– სწორედ ზუკას გამო – რამე სიურპრიზი არ მოგვიწყოს.

– რა სიურპრიზი, არ მითხრა, რომ ისევ უყვარს ლიზა. რა აბსურდია!..

– შენ აბსურდი ეძახე და, გიგიმ თქვა, მთელი ოთახი ლიზას სურათებით აქვს აჭრელებული. ჭიქაზეც, საფერფლეზეც და ლამის ფარდებზეც კი, მისი ფოტოები აქვს ჩაბეჭდილიო.

– მართლა? – ქეთის გაეღიმა, – ასეთი სულელია ზუკა?

– ჰო, ასეთი სულელია. ზოგადად, ასეთი სულელები ვართ კაცები, ჩემი ჩათვლით.

– ამას რატომ ამბობ? შენ საერთოდ რა შუაში ხარ? – ეწყინა ქეთის ქმრის სიტყვები, – როგორი უცნაური თქმა იცი ხოლმე.

– ჰო, კარგი, დაივიწყე. აგერ, შენი საყვარელი ლიზა მოდის და გაუღიმე. თან, არ დაგავიწყდეს, გემოვნება შეუქო, – მაინც წაგესლა ვახომ. ქეთი დაიჭყანა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო – ლიზას მიეგება და გადაკოცნა. მერე რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და მის გამობერილ მუცელს აღტაცებული მზერა შეავლო:

– ლიზა, როგორ შეცვლილხარ!.. როდის ელოდები? ალბათ, მალე.

– ანუ, ძალიან გავიბერე და დავუშნოვდი, ჰო? შემომხედე, რას ვგავარ. ვეღარაფერში ვეღარ ვეტევი... კაბაც კი ვერ შევარჩიე წესიერი. ჩემს ქმარს ვერ გავუტეხე ხათრი, თორემ, მე რა ხალხში გამოსაჩენი ვარ.

– პირიქით, არაჩვეულებრივად გამოიყურები. კაბაც მშვენიერია და შენც უკეთესობისკენ ხარ შეცვლილი. ის ძველი ლიზა აღარ ხარ, მაგრამ, მე ეს „ახალი“ გაცილებით მომწონს.

– ჰა, ჰა, ჰა! – გადაიკისკისა ლიზამ, – როგორი საყვარელი ხარ, მშვენივრად გამიკეთე გული. შენი მეუღლეც ასეთი აზრისაა? – ქალი ვახოს მიუბრუნდა და კეკლუცად გაუღიმა.

– მე, ზოგადად, ვგიჟდები ორსულ ქალებზე – ეს ჩემი სისუსტეა, ამიტომ, ობიექტური ვერაფრით ვიქნები, – ორაზროვანი პასუხი გასცა ვახომ.

– შენი ქმარი დიპლომატიური ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული. არ ვიცოდი... – ღიმილით აღნიშნა ლიზამ, – ქეთი, შენც ძალიან ლამაზი ხარ. წამოდი, აქაურობას დაგათვალიერებინებ. ლევანს ცოტა სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ, რადგან მე მოვკიდე ხელი, მთელი პროექტი თავდაყირა დავუყენე. ზამთრის ბაღი და ჩანჩქერიც კი დავამატებინე. ბიუჯეტიც დავარღვიე და გადავაჭარბე, მაგრამ, ღირდა ამად.  ასეთი კაფე, მგონი, პარიზშიც არ არის... გახსოვს იქაური კრუასანები და ყავა? დამიჯერე, ლამის უკეთესს ვაკეთებინებ აქაურ მზარეულს.

– ფრანგია? – მოგონილი ინტერესით ჰკითხა ვახომ, თან თვალებს აცეცებდა, იქნებ ვინმე ნაცნობი დავინახოო, მაგრამ, მხოლოდ ტელევიზიით კარგად გაპიარებული პერსონები ხვდებოდნენ თვალში... ბოლოს, როგორც იქნა, გიგი და თიკო შენიშნა საკმაოდ მოშორებით.

– თქვენ იჟღურტულეთ, მე ჩემიანებს ვნახავ, – უთხრა ქეთის და დარბაზის მოპირდაპირე მხარეს გაემართა.

– აბა, მითხარი, როგორ ხართ? – დრო იხელთა ლიზამ და ქეთის მხარზე მოქაჩა, – აღარ ჩხუბობთ?

– მე ვცდილობ, რომ არ ვიჩხუბოთ, – ამოიოხრა ქეთიმ, – თორემ, ამას რა გამოასწორებს. კაცები ყოველთვის ერთნაირები არიან.

– იდეალური ცოლი გინდა გახდე? პრინციპში, შეუძლებელი არაფერია – მოინდომებ და გამოგივა. არ დაგავიწყდეს მთავარი კომპონენტი – კარგი სექსი, რომელიც ნებისმიერ ბზარს აწებებს, – გადაიკისკისა ლიზამ, – შეგიძლია, სიტყვაზე მენდო.

– ჰო, რა ვიცი. ვნანობ, იმ ინტრიგაზე რომ დაგთანხმდით.

– რომელ ინტრიგაზე? – ვერ გაიხსენა ლიზამ.

– თომასთან ვითომ ფლირტი რომ მქონდა. სულ ტყუილად წამოვიწყეთ ეგ ამბავი. პრობლემა, ალბათ, ისედაც მოგვარდებოდა, ახლა კი სინდისი მაწუხებს და, რაც ყველაზე ცუდია, თანამშრომელთან შემექმნა პრობლემა.

– თანამშრომელი საერთოდ რა შუაშია? – მრგვალი, ლამაზი მხრები აიჩეჩა ლიზამ, საყვარლად რომ გამოუჩნდა მაქმანის თხელი კაბიდან.

– ისინი ხომ ხედავდნენ, თომა რომ მაკითხავდა. ჰოდა, ერთ-ერთმა, მგონი, დაურეკა კიდეც ვახოს. ახლა კი, აშკარად ეტყობა, არ გაახარა იმან, რომ ქმარს შევურიგდი.

– ამაზე ნერვიულობ? ქეთი, თუ სხვა პრობლემა არ გაქვს, ბედნიერი ყოფილხარ. ბოროტი და ბოღმა ქალების მეტი რა არის ამ ქალაქში?

– შენ მარტივად უყურებ ამას, მაგრამ, მთლად ასეც არ არის საქმე. ნატოს კიდევ რომ მოუნდეს ვახოსთან დარეკვა და ჩვენი ურთიერთობის არევა, დარწმუნებული ვარ, შეძლებს ამას.

– იმიტომ, რომ შენ აძლევ უფლებას.

– უფლებას როგორ ვაძლევ, როცა ვეჩხუბე? – ამოიოხრა ქეთიმ, – თუმცა, მანამდე, მისი გულის მოგება მინდოდა და ლამის შენს წვეულებაზეც კი წამოვიყვანე.

ლიზამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:

– არასწორად მოქცეულხარ, ასეთი შეცდომა როგორ დაუშვი! საერთოდ არ უნდა მიგექცია მისთვის ყურადღება, არაფრად არ უნდა ჩაგეგდო... უჰ, მომენატრა შენთან ჭორაობა, მაგრამ, ახლა სხვა სტუმრებსაც უნდა მივხედო. ისე, თომა მგონი, მოვა აქ...

– რა?! – გაფითრდა ქეთი, – რატომ დაპატიჟე?

– იმიტომ, რომ ნინის საქმროა, ჩემი მეგობრის. ხომ არ ვეტყოდი, არ წამოიყვანო-მეთქი? უხერხულად გამოდიოდა.

– ვაიმე, ეგღა მაკლდა, – შეიცხადა ქეთიმ.

– ნუ დაფეთდი, არაფერიც არ მოხდება.

– რომ მოხდეს? ვახოც აქ არის. ლიზა, არ გეწყინოს და, უნდა წავიდე,

– გეუბნები, ნუ ფეთდები. ჯერ ერთი, ვახო თომას საერთოდ არ იცნობს, სახეზეც არ უნახავს და, რა უნდა მოხდეს? მეორეც – რას ეტყვი ვახოს, რატომ გავრბივართ ასე ჩქარაო?

– მოვიმიზეზებ რამეს. 

– გეუბნები, დამშვიდდი. მე დამიჯერე. მიდი შენს ქმართან და გაერთეთ. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, შენს ვახოს სჯერა შენი.

– სწორედ მაგაში მეპარება ეჭვი, – სევდიანად გაეღიმა ქეთის, – ბოლო დროს რამდენჯერმე ისეთ აბსურდზე იეჭვიანა, რომ გავგიჟდი.

– ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ წვრილმანებს და ეს არის შენი პრობლემა. წავედი, სტუმრებს უნდა მივხედო. გნახავ კიდევ...

ლიზა დარბაზის სიღრმისკენ „გაშრიალდა“. ქეთიმ ამოიოხრა და ქმარს დაუწყო ძებნა...

– ზუკა არ გინახავს? არ გამოჩენილა აქ? – ჰკითხა გიგიმ ვახოს.

– მოიცა, კაცო, რა დროს ზუკაა... – ვახომ თვალები მოჭუტა და თიკო თავიდან ფეხებამდე მუშტრის თვალით შეათვალიერა, – ვა! ეს თიკოა? გოგო, სად მალავდი ამ სილამაზეს?

– სად მალავდა და ფართხუნა, უგემოვნო კაბებში, – დაასწრო პასუხი გიგიმ, – ჩემი დამსახურებაა, ასე რომ გამოიყურება.

– შენი კი არა, მამაჩემის, – სიცილით ჩაილაპარაკა თიკომ და ვახოს უნდობლად შეხედა, – მართლა მოგეწონეთ?

– ძალიან. გეფიცები, მოლოდინს გადააჭარბე. ძალიან მაგრად გამოიყურები, მართლა საოცრად გიხდება ეს ყველაფერი. ოფისში იარე ასე ჩაცმულმა და კლინეტებსაც მოიზიდავ.

– თქვენც ამ მასხარასავით ხუმრობთ, – ყასიდად გაბრაზდა თიკო და გიგის მკლავზე მოჰკიდა ხელი, – წამოდი, კავალერო, სასმელი მაინც შემომთავაზე, ყელი გამიშრა. მიხედე შენს „დამას“...

– მთლად ზედაც ნუ მომეწებები. გახსოვდეს, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ნინი დაგვატყდეს თავს.

–  მაგ შენი ნინით ნუ მაშინებ... მოვიდეს და მეც ვეტყვი სათქმელს. ავუხსნი, რომ არაფერში მჭირდები.

– ვითომ? აბა, დაიფიცე... – ვალში არ დარჩა გიგი.

– გეყოფათ, ლევანი მოდის ცოლთან ერთად! – გააფრთხილა ვახომ ორივე, – ლიზასთან რომ დავტოვე ქეთი, ნეტავ სად წავიდა? თიკო, შენ რა გჭირს, სად მიდიხარ?

– დავლევ რამეს, მართლა მწყურია, – თქვა თიკომ და, აპირებდა კიდეც წასვლას, რომ ლევანს ლამის პირისპირ შეეფეთა. დაბნეული ერთიანად გაწითლდა და გიგის გამეტებით ჩაასო მკლავში თითები.

– ნელა, გოგო, ხელი არ მომაგლიჯო, – წასჩურჩულა ბიჭმა, რომელიც მაშინვე მიხვდა გოგოს მღელვარების მიზეზს. არც ლევანი იყო უკეთეს დღეში. უხერხულად იშმუშნებოდა და თიკოს მზერას არიდებდა. სიტუაცია ისევ გიგიმ გადაარჩინა:

– ბატონო ლევან, ყველაფერი შესანიშნავად გამოსულა, ძალიან მოგვწონს. გმადლობ, რომ მოგვიწვიეთ. ლიზას იდეებმა აშკარად გაამართლა.

– ჰო, კარგი გამოვიდა. თქვენი მადლობელი ვარ, კარგად გაართვით თავი ყველაფერს, – მშრალად და მოკლედ მიუგო ლევანმა, – ხელს აღარ შეგიშლით, გაერთეთ, – შებრუნდა და ლიზაც თან გაიყოლა.

– ამას რა, არ გაუხარდა ჩვენი დანახვა? – გაუკვირდა ვახოს, – ეს რა შეხვედრა იყო? არადა, ისეთი გაბადრული მოდიოდა, ამას ვერც ვიფიქრებდი. 

– ეტყობა, ცოლის გვერდით კომპლექსდება, – გესლიანად შენიშნა თიკომ და გიგის სახელოზე მოქაჩა, – ეგერ შენი ნინიც... გაიხედე, ბართან დგას. მაგრამ, მარტო არ არის, ვიღაც ბიჭი ახლავს.

გიგიმ იგრძნო, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.

– რა ხდება? – ვახომ ჯერ გიგის შეხედა, მერე თიკოს, – შეთქმულებაა? ნინი? შენი ნინი?

– ჰო, ჩემი რომ იყო და ახლა კაცმა არ იცის, ვისია, – სარკასტულად ჩაილაპარაკა გიგიმ, – ქეთი მოძებნე და წავიდეთ, დავლიოთ. სასმელი მაინც იქნება ნორმალური, ამ „პეროგაყრილ“ ხალხს თუ გადაურჩა რამე.

– მდაა... აშკარად რაღაც ხდება და მე არ ვარ საქმის კურსში. ეს ჩემი ცოლი სადღა გაუჩინარდა?

– სად?! – თიკო ფეხის წვერებზე წამოიწია და ვახოს მხრებს მიღმა გაიხედა, – თუ არ მეშლება, ქეთიც ბართან დგას და იმ ბიჭს ელაპარაკება, ნინის რომ ახლავს.

ვახო მყისიერად შებრუნდა და იქით გაიხედა, საითაც თიკომ მიუთითა, მერე კი გიგის შეხედა მრავალმნიშვნელოვნად. იმანაც, გავიგეო, – თავი დაუქნია. ვახო ბარისკენ გაემართა, მაგრამ, გიგიმ შეაჩერა.

– მოიცა, ჯერ მოვიფიქროთ, რას ვაკეთებთ.

– შენ ფიქრობ, რომ ის არის?

– რა გითხრა, შეიძლება, ის არის, შეიძლება – არა. მაშინაც შორიდან დავინახე.

– გიგი, იცოდე, დარწმუნებული უნდა ვიყო.

– აუ, ახლა შენ „გამიჭედე“ კიდევ. გეუბნები, მაშინაც შორიდან დავინახე-მეთქი.

– კი მაგრამ, რაშია საქმე? – გულურბყვილოდ იკითხა თიკომ.

– შენ ეს არ გეხება, – უხეშად მიუგო ვახომ. გოგოს ეწყინა:

– თუ არ მეხება და ზედმეტი ვარ, საერთოდ წავალ, არ არის პრობლემა.

– ნუ იბუტები და წამოდი! – შეუბღვირა გიგიმ და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელიც ჩასჭიდა...

***

– ქეთიმ მადლობა გადაუხადა თომას კოქტეილისთვის და ნინის გაუღიმა.

– ძალიან ლამაზი წყვილი ხართ. ნინი, შენი თომა ძალიან კარგი ბიჭია.

– „ჩემი თომა“... – სევდანარევი ღიმილით გაიმეორა ნინიმ, – ჰო, კარგი ბიჭია, – თქვენ ხომ ყველაფერი კარგად გაქვთ?

– ნორმალურად. მადლობაც ვერ გითხარით დახმარებისთვის.

– რას ამბობთ, სამადლობელი რა იყო. მიხარია, თუ რამეში გამოგადექით. ისე, გეტყობათ, რომ პრობლემა მოგიგვარდათ, მშვენივრად გამოიყურებით. თქვენი მეუღლეც აქ არის?

– ჰო. იმისი წყალობით აღმოვჩნდი ამ წვეულებაზე – ვახოს ფირმაში შეუკვეთეს სარეკლამო აქსესუარები.

– მართლა? მომწონს აქაურობა. ლიზას გამოუვიდა, რაც უნდოდა, – ნინიმ მოქარგულ ხელსახოცებს დახედა, – ყველაფერი ისეთი დახვეწილია და ლამაზი...

– აქ ხომ არ ფიქრობთ ქორწილის გადახდას? – ჰკითხა უცებ ქეთიმ. 

თომა გაწითლდა და ნინის შეხედა, რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა ქეთის შეკითხვა, უხერხულად აწრიალდა და ჯავრი ხელსახოცზე იყარა. ოქროსფერი ლოგოთი დამშვენებული კუთხე მოაგლიჯა და თითებით დაუწყო სრესა.

ქეთი მიხვდა:

– მაპატიეთ, მგონი, მოვლენებს გავუსწარი.

– არა, უბრალოდ, ჯერ მაგაზე არ გვიფიქრია, – სიტუაციის გამოსწორება სცადა თომამ და ქალს შემრიგებლურად გაუღიმა.

– მართალია, – დაეთანხმა ნინიც, – ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბებულვართ.

– მესმის. წავალ, ვახოს მოვძებნი.

– მე ლიზას ნახვა მინდოდა.

– წეღან ჩვენთან ერთად იყო, სადმე აქ იქნება... – ქეთიმ წყვილს გაუღიმა, თავისი ჭიქა აიღო და იქაურობას გაერიდა. თომა ნინის მიაშტერდა.

– ასე ნუ მიყურებ, – გააფრთხილა ნინიმ, – ძალიან დავიბენი, როცა ქორწილზე დაიწყო ლაპარაკი. ძალიან უტაქტოდ კი გამოუვიდა.

– რატომ? მგონი, საკმაოდ გულწრფელი იყო.

– გულწრფელობა უტაქტობას გამორიცხავს? – წამოენთო ნინი, – მგონი, ადამიანს ასეთი უხერხული შეკითხვა არ უნდა დაუსვა, მით უმეტეს, როცა ის ადამიანი შენი მეგობარი არ არის.

– ნინი, ქორწილის ხსენებაზე ყოველთვის ასეთი რეაქცია რატომ გაქვს? – თავი გადააქნია თომამ, – ქეთიზე საერთოდ არ ბრაზობ, აქ მე ვარ მთავარი დამნაშავე.

– შენ?! რა სისულელეა, საიდან მოიტანე? მართლა ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. ვინ აცნობა ჩვენი დანიშვნის ამბავი, ეგრევე ქორწილზე რომ გადახტა.

– შეიძლება, ლიზამ უთხრა რამე...

– ჰოდა, მოვკლავ მაგ ლიზას, – ამოიოხრა ნინიმ, – ჩემს ნაცვლად გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, მე აღარაფერს მეკითხებიან?

– რა მოხდა, აღარ გინდა ჩემზე გათხოვება? – პირდაპირ ჰკითხა ბიჭმა და, რატომღაც, ხელი პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო, – მე კი სიურპრიზი მქონდა შენთვის.

– ისევ სიურპრიზი?! თომა, რამდენჯერ გითხარი, რომ...

– ჰო, ვიცი... ბევრჯერ მითხარი, რომ არ გიყვარს სიურპრიზები...

– „არ მიყვარს” რბილად ნათქვამია, ვერ ვიტან!

– მაგრამ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, – თომამ ჯიბიდან ხელი ამოიღო და გაშალა. ნინიმ ბროლის გამჭვირვალე კოლოფი დაინახა.

– რა არის ეს? – იკითხა შიშნარევი ეჭვით.

– გახსენი და ნახე.

გოგომ ყოყმანით გამოართვა კოლოფი, გახსნა და ბიჭს დამფრთხალი, განცვიფრებული მზერა მიაპყრო:

– გაგიჟდი? ეს ბეჭედი, ალბათ, ძალიან ძვირი ღირს... ძალიან...

– შენც ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის, მაგ ბეჭედზე ბევრად ძვირფასი...

ნინიმ თავი ასწია და, უცებ, თომას ზურგს უკან მდგარი, მასზე და კოლოფზე მიშტერებული გიგი დაინახა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3