კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

მზიამ დიმიტრის მობილური აიღო, ნანიტას ნომერი მოძებნა, კაცებს ტუჩებზე თითის მიდებით ანიშნა, გაჩუმდითო და თავისი ტელეფონით დარეკა. ყურმილი მეოთხე ზარის შემდეგ აიღეს.

– გისმენთ, – გაისმა ქალის დაღლილი ხმა.

– ქალბატონი ნანიტა ბრძანდებით?

– დიახ.

– იცით, მე... – უცებ დაიბნა მზია.

– ვინ ხართ? – დაძაბული ხმით იკითხა ნანიტამ.

– შეიძლება, გაგიკვირდეთ, მე რომ გირეკავთ, მაგრამ, აუცილებლად მინდა თქვენთან შეხვედრა და საუბარი, – მხნეობა მოიკრიბა მზიამ და შედარებით თამამად გასცა პასუხი.

– კი მაგრამ, ვინ ბრძანდებით? – კითხვა გაუმეორა ქალმა.

– უჰ, მაპატიეთ, დამავიწყდა, ჩემი თავი წარმედგინა, მე ბატონი დიმიტრის ექთანი და მომვლელი ვარ, მზია მქვია...

– თქვენ დიმიტრის დავალებით მირეკავთ?

– არა, ქალბატონო ნანიტა, გეფიცებით, მე თვითონ გირეკავთ.

– რა მოხდა, ცუდი ხომ არაფერია, როგორ არის თქვენი პაციენტი?

– უფლის წყალობით, უკეთესად.

– აბა, რატომ გინდათ, რომ შემხვდეთ?

– სალაპარაკო მაქვს თქვენთან ძალიან სერიოზულ საკითხზე.

– რა გარანტია მაქვს, რომ არ მატყუებთ? – დაეჭვებით ჰკითხა ნანიტამ, – იქნებ, სულ სხვა ვიღაცა ხართ?

– რატომ უნდა მოგატყუოთ, რა ინტერესი მაქვს?

– არ ვიცი. მე საერთოდ არ გიცნობთ და, რატომ უნდა შეგხვდეთ?

– თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, – ხმა გაიმკაცრა მზიამ.

– ჩემი ინტერესებიდან? – გაუკვირდა ნანიტას.

– დიახ.

– კი მაგრამ, თქვენ რა შუაში ხართ ჩემს ინტერესებთან?

– გარემოებების დამთხვევით აღმოვჩნდი შუაში, ქალბატონო ნანიტა, ჩემდაუნებურად და, მინდა, რაღაც გავარკვიო.

– რომ არ შეგხვდეთ, რას იზამთ, ძალას დამატანთ თუ სახლში მომივარდებით?

– რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, შემხვდეთ.

– კარგი, როდის გინდათ შეხვედრა? – უცებ გადაწყვიტა ნანიტამ.

– ხვალ, რომელ საათზეც თქვენ მეტყვით და სადაც თქვენ გნებავთ, – მომენტი არ გაუშვა ხელიდან მზიამ.

– შუადღე მირჩევნია, დაახლოებით პირველი-ორი საათი.

– სად შევხვდეთ?

– ჩემთან, სახლში.

– თქვენთან?! – დაიბნა მზია, – კი მაგრამ...

– ხომ მითხარით, სადაც თქვენ გირჩევნიათო, ჰოდა, ჩემს სახლში მირჩევნია, უფრო სწორად, სხვა არჩევანიც არ მაქვს, რადგან, პრაქტიკულად აღარ გავდივარ გარეთ.

– რატომ? – თავისდაუნებურად წამოსცდა მზიას და უცებ ენაზე იკბინა: – უი, მაპატიეთ...

– მოკლედ, ხვალ პირველიდან ორ საათამდე გელოდებით. რა მქვიაო, რა მითხარით?

– მზია მქვია, ქალბატონო ნანიტა. უკაცრავად, მისამართი მითხარით, თუ შეიძლება.

ნანიტამ მისამართი უკარნახა და ტელეფონი გათიშა.

– გამოვიდა!.. – ოფლი მოიწმინდა მზიამ.

– ესე იგი, ხვალ დიდი ამბები გველის, – თქვა გიორგიმ, – გეგმა შედგენილი გაქვს, როგორ უნდა ელაპარაკო?

– ქალებს ლაპარაკის გეგმა არ გვჭირდება, ამას თვითონ სიტუაცია გვიკარნახებს ხოლმე, – გაეღიმა მზიას.

ცოტა ხანს ყველა ჩუმად იყო, ბოლოს ისევ დიმიტრიმ დაარღვია სიჩუმე:

– ახლა რა უნდა ვქნათ? არ გინდა ხვალამდე გაძლება?

– გავძლებთ როგორმე, – თქვა გიორგიმ, – წინადადება შემომაქვს, რომ „მკვდარი საათი“ მოვაწყოთ, – ყველას გვჭირდება მოსვენება.

– მე თვალსაც ვერ მოვხუჭავ, – გამოაცხადა დიმიტრიმ, – ახლა რა დამაძინებს, გული გახეთქვაზე მაქვს.

– ამიტომ, რამე დამამშვიდებელს გაგიკეთებ, მით უმეტეს, რომ დანიშნულებაშიც გიწერია, – წამოდგა მზია და პარკიდან ახალი შპრიცი ამოიღო.

– აუცილებელია? – უმწეოდ გაუძალიანდა ავადმყოფი.

– აუცილებელია, – მკაცრად უპასუხა ექთანმა, – ეს დღეები სულ ემოციებსა და ნერვიულობაში გაატარე და ზედმეტი არ მოგივიდეს.

– მკლავში? – დანებდა დიმიტრი.

– არა, – მოკლედ უპასუხა მზიამ და დაელოდა.

დიმიტრიმ ამოიოხრა, მორჩილად გადაბრუნდა გვერდზე და საბანი გადაიხადა. მზიამ შეუვალი სახით დაარჭო ნემსი, შემდეგ ნანემსარი ადგილი დაუზილა, საბანი დააფარა და შედარებით თბილად უთხრა:

– ბატონო დიმიტრი, ახალი კომპოტი მაქვს შენთვის, თუ გინდა, ერთ ჭიქას მოგიტან.

– კომპოტს კი არა, ისეთ ხასიათზე ვარ, დარიშხანსაც დავლევ.

– ახლავე მოგიტან, – გაუხარდა მზიას და სამზარეულოში გაიქცა.

– რას, დარიშხანს? – კითხვა დაადევნა პაციენტმა.

– ისე, კი ხარ დარიშხანის ღირსი, – გამოსძახა მზიამ ღიმილით.

– ნახე, როგორ გამითამამდა და რამდენს მიბედავს? – ღიმილით შეხედა დიმიტრიმ ძმას.

– ძალიან კარგი გოგოა, – თქვა ჩაფიქრებით გიორგიმ და კომპოტის ჭიქით დაბრუნებულ მზიას მუდარით ჰკითხა: – ერთი ჭიქა კომპოტი მე არ მეკუთვნის?

– ერთს კი არა, თუ გნებავთ, მთელ გრაფინს მოგიტანთ, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ, ბატონო გიორგი, – შეაქო მზიამ და კომპოტი მასაც გამოუტანა.

ამ უბრალო შექებამ გიორგი ისეთ ხასიათზე დააყენა, სახიდან ღიმილი ვერ მოიშორა.

„როგორი განსხვავებულები არიან, – ფიქრობდა მზია და ჩუმად აკვირდებოდა ძმებს, – გარეგნობითაც, ხასიათითაც, თვისებებითაც, საქციელითაც... მოკლედ, ორი სხვადასხვა პოლუსია“...

მალე წამალმა იმოქმედა და დიმიტრის მშვიდად ჩაეძინა. დაღლილ გიორგისაც თვლემა მოერია და სავარძელში გემრიელად მოეწყო. მზიამ თხელი პლედი შემოიტანა და ფრთხილად დააფარა. გიორგი გადაჩვეული იყო ქალის ზრუნვას და ეს ელემენტარული ყურადღება ისე ესიამოვნა, კინაღამ ხელზე აკოცა ექთანს, მერე თვალები მილულა და ჩათვლიმა.

მზია ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში, კარი გაიხურა და ვაშხმის თადარიგს შეუდგა, თან ისევ დიმიტრიზე ფიქრობდა. ცოტა ხნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ აღარ უყვარდა „თავისი ობოლი ბიჭი“, უბრალოდ, თანაუგრძნობდა და გულშემატკივრობდა, როგორც გასაჭირში ჩავარდნილ ნათესავს, რომელსაც მოვლა, ყურადღება და თანადგომა სჭირდებოდა... ამ აღმოჩენამ მზია, ცოტა არ იყოს, გააკვირვა, მაგრამ, საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ არც სინანული და არც წყენა არ უგრძნია, თუმცა, თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა იყო მისი ასეთი განწყობის მიზეზი. ერთი კი ნამდვილად იგრძნო – თითქოს ტვირთი მოეხსნა მხრებიდან და რაღაც მძიმე შეგრძნებისგან გათავისუფლდა.

***

ნანიტასთან შესახვედრად მზიამ დილიდანვე დაიწყო მზადება, უფრო სწორად, დილიდანვე ცდილობდა, ჩაეცხრო მღელვარება და სერიოზული და საქმიანი საუბრისთვის განაწყო თავი. ნამდვილად არ უნდოდა, დიმიტრის ყოფილ ცოლს ცანცარა და არამკითხე გოგოდ მოსჩვენებოდა. ტანსაცმელიც კარგა ხანს არჩია და ბოლოს ჯინსის, ბოტასების და მაისურის ჩაცმა ამჯობინა – ასე უფრო თავისუფლად და უშუალოდ იგრძნობდა თავს. ჩვეულებისამებრ, დიმიტრის ყველა პროცედურა ჩაუტარა, ავარჯიშა, ასაუზმა და ამასობაში წასვლის დროც მოვიდა.

გიორგი დილით ადრე გაიქცა სამსახურში და მზიას წასვლამდე ერთი საათით ადრე დაბრუნდა – უნდოდა, პატარა „გენერალური რეპეტიცია“ გაევლოთ. სამივე ღელავდა. მზია ცდილობდა, მხნედ ყოფილიყო და იქით აწყნარებდა კაცებს.

– პირდაპირ არ  ჰკითხო, შენ ხომ არ გამოგზავნე ის წერილიო, – უთხრა გიორგიმ.

– დარწმუნებული ვარ, იმ წერილთან ნანიტა არაფერ შუაშია, – თქვა დიმიტრიმ, – თქვენ მას არ იცნობთ.

– მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ, შეიძლება, მასთან საუბარმა მიმახვედროს, ვინ არის წერილის ავტორი, – მზია უკვე მთლიანად ფლობდა თავს და მისი სიტყვები საკმაოდ დამაჯერებლად გაისმა, – ისე, ცნობისთვის, წერილი თან მიმაქვს.

– ეგ რაღა საჭიროა? – აღელდა დიმიტრი.

– საჭიროა, – უპასუხა მზიამ.

– მაინც, რისთვის? – ჩაეძია დიმიტრი.

– თუნდაც იმისთვის, რომ, როცა ვეტყვი, ასეთი და ასეთი წერილი მოუვიდა ბატონ დიმიტრის-მეთქი, ხომ შეიძლება, სიტყვაზე არ დამიჯეროს და მითხრას, მაჩვენეო?

– ჰო, მართალი ხარ, – დაეთანხმა გიორგი.

– გვეყოფა განხილვა, ჩემი წასვლის დროა, – მზია წამოდგა, – აბა, თქვენ იცით, ჭკვიანად იყავით, არ ინერვიულოთ და დამელოდეთ. ბატონო დიმიტრი, არც ერთი წამალი არ გამოტოვო, თორემ, გავბრაზდები, იცოდე, – ისე მკაცრად და სერიოზულად თქვა გოგომ, რომ კაცებს გაეცინათ.

– ეს ისე შეიჭრა როლში, მალე კუთხეშიც დაგვაყენებს, თუ ყველაფერს არ დავუჯერებთ, – უთხრა დიმიტრიმ ძმას, მერე საწოლში წამოჯდა, ექთანს „ჩესტი“ აუღო და ხმამაღლა თქვა: – არის, უფროსო! თქვენი დავალება პირნათლად იქნება შესრულებული!

მზიამ შეიფერა დიმიტრის „პატაკი“ და ახლა გიორგის შეხედა. ისიც აჰყვა ძმას ხუმრობაში, წამოდგა, ფეხი ფეხს ხმაურით მიადგა, გაშლილი ხელისგული საფეთქელზე მიიდო და გამოთქმით თქვა: – მზად ვარ, ბრძოლისა და თავდაცვისთვის! – და ამ პოზაში გაშეშდა.

– თავისუფლად! – ნება დართო მზიამ და გაეცინა, – ისე, შეგეძლოთ, ცოტა ნაკლებად გეყვირათ, ყრუ კი არ ვარ.

– ჩვენც როლებში შევიჭერით, ჩემო კარგო, – გაიღიმა გიორგიმ, – შენი პათოსი ძალიან გადამდები აღმოჩნდა.

– კაცმა რომ შემოგხედოთ, სერიოზული, დარბაისელი შუა ხნის კაცები ეგონებით, არადა, ისევ ბავშვობაში ხართ ჩარჩენილები. ასე მგონია, რვა წლის ბიჭებთან მაქვს საქმე, – თავი გადააქნია ექთანმა.

– რაო?! შუა ხნის კაცებიო?! – ერთხმად შეიცხადეს ძმებმა, – აი, ეგ კი არ უნდა გეთქვა. შუა ხნის კი არა, სიჭაბუკის შუა სტადიაში ვართ.

მზიამ შემწყნარებლურად გაუღიმა ძმებს, ჩანთა და სათვალე აიღო და გასასვლელისკენ გაეშურა.

– წავედი! ნუ გეშინიათ, არაფერი შემეშლება! – მიაძახა კარიდან და გაუჩინარდა.

მარტოდ დარჩენილმა ძმებმა უმწეოდ გადახედეს ერთმანეთს და ჩაფიქრდნენ.

– იცი, როგორი შეგრძნება გამიჩნდა? – თქვა ცოტა ხნის შემდეგ გიორგიმ.

– მეც, – დაეთანხმა დიმიტრი.

– რა – „მეც“, რაზე მეთანხმები, ჯერ ხომ არაფერი მითქვამს?

– მეც იგივე გრძნობა გამიჩნდა, რაც შენ, – ჩუმად თქვა დიმიტრიმ.

– მაინც, რა გრძნობა? – ჩაეკითხა ძმა.

– თითქოს პატარა ვარ და  დედამ ბნელ ოთახში მარტო დამტოვა, – მორცხვად თქვა დიმიტრიმ.

– მართლა?! – გაუკვირდა გიორგის, –  მეც ზუსტად იგივე დამემართა.

– მივხვდი და იმიტომ გითხარი, მეც-მეთქი. საოცარი გოგოა მზია. გარდა იმისა, რომ მაგარი პროფესიონალია, მოწოდებით არის მედიცინის მუშაკი. ასეთი ექთანი რომ არ შემხვედროდა, არ ვიცი, რა მეშველებოდა, – ჩაფიქრებით წარმოთქვა დიმიტრიმ.

– ეს არ შეგხვდებოდა, სხვა იქნებოდა, კარგ ექთანს რა დალევს, – გამომცდელად უთხრა გიორგიმ ძმას და თვალებში შეხედა.

– არა, მარტო პროფესიონალიზმს არ ვგულისხმობ. მზია ჩემზე ფსიქოლოგიურად დადებითად მოქმედებს. თან, თითქოს თბილი და დამთმობია, მაგრამ, რაღაცნაირი ისეთი შინაგანი ძალა აქვს, რომ მის სიტყვას დაემორჩილო, – დიმიტრიმ ვერ იგრძნო გიორგის გამომცდელი ტონი და მზერა.

– მართალი ხარ, – მაშინვე დაეთანხმა გიორგი, – შინაგანად ძალიან ძლიერი ადამიანია და, თან, ძალიან სუფთა და ალალი. ასეთი ცოლი ღვთის წყალობაა ნებისმიერი კაცისთვის, მით უმეტეს, რომ გარეგნობითაც არა უშავს და, ამ ყველაფრის გარდა, საკმაოდ გონიერი გოგოა.

– გონიერიც და, შენ წარმოიდგინე, ნაკითხიც. მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ასეთ გოგოებს არ უმართლებთ ცხოვრებაში.

– რატომ, რამე შეემთხვა? – დაინტერესდა გიორგი.

– ჰო, არ ჰქონდა ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ, არ გაბოროტდა და ეს არის მთავარი.

– მართლა? – კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა გიორგი, – მაინც, რა დაემართა?

– არ გეწყინოს, მაგრამ, ვერ გეტყვი. არ გამოვა ლამაზი, სხვისი საიდუმლო გიამბო.

– ორი სიტყვით მითხარი, – ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო გიორგი, – გეფიცები, ჩემგან ვერაფერს იგრძნობს.

– შენ რა „ლიუბაპიტნაია ვარვარა“ ყოფილხარ, – გაეცინა დიმიტრის.

– საერთოდ, არ ვარ, მაგრამ, ახლა მართლაც ძალიან დავინტერესდი, – შერცხვა გიორგის.

– კარგი, ორი სიტყვით გეტყვი: დედა ადრე მოუკვდა, მამამ შვილიანი ქალი შეირთო მეორე ცოლად, მერე საერთო შვილიც გაუჩნდათ და ასე იქცა მზია უფასო მოსამსახურედ. მერე ვიღაც ბიჭი შეუყვარდა და იმასაც დააშორეს. მერე მამიდამ შეიფარა, ბოლოს კი თბილისში წამოვიდა და სამედიცინო ტექნიკუმში ჩააბარა. თურმე, მთელი ცხოვრება ექიმობაზე ან გამომძიებლობაზე ოცნებობდა. სხვათა შორის, წიგნების კითხვაც პატარაობიდანვე ჰყვარებია.

– იმიტომ ჩააბარე შენი საქმის გამოძიება? – გაეღიმა გიორგის.

– ჰო. თან, ერთი რაღაც ისტორია მიამბო, როგორ მიაგნო ბეჭდის ქურდს და მივხვდი, რომ მართლაც აქვს ანალიტიკური უნარი. გიჟდება დეტექტივებზე, თითქმის ყველა წიგნი წაკითხული აქვს ამ ჟანრში, რაც კი ქართულად არის ნათარგმნი და აღმერთებს მის მარპლს, – გაეცინა დიმიტრის, – ძალიან საინტერესო და კოლორიტული ადამიანია.

– მოკლედ, დიმიტრია გელოვანი, ოღონდ, აღმატებით ხარისხში, – გაეცინა გიორგის.

დიმიტრის ყურადღება არ მიუქცევია ძმის ხუმრობისთვის, ისევ სერიოზულად განაგრძო:

– აბსოლუტურად არ არის პროვინციელი გოგოს ტიპაჟი, ისეთი სიტყვა-პასუხი და საქციელი აქვს, გეგონება, ძალიან დახვეწილ ოჯახში გაიზარდა. სხვათა შორის, ჩაცმის გემოვნებასაც ვერ დაუწუნებ, რომ აღარაფერი ვთქვა მის კულინარიულ ნიჭზე და, ზოგადად, დიასახლისობაზე, – დიმიტრი ცოტა ხანს გაჩუმდა და ჩაფიქრებით თქვა: – ისე შევეჩვიე, ასე მგონია, ჩემი უმცროსი დაა. თან, სულ მეშინია, რომ არ მიმატოვოს.

– და?! – დაეჭვებით ჰკითხა გიორგიმ, – მე კი მეგონა, სხვა ბაღჩაში ისროდი კენჭებს.

– რომელ ბაღჩაში? – ვერ მიხვდა დიმიტრი.

– მეგონა, შეგიყვარდა-მეთქი.

– შემიყვარდა?! – გაუკვირდა დიმიტრის.

– ასე რატომ გაოცდი? ისე აქებდი და ადიდებდი, მეგონა..

– სულ ტყუილად გეგონა. ჯერ ერთი, ჩემს ასაკში და ჩემს მდგომარეობაში რა დროს სიყვარულია, თანაც...

– რა – „თანაც“? გინდა თქვა, რომ მაინც პროვინციელი გოგოა და შენს დახვეწილ სულიერ სამყაროს ვერ შესწვდება? – წაგესლა გიორგიმ.

– ეგ არაფერ შუაშია და ნუ მეიაზვები. მე ძალიან მადლობელი და მადლიერი ვარ მზიასი, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შემიყვარდეს. რაც შეეხება პროვინციელობას, ამასთან დაკავშირებით მე ვეთანხმები ძალიან ჭკვიანურ ფორმულირებას, რომ პროვინციელობა არ არის გეოგრაფიული ცნება, ეს არის სულის თვისება. ვაკეში დაბადებულ-გაზრდილი ბევრი ქაჯი და გოიმიც მინახავს და სოფელში დაბერებული ბევრი დახვეწილი ინტელიგენტიც. ასე რომ, ცდები, როცა ასეთ ბრალდებას მიყენებ. გარდა ამისა, არც ერთი ჩვენგანი არ არის არც ხოხბის და, მით უმეტეს, არც ვახტანგ გორგასლის ბიძაშვილი.

– მომწონს შენი აზროვნებაც და მსჯელობაც, აშკარად სულიერი გამოსწორების გზას ადგახარ, მაგრამ, რატომღაც, მეჩვენება, რომ მზიას უყვარხარ და, მეცოდება, რომ შენ საპასუხო გრძნობით...

– რა გინდა ჩემგან, გიორგი? – გაბრაზდა დიმიტრი, – არ მიყვარს ეს გოგო, როგორც ქალი და, რა ვქნა?! ვიცი, მეტყვი, თან გყვება და თვალებში შემოგციცინებსო, მაგრამ, მადლიერების გამო სიყვარული არ გამიგია. სიმართლე გითხრა, რომც შემყვარებოდა, მაინც არ ვაგრძნობინებდი და გულში ჩავიკლავდი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ არ ვიქნებოდი მართალი მზიას წინაშე. ისედაც იმდენი ტკივილი და ტანჯვა გადაიტანა ცხოვრებაში და ამ ახალგაზრდა ქალს რაში სჭირდება თითქმის თხუთმეტი წლით უფროსი, თანაც, ხეიბარი და უხასიათო ქმარი?! მზია ჩემთვის არის კარგი ექთანი და კარგი მეგობარი, მეტი არაფერი.

– ისე, პრინციპში, მართალი ხარ. სხვათა შორის, მიხარია, რომ ჰუმანურად აზროვნებ. აშკარად გამოსწორების გზაზე ხარ დამდგარი. შენ რუსები არ გიყვარს, მაგრამ, ერთი კარგი ანდაზა აქვთ: „ნეტ ხუდა ბეზ დობრა“, რომელიც შენს შემთხვევაში ძალიან ამართლებს.

– მაგალითად? – იკითხა დიმიტრიმ და უცებ თვითონვე მიხვდა, რასაც გულისხმობდა გიორგი, თუმცა, აცადა, მას თვითონ გაეკეთებინა განმარტება.

– მაგალითად, ავარიამ, მართალია, ძალიან დაგასახიჩრა და ძლივს გადარჩი, მაგრამ, შენი ცუდი ხასიათი ნელ-ნელა სადღაც ქრება და მის ადგილს ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა იკავებს

– მართალს მეუბნები? – გაუხარდა დიმიტრის, – ჩემს დასამშვიდებლად არ ამბობ ამას?

– მართალს გეუბნები და, მიხარია, ამ ცვლილებას რომ ვხედავ.

– შენ ვინ გითხრა, რომ მზიას ვუყვარვარ?

– ამას რა თქმა უნდა, საავადმყოფოდან მოყოლებული, მგონი, შენით სუნთქავს და ცოცხლობს. რა, შენ ვერ იგრძენი?

– ვერა, – თქვა დიმიტრიმ და უხერხულად იკითხა: – ახლა ხომ ვიცი შენგან. უნდა ვაგრძნობინო რამე?

– თუ ნამდვილად არანაირი გრძნობა არ გაქვს, არც კი გაბედო! – მკაცრად თქვა გიორგიმ, – ამით, გარდა ტკივილისა, შეურაცხყოფასაც მიაყენებ, რასაც მზია ნამდვილად არ იმსახურებს... კარგი, გვეყო მზიაზე ლაპარაკი, – იუხერხულა გიორგიმ.

– მართალი ხარ, მაგრამ, დრო რით გავიყვანოთ? – იკითხა დიმიტრიმ.

გიორგიმ მხრები აიჩეჩა და გაჩუმდა, მაგრამ, ამ სიჩუმემ ისე დაამძიმა ჰაერი, ორივეს სული შეეხუთა და დიმიტრიმ სთხოვა, ფანჯარა გამოაღეო. გიორგიმ ფანჯარა გააღო და ტელევიზორი ჩართო, რომ ეს აუტანელი დუმილი მაინც დარღვეულიყო.

– ნეტავი ახლა რას შვრება ჩვენი გოგო? – მოულოდნელად ისე თბილად იკითხა გიორგიმ,  რომ დიმიტრის თითქოს უცებ გაუნათდა გონება.

– მოიცა, მოიცა... აბა, ერთი თვალებში შემომხედე, – უთხრა ძმას და ეშმაკურად გაუღიმა.

– რა იყო? – დაიბნა გიორგი.

– რა იყო და... – გაეცინა დიმიტრის, – აბა, ჩემო წესიერო და მორალისტო ძმაო, გამოტყდი, რაშია საქმე?

– რაში უნდა იყოს? – პასუხი აირიდა გიორგიმ.

– არ გინდა, სიმართლე უთხრა შენს ერთადერთ ძმას? – გამომცდელად ჰკითხა დიმიტრიმ.

გიორგი პატარა ბიჭივით გაწითლდა და ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია, მერე კი თვალებში შეხედა დიმიტრის და უთხრა:

– სანამ სიმართლეს გეტყვი, ერთ შეკითხვას დაგისვამ და შენც სიმართლე მიპასუხე, მპირდები?

– პიონერულ ფიცს გაძლევ! – გაეცინა დიმიტრის.

– ნუ მასხარაობ, მე სერიოზულად გელაპარაკები!

– კარგი, ბატონო, მეც სერიოზულად გპირდები, რომ სიმართლეს გიპასუხებ.

– შენ წეღან რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალე, რის გამოც მზიას არ ან ვერ შეიყვარებდი და ძირითად მიზეზებად შენი ასაკი და ჯანმრთელობა დაასახელე.

– ჰო, მერე რა?

– მაინტერესებს, უფრო ახალგაზრდა რომ იყო, მაინც არ შეგიყვარდებოდა მზია?

– არა, – მაშინვე უპასუხა დიმიტრიმ, – და, იცი, რატომ?

– რატომ? – მოუთმენლად იკითხა გიორგიმ.

– იმიტომ, რომ, ზოგადად, მე არ ვარ ის კაცი, რომელსაც სიყვარული შეუძლია. ჩემი ცოლიც კი, რომელთანაც თითქმის თხუთმეტი წელი ვიცხოვრე, გაყრამდე არ ვიცოდი ზუსტად, მიყვარდა თუ არა. მხოლოდ ახლა ვგრძნობ, რომ, მგონი, მაშინ შემიყვარდა, როცა ჩვენ შორის, პრაქტიკულად, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა ჩემი გრძნობა. ისე, შენც მშვენივრად იცი, რომ, საბოლოო ჯამში, მე ერთი არასერიოზული, ხუშტურებიანი და არასტაბილური კაცი ვარ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს გრძნობა უცხოა ჩვემთვის. თანაც, საკმარისად მიმაჩნია ერთი ქალის ცხოვრების არევა და გაუბედურება.

– ანუ, მზიასთვის არასდროს შეგიხედავს სხვანაირი თვალით?

– შენ მართლა გარეკე ამ სიბერეში თუ რა დაგემართა? – უცბად გაბრაზდა დიმიტრი.

– კითხვაზე გამეცი პასუხი! – კატეგორიულად მოსთხოვა გიორგიმ ძმას.

– ვერ გავიგე, რა დაკითხვას მიწყობ? არა-მეთქი, ბატონო, არასდროს! ყველას და ყველაფერს გეფიცები! როგორ დაგარწმუნო?

– კარგი, მჯერა, – თქვა გიორგიმ და უხერხულად გაჩუმდა.

– ახლა მე გეტყვი რამდენიმე სიტყვას, – დიმიტრი საწოლში წამოჯდა და ძმას გამამხნევებლად მიმართა: – გატყობ, გულგრილი არ ხარ მზიას მიმართ, ხომ მართალია?

– ჰო, ასეა, – უკვე თამამად უპასუხა გიორგიმ.

– მერე, რა გიშლის ხელს? ჩემი მიზეზი ნამდვილად მოგეხსნა.

– მეც ორი მიზეზი მაქვს, რომ ეს გრძნობა არ გავამჟღავნო.

– რა ორი მიზეზი?

– ერთი – ასაკი და, მეორე, რაც მთავარია, მზიას შენ უყვარხარ.

– რას ჩაიხვიე ეს „შენ უყვარხარ“, ვერ გავიგე. რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, თვითონ გითხრა?

– არა, მაგრამ... 

– ჰოდა, ჯერ გაარკვიე და მერე ილაპარაკე! რაც შეეხება ასაკს, მართალია, თითქმის ოცი წლით უფროსი გამოდიხარ, მაგრამ, რა მოხდა, პატარა ბიჭივით გამოიყურები. ასე რომ, მიდი, მიაწექი ცხოვრებას!

გიორგი ჩააფიქრა ძმის სიტყვებმა, მერე კი ისეთი სიცილი აუტყდა, კინაღამ დაიხრჩო.

– რა გაცინებს? – ჰკითხა დიმიტრიმ, თუმცა, თვითონაც იცინოდა.

– რა და, სუფთა ბრაზილიური თუ მექსიკური სერიალი გამოგვივიდა – ორი ძმა ერთმანეთში არკვევს, რომელს უყვარს სოფლიდან ჩამოსული ღარიბი, მაგრამ ლამაზი და წესიერი ახალგაზრდა გოგო.

– ჰო, მართალი ხარ, მართლა სერიალის სცენარი გამოგვივიდა, მაგრამ, რაღაც მომენტში მართლა მეგონა, რომ პატარა ბიჭები ვიყავით...

– პატარა ბიჭები რა შუაშია? – შეაწყვეტინა გიორგიმ.

– პატარა ბიჭები ვიყავით, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში გამოჩენილი პირველი გოგოს ღირსებებსა და ნაკლს განიხილავდნენ, – დაასრულა ფრაზა დიმიტრიმ.

– ჰო, შენც მართალი ხარ, – დაეთანხმა ძმა, – ეტყობა, რა ხნისაც არ უნდა იყოს მამაკაცი, მასში რაღაც დოზით ყოველთვის რჩება პატარა ბიჭი და ეს ძალიან კარგია.

– ვითომ? – დაეჭვდა დიმიტრი, – რით არის კარგი?

– ვითომ კი არა, ასეა. კარგი კი იმით არის, რომ, ესე იგი, ჯერ კიდევ არ ვართ ბებრები.

– წარმომიდგენია, რას იფიქრებს, ეს ყველაფერი მზიამ რომ გაიგოს, – თქვა უცებ დიმიტრიმ.

– არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაგრძნობინოთ, თორემ, ზუსტად ვიცი, მიგვატოვებს, – შეეშინდა გიორგის.

– ისე, მაგრად კი დაგვაშინა ამ თითისტოლა გოგომ, – გაეცინა დიმიტრის და, ის იყო, კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, რომ უცებ შემოსასვლელ კარზე ზარის ხმა გაისმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3