კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯალათის ნაჯახი

შერლოკ ჰოლმსს უმცროსი ედლტონის ინტერესების დამცველმა მაშინ მიაკითხა დახმარებისთვის, როცა ახალგაზრდა კაცი უკვე დაპატიმრებული იყო საკუთარი ბიძის მკვლელობისთვის. ჰოლმსმა და უოტსონმა ამ საბედისწერო შემთხვევის დეტალები დილის „თაიმში“ წაიკითხეს. ტრაგედია გვიან ღამით დატრიალდა. მსახურთუფროსმა თავისი ბატონი, პოლკოვნიკი და მემამულე მატას ედლტონი, კაბინეტში, სისხლის გუბეში აღმოაჩინა. თავი ნაჯახით ჰქონდა გაჩეხილი. ის ნაჯახი მკვლელს იარაღების კოლექციიდან აეღო, კედელზე რომ იყო ჩამწკრივებული... მთავარი ამ ამბავში ის გახლდათ, რომ მსახურთუფროსმა მოკლულთან ჩაჩოქილი უმცროსი ედლტონი ნახა – მას გასისხლიანებული ნაჯახი ეჭირა ხელში და გაოგნებული დასჩერებოდა ბიძის გვამს. სწორედ ეს ფაქტი და, კიდევ ის, რომ წინა საღამოს ბიძამ და ძმისშვილმა იკამათეს, პოლიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა ახალგაზრდა კაცის დასაპატიმრებლად. ოჯახის ადვოკატი კი ირწმუნებოდა, გამორიცხულია, პერსის ბიძამისი მოეკლა, მასზე უწყინარ და წესიერ ადამიანს მსგავსი საშინელების ჩადენა არ შეეძლო, მით უმეტეს, რომ მოტივიც არ ჰქონდა საამისოო.

– იცით, რის გამო იკამათეს მკვლელობის წინა საღამოს? – ჰკითხა ჰოლმსმა და ჩიბუხს მოუკიდა.

– დიახ. ბოლო დროს პოლკოვნიკმა თავისი მამულების გაყიდვა დაიწყო, არადა, ამის არანაირი ფინანსური აუცილებლობა არ არსებობდა. პერსის ეს აწუხებდა და ბიძას სთხოვდა, მიწების განიავებაზე ხელი აეღო.

– საინტერესოა! ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ პოლკოვნიკს ფინანსურად არ უჭირდა?

– არანაირად. საკმაოდ მდიდარი კაცი იყო.

– პერსი მისი პირდაპირი მემკვიდრეა?

– მისი მემკვიდრეც არის, მაგრამ, საკმაოდ შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დედისგანაც დარჩა. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლებოდა მემკვიდრეობის გამო მოეკლა, თანაც, ასეთი მეთოდით, აბსოლუტური სისულელეა. ორი თვის შერთული ცოლი ჰყავს და ერთმანეთს შეჰხარიან.

– მდაა... ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მართალი ბრძანდებით, ბედნიერი ადამიანები მკვლელობას არ სჩადიან, – დაასკვნა ჰოლმსმა და ექიმ უოტსონს მიუბრუნდა, – მოემზადეთ, მეგობარო, ფაულკს პარკში მივემგზავრებით, ადგილზე უნდა ვნახოთ ყველაფერი. იმედი მაქვს, პოლიციელებმა იქაურობა არ გადაქექ-გადმოქექეს.

მამულში ჩასულმა ჰოლმსმა სასტუმროში დაბინავება არ ისურვა – ძალიან ჩქარობდა დანაშაულის ადგილის მონახულებას და კითხვებზეც არ პასუხობდა. პოლკოვნიკის სასახლეში შესულებს მისაღებ ოთახში ინსპექტორი ლესტრეიდი დახვდათ, რომელმაც ჰოლმსის დანახვაზე ირონიულად ჩაიცინა:

– აქ თქვენ ვერაფერს გახდებით, მისტერ ჰოლმს, ყველაფერი ცხადზე უცხადესია: ახალგაზრდა კაცმა ვეღარ მოითმინა, ვერ დაელოდა ბიძის ბუნებრივ აღსასრულს და მოკლა. მეტსაც გეტყვით: პოლკოვნიკი, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მაშინვე არ მომკვდარა... მოასწრო მსახურთუფროსისთვის ეთქვა, რომ ის მოკლა ვინმე პე... ტონმა, ანუ, პერსი ედლტონმა.

ჰოლმსს ყურადღება არ მიუქცევია ლესტრეიდის სარკაზმისთვის, მაძებარი ძაღლივით დადიოდა ოთახში და ყველაფერს „ყნოსავდა“. ხალიჩას ისევ აჩნდა სისხლის ნაკვალევი მუქ ლაქად. ჰოლმსმა ჯიბიდან გამადიდებელი შუშა ამოიღო, დაიჩოქა და ხალიჩას ჩააშტერდა. მერე ხელიც კი მოუსვა.

– მკვლელობის საღამოს წვიმდა? – იკითხა მოულოდნელად.

– საღამოს არა, სერ, დილით წვიმდა.

– კიდევ მაინტერესებს რამდენიმე დეტალი: თქვენი ბატონი მაღალი მამაკაცი იყო?

 – ო, დიახ, სერ, ძალიან მაღალი.

 – ახალგაზრდა ედლტონი კი მასზე მაღალია?

– რას ბრძანებთ, სერ?! – გაოცდა მსახურთუფროსი, – ბევრად დაბალია და სუსტი.

– მდაა... საინტერესოა, – ჰოლმსი ისევ ხალიჩას ჩაჰკირკიტებდა, – თუ შეიძლება, მომიტანეთ ტანსაცმელი, რომელიც პერსი ედლტონს ეცვა, როცა, თქვენი სიტყვებით, ბიძამისი მოკლა. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ სახელოები ექნებოდა სისხლში დასვრილი. გულისპირზე კი სისხლი არ იქნება.

– როგორ მიხვდით, სერ... – მსახურთუფროსმა გაოგნებულმა შეხედა ჰოლმსს, – ახლავე მოგიტანთ.

პერანგის სახელოები მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი, გულისპირზე ერთი წვეთიც კი არ აჩნდა.

ჰოლმსმა მოზეიმე სახით გადახედა ლესტრეიდს.

– ესეც ასე, ინსპექტორო. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: პერსი ედლტონი მკვლელი არ არის!

– ჰოლმს! ძალიან ხმამაღალი განაცხადი ხომ არ არის? – შეჰყვირა ლესტრეიდმა.

– ინსპექტორო, ლოგიკა და აზროვნება ჩართეთ და მიხვდებით. პოლკოვნიკი ძლიერი, ზორბა მამაკაცი იყო. მას ვიღაცამ ნაჯახი, სხვათა შორის, ჯალათის ნაჯახი გახლავთ, რაც ძალიან საყურადღებოა, ისეთი ძალით ჩაარტყა, რომ თავის ქალა გაუპო. ჩვენი ექიმი გვეტყვის, რომ დაბალი და სუსტი ადამიანი ამას ვერ შეძლებდა – თავის ქალა საკმაოდ მკვრივია და მაგარი. ყურადღება მიაქციეთ კედლებს ბუხართან. სისხლის წვეთები გარკვევით ჩანს. როგორ ახსნით იმას, რომ სისხლმა ისე შადრევანივით ამოასხა, კედლებიც კი გაწუწა, ახალგაზრდა ედლტონის პერანგის გულისპირი კი სუფთა დარჩა?!

– კი მაგრამ, მაშინ, ვინ არის მკვლელი? – ამოიოხრა ინსპექტორმა და სასოწარკვეთილმა გაშალა ხელები.

– აქვე ახლოს, სადმე, ტყის საჭრელი და სამხერხაო არის? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ჰოლმსმა.

– დიახ, სერ, – უპასუხა მსახურთუფროსმა და ინსპექტორს გაოცებულმა შეხედა, – რამდენიმე მილის დაშორებით, ტყეში, სამხერხაოა, ორი წელია, ვიღაც ირლანდიელმა გახსნა.

– წამომყევით, ლესტრეიდ, მკვლელი უნდა დავაპატიმროთ. სხვათა შორის, ხალიჩა რომ კარგად დაგეთვალიერებინათ, ნახავდით, მასზე საკმაო რაოდენობით არის ნახერხი და ნოტიო ფეხსაცმლის ნაკვალევიც კარგად ეტყობა.

– ჯალათის ნაჯახი რაღა შუაშია? არ მითხრათ, რომ მკვლელმა სპეციალურად შეარჩია ის კოლექციიდან.

– დიახ, სწორედ ამის თქმა მინდოდა.  მკვლელობის მოტივი პოლკოვნიკის წარსულში უნდა ვეძებოთ. ეს შურისძიება იყო, ლესტრეიდ. მსახურთუფროსო, ხომ არ გახსოვთ, თქვენს ბატონს ახლო წარსულში რამე ისეთი გზავნილი ხომ არ მიუღია, რამაც გააბრაზა?

მსახურთუფროსი ჩაფიქრდა:

– დიახ, სერ... რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რომ წაიკითხა, ერთიანად გაწითლდა და წერილი ბუხარში შეაგდო.

– მიწების გაყიდვა კი ორი წლის წინ დაიწყო, ასე არ არის? დარწმუნებული ვარ, პირველი ნაკვეთი ტყიან ზოლში იქნებოდა. ჩემთვის ყველაფერი ნათელია. წამომყევით, ლესტრეიდ...

***

სამხერხაოს მეპატრონე თითქმის გოლიათი იყო. ლესტრეიდმა ისე დაადო ხელბორკილები, რომ მის სახეზე გაოცება სხვა ემოციით არ შეცვლილა.

– როგორ მიხვდით, რომ პოლკოვნიკი მე მოვკალი, სერ? – აღმოხდა ბოლოს.

– ლოგიკით, პენინგტონ ტომას, ლოგიკით...

– იცით, არ ვნანობ, რომ მოვკალი. პოლკოვნიკი ედლტონი ნამდვილი ურჩხული იყო. მან გაძარცვა და მოაკვლევინა ჩემი ძმა. საწყალი გრიგლი. მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ენდო ედლტონს. კალგურლში, ოქროს საბადოზე, ძირითადად, ყოფილი კატორღელები მუშაობდნენ. მათ მოკლეს ზედამხედველი და დაცვა. ედლტონის ყალბი ჩვენებით ჩემი ძმა დააპატიმრეს. სიმართლე მაშინ გაირკვა, როცა საცოდავი გრიგლი უკვე გასამართლებული და ჩამომხრჩვალი იყო. დავიფიცე, რომ შურს ვიძიებდი მისთვის. ედლტონმა, როცა მის ცხოვრებაში გამოვჩნდი ჯერ ეს ტყის საჭრელი მიყიდა, მერე – ფერმაც, მაგრამ, ბოლოს მუქარაზე გადავიდა, რომ მეც იმ გზას გამიყენებდა, რომელზეც ჩემი საწყალი ძმა გაამგზავრა. ღამით მასთან სალაპარაკოდ მოვედი და მოვთხოვე, ჩემი ძმის წილი მთლიანად მოეცა, მან კი გინება და ლანძღვა დამიწყო... ვეღარ მოვითმინე, კედლიდან ჯალათის ნაჯახი ავიღე და ჩავარტყი – მან ეს დაიმსახურა...

 

 

скачать dle 11.3