კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

აზარიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აზარია, რომელიც ებრაული სიტყვაა და ქართულად უფლის შეწევნას ნიშნავს.

სოფელ ღოუბანში მოიხსენიება იასე სოლოღაშვილის ყმა, ივანე აზარიაშვილი.

ღოუბანში მცხოვრებმა ივანე აზარიაშვილმა 1826 წელს შვილი მოუნათლა თანასოფლელ სოლომონ სულხანიშვილს.

ღოუბანში მცხოვრებ ლაზარე აზარიაშვილს 1829 წელს შეეძინა შვილი, რომელიც მონათლა მღვდელმა გიორგი აზარიაშვილმა და სახელად დაარქვა ანა.

საქართველოში 390 აზარიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 133, თეთრი წყაროში – 77, საგარეჯოში – 68. არიან სხვაგანაც.

ზუბიტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუბიტა.

ზუბიტა როსტიაშვილი მოიხსენიება მოწმედ 1643 წელს ქიტია მთიულიშვილის მიერ თარხან იორამ მოურავისშვილის სახელზე გაცემული ბატონყმობის წიგნში.

1739 წელს აბიბო რუსიშვილის მიერ ელო ჩაბარუხის სახელზე გაცემულ წიგნში მოიხსენიება ვინმე ზუბიტაშვილი.

საქართველოში 195 ზუბიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, თელავში – 22, რუსთავში – 5. არიან სხვაგანაც.

მარეხაშვილი

გვარში ფუძედაა გამოყენებული ქალის საკუთარი სახელი – მარეხი, რომელიც ნასესხებია არაბულიდან – მარხი; გვხვდება, აგრეთვე, სახელი მარიხი. მარეხ იყო თანამეცხედრე სარგის ბოცოს ძისა, იხსენიება მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნაზე.

„მარეხაშვილი, პატარძეულის მცხოვრები, ერთი კომლი. ის პატარძეულში დაასახლა ონოფრე მაჭუტაძემ და შეჰმატა გარეჯის ყმებს“ (1690-1733 წლები).

„მარეხაშვილ ბეჟიტას, ბერშუთს მცხოვრებს, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

გვარი ორი ფორმით გვხვდება:  მარეხაშვილი და მარიხაშვილი.

საქართველოში 133 მარეხაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 62, გორში – 51, მცხეთაში – 20.

ლოხიშვილი

ადამიანის ხასიათს, თვისებას გამოხატავს გვარები: ამყოლაძე, კელენჯერიძე (კელენჯერი რაჭულ დიალექტში ნიშნავს ჯიუტს), ლოხიშვილი (ლოხი დაახლოებით იგივეა, რაც ლაფაჩი: „ზარმაცი, ზანტი, დონდლო“).

ლოხიშვილის გვარის ფუძეა მეტსახელი ლოხი. ერთ-ერთ გიგაურს მეტსახელად ლოხი შერქმევია.

ლოხიშვილები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ქსოვრისში.

„ლოხიშვილი კაცის სახელზეა. ნამდვილი ჩვენი გვარია გიგაური. ლოხიშვილები კიდევ არიან საგურამოში, მეჯვრისხევში, ძეგვში. ესენიც გიგაურებია და ჩვენი სახლიკაცები“.

საქართველოში 358 ლოხიშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 158, თბილისში – 118, თელავში – 25. არიან სხვაგანაც.

ლიპარტიანი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლიპარიტი. საქართველოს ისტორიიდან ნაცნობია ლიპარიტ ბაღვაშის სახელი, რომელიც ლიხთ-იმერეთიდან წასულა მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში და კლდეკარში დამკვიდრებულა. სწორედ აქედან დამკვიდრდა ლიპარიტეთი. ლიპარტიანი ერთგვარი წოდებაა.

1448-1508 წლებში ლიპარტიანმა ხონის საყდარს ხუნწში მცხოვრები ყმა – მამფორია შესწირა.

1711 წელს გააზნაურებულია ორბელიანის გვარის, ლიპარიტის შვილი, რომელსაც ეწოდა ლიპარიტ ორბელი; ისინი იმერეთიდან მოსულებად ითვლებიან.

ვახუშტი ბატონიშვილი ლიპარტიანს პირველად 1858 წლის ამბებთან დაკავშირებით იხსენიებს. პირველი ლიპარტიანი იყო გიორგი, რომელიც სამეგრელოს სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი გახლდათ ლევან მეორის (დადიანის) მცირეწლოვნობის დროს.

სამეგრელოს მთავარს, დადიანს, ჯანმრთელი შვილი არ ჰყავდა, ამიტომ, სამთავროს დინასტიის გამგრძელებლად ვამეყ ლიპარტიანი დადგა.

საქართველოში 1 143 ლიპარტიანი ცხოვრობს: ზუგდიდში – 317, თბილისში – 161, ხობში – 141. არიან სხვაგანაც.

სამსონია

გვარი მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელისგან – სამსონი.

სამსონი ძველი ებრაული სახელია და მზიანს ნიშნავს. ასევე, გვხვდება გვარები – სამსონაძე და სამსონიძე.

სამსონიათა გვარი მეთვრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება ქვემო ქართლში.

სამსონია მოხსენიებულია, ასევე, დღევანდელი ოჩამჩირის რაიონში, კერძოდ, სოფელ კვიტოულში.

საქართველოში 507 სამსონია ცხოვრობს: ოზურგეთში – 165, თბილისში – 147, ლანჩხუთში – 79. არიან სხვაგანაც.

ბუტიკაშვილი

გვარის საწყისი ფუძე უნდა იყოს ბუთია. გვარი ბუთიკაშვილი 1801 წელს ჩანს ავჭალის აღწერაში. შემდგომში კი ეს გვარი რუსულ აღწერაში ბუტიკაშვილადაა დაფიქსირებული. ავჭალაში მოსულან მეჯუდას ხეობის მთიდან.

მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე ბუტიკაშვილები ზემოავჭალელ ლომიშვილებთან, იგივე ბერიტაშვილებთან ერთად, მეჯუდას ხეობის სათავეში, „შარაო წმიდა გიორგის“ სალოცავში დადიოდნენ. ამავე დროს, ისიც ირკვევა, რომ მეჯუდას ხეობის სათავეში ბუტიკაშვილები თავის დროზე გუდამაყრიდან იყვნენ გადმოსახლებულნი.

შიდა ქართლის მთიდან ზემო ავჭალაში გადმოსახლებას ბუტიკაშვილები ალექსანდრე მეფის სახელს უკავშირებენ.

საქართველოში 275 ბუტიკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 248, მცხეთაში – 16, თიანეთში – 11.

ვიბლიანი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვიბლიან.

„ბატონი ვიბლიანები ამოწყვიტეს ლენჯერელებმა. ვიბლიანები ცხოვრობდნენ ლენჯერის თემის სოფელ ნესგუნში, სადაც მათი სახლ-კარი ახლაც არის. ისინი ძალიან მდიდარი მოსახლეები იყვნენ. ეს ვიბლიანები ლენჯერის ბატონები ყოფილან და მთელი სოფელი დაბეგრილი ჰყავდათ. ისინი ბეგარად ხალხს ხან რას სთხოვდნენ და ხან  – რას. იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მათ უკითხავად გზაზეც კი ვერავინ გაივლიდა. ამიტომ, მათ გამო სოფელი ძალიან შეწუხებული იყო.” ეს ტექსტი გვხვდება სვანური დიალექტის ქრესტომათიაში.

გადმოცემის თანახმად, ერთხელ ვინმე ჯაფარიძემ ვიბლიანების უკითხავად გაიარა გზაზე. როცა ეს ვიბლიანმა შეიტყო, ჯაფარიძეს დაეწია, ჯორიდან გადმოაგდო და ტყვია დაახალა.

ლენჯერელებს მალე მოსწყინდათ მათი ბატონობა, ვიბლიანების ღალატი ჩაიფიქრეს და ამოწყვიტეს. ეს გადმოცემით იციან სვანეთში. 

საქართველოში 937 ვიბლიანი ცხოვრობს: მესტიაში – 386, თბილისში – 188, დმანისში – 177. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3