კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან ამზადებდა სესილია თაყაიშვილი გასაოცარ გრიმს და რატომ აატირა მან ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, „პინკ ფლოიდის” დამაარსებელი როჯერ უოტერსი

„როცა მათხოვარს თამაშობ, უნდა გჯეროდეს, რომ მათხოვარი ხარ; როცა ინგლისის დედოფალს თამაშობ, უნდა გჯეროდეს, რომ დედოფალი ხარ”... სესილიას მათხოვრისა და დედოფლის როლებისა არაფერი ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ 1955 წელს, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, შილერის „მარიამ სტიუარტში” დედოფალი ელისაბედი ითამაშა, მაგრამ, ოლღა ბებია – სახე, რომელიც მან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” შექმნა, მის მიერ შესრულებული ყველა როლისგან ყველაზე შთამბეჭდავი და ძლიერია. იმისათვის, 55 წლის სესილია 70 წლის ოლღა ბებიად რომ გადაქეულიყო, წინა საღი კბილების ამოღება მოუწია. გარდა ამისა, ყველამ იცოდა, თუ რა საოცარი ოსტატობით აკეთებდა გრიმს, რაც მან საგანგებოდ შეისწავლა თავისი მასწავლებლისგან, საიმპერატორო თეატრის მსახიობ კრუჩინინისგან. ოლღა ბებიას გრიმი მართლაც რომ დაუვიწყარია. ვერიკო ანჯაფარიძეც აღნიშნავდა, რომ სესილია არაჩვეულებრივად, უნაკლოდ უკეთებდა გრიმს, რაც თვითონ არ გამოსდიოდა. 

იმისათვის, რომ უკეთ აღიქვან ქართველებმა სესილია თაყაიშვილის სიდიადე,  ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ გიამბობთ: ალბათ, ძალიან გაგიკვირდებათ, როცა ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, „პინკ ფლოიდის” კლიპში სესილია თაყაიშვილს მოჰკრავთ თვალს. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ჟან დაკანტმა კლიპში ქართველი მსახიობის გადაღება, ერთ-ერთი ინფორმაციით, როცა ფრანგ რეჟისორს სესილიას მიერ განსახიერებული როლები უნახავს, უთქვამს, ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო. არსებობს კიდევ ორი ვერსია, თუ როგორ აღმოჩნდა ამ კლიპში სესილია თაყაიშვილი და ორივე ვერსია „ფლოიდების” ერთ-ერთ დამაარსებელს, როჯერ უოტერსს უკავშირდება: 70-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს, რომელთა შორის სესილიაც მოხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც რუსი და არა ქართველი მსახიობი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის საოცრად მეტყველი სახე და „პინკების” ვიდეოში ჩაუსვამს; მეორე ინფორმაციით კი, როდესაც როჯერს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” უნახავს, ემოციებისგან ცრემლები წამოსვლია და ფილმის ნახვის შემდეგ ნოდარ დუმბაძის წიგნიც წაუკითხავს, სესილიას ფოტო კი ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია.  არსებობს კიდევ ერთი ძველი ამბავი: 1980 წელს ლეგენდარული „პინკ ფლოიდი” კონცერტების ჩასატარებლად ლენინგრადში (ახლანდელ პეტერბურგში) უნდა ჩასულიყო. კრემლმა გადაწყვიტა, ჯგუფისთვის რომელიმე ცნობილი საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და ალა პუგაჩოვა აარჩია, მაგრამ, ისევ და ისევ უოტერსმა, თურმე, სესილიასთან შეხვედრა ითხოვა. მოკლედ, ორივე ვერსიაში კარგად ჩანს, რომ სესილია მუსიკოსს ძალზე მოსწონდა. (წყარო: ITV.ge)       

„სესილიას მომხიბვლელი გარეგნობა არ ჰქონია. იგი საშუალო გარეგნობის ქალი იყო, რომლის სახეც და სხეულიც ნებისმიერ ცვლილებას ექვემდებარებოდა. სურათების გადაღება არ უყვარდა. მისი რამდენიმე სცენური სახე არ არის გადაღებული, განსაკუთრებით – კარიერის დასაწყისში. მოგვიანებით, როცა სახელგანთქმული გახდა და ფოტოკორესპონდენტები გადაღებას სთხოვდნენ, უარს ვერ ეუბნებოდა. რაც დარჩა, იმ ფოტოებიდან ცხადად ჩანს, რომ საკუთარი გარეგნობით არასდროს დაინტერესებულა – არც თვალები შეუღებავს, არც ვარცხნილობებს იკეთებდა, მზერა კი ნამდვილად ეცვლებოდა. მიუხედვად იმისა, რომ ასეთი პოპულარული ადამიანი იყო, არ აინტერესებდა ჩაცმა-დახურვა, მოდას არასდროს აჰყოლია – ამის არც სურვილი ჰქონდა და არც საშუალება. თავისი ჩაცმის სტილით ის უფრო სკოლის მასწავლებელს მოგაგონებდათ. ასეთი იყო მისი სახლიც, სადაც, დილიდან გასული, გვიან ბრუნდებოდა, – ამბობს თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე თავის წიგნში „სესილია თაყაიშვილი,” – ბავშვობაში ემოციური ყოფილა და ეს იყო იმის მიზეზი, რომ დროთა განმავლობაში დიაბეტი და ჰიპერტონია ჩამოუყალიბდა. მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არც ცხოვრების პირობები უწყობდა ხელს, არც პროფესია და არც ხასიათი. ვერანაირ სისტემატურობას და კალაპოტს ვერ ეგუებოდა. სხვათა შორის, ძალიან უყვარდა სტუმრად სიარული და ახალი ადამიანების გაცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ძალიან მორიდებული იყო, იოლად დაგთანხმდებოდათ ვინმესთან სტუმრად წაყოლაზე. ისიც იცოდა, რომ დიდი სიხარული მოჰყვებოდა მის სტუმრობას. მისი სამეგობრო წრე ძალიან ფართო იყო და ყველა პროფესიის ადამიანებისგან შედგებოდა… ძალიან ცნობისმოყვარე იყო. ყველაფერი აინტერესებდა, ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ენახა, თავისი ყურით გაეგონა. საერთოდ, მშვიდად ლაპარაკი არ შეეძლო. არაფრის მიმართ არ იყო გულგრილი, მაგრამ, ცრემლიანი სესილია არავის უნახავს. ძალიან შრომისმოყვარე ქალი გახლდათ – თავდაუზოგავად შრომობდა როგორც შინ, ისე გარეთ. ყველაფერი მისი საზრუნავი იყო: შვილიშვილების სკოლა, მერე – უმაღლესი, საგზურები, აგარაკზე წაყვანა წამოყვანა… მისთვის არაფერი იცვლებოდა არც პირად ცხოვრებაში და არც ხასიათში. საზრუნავი მხოლოდ ემატებოდა, მაგრამ, არც არავის უთმობდა. ის იყო დამოუკიდებელი ადამიანი და თავისუფალი შემოქმედი. ბავშვობაში, თურმე, ყველას აკვირდებოდა…  

მოგვიანებით, თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, შექმნა „ერთი მსახიობის თეატრი“ და მეგობრების წრეში ხან ვის თამაშობდა, ხან – ვის. უყვარდა განწყობათა კონტრასტი – ცრემლი, რისხვა, სიხარული, შიში, სიცილი. ყოფა მისთვის ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო. ამბობდა: ყოფა ოლღა ბებიასაც ჰქონდა და ინგლისის დედოფალ ელისაბედსაც. ორივე უნდა ვიცოდე, რადგან, ესაა ჩემი წამალიო. მის ყველა გმირს ეკრანსა თუ სცენაზე, საოცარი, ინდივიდუალური მანერა ჰქონდა – მისი მოხუცი პერსონაჟებიც კი განსხვავებულად მოძრაობდნენ. პრაქტიკოსი იყო. ყველაფერს თავისი ინტუიციის წყალობით აგნებდა. სამწუხაროდ, მისი არც ერთი სცენური სახე არ არის ფირზე გადაღებული, მხოლოდ რადიოშია შემორჩენილი რამდენიმე ჩანაწერი. დიდხანს არიდებდა თავს ტელეგადაცემებში მონაწილეობას. ამბობდა, მე იმაზე ვლაპარაკობ, რაც მაღელვებს, მსმენელი კი ამ დროს, შეიძლება, სახლში ხახვს ჭრისო. არწმუნებდნენ, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენისთანა ადამიანის გამოჩენას ეკრანზეო. რამდენჯერმე მაინც მოახერხეს დაყოლიება, მაგრამ, ჩანს, რომ არსად არ უნდა ლაპარაკი და თავს ძალას ატანს. საკუთარ პრობლემებზე არასდროს არაფერი უთქვამს. თეატრზე წუხდა ხოლმე, კინოს ბედით შეშფოთებული სესილია კი არასოდეს მინახავს. თეატრი იყო მისი სევდაც და სიხარულიც. თეატრიდან დიდი ხნის წამოსული იყო, ინტერვიუზე რომ მიაკითხეს. ყველამ ვიცოდით, რომ უთეატროდ ცხოვრება ძალიან უჭირდა, თუმცა, ამტკიცებდა, სწორად მოვიქეცი, დროზე რომ წამოვედიო… 

…სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა წერილი დაწერა: „ვგრძნობ, რომ ძალიან ცუდად ვარ. არ მცილდება ნახველში სისხლი, უსაშველო ხველა, ვიხრჩობი. რა კარგია, როცა ადამიანი დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, როცა ყველაფერი გტკივა, ძლივს დადიხარ და არ კვდები. ვთხოვ ჩემიანს ყველას, არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ. ამით შეწყდება თეატრში სიკვდილი. არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გევედრებით. დიდუბე არ მიყვარს და, გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის იქ ადგილს. საბურთალოზე, თუ შეიძლება, მაგრამ, გთხოვთ, ორი ადგილი, რადგან, ჩემ გვერდით მოხვდება ის, ვინც ჩემ შემდეგ წავა ოჯახიდან და მარტო აღარ ვიქნები. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!  იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს სამარეს!“ დიდ მსახიობს თხოვნა შეუსრულეს და იგი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს…

…გადაღების პროცესი მისი ნერვული სისტემისთვის აუტანელი იყო. გრიმი ფაქიზი უნდა ყოფილიყო, გაძლიერებული განათება თვალებს სტკენდა, ძალიან იღლებოდა და, ზოგჯერ, ასეთი დაღლილი, პირდაპირ თეატრში მიდიოდა. კინოში წამებას თავის ეკონომიკურ მდგომარეობას მიაწერდა. ამიტომ ვერ ვანებებ კინოს თავსო, – ამბობდა. თუმცა, გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, ვინაიდან, კინოში დაუვიწყარი სახეები იქმნებოდა... ბევრს წუწუნებდა, ბოლოს კი, ისე გამოვიდა, რომ კინომ უფრო მეტი სახელი მოუტანა, ვიდრე თეატრმა. გამუდმებით იმაზე ლაპარაკობდა, როგორ დაეძლია კინოს სირთულეები. ის როლები, ახალგაზრდა მსახიობმა რომ უნდა ითამაშოს, არც იზიდავდა…

…სესილია გრიმის გაკეთების დიდოსტატი იყო, ამით გასაოცარ სხვაობას ქმნიდა იმ გმირთა გარეგნობაში, ვისაც თამაშობდა. იშვიათად იყენებდა პლასტიკურ გრიმს. ბუნებამ ისეთი ნაკვთებით დააჯილდოვა, რომელიც ყველანაირ ცვლილებას იტანდა და სახეც, ამ მხრივ, ყოველთვის ემორჩილებოდა: თითო-ოროლა შტრიხი და – მაშინვე სხვა ადამიანად იქცეოდა. ვერიკო ანჯაფარიძეს, რომელიც წლების განმავლობაში საგრიმიოროში მასთან ერთად ემზადებოდა ხოლმე, ვერ გაეგო გრიმის ის საიდუმლო, რომელსაც სესილია ფლობდა. საათობით ვწვალობდი, რომ სასურველი გრიმი გამეკეთებინა, სესილია კი, მოვიდოდა, გამოაღებდა თავის საგრიმიორო უჯრას და სხვებისთვის სრულიად წარმოუდგენელი მასალით – ყვავილის გამხმარი ფურცლებითა და ჩვეულებრივი მურით ერთ წუთში შეიცვლიდა სახესო. თუ რომელიმე მსახიობის გრიმი მისთვის საინტერესო იყო, სესილია ცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა, როგორ იკეთებდა ის მსახიობი გრიმს. როგორც იცით, მრავალი მოხუცი განუსახიერებია. მას იზიდავდა ნაოჭებით დაღარული სახე, განვლილ ცხოვრებას რომ მოგვაგონებს; უყვარდა მშრომელი ადამიანის გაუხეშებული ხელები, მაგრამ, ოლღა ბებია მაინც სულ სხვა ბებია აღმოჩნდა როგორც თავად მისთვის, ასევე, ყველა ჩვენგანისთვის…

…სესილია ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ყოფილა, მაგრამ, როცა ოჯახში სტუმრები იკრიბებოდნენ, სულგანაბული იჯდა და უსმენდა მათ საუბარს. გურიიდან ჩამოსულ ნათესავებს შორის მოხუცებიც იყვნენ, რომელთა მზით დამწვარ, ნაოჭიან სახეებს, დაკოჟრილ ხელებს, ღიმილს, მზერას აკვირდებოდა. მათი წასვლის შემდეგ, თურმე, დიდხანს ვერ იძინებდა, მეორე დღეს კი სარკის წინ სკამს დაიდგამდა, ზედ დადგებოდა და ხან ერთ სტუმარს ბაძავდა, ხან – მეორეს… მალე მიხვდა, რომ მათთან მიმსგავსება თავსაფრის, გრძელი კაბის, სათვალის ან სხვა ნივთის გამოყენებით უფრო იოლი იქნებოდა. ერთხელ, ბათუმში, ელო ანდრონიკაშვილმა გამართა საბავშვო წარმოდგენა – „ყვავილთა შორის“ და ერთ-ერთი ყვავილის როლზე 7 წლის სესილია მიიწვია. ცელქი და მხიარული ბავშვი, რომელიც სახლში ასეთი გატაცებით თამაშობდა ხოლმე, სპექტაკლის მოლოდინში საშინლად აღელდა, ჭამის მადაც დაეკარგა და გართობის სურვილიც. ბავშვის დასახმარებლად ექიმის გამოძახება გახდა საჭირო…”

P.S. დიდი მსახიობის ბოლო როლი მოხუცი ბუღალტერი  თამარი იყო ელდარ შენგელაიას ფილმში „ცისფერი მთები“,   სადაც სესილია სულ შვიდჯერ გამოჩნდება. ამ ფილმის გადაღებაზე, თურმე, მძიმე ავადმყოფი დადიოდა. წლების განმავლობაში გამომუშავებული დისციპლინა მსახიობს ავადმყოფობის დაძლევაში ეხმარებოდა. ვინ იფიქრებდა, რომ ეს მისი უკანასკნელი როლი იქნებოდა და მასზე დახარჯავდა უკანასკნელ ძალებს...

 

скачать dle 11.3