კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არავის აკრიტიკებს სახალხოდ ზურა ყიფშიძე „ორ ვარსკვლავში” და როგორ დაიყოლიეს ის ჟიურის წევრობაზე

ზურაბ ყიფშიძე დაიბადა 1953 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1970–1971 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი. სწავლობდა გერასიმოვასა და მაკაროვის სახელოსნოში. გადაღებულია 60-ზე მეტ ფილმში და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სპექტაკლში. ბოლო დროს კი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი, პროექტ „ორ ვარსკვლავში” ჟიურის წევრად გამოჩნდა – ყოველ ორშაბათს კონკურსანტებს საკმაოდ მოკრძალებულად აფასებს. 

 

– არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა, ამა თუ იმ პროექტში ჩართულიყავით და მონაწილის სტატუსით მიგეღოთ მონაწილეობა. ბოლოს კი ჟიურის წევრი აღმოჩნდით პროექტში „ორი ვარსკვლავი.”  

– თავიდან, ნოემ შემომთავაზა, მონაწილეობა მიმეღო პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში,” მაგრამ უარი ვუთხარი.

– თუმცა, ძალიან კარგად ცეკვავთ.

– კი, მაგრამ 60 წლის ვარ. მიკერებული მაქვს ფეხები, ხელები, ორივე ფეხზე მენისკი მაქვს. აქილევსის მყესი არ მაქვს, ძლივს დავდივარ და ამიტომაც, ვუთხარი ნოეს, რა დროს ჩემი ცეკვაა, პირველივე ტურის შემდეგ დავიბრიდები-მეთქი. სპექტაკლში ან ფილმში შეიძლება, წავიცეკვო, მაგრამ კონკურსისთვის მთელი 3 თვე ცეკვა, უკვე სიგიჟე იქნებოდა. მეორე წელს ამ პროექტში ჩემმა შვილმა მიიღო მონაწილეობა და სხვათა შორის, ძალიან გამაკვირვა. ერთ-ერთ ტურში დახმარება მთხოვა და პატარა მონაკვეთში მეც ვიცეკვე. ძალიან ვნერვიულობდი, ჩემი ცეკვით არაფერი გავუფუჭო გიორგის და თავის მეწყვილეს-მეთქი. ნოეს „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობაზე უარი რომ ვუთხარი, მერე შემომთავაზა, მაშინ „ორ ვარსკვლავში” იმღერეო. ამაზე სულ გავგიჟდი, გაგიჟდი, მე რომელი მომღერალი ვარ, შეიძლება მეგობრებს ბანებში ჩავეწილო-მეთქი. კი, ფილმში მიმღერია და სპექტაკლშიც, მაგრამ ეს სხვა რამეა. 

– ჟიურის წევრად ყოფნაზე როგორ დაგითანხმეს?

– იმდენად ვღელავდი იმაზე, რომ მე თვითონ უნდა მემღერა, ამ შემოთავაზებაზე უკვე ადვილად დავთანხმდი. ოღონდ ნუ მამღერებთ და ჯანდაბას ჯიურიში დავჯდები-მეთქი. თან გავიგე ია ნინიძე და თეაონა კონტრიძეც უნდა ყოფილიყვნენ. 

– შესამჩნევი იყო, რომ ძალიან გიჭირდათ კონკურსანტების შეფასება, განსაკუთრებით პირველ ტურებში.

– მართლა ძალიან მიჭირდა, რადგან საჯაროდ არ მიყვარს არავის შეფასება. გამოვიდე და ვთქვა, შენ იცი სიმღერა და შენ არა-მეთქი, ამის უფლებას ჩემს თავს ვერასდროს მივცემდი. თან, შენგან რაღაც შოუს ითხოვენ, რითაც მაყურებელს გააკვირვებ. საერთოდ ვერ ვიტან სიტყვა შოუს, ისევე როგორც ვარსკვლავობას. ქართულ ბუნებაში არ ზის. შეიძლება, თქვა ნიჭიერი, განთქმული, კარგი ან დიდი მომღერალი, მაგრამ ეს ვარსკვლავბიჭუნობა და გოგონობა, არ მესმის. 

– მართალია, არ აღიარებთ ვარსკვლავობას, მაგრამ ბევრი დამეთანხმება, რომ ზურა ყიფშიძე სხვა ქვეყანაში გაცილებით დაფასებული იქნებოდა.

– შეიძლება, საერთოდ არაფერი ყოფილიყო, არავინ იცის. რამდენია ნიჭიერი ადამიანი, ვისაც არ აქვს საშუალება, ან ვერ ახერხებს იმ საქმის კეთებას, რისი ნიჭიც აქვს. მსახიობის პროფესია საკმაოდ რთულია. ძალიან კარგად უნდა ისწავლო და დაეუფლო ხელობას. ნიჭი, რომელიც ღმერთმა მოგცა, განავითარო და ხორცი შეასხა. ბევრი ძალიან ზერელედ უყურებს ჩვენს პროფესიას, რაც ასე არ არის. სულ მეუბნებოდნენ, რატომ რუსეთში არ დარჩი, რატომ იქ არ წახვედი, რატომ აქ არ წამოხვედიო. რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან შემოთავაზება მქონდა. ეგ კი არა, პოლონელებთან გავაცდინე გადაღებები. რა ვიცი, ალბათ, ვერ ვარ კარგად, საქართველოს გარდა, ვერსად ვიცხოვრებ, ვიცი, რომ მოვკვდები. ავსტალიაში ვიყავით კარგა ხანი და ერთი სული მქონდა, უკან როდის დავბრუნდებოდით. ამ დროს ძალიან კარგ პირობებში ვიყავით და არაფერი გვაკლდა. 35-ე კინოფესტივალზე, ჟიურის წევრი ვიყავი, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, წამოვედი. ნერვიული კაცი ვარ, ბებერი და ვერ გავძელი, შუა ფესტივალიდან გამოვეთიშე მათ.

– როგორც ვიცი, ამჟამად პეტერბურგში გაქვთ გადაღებები.

– ძალიან საინტერესო სამუშაოა. სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერი, თვითნასწავლი რეჟისორია, ელენე ხაზანოვა, რომელსაც ქართველი ქმარი ჰყავს. ძალიან საინტერესო ფილმი აღმოჩნდა საინტერესო როლით. დილის 9-დან ღამის 2-მდე გაუჩერებლად ვმუშაობდით და 3 დღეში ერთი კვირის სამუშაო გავაკეთეთ. მალე მეორე ბლოკი დაიწყება და მერე გახმოვანება იქნება გერმანიაში. ძალიან საინტერესო შემადგენლობაა. ვმონაწილეობთ მე, ჩულპან ხამატოვა, მირონოვი და მერაბ ნინიძე. 

– რაც შეეხება ქართულ კინოს, თუ ხართ დაკავებული?

– ერეკლე ბადურაშვილს აქვს ძალიან საინტერესო პროექტი. მამუკა ჩარკვიანზე უნდა გააკეთოს ნახევრად დოკუმენტური ფილმი. რამდენიმე საინტერესო სცენა მომიყვა, რომელიც ძალიან მომეწონა და სიამოვნებით დავეხმარები. ცოტა რთულია, შენი სცენარი მიიღონ, დაგიმტკიცონ და ორი კაპიკი მოგცენ ფილმის გადასაღებად. იმედია, ამ საინტერესო პროექტს ერეკლე აუცილებლად განახორციელებს. 

– თქვენს პროფესიაში ბევრია იმედგაცრუება და გულისტკენა, ისევე როგორც სიხარული და წარმატება.

– კი, ნამდვილად ასეა. ჩვენმა მიხაილ ივანიჩმა (თუმანიშვილმა) 70 სპექტაკლი გააკეთა და აქედან 7-ს აწერს ხელს, რომელსაც მიიჩნევდა, რომ ასე თუ ისე გამოუვიდა. რამდენი წლები და შრომა წავიდა, რომ ეს 7 გამოსულიყო 70-დან. იგივეა ჩვენთანაც. პირადად მე, ჩემი მონაწილეობით გადაღებული ფილმებიდან, რამდენიმესი არ მრცხვენია. მაგალითად ასეთია: ზაზა ურუშაძის „სამი სახლი,” გიორგი შენგელაიას „კომპოზიტორის მოგზაურობა,” სადაც ერთი გავლა მაქვს და იმისი არ მრცხვენია. „მარტოხელა მონადირეში”, მერაბ თავაძის „ბრავო, ალბერ ლოლიშ” რამდენიმე სცენაა, არც მისი მრცხვენია და რაც მთავარია, ყველაზე ძალიან არ მრცხვენია, გოდერძი ჩოხელის „ცოდვის შვილების.” ჩემს დროს როლებს ისე არ ირჩევდნენ, როგორც ახლა. ერთხელ მომცეს როლი, სადაც უნდა მეთქვა: „ლენინი მოკვდა“! ვერ ვამბობდი ამ ლენინი მოკვდას და სოფიკო ჭიაურელი დამცინოდა. დედაჩემი მეუბნებოდა, ჩემზე ივარჯიშე, ვითომ მე მოვკვდი და გამოგივაო. ამ ლენინი მოკვდას გამო, ერთი კვირა გადაღებას ვშლიდი. ერთხელაც შემოვედი და ცოტა დიდი პაუზა გამომივიდა. სოფიკომ მომაძახა: რა იყო, შვილო, ისეთი სახე გაქვს, თითქოს ლენინი მოკვდაო. ძალიან მაგარი ქალი იყო.

– მსახიობობა რომ გადაწყვიტეთ, დედას რეაქცია როგორი იყო?

– სხვა არაფრის კეთება არ ვიცოდი და ამიტომ, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა ოჯახში. წინაპრები ფილოლოგები, მასწავლებლები და ფიზიკოსები მყავდნენ. ფიზიკა-მათემატიკაში, სამწუხაროდ, ვერ ვივარგე, რასაც ახლა ვნანობ. შეიძლება, ფიზიკოსი ან მათემატიკოსი არ გამოხვიდე, მაგრამ ორივე ისეთი მეცნიერებაა, ცხოვრებაში, ლოგიკასა და ფილოსოფიაში აუცილებლად გამოგადგება. რაც შეეხება ჩემს სწავლას, ექსტერნად დავამთავრე. ფეხში ვიყავი დაჭრილი, ორი წელი ვკოჭლობდი, ტროფიკული წყლულები და რაღაცეები გადავიტანე. თან, ცელქი და სამწუხაროდ, ცუდი მოსწავლე ვიყავი. სკოლიდან გამომაგდეს და ამიტომ, ექსტერნად დავამთავრე. სად უნდა წავსულიყავი, თუ არა თეატრალურ ინსტიტუტში. ამ სფეროში ვიყავი გაზრდილი და 13 წლისა მაცი ხვიტიაში გადამიღეს, 16 წლისა „ლენინი მოკვდაო“ და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ინსტიტუტშიც ძალიან ცუდად ვიქცეოდი. პირველად რომ გამომაგდეს ინსტიტუტიდან, ისე არ მეწყინა. პირველ კურსზე კინოში გადაღება არ შეიძლებოდა. აი, მეორედ უკვე მიხაილ ივანიჩთან რომ მოვხვდი, მივხვდი, ეს საქმიანობა ხელწამოსაკრავი არ იყო. პირველად რომ გამომრიცხეს, „წუთისოფელს” ვიღებდით, მეორედ კი „როცა აყვავდა ნუშს.” ძალიან მკაცრი იყო ეთერ ნიკალაევნა (რექტორი). ერთხელ ხუმრობით მითხრა: აი, რა კარგი ვქენი ინსტიტუტიდან რომ გაგაგდე, თორემ რუსეთში ხომ ვერ აღმოჩნდებოდიო. რომ ამბობენ, არაფერს შეცვლიდი ჩემს ცხოვრებაშიო, მე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. უფრო მეტს წავიკითხავდი, უფრო მეტს ვიმოგზაურებდი და უფრო მეტად მოვუვლიდი საკუთარ თავს. ჩემს თავს მართლა არ ვუვლი, ვგულისხმობ, სიგარეტს, სასმელს და ასე შემდეგ. ახალგაზრდობაში ვერ ვგრძნობდი ამ ყველაფერს, მაგრამ 60 წლის რომ გავხდი, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. 

– პირევლი შეფასება, როგორც მსახიობის, როგორი იყო დედის მხრიდან?

– მოსწონდა, მაგრამ ქათინაურებს არ მეუბნებოდა. ჩვენ საერთოდ ერთმანეთს უფრო ვაკრიტიკებდით, ვიდრე ვაქებდით. პირველი სერიოზული როლი „შუშანიკის წამებაში” მქონდა, ვარსქენ პიტიახშს ვთამაშობდი. ძალიან მომწონდა და ვღელავდი. საერთოდ, ერთი პერიოდი ოქროს ხანა მქონდა – ერთ დღეს ვარსქენ პიტიახშს ვთამაშობდი, მეორე დღეს სუხოვა კაბელინის „საქმეს,” სადაც მთავარი, სახასიათო როლი მქონდა, მესამე დღეს – „ბაკულას ღორებს,” მეოთხე დღეს – „დონ ჟუანს,” მეხუთე დღეს – „ჩვენს პატარა ქალაქს.” მსახიობისთვის ბედნიერებაა თუ ასეთი პერიოდი გაქვს. ასე რომ, ასეთი ოქროს ხანაც მქონდა. 

– დედა ქათინაურებს არ მეუბნებოდა და უპირატესობას კრიტიკას ანიჭებდაო. ახლა როგორ ხდება, თქვენ და გიორგიც აკრიტიკებთ ერთმანეთს?

– კი, სხვათა შორის, გიორგი ძალიან მკაცრად სჯის მარტო როლს კი არა, საერთოდ, ჩემს გამოჩენას ეკრანზე. ძალიან გაღიზიანებული იყო „ორ ვარსკვლავში” ჩემი ჟიურის როლით. ბოლო შოუზე მითხრა, არა უშავსო. მანადე სულ მაკრიტიკებდა: ან იუმორი სად გეკარგება, ან ლაპარაკიო. ქაქანტრესტი ხარ და იქ რატომ ჩუმდებიო. არადა, მეგობრები მირეკავდნენ, მოდი, რა, ზურა ბევრს ნუ ილაპარაკებ, ძალიან მოკლედ თქვი: „იეს, ნოუ, ოქეი”. პროექტი რომ დაიწყო, ჩემი სისულელეების ლაპარაკით შევაწუხე, ალბათ, ყველა. 

– მუსიკასთან თავად როგორი დამოკიდებულება გაქვს?

– ბავშვობაში დრამზე ვუკრავდი. „ჯეჯილი” გვქონდა ანსამბლი. ნუგზარ კვაშალი, გია ეძგვერაძე – ცნობილი მხატვარია, გერმანიაში ცხოვრობს და არაჩვეულებრივი, ჩვენი მამუკა დუმბაძე, რომელიც ისტორიკოსია. სხვათა შორის, სერიოზულად ვუკრავდით, ვაწუხებდით მეზობლებს და იყო ერთი ამბავი. მერე დედაჩემმა მიგვიყვანა მარჯანიშვილის თეატრში. ზაფხულობით ბრიგადებით დადიოდნენ სხვადასხვა ქალაქში, რომლებსაც ჩვენც დავყვებოდით. მთელი პროგრამა სკეჩებზე იყო აგებული. ჩვენ აკომპანემენტს ვუკეთებდით, შიგადაშიგ კი „როლინგ სტოუნებს” და „ბითლზებს” ვუკრავდით. მახსოვს, სოხუმში ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, „ბითლზები” გვეგონა თავი, ხალხის კორიდორში გავდიოდით. მოკლედ, თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ. 13-14 წლის ბიჭებისთვის ყოველდღე კონცერტი, მართლა ძნელი იყო. ამის შემდეგ, უკვე მე და ნუგზარ კვაშალი სერიოზულად ვუკრავდით ყირიმში. 3 წელი დავდიოდით. ერთხელ გრაცკი ჩამოვიდა და ერთად დავუკარით. ახლა ხელით თუ ავყვები რამეს, თორემ ჯოხი 30 წელია, ხელში არ მჭერია. არტეკის ბანაკში, კონცერტის დროს შემთხვევით გადაგვიღეს ფილმში. საცეკვაო „ტანცპლაშადკაზე” ვუკრავდით. ფილმში კადრი ჩვენით იწყება. მართალია, სხვა სიმღერა დაადეს მერე, მაგრამ ვიზუალურად ვჩანვართ.

– როცა გიორგიმ პროფესიად მსახიობობა აირჩია, როგორ მიიღეთ მისი გადაწყვეტილება?

– გიორგის შემთხვევაში ძალიან უცნაური რამ მოხდა. ლენუკა იყო ძალიან არტისტული. ყოველ საღამოს კონცერტებს გვიწყობდა ჩემს ცოლის დასთან, ეკა გოცირიძესთან ერთად, რომელიც სერიოზული მხატვარია და კვიპროსზე ცხოვრობს. მოკლედ, საღამოობით სახლში თეატრი გვქონდა. გიორგი პირიქით იყო, საერთოდ არ ერეოდა ამ წარმოდგენებში. მახსოვს, ისე სწრაფად ლაპარაკობდა საერთოდ არ მესმოდა, რას ამბობდა. რომ ვეტყოდი, ცოტა ნელა ილაპარაკე, არაფერი მესმის-მეთქი, ნერვიულობისგან კიდევ უფრო ჩქარა იწყებდა ლაპარაკს. თან, ძალიან მორცხვი იყო. გაკვეთილის მოყოლაც კი რცხვენოდა კლასში. ამის გამო, ზოგი „ორიანებს“ უწერდა, მაგრამ ზოგი, შედიოდა მის მდგომარეობაში, შესვენებაზე ცალკე გაჰყავდათ და ისე იბარებდნენ გაკვეთილს. უმაღლესში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, გამომიცხადა, რეჟისორი უნდა გავხდეო, მაგრამ საბედნიეროდ, თვითონვე გადაიფიქრა.      

– ძალიან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ შვილებთან.

– ზედმეტად მეგობრული. შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო, ეს ვერ გავითვალისწინე. საერთოდ, ჩვენ რომ ანდაზებით გვეცხოვრა, ახლა ნამდვილ კომუნიზმში ვიქნებოდით. შვილებთან, რა თქმა უნდა, ვმეგობრობ, სხვანაირად არ შემიძლია. მკაცრი მამა ვერ გამოვედი, მაგრამ თუ რამე არ მომწონს, ფეთქებადი კი ვარ. 

– საკმაოდ ადრე დაოჯახდით.

– ძალიან, ძალიან მიყვარდა და მიყვარს ჩემი მეუღლე და არანაირად არ ვნანობ, რომ 24 წლის ასაკში დავოჯახდი. მართალია, სულ ვჩუბობთ, მაგრამ...

– ჩხუბი ხომ მეტ-ნაკლებად ყველა ოჯახშია.

– არა, ჩვენ ძალიან ვჩხუბობთ. შვილები გვეუბნებიან, ასე თუ ვერ იტანთ ერთმანეთს, ერთად რატომ ცხოვრობთ. ვერ მოასვენეთ ერთმანეთი, გაყრილიყავით, ვინ არ გაშორებულაო. ამაზე მერე ჩვენ ვეჩხუბებით მათ: რას ამბობთ, გიჟები ხომ არ ხართ, ეს ჩხუბი, ის ჩხუბი არ არის, თქვენ რომ გგონიათო. პირველად ლელა, ვასო გოძიაშვილის გასვენებაში ვნახე. მერე სულ დიდუბის პანთეონთან ვტრიალებდი, რატომღაც მეგონა, რომ იქ ცხოვრობდა სადღაც ახლო-მახლო. მერე ინსტიტუტში შევხვდით, ლილი იოსელიანის ჯგუფში სწავლობდა, თან ჩემი ძმაკაცის კურსელი იყო. მერე ძმაკაცი მაწამებდა, რადგან სამ დღეში ერთხელ მეუბნებოდა მისი ტელეფონის ერთ ციფრს. ძალიან კარგი პერიოდი იყო და დღემდე კარგად მახსენდება. ფაქტობრივად, ლელამ თავისი კარიერა ოჯახს შეწირა, ითამაშა რაღაცეებში, მიხაილ ივანიჩთანაც იყო, მაგრამ აღარ გააგრძელა ეს საქმე. დღემდე იშვიათად დადის თეატრში, რადგან ძალიან აღიზიანებდა და ახლაც აღიზიანებს ინტრიგები, რაც თითქმის გარდაუვალია, როგორც ყველა სხვა პროფესიაში, ასევე ჩვენთანაც. მართალია, მე ძალიან იშვიათად მხვევენ ინტრიგებში, უფრო მეტიც მიხაილ ივანიჩმა, ვერ გამხვია და ახლა მით უმეტეს. უბრალოდ, ჩემზე ამბობენ, მძიმე ხასიათი აქვსო.

– მართალია?

– ალბათ, ვაწუხებ სხვას ჩემი ექსცენტრიკულობით, ოფოფებით, ქეიფებით,  უთქმელობით, ან პირიქით, თქმით. გარშემო არავინ არ უნდა შეაწუხო. მანქანის მართვას რომ მასწავლიდნენ, მითხრეს, მართვისას მთავარია, მგზავრი არ შეაშინო და დისკომფორტი არ შეუქმნაო. ასევეა, ცხოვრებაშიც. 

– ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ ლენუკას და თქვენი მეუღლის საჭირო ოპერაციის შესახებ, რომელიც უკვე გაკეთდა და ღმერთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

– ანევრიზმის ოპერაცია, როგორც იცით, ძალიან ძვირი ჯდება, მით უმეტეს, ორი ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. 

– როგორ გაიგეს ანევრიზმის შესახებ?

– ჩემს მეუღლეს თავი სულ აწუხებდა, იძახდა შიდა ქალის წნევა მაქვსო. თავბრუხვევებიც ჰქონდა. რა თქმა უნდა, მე არ მიჯერებდა, მაგრამ ლენუკამ თავისი გაიტანა, დაავლო ხელი დედამისს და ექიმთან წაიყვანა. თავში ანევრიზმის შესახებ რომ გაიგეს, ანერვიულდა, თვითონაც გაესინჯა და მასაც არ აღმოაჩნდა? ბომბზე ვიჯექით, ფაქტობრივად. წარმოიდგინეთ, მე რა დღეში ვიქნებოდი. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ღვთისნიერი ადამიანები, განსაკუთრებით მამუკა ქაცარავა მერიიდიან. ვისაც არ უნდა ვუხსენო ეს კაცი, ყველა აქებს და ადიდებს. საერთოდ, არ ვიცნობდი მაშინ. ქეთი დოლიძემ ძალიან დიდი როლი ითამაშა, ყველას გააგებინა ჩვენი ამბავი, თავის თავიც შეაწუხა და სხვებიც. მამუკას რომ უთხრა ეს ამბავი, რეანიმაციიდან დამირეკა, თვითონ ნაოპერაციები ყოფილა იმ დროს, ძალიან რთული ოპერაცია  გაიკეთა. მითხრა, ნუ გეშინია, არ ინერვიულო, გამოვალ საავადმყოფოდან და რაღაცას ვიზამთო. ქნა კიდეც. ნაწილი ჯანდაცვამ გადმოგვირიცხა ქეთის დაჟინებული თხოვნით, მამუკა ხაზარაძე დამეხმარა, თემურ ჩხეიძე, დათო ახვლედიანი. შეიძლება, მათ სახელებს არ უნდა ვამბობდე და სულ არ უნდათ ამის გაჟღერება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ყველას ძალიან დიდი მადლობელი ვარ.

 

скачать dle 11.3