კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ეუბნებიან კოტიკოზე გაბრაზებულები გიორგი აფხაზავას და როგორია ის რეალურ ცხოვრებაში

პროფესიით მომავალ ექიმს, გიორგი აფხაზავას, მაყურებელი უკვე კარგად იცნობს. მისი გმირი – კოტიკო, „TV 11-ზე” პროექტ „სე ლა ვიდან”, დიასახლისებს დიდი ხანია, მიწასთან ჰყავთ გასწორებული, მამაკაცები სხვა დამოკიდებულებით გამოირჩევიან, მოზარდები კი „ბლატაობაში” ამხელენ... მოკლედ, გიორგის „კოტიკოს” ყველა იცნობს. ჩვენც, სანამ გიორგი აფხაზავას ცხოვრებისეული დეტალებით დავინტერესდებოდით, მასთან საუბარი კოტიკოთი და მისი საქციელის შეფასებით დავიწყეთ. 

 

– უკრაინა მოიარე, ეს გოგო ასე გააუბედურე... თავს როგორ გრძნობ?

– უკრაინაში გულის გადასაყოლებლად ვიყავი.

– მანამდეც ოცნებობდი იქ მოხვედრაზე, სანამ გული გექნებოდა „გადასაყოლებელი”! ის პონტია, ბათუმში ჩახვიდე და აჭარული ხაჭაპური არ გასინჯოო, ჯერ კიდევ როდის ამბობდი.

– კონსტანტინ... უკრაინა.. ჰო (იცინის)...  სულ სხვანაირი წარმოდგენა აქვს კოტიკოს ამ ყველაფერზე.

– საერთოდ, იცის, რა არის სიყვარული?

– უფრო არ იცის და, ალბათ, მარტო გაგონილი, ყურმოკრული ფრაზებით ცხოვრობს თვითონაც, როგორც სიყვარულში, ისე ყველაფერში საერთოდ.

– არც ისე მაგარი ტიპია; უფრო მეტიც, კარგი დედიკოს ბიჭია.

– პირდაპირ გეტყვით, საერთოდ არ არის კოტიკო მაგარი ტიპი. რაღაც შირმას არის ამოფარებული, საუბრის სტილითა და მანერებით უნდა, რომ გადაფაროს თავისი რეალური სახე, რომელიც, პრინციპში, პრიმიტიული და არაფრის მთქმელია.

– ... და, რომლის მსგავსიც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეგხვდება დღეს თბილისის ქუჩებში.

– თბილისში რომ ბევრი დადის კოტიკოსნაირი, ალბათ, სწორედ მაგიტომ გახდა ეს პერსონაჟი პოპულარული. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი გამოხმაურება ჰქონდა ამ გმირს; ბევრი დადებითად აფასებს, უფრო ბევრი – არა. ჩემი აზრით, კოტიკოსადმი დამოკიდებულება, ყველაზე მეტად კომენტარებში იგრძნობა, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საერთოდ სხვა ფორმით გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას მისადმი. პირდაპირ იღებს ძირითადი მასა ამ ყველაფერს, თითქოს ეს ადამიანი მართლა არსებობს. რეალურ კოტიკოს ელაპარაკებიან და არ უფიქრდებიან, რომ კოტიკო არის დღევანდელობიდან აღებული და გაშარჟებული პერსონაჟი; რომ ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ასეთი ადამიანი არ ვარგა. 

– როგორ კომენტარებს გწერენ?

– იყო ასეთი კომენტარი – ამის შემხედვარე მე საერთოდ არ გავთხოვდებიო, თითქოს, რომ გათხოვდეს, ზუსტად კოტიკოსნაირი შეხვდება.

– ალბათ, ასე იმიტომ ფიქრობს, რომ ბევრი დადის დღეს კოტიკოსნაირი.

– ჰო, ალბათ. ვიღაცეები წერენ: ამან ჭკუა როგორ უნდა მასწავლოსო და კიდევ სამი სიტყვა მოჰყვებოდა, რომელსაც ინტერვიუში არ ვახსენებ, – ჭკუის სასწავლებლადაც კი აღიქვეს, თითქოს, კი არ ვაშარჟებდეთ, არამედ, პროპაგანდას ვუწევდეთ. ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე.

– იმდენად რეალურად აღიქვეს შენ მიერ განსახიერებული კოტიკო, რომ გიორგის დაახვიეს ემოციების კორიანტელი. 

– ეს მახარებს... იყო კიდევ ჩართულობის გამომხატველი კომენტარები.

– ეს როგორ?

– მაგალითად: „დროზე გააშორეთ ეს გოგო, ვაიმე, რა ცოდოა!”

– ეცოდებოდათ კოტიკოს ცოლი დედამთილის ხელში?

– ჰო. ფილოლოგი ქალია და, რა ქნას (იცინის), გადაგვაყოლა თავის ფილოლოგობას ყველა.

– ტელეფონში ლარის ჩარიცხვას ამადლის, აგინებს, სცემს... ცხადია, არ უყვარს. საერთოდ, რატომ მოიყვანა კოტიკომ „ეს გოგო” ცოლად? გარეგნობით ვარკვლავებს არ წყვეტს, ოჯახიშვილობითაც არ გამოირჩევა... 

– ქალიშვილი იყო და იმიტომ (იცინის) – კოტიკოსთვის ეს იყო მთავარი, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია მისთვის.

– გიორგი, გაიხსენე, როგორ აგირჩიეს კოტიკოდ?

– მანამდეც ვიყავი და ახლაც ვარ ღამის შოუს პროექტში – „რომ გადახვალ გააჩერე”, რომელიც ახლა „მაესტროზე” გადის და ჰქვია „თქვენი გადახდილია”. მერე, როცა პროექტი „სე ლა ვი” დაიწყო, ქასთინგი გავიარე, რის შემდეგაც დამამტკიცეს კოტიკოს როლზე.

– ზუსტად ვიცი, კოტიკოს არ ჰგავხარ არც ოჯახში და არც ურთიერთობებში.

– ეს, ალბათ, ის ერთადერთი თემაა, რომელზეც მართლა შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ აბსოლუტურად განვსხვავდები კოტიკოსგან. მყავს მეუღლე – ნენე ხუჭუა და ერთი შვილი – ნუცა აფხაზავა. ხუთი წელია, დაქორწინებული ვარ.

– დარწმუნებული ვარ, ოჯახში მხოლოდ პამპერსისა და პურის ყიდვით არ შემოიფარგლება გიორგი აფხაზავა.

– ცოტა მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ, როგორც ამბობენ, მშვენივრად ვართმევ თავს ოჯახს როგორც საყიდლების კუთხით, ისე  ბავშვის მოვლა-აღზრდაში დახმარების მხრივაც. რაც მთავარია, სწავლას, მეგობრებს, ოჯახს – ყველაფერს თავისი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.

– მკაცრი ხარ?

– ვერ ვიტყოდი ასე. თავიდან ბოლომდე ჰარმონიულია ჩემი და ჩემი ცოლის ურთიერთობა. ასე დავიწყეთ და დღემდე ასე მივდივართ. საერთოდ, ჩვენს ოჯახში გენდერული თანასწორობა დაცულია (იცინის). ჯერჯერობით ასეა, ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

– ტელემაყურებლების საყვარელ მსხიობთა რიცხვში შედიხარ. პროფესიული არჩევანით კმაყოფილი ხარ?

– მე პროფესიით მსახიობი არ ვარ, მე ვარ ექიმი. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული „მანსანკანში”, ანუ „კავეენში” და ძალიან მიყვარდა.

– ესე იგი, ამ პერიოდში შეისუნთქე სცენის მტვერი?

– ჰო. პირველ კურსზე გავიხედ-გამოვიხედე, რა ხდებოდა და მეორე კურსიდან უკვე ჩავერთე. მერე მოხდა ისე, რომ, ანეკდოტების პროექტს რომ იწყებდა „ღამის შოუ სტუდია“, ქასთინგი გავიარე და იქიდან მოვედი აქამდე.

– მუშაობ, ან, გიმუშავია შენი ძირითადი პროფესიით?

– არა, რადგან, ჯერ ბოლომდე არ დამიმთავრებია სწავლა. ახლა ვამთავრებ, ახლო მომავალში რადიოლოგი ვიქნები. ერთი წლის შემდეგ სალიცენზიო გამოცდაზე უნდა გავიდე, მერე უკვე ვნახოთ.

– მაშასადამე, არ აპირებ, რომ დიპლომი შემოდო თაროზე და მხოლოდ მსახიობი იყო.

– არ ვაპირებ. თუმცა, ის საქმიანობა მომწონს და მიყვარს, რითაც „ტვ 11-ში” და პროექტ „რომ გადახვალ, გააჩერეში” ვარ დაკავებული; აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. იმდენად თბილი, მეგობრული და ოჯახური გარემოა, რომ სამსახურს ვერც ვეძახით იქ მუშაობას. თან, ვაკეთებთ იმას, რაც ძალიან მიყვარს და მთელი ცხოვრება მიყვარდა.

– ეს გასაგებია, მაგრამ, ექიმობა რატომ მოინდომე?

– დედაჩემიც და მამაჩემიც ექიმები არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი პირველი კურსის დახურვამდეც წინააღმდეგები იყვნენ ჩემი ექიმობის, იმიტომ, რომ მათ ძალიან რთული პერიოდი გამოიარეს. არ იყო დაფასებული ეს პროფესია საქართველოში; ვერც ახლაა ბოლომდე დაფასებული, მაგრამ, მაშინ, ოთხომოცდაათიანებში – საერთოდ. ამიტომ, მირჩევდნენ, უფრო მარტივი ან გამოსადეგი, პერსპექტიული პროფესია ამერჩია, ვთქვათ, საბანკო საქმე, მენეჯერი და ასე შემდეგ. თუმცა, რატომღაც, ავიჩემე და ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში.

– მეუღლე რა პროფესიისა გყავს?

– მეუღლე იურისტია. „საქართველოს ბანკში” მუშაობს.

– ბავშვი რამხელაა? მისი რეაქცია მაინტერესებს ეკრანზე რომ გხედავს?

– 4-ის არის ნუცა, ოქტომბერში 5 წლის გახდება. მისი რეაქციებიდან განსაკუთრებულად ერთი დამამახსოვრდა: ჩემი სატელევიზიო მეუღლე ორსულად რომ იყო, ხომ გადაწყდა, რომ ბუხუტიკო უნდა დაგვერქმია ბავშვისთვის, ჰოდა, ნუცამ ტელევიზორს უყურა, მერე მივიდა დედამისთან და ჰკითხა: დედა, მართლა უნდა მოგვიყვანოს მამამ სახლში ბუხუტიკოო?

– თქვენს ოჯახში როგორ აფასებენ კოტიკოს?

– იუმორით, როგორც იყო გათვლილი. აღნიშნავენ, კარგია, საჯაროდ რომ ითქვა – ასეთი ადამიანები არ გვინდა, გვარცხვენენო (იცინის.)

– ქუჩაში გცნობენ?

– დიახ. განსაკუთრებით ბავშვები გამოხატავენ ხოლმე, რომ მიცნეს. ამას წინათ ორმა ბავშვმა ჩამიარა და ჩემს დანახვაზე ერთმა მეორეს გადაულაპარაკა: „ეს ის ბიჭი არ არის, ტელევიზორში რომ ბლატაობს?”

 

скачать dle 11.3