კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან გადაიკვეთა ეკა ამირეჯიბის გზები და როგორ მოიწყო მან სახლში ედემი

„რუსთავი 2-ის” „დილის” წამყვანს, ეკა ამირეჯიბს, ცხოვრების ზეაქტიური პერიოდი აქვს: გარდა იმისა, რომ  პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს თამაშობს, მონაწილეობს  სარეკლამო კლიპებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში. ამბობს, რომ ასეთი რეჟიმის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და მუდმივად ეძებს სიახლეებს. 

 

ეკა ამირეჯიბი: ძალიან აქტიური პერიოდი მაქვს, თუმცა, ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და, ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთებაც  შეიძლება. ვარ „რუსთავი 2-ის”  დილის გადაცემაში, სტუდიაშიც ვმუშაობ და პირდაპირ ჩართვებზეც;  აქტიურად ვარ დაკავებული სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები” და, პარალელურად, მიმყავს სხვადასხვა ღონისძიება. მუდმივად მაქვს შემოთავაზებები, რაზეც უარს არ ვამბობ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ნამდვილად ზეაქტიური „პალასა” მაქვს. თუ ადამიანს ჰგონია, რომ არსებული მოცემულობა არის ყველაფერი, ალბათ, მას აღარ აქვს მოტივაცია და სწრაფვა; მე ეს გრძნობა ჯერ არ გამჩენია, კიდევ ბევრი კარგი სიახლის მოლოდინი მაქვს.  ძალიან ენერგიული ადამიანი ვარ. თუ არ არის სიახლე, ვკვდები. ჩემი ხასიათი და განწყობა ძალიან ნეგატიურია, თუ რამე ახალი არ ხდება ჩემს თავს, მაგრამ, დეპრესიაში არ ვვარდები.  სულ მჭირდება გადახალისება და „რეფრეში” – ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება. 

– პროფესიით დიპლომატი ხარ, მაგრამ, სულ სხვა სფეროში გიწევს საქმიანობა. ეს კომფორტს გიქმნის?

– ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ეს არის მაგალითი იმისა რომ, თუ რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად გამოვა. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, თუმცა, ჩემი  პროფესიით არასდროს მიმუშავია.  ხასიათით ნამდვილად ვარ დიპლომატი – არ ვარ კონფლიქტური ადამიანი; სულ ვცდილობ, თავიდან ავირიდო დაძაბულობა, ნეგატივი. იმასთან, ვინც ჩემთვის მისაღები არაა, ურთიერთობებს არ ვიწყებ. ასეთი ვიყავი სულ, ეს არაა დიპლომატობის „ბრალი” (იცინის). 17 წლის ასაკში, როცა პროფესიულ არჩევანს აკეთებ, ძალიან რთულია, მიხვდე და გადაწყვიტო, სინამდვილეში რა გინდა. ეს ასაკი ძალიან ადრეა ასეთი არჩევნის გასაკეთებლად. რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა მსახიობობა, არ ყოფილა არც ერთი მომენტი, რომ სხვა პროფესია მომწონებოდა და სხვა რამისკენ გადავხრილიყავი. დედაჩემი მუსიკოსია, მუსიკოსია ბებიაც და, შესაბამისად, ჩვენს ოჯახში სულ მუსიკაზე იყო საუბარი. მეც მთელი ბავშვობა ვუკრავდი და გამოვდიოდი კონცერტებზე, მაგრამ, მაინც მსახიობობა მინდოდა – ეს იყო ჩემი ოცნების ოცნება.  ვერ ვიტყვი, რომ ოჯახმა დამიშალა მსახიობობა, უბრალოდ, ჩემი პროფესიული არჩევანი უფრო რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას ჰგავდა, მაგრამ, მერე მოხდა ისე, როგორც მოხდა და ეს ძალიან მიხარია. იმდენი კარგი, პროფესიონალი მსახიობია, რომელიც ვერ მოხვდა საჭირო დროს საჭირო ადგილას, ან, რაღაც სხვა მხრივ ვერ აეწყო მათი ცხოვრება, მე კი გამიმართლა და პრაქტიკაში განვახორციელე ჩემი ოცნება, თუმცა, ვფიქრობ, პროფესიონალი მსახიობი რომ ვყოფილიყავი, უფრო საინტერესო და სასიამოვნო წლებს გავატარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში და უფრო მეტ როლს  ვითამაშებდი.    

– უდიპლომო მსახიობობა სულ არ გემჩნევა. ტელესახის ამპლუაში  როგორ გრძნობ თავს? 

– ეს ორივე ამპლუა ერთმანეთისგან განსხვავებულია. როცა ეთერში ვარ და გადაცემა მიმყავს, ვარ ის, ვინც ვარ – ეს ყველაზე მთავარია ტელეეკრანზე, რომ შენ იყო შენ, არ გჭირდებოდეს ნიღაბი. სერიალში კი პირიქითაა, როლში ყოფნა სხვა რამეს ნიშნავს. სულ ვმიჯნავ ჩემს პერსონაჟს ჩემი თავისგან, არც არის საჭირო, პერსონაჟი და თავად შენ ერთმანეთს ჰგავდეთ და პარალელები გაავლო. როცა არ გგავს გმირი, როლზე მუშაობა უფრო საინტერესოა.  უკვე ხუთი წელია, რაც „რუსთავი 2-ში” ვარ, ისე მალე გავიდა ეს დრო, ვერც კი მივხვდი. სულ ვამბობ: მე ახალი ვარ-მეთქი და აღარ „დავძველდი” (იცინის).    

– „რუსთავი 2-ის” წყალობით, ფლორასა და ფაუნაშიც კარგად დაოსტატდი და კვირაში ერთ დღეს თბილისის ზღვის ედემში ატარებ.

– ყვავილები ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს ისეთი გარემო, სადაც ყოფნა თვალსაც  უხარია და აშკარად იგრძნობა, რომ ინტერიერზე ვიღაცამ იზრუნა. ესთეტიკის დიდი მოყვარული ვარ, ზურასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო შემაყვარა გარემო, ბუნება. მე და ზურა ძალიან დავმეგობრდით და მიხარია, რომ, სამსახურიდან გამომდინარე, ჩვენი გზები  გადაიკვეთა. ყვავილები სახლშიც ბევრი მაქვს და ვცდილობ, კარგად მოვუარო. ძალიან განვიცდი, თუ მათ რამე ემართებათ. მე არ მაქვს სახლში ისეთი ედემი, როგორიც ზურა შევარდანაძეს, მაგრამ ჩემს დიდ აივანზე საკმაოდ ბევრი მცენარეა, თუმცა, აივნის  ბოლომდე მათი შევსება ვერ მოვახერხე.   

– სერიალზე მინდა გკითხო: შენ გარდა თითქმის  ყველა მთავარი პერსონაჟი ქალის პირადი ცხოვრება შეიცვალა – რეალურ ცხოვრებაშიც ყველა ორსულადაა.

– მე ანგარიში გავუწიე შემოქმედებით ჯგუფს, კიდევ ერთი ორსული – დარტმა იქნებოდა  სერიალისთვის. ჯერ სხვა გოგოებს გავატარებ. ჩემი ცხოვრება ასე დაგეგმილად ნამდვილად არ ვითარდება. ვისაც როდის როგორ უგრძნობს გული და რა მოუნდება, იმის მიხედვით უნდა ააწყოს თავისი ცხოვრება. მე ამ ეტაპზე უფრო საქმიანი თვალსაზრისით ვაქტიურობ.  

– პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ის პერსონაჟები დროებით „გაქრნენ” სერიალიდან. შენ არ ითხოვ ხოლმე „ტაიმაუტს”?

– მხოლოდ კატო გამოგვაკლდა ამ ეტაპზე.  ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება ამ სერიალის გარეშე. ყველა მსახიობს, ვინც არის სერიალშია დაკავებული, პარალელურად სხვა სამსახური აქვს, ისევე, როგორც მე. ამას ყოველთვის ითვალისწინებს ის ხალხი, ვინც სერიალს აკეთებს, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გამოდის.  არის ხოლმე ისეთი დღეები, როცა გადაღებებისგან ვისვენებთ, თუმცა, მერე გაათმაგებულად გვიწევს ხოლმე მუშაობა. რაღაცის დაგეგმვა რომ მინდა, ჯერ გადამღებ ჯგუფს ვურეკავ, ისინიც რამეს ხომ არ გეგმავენ (იცინის).   

– რეალურ ცხოვრებაში ცოლის ამპლუაში  ძალიან განსხვავებული ხარ შენი პერსონაჟისგან?

– ძალიან. ლიკუნას ცოტა არაადეკვატური რეაქციები აქვს ხოლმე, ხშირ შემთხვევაში, უფრო დაუფიქრებელი და ფეთქებადია, მე კი უფრო სიდინჯე მახასიათებს. უემოციო არ ვარ, მაგრამ, ჩემი წყობიდან გამოყვანა საკმაოდ ძნელია. არც ისეთი ეჭვიანი ვარ, როგორიც ჩემი პერსონაჟია, თუმცა, ლიკუნას და ვანიკოს ოჯახური ურთიერთობა ჩვეულებრივი ურთიერთობაა.  როგორც მეუბნებიან, ასე ხშირად ხდება – როცა ოჯახი ახალშექმნილია, ქალი მეტად დასტრესილია და დაძაბულობაც უფრო მეტი აქვს. ბევრი მწერს ხოლმე „ფეისბუქზე” კონკრეტული სცენების მერე, ამ ეპიზოდმა ჩემი თავი გამახსენაო. პრინციპში, ესაა ჩვენი რეალობა – ვიღაცასთან უფრო დიდი დოზით ხდება ჩხუბი, ვიღაცასთან – ნაკლებად, ის, რაც ხდება ამ ცოლ-ქმარს შორის, მაინც ქართული ოჯახების რეალობიდან არის აღებული.   

– ეს სერიალი ცოლქმრული ურთიერთობის კარგ პრაქტიკასაც გატარებს.

– პირად ცხოვრებაში სერიალით არ ვხელმძღვანელობ, მაგრამ, საერთო მომენტები ამ წყვილსა და ჩემს პირად ცხოვრებას შორის, რა თქმა უნდა, არსებობს. რაღაცეები ემთხვევა ჩვენსას, რაღაცეები – არ ემთხვევა. ხურცილავასნაირ ქმარს სახლში, ალბათ, ვერ ავიტანდი, ასეთ  საყვარელსა  და მხიარულს, ბევრი ისეთი რამ აქვს, რაც, ალბათ, ბევრ ქალს სახლში ძალიან გააღიზიანებდა, თუმცა, ნიჭიერ ადამიანს ბევრ რამეს აპატიებ და, ჯობია, გვერდით საინტერესო ადამიანი გყავდეს, ვიდრე პრიმიტიული, ვისაც აზრად არ მოუვა თავში ის, რაც ხურცილავას კარგად გამოსდის ხოლმე.  

– ასეთ რეჟიმში ცხოვრება, ერთდროულად  ბევრ ადგილზე ყოფნა   არ გიჭირს?

– ყველა იმას მეკითხება, როგორ ვიღვიძებ ხუთის ნახევარზე. მე ამას უკვე მიჩვეული ვარ. ძალიან ხშირად ასეთი დღეები გრძელდება გადაღებით, რომელიც გვიან მთავრდება, მეორე დილას კი, შესაძლოა, ისევ ეთერში ვიყო. ხანდახან ერთი, კვირის განმავლობაში, დღე-ღამეში სულ ორი-სამი საათი მძინავს, მაგრამ, ეს არაა დიდი პრობლემა. ის უფრო ძნელი გასაძლები იქნებოდა, ასეთ აქტიურ რეჟიმში რომ არ ვიყო. ძალიან ბევრ რამეს ვერ ვასწრებ, მაგალითად, მეგობრებთან ურთიერთობას, რის გამოც მათგან შენიშვნებს ვიღებ ხოლმე. მეხმარება დედა, რომელსაც ხშირად აბარია ჩემი გარდერობის მოწესრიგება – ამაში დედას ბადალი არ ჰყავს.  

–  მეუღლე ამ რეჟიმის გამო სახლში „საჩივრის წიგნს” არ გივსებს?   

– არა,  ჩვენ არ გვაქვს „ქართული” მიდგომები, გადასარევად ვუგებთ ერთმანეთს. ყოველდღე და დღეში სამჯერ, სადილისთვის, ბუნებრივია, ვერ ვიცლი, მაგრამ, თუ დრო და სურვილი მაქვს, სახლში საქმესაც ვაკეთებ. თუ რამეს არ გააკეთებ, ისევ შენ დაგაკლდება. ქართული მიდგომა – „მეზარება, არ შემიძლია, ორშაბათიდან დავიწყებ” – არ მაქვს, ჩემს გასაკეთებელს ყოველთვის მე ვაკეთებ, სხვების შეწუხება არ მიყვარს.  ჩემი მეუღლე თავადაც ახლოსაა ხელოვნებასთან, მუსიკასთან, შემოქმედი ადამიანია,  მაგრამ, პარალელურად, ბევრ რამეს აკეთებს, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების წესი და რეჟიმი კარგად ესმის და იმაშიც მიგებს, რომ ასეთი რეჟიმით მიწევს ცხოვრება.  

 – და, ამ რეჟიმში  შენი  მთავარი „რეფრეში” რა არის?

–  რაც არ უნდა დაკავებული ვიყო, ვერ ველევი მუსიკას. ვცდილობ, თუ მაქვს საშუალება, სადმე გავიდე ქალაქიდან. ბუნებაში ყოფნა ჩემთვის არის საუკეთესო დასვენება. ჩემი  ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტი და რეფრეში არის მოგზაურობა – მგონია, რომ ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს.  ამ ზაფხულს შვეიცარიაში ვიყავი და ძალიან კარგად დავისვენე. ახლა  ვგეგმავ ძალიან კარგ ტურს მუსიკალურ ფესტივალზე ბუდაპეშტში, სადაც ბევრ კარგ  ჯგუფს მოვუსმენ „ლაივში” და ბევრ კარგ მუსიკოსს ვნახავ. ამ ტურს დიდხანს ვგეგმავდი, ამიტომაც, ძალიან მიხარია და აჟიტირებული ვარ.   

 

скачать dle 11.3