კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

დათომ პაუზა გააკეთა, მაგრამ დიმიტრიმ ვეღარ მოითმინა:

– შენ რაღაც იცი და მიმალავ?

– არაფერიც არ ვიცი! რას უნდა გიმალავდე?

– აბა, რას მენამიოკები? გაფიცებ შვილებს, ყველაფერი მითხარი. ნუ გეშინია, არც გავაფრენ და არც გული გამისკდება. უბრალოდ, ყველაფერი უნდა ვიცოდე, რომ რაღაცეები გავითვალისწინო და შესაბამისად მოვიქცე.

– მართლა არაფერი არ ვიცი, შვილებს გეფიცები.

– აბა, რატომ მითხარი, ნანიტას არ უპატიებია, რაღაც სხვა აქვს ჩაფიქრებულიო? 

– უბრალოდ, მე უკეთ ვიცნობ ქალის ფსიქოლოგიას. ასე თუ ისე, ოდღესაც ექიმი ვიყავი, თანაც, მესამედ შევირთე ცოლი და წინა ორმა საკმაო პრაქტიკა გამატარა. არ გახსოვს, პირველმა ცოლმა რა ნომრები ჩამიტარა?!

– მახსოვს, მაგრამ, ჩემი არ იყოს, არც შენ იყავი მასთან მართალი.

– ვიცი, რომ არ ვიყავი, მაგრამ, ახლა ჩემს ბრალეულობაზე ან სიმართლეზე არ გელაპარაკები.

– აბა, რაზე? – ვერ მიხვდა დიმიტრი.

– რაზე და, შეურაცხყოფილი ქალის შურისძიებაზე.

– სისულელეა ეგ ყველაფერი. თანაც, ნანიტა არ არის ეგეთი ქალი.

– როგორი „ეგეთი“? – ირონიულად ჰკითხა დათომ.

– როგორი და, ძიშოვკა შურისმაძიებელი.

– შენ უკვე მეორედ მეუბნები ამას და მეც, მგონი, უკვე გითხარი, მაგრამ, კიდევ ერთხელ გეტყვი: ნუ ენდობი ქალს, რომელსაც ახლახან აწყენინეს.

– ეს შენი დაგატკებია?

– ჩემი არა, გაცილებით უფრო ჭკვიანი და დაკვირვებული ადამიანის, თანაც ისეთის, რომელმაც, როგორც ჩანს, საკუთარ ტყავზე გამოსცადა ნაწყენი ქალის არასანდოობა.

– ანუ, შენ ამტკიცებ, რომ ნანიტას შურისძიება აქვს ჩაფიქრებული?

– მე არაფერს არ ვამტკიცებ, მხოლოდ გაფრთხილებ, რომ ყურადღებით იყო.

– ყურადღებით? რაზე?

– რამ გამოგაშტერა, შე ჩემა, ვერ ხვდები, რასაც გეუბნები?

– დათკა, გეყო, რა! არ მინდა, გაწყენინო, მაგრამ, ნუ მიჩხიკინებ ნანიტას წინააღმდეგ, ძალიან გთხოვ. მე, შეიძლება, ბევრი მივქარე, მაგრამ, მასზე ცუდის თქმას შენც კი არ გაპატიებ! – გაბრაზდა დიმიტრი.

– აუ, შენ რა უკუღმა გესმის ყველაფერი! მე ნანიტას წინააღმდეგ კი არ გაღიზიანებ, უბრალოდ, გეუბნები, რომ ფრთხილად იყო. ყველა ქალი ქალია და წყენას არც ერთი არასდროს არ ივიწყებს, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგი სიცოცხლის ბოლომდე ამ წყენითა და ტკივილით ცხოვრობს, სამაგიეროს გადახდას ვერ ბედავს თუ არ კადრულობს და მერე მთელი ცხოვრება ნანობს ამას; ზოგი პირდაპირ, ნახადუ უხდის სამაგიეროს იმას, ვინც მას ტკივილი მიაყენა; ზოგი კი წინასწარ გეგმავს შურისძიებას და ამას ისე ვერაგულად აკეთებს, როგორც მხოლოდ ქალს შეუძლია.

– კარგი, აღარ მინდა შენი სიბრძნეების მოსმენა. წავედი, მეძინება.

– გაფიცებ, ხომ არ გაწყენინე?

– არა, მაგრამ, ძაან გაატრაკე.

– ესე იგი, გეწყინა.

– არა, შენს ძმობას გეფიცები, არ მწყენია, უბრალოდ, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, უფრო გამისწორდებოდა, რომ გაგემხნევებინე და იმედი მოგეცა, ან, რამე ამდაგვარი გექნა.

– კარგი, ჰო, ბოდიშს გიხდი. მართალი ხარ, ზედმეტი მომივიდა. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.

– მართლა? თუ, ამას დასამშვიდებლად მეუბნები?

– მართლა.

– ჯიგარი ხარ. ასე არ ჯობია? მომენტალურად კარგ ხასიათზე დავდექი.

– აბა, დავაი, მაგრად იყავი. დიდი გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი და გაუძელი.

– ვეცდები. ახლა კი მართლა წავედი, თორემ, იმდენი ხანია, ვლაპარაკობთ, ტელეფონი ჩამადნა ხელში.

– ჭკუით იყავი, იცოდე. დაგირეკავ.

– კარგი. დროებით.

დიმიტრიმ ყურმილი გათიშა და ჩაფიქრდა. დათოს ბოლო სიტყვებმა ცოტა დაამშვიდა, მაგრამ გაურკვევლობის თუ დაძაბულობის შეგრძნება მაინც დარჩა, თუმცა, ამ დაძაბულობას რაღაცნაირი სიხარულის გრძნობაც ახლდა. დიმიტრიმ ვერ გაარკვია, ასეთ მძიმე და კრიტიკულ სიტუაციაში რას უნდა გამოეწვია ეს სიხარული. ამაზე დიდხანს იფიქრა და თავისთვისვე მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა: ნანიტა უყვარდა, უყვარდა უფრო მეტად, ვიდრე თავიდან და ეს სიყვარული საოცარი ენერგიით მუხტავდა. ახლა მთავარი იყო, ცოლის ნდობა მოეპოვებინა, დაერწმუნებინა თავისი გრძნობის გულწრფელობაში, მონანიების გულწრფელ სურვილში და, დარწმუნებული იყო, რომ ამის შემდეგ ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც ზღაპრებში ხდება – „და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“. ამის გაფიქრებაზე კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა სახეზე, მაგრამ, რატომღაც, უცებ დათოს ირონიით აღსავსე ხმა ჩაესმა: „ნეტარ არიან მორწმუნენი“... – და ეს ხმა ისე აშკარად გაიგონა, თითქოს დათო მის გვერდზე იდგა და ყურში ჩასჩურჩულებდა. ამ ხმამ დიმიტრი შეაკრთო, ღრუბლებიდან მიწაზე დაანარცხა და მის რომანტიკულ ფიქრებს ბზარი გაუჩინა. უცებ აეშალა ნერვები. ადგა და წინ და უკან დაიწყო სიარული. ადგილს ვეღარ პოულობდა, გალიაში გამომწყვდეული ლომივით აწყდებოდა კედლებს. მერე დაჯდა და დაწვრილებით გაიხსენა ბოლო რამდენიმე დღის ყოველი წუთი. უსიამოვნო განწყობა დაეუფლა. ერთი შეხედვით, ნანიტას საქციელში არაფერი საეჭვო არ ჩანდა, მაგრამ, დათოს სიტყვებმა, როგორც ჩანს, მაინც იმოქმედა და დაადარაჯა, თუმცა, კონკრეტული დასკვნა ამ ყველაფრიდან მაინც ვერ გამოიტანა და, გადაწყვიტა, ხვალინდელ დღეს დალოდებოდა.

უცებ საშინელი მოთენთილობა იგრძნო. ისე დაიღალა ამ ორი დღის განმავლობაში ფიზიკურადაც და მორალურადაც, ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა. სხეულიც და ტვინიც დასვენებას სთხოვდა. ძლივს მივიდა მისაღებ ოთახამდე, დივანზე ტანსაცმლიანად მიეგდო და თვალები დახუჭა.

„ხვალ გავარკვევ ყველაფერს“... – ამის გაფიქრებაღა მოასწრო და მაშინვე ძალიან ღრმად ჩაეძინა.

***

დილით სამივეს ადრე გაეღვიძა. მზიამ, ჩვეულებისამებრ, ყველა პროცედურა ჩაუტარა თავის პაციენტს, წამლები დაალევინა და ასაუზმა, შემდეგ გიორგის გაუწყო საუზმე და თავისთვისაც დაისხა ყავა.

– მზია, მოდი, დაჯექი, ერთად ვისაუზმოთ, – შესთავაზა გიორგიმ.

– დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, მაგრამ, ჯერ ერთი, დილაობით ისედაც ვერაფერს ვჭამ, თანაც, ისე ვნერვიულობ, საერთოდ დამეკარგა მადა. ყავაც იმიტომ დავისხი, რომ ცოტა გონზე მომიყვანოს, თორემ, ამის დალევაც კი არ მინდა.

– რა განერვიულებს. ნუ გეშინია, ყველაფერს გავარკვევთ.

– ამჯერად იმაზე ვნერვიულობ, რა პასუხს შეგვატყობინებს ირაკლი ექიმი.

– ჰო, ბატონი ირაკლის ზარს მეც მოუთმენლად ველი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს თხოვნას... – გიორგის სიტყვა მობილურის ზარმა შეაწყვეტინა. ნომერს დახედა და აღელვებულმა უპასუხა:

– გისმენთ, ბატონო ირაკლი! დილა მშვიდობისა!

– დილა მშვიდობისა. ძალიან ადრე ხომ არ მომიწია დარეკვა? – ჰკითხა პროფესორმა.

– არა, რას ბრძანებთ. შეიძლება ითქვას, არც კი გვიძინია, ისე ვნერვიულობდით. როგორ არის ჩვენი საქმე?

– გამომძიებელს წუხელ ველაპარაკე. მითხრა, რომ მზიას პაემანი იმ კაცთან გამორიცხულია, მაგრამ, ალბათ, მალე გამოუშვებენ და მერე შეგიძლიათ, პირადად ინახულოთ. მთავარია, ახლა...

– გამოუშვებენ?! – შეაწყვეტინა გიორგიმ, – მოხსნეს ბრალდება?

– წინასწარი ორთვიანი ვადა გავიდა, თან, როგორც ჩანს, რეალური მტკიცებულება არ არსებობდა.

– ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა? – გაუკვირდა გიორგის.

– სიმართლე გითხრათ, ნიუანსები არ გამომიკითხავს, რა და როგორ მოხდა, მაგრამ, სასამართლო შემდგარა და საპროცესოზე შეთანხმებულან.

– მერე? – უცებ ვერ მიხვდა გიორგი.

– მერე, იმ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და კიდევ რაღაც-რაღაცეების გათვალისწინებით, ხუთი ათასი ლარის გადახდა დააკისრეს...

– და, გაუშვებენ? – შეაწყვეტინა გაოცებულმა გიორგიმ.

– დიახ.

– კი მაგრამ, საიდან უნდა მოიტანოს იმ საცოდავმა ამხელა თანხა?

– ხომ გაგიგიათ, ქვეყანაზე კეთილი ადამიანი არ დაილევა.

– ანუ? – ისევ ვერ მიხვდა გიორგი.

– ანუ, გამოჩნდა ვიღაც პიროვნება, რომელმაც თანხის ნაწილი გადაიხადა. ახლა მთავარია, გამოჩნდეს მეორე გულჩვილი ჰუმანისტი, რომ ის ხუთი ათასი შეავსოს და ჩვენი ეჭვმიტანილი თავისუფალი იქნება, ოღონდ, ცხადია, პირობითი სასჯელით.

– თუ არავინ გამოჩნდა გულშემატკივარი?

– მაშინ, ალბათ, რაღაცას მიუსჯიან, ოღონდ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენს.

– რამდენი აკლია სრულ თანხას?

– ორი ათასი ლარი.

– კარგი, ბატონო ირაკლი, აღარ გაგაცდენთ, – მცირეოდენი პაუზის შემდეგ თქვა გიორგიმ, – დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

– არაფრის, ჩემო კარგო. ნახვამდის.

– კარგად ბრძანდებოდეთ, – გიორგიმ ყურმილი გათიშა და ჩაფიქრდა.

მზია და დიმიტრი მიხვდნენ, პაემანი ვეღარ შედგებოდა, მაგრამ, ინტერესით კვდებოდნენ, გაეგოთ, რაზე ელაპარაკებოდა პროფესორი. გიორგის საუბრიდან კი მოჰკრეს ყური, გუგას გამოუშვებენო, მაგრამ, დაწვრილებით უნდოდათ შეეტყოთ ყველაფერი.

– ვის უშვებენ, გუგას? – ვერ მოითმინა მზიამ.

– რა? – ფიქრებიდან გამოერკვა გიორგი, – ჰო, უფრო სწორად, ჯერ არა, მაგრამ, შეიძლება, მალე გამოუშვან.

– „შეიძლება“ რას ნიშნავს? – იკითხა დიმიტრიმ.

– საპროცესოზე შეთანხმებულან და ხუთი ათასი უნდა გადაიხადოს. სამი ათასი ვიღაც უცნობს შეუტანია. თუ კიდევ ვინმე გამოჩნდა მოხალისე და დარჩენილი ორი ათასიც გადაიხადა, გაათავისუფლებენ.

– ერთი ნაძირალას გამოსაყვანად ერთმა სულელმა რომ გადაყარა ამდენი ფული, ისიც საკვირველია და, არა მგონია, მეორე სულელიც გამოჩნდეს – ეს უკვე მეტისმეტად ბევრი და, თანაც, დაუჯერებელი იქნება, – გაბრაზებით თქვა დიმიტრიმ.

– შენ რა, გეწყინება, რომ გამოუშვან? – მიუხვდა ძმა.

– რატომ უნდა გამიხარდეს?

– თუნდაც ადამიანური სოლიდარობის გამო.

– ვის უნდა გამოვუცხადო სოლიდარობა, კაცს, უფრო სწორად, ნაკაცარს, რომელიც რეანიმაციულ პალატაში შემოიპარა და ჩემს მოკვლას ცდილობდა? – აღშფოთდა დიმიტრი, – დიახაც, სულაც არ მეწყინება, მაგ მკვლელსა და ნარკომანს ბევრს თუ მიუსჯიან. თავის დანაშაულზე ყველამ თვითონ უნდა აგოს პასუხი!

მზია დაიძაბა. აშკარად არ ესიამოვნა დიმიტრის არც ტონი და არც სიტყვები. კიდევ ერთხელ დაინახა ნამდვილი დიმიტრი და, თავისთვისვე მოულოდნელად, თითქოს გული გაუცივდა მის მიმართ. რამე ზედმეტი რომ არ ეთქვა, ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო.

გიორგი გააღიზიანა დიმიტრის სიტყვებმა, მაგრამ, არაფერი უთხრა, მხოლოდ გაოცებულმა შეხედა. მერე რამდენიმე წამს კარგად დააკვირდა მის სახეს და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ თავისი ერთადერთი ძმა, რომელსაც მთელი ბავშვობისა და სიყმაწვილის განმავლობაში ძმობასაც უწევდა, მეგობრობასაც და ხშირად მამის მაგივრობასაც, რადგან მამა ადრე გარდაეცვალათ, მისთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანი იყო, უცხო და მიუღებელი. მაგრამ, მზიასგან განსხვავებით, გული კი არ გაუცივდა დიმიტრიზე, თავისდა გასაკვირად, პირიქით მოხდა – საშინლად შეებრალა როგორც ადამიანი, მერე მისი გაღიზიანება თანდათან გადავიდა თანაგრძნობაში და მზერაც შესაბამისი გაუხდა. დიმიტრიმ შენიშნა ეს ცვლილება და გამომცდელად ჰკითხა:

– ასე რატომ მიყურებ, ძალიან საცოდავად გამოვიყურები თუ ჩემი ჯანმრთელობის გაუარესებაზე გელაპარაკა ირაკლი ქებაზე?

– არც ერთი და არც მეორე, – დაფიქრებით უპასუხა გიორგიმ.

– აბა, რა ხდება?

 გიორგიმ სახე ხელით მოისრისა და პასუხი დააყოვნა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ეთქვა თუ არა ის, რასაც ფიქრობდა. დიმიტრი მოლოდინით შეაცქერდა და უცბად აფორიაქდა, თითქოს იგრძნო, რომ რაღაც ძალიან არასასიამოვნოს გაიგონებდა.

– რა ხდება-მეთქი? – გაუმეორა შეკითხვა და ყველაზე უარესის მოსასმენად მოემზადა.

– უბრალოდ, დავფიქრდი. არ ვიცი, როგორ გითხრა ის, რაც მინდა, რომ გითხრა.

– რამ დაგაფიქრა?

– კარგი, გეტყვი ყველაფერს: რამ დამაფიქრა და, შენმა ტონმა და სიტყვებმა.

– რომელმა სიტყვებმა, გუგაზე რაც ვთქვი? – ირონიულად გაეღიმა დიმიტრის.

– მარტო მაგან არა.

– კი მაგრამ, რა ვთქვი ისეთი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება? – ისევ დაიძაბა დიმიტრი.

– გუგა მკვლელი არ არის, – გაბრაზებით თქვა გიორგიმ და ჯიბიდან სიგარეტი და სანთებელა ამოიღო.

– მაპატიეთ, ბატონო გიორგი, მაგრამ, აქ მოწევა არ შეიძლება, – მორიდებით მისცა შენიშვნა მზიამ.

– შენ რა, ძმის მკვლელს ამართლებ? ის ნაბიჭვარი ჩემს მოკვლას აპირებდა და მის მხარეზე ხარ? – გაცხარდა დიმიტრი.

გიორგიმ სიგარეტი და სანთებელა ისევ ჯიბეში ჩაიდო, ძმას მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და ლამის უყვირა:

– გუგა მკვლელი არ არის-მეთქი!

– რადგან ვერ მოასწრო ჩემი მოკვლა, ამიტომ არ არის მკვლელი? – იყვირა დიმიტრიმაც, – ამ შემთხვევაში ფინალს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ჩემს მოსაკლავად შემოიპარა რეანიმაციაში და, ესე იგი, მკვლელია!

– არ მოსულა ის საცოდავი შენს მოსაკლავად, არა! – ხმას დაუწია გიორგიმ.

– აბა, რისთვის მოვიდა? – დიმიტრიმ, რატომღაც, მაშინვე დაიჯერა ძმის ნათქვამი.

– ამას ცოტა მოგვიანებით გეტყვი.

– ახლა რატომ არა?

– ახლა ის მინდა, გითხრა, რატომ დამაფიქრა წეღან შენმა ცინიკურმა მონოლოგმა.

– მაინც, რატომ? – ისევ ირონია გაერია ხმაში დიმიტრის, – რა ვთქვი არასწორი, ნაკაცარი არ არის თუ ნარკომანი?

– კარგი, მაიძულებ, რომ ყველაფერი გითხრა, რასაც ახლა შენზე ვფიქრობ. ისე, ჯობია, ეს შენი ძმისგან გაიგო, ვიდრე ვინმე სხვისგან...

– გისმენ, – დიმიტრიმ შუბლი მოისრისა და განაჩენის მოსასმენად მოემზადა.

გიორგი მიხვდა, რომ მისი ავადმყოფი ძმა ძალიან განერვიულდა და შეეშინდა, რამე არ დაემართოსო, ამიტომ, მზიას გახედა და თვალებით ჰკითხა, ვთქვა თუ არაო. ექთანი დაძაბული შესცქეროდა ძმების საკმაოდ დაძაბულ დიალოგს და ჩარევას ვერ ბედავდა. ახლა კი, რადგან თვითონ გიორგიმ ჰკითხა მზერით, როგორ მოვიქცეო, დრო იხელთა და თავისი პროფესიული მოვალეობა შეასრულა:

– ახლა არა, ბატონო გიორგი! ჩემი ავადმყოფი ისედაც ძალიან აღელვებულია და თქვენმა სიტყვებმა რამე გართულება არ გამოიწვიოს. ძალიან გთხოვთ...

– მზია, შენ გაჩუმდი, ნუ ერევი ჩვენს საქმეში! მითხრას, რისი თქმაც უნდა, ნუ გეშინია, არაფერი მომივა! – მკაცრად უთხრა დიმიტრიმ.

– პასუხს ვაგებ შენს ჯანმრთელობაზე, ბატონო დიმიტრი და, თვით ბატონ გიორგისაც კი ვერ მივცემ უფლებას...

– გოგო! – ყვირილით შეაწყვეტინა დიმიტრიმ, – რამდენჯერ უნდა გითხრა, გაჩუმდი-მეთქი! შენ ვინა ხარ, რომ ვინმეს რამის უფლება მისცე? დაეტიე შენს ადგილას და დადუმდი! – დიმიტრის არც კი შეუნიშნავს, როგორ აევსო თვალები ცრემლით ექთანს და ახლა ძმას მიუბრუნდა: – მითხარი, ნუ მზოგავ. თუ არ მეტყვი, უფრო ვინერვიულებ და, შეიძლება, მართლა ძალიან ცუდად გავხდე.

– კარგი, – უცებ გადაწყვიტა გიორგიმ, – ოღონდ, არ გეწყინოს. დავიწყებ იმით, რომ შენ თვითონ არ გაქვს არანაირი უფლება, ასე უყვირო ქალს, რომელიც ამდენი თვეა, გივლის და თან გყვება... მე მის ადგილას ერთ საათსაც აღარ გავჩერდებოდი შენთან. სხვა დროს სხვანაირად გაგცემდი პასუხს, ახლა კი მხოლოდ ერთს გეტყვი: თუ თუნდაც ერთხელ, ოდნავ უხეშად მაინც მოეპყრობი მზიას, პირობას გაძლევ, რომ საერთოდ ხელს ავიღებ შენზე. გამიგე?

დიმიტრი უცებ პატარა ბავშვივით გაწითლდა და დამნაშავის თვალებით გახედა ექთანს, რომელიც აბუზული იჯდა ფანჯარასთან და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. ეს რომ დაინახა, დიმიტრის უცებ საშინლად შეეშინდა, მართლა არ მიეტოვებინა ექთანს და ბოდიშის მოხდის ტონით თქვა:

– ჩემი მის მარპლი ამას არ იზამს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უხეში და უტაქტო ვარ, იცის, რომ მის გარეშე მოვკვდები. თანაც, ჩვენ წინ დიდი დეტექტიური საქმეები გველის. ამიტომ, იძულებულია, მაპატიოს, არა, მზიკო?

მზიამ პასუხი არ გასცა და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ გიორგიმ შეაჩერა:

– არა, აქ იყავი. მინდა, შენც მოისმინო ის, რასაც ახლა ვეტყვი ჩემს ძმას, – და როცა ექთანმა მადლიერი თვალებით შეხედა თავის დამცველს, გიორგიმ მისი ხელი მოიქცია ხელისგულებში, თბილად შეხედა და ღიმილით უთხრა: – თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნები.

– კარგი, დავრჩები, – ჩაილაპარაკა ნასიამოვნებმა გოგომ და სკამზე ჩამოჯდა.

– მაშ, ასე, რადგან თვითონ მოითხოვე, გეტყვი: შეიძლება, მართალიც იყავი, როცა გუგას ნარკომანი და ნაკაცარი უწოდე, მაგრამ, ოდესმე ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხარ, ვისი ბრალია, ასეთი რომ გახდა?

– რა, ეგეც ჩემი ბრალია? – გაბრაზდა დიმიტრი.

– გუგა შენი ძმაკაცი იყო, თანაც, როგორც გავიგე, იმ პერიოდისთვის ერთადერთი შემორჩენილი ძმაკაცი – ყველა დანარჩენი თვითონვე ჩამოიშორე, ალბათ. ისიც გავიგე, როგორი ახალგაზრდა იყო – ნიჭიერი, წესიერი, პერსპექტიული, შენ კი...

– ჰო, კარგი, – დანებდა დიმიტრი, – მაგრამ...

– არავითარი „მაგრამ“, – შეაწყვეტინა გიორგიმ, – შენ წეღან თქვი, საკუთარ საქციელზე ყველამ უნდა აგოს პასუხიო და გეთანხმები კიდეც.

– ჰო, ვთქვი და, თუ გინდა, ახლაც გავიმეორებ.

– არა, გამეორება არ მინდა, უბრალოდ, მინდა, გკითხო: შენზე არ ვრცელდება ეს თეორია?

– ვერ გავიგე, რას გულისხმობ, – აირია დიმიტრი.

– ძალიან კარგად გაიგე, მაგრამ, მაინც დაგიკონკრეტებ: შენ თუ აგებ ხოლმე პასუხს საკუთარ საქციელზე? უფრო სწორად, ერთხელ მაინც თუ გაგიკეთებია ეს?

დიმიტრიმ თვალები დახუჭა და კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. გიორგი მოთმინებით ელოდა – აინტერესებდა, რას ეტყოდა ძმა ასეთი ბრალდების შემდეგ.

– შენ მართალი ხარ, – ჩუმად დაიწყო დიმიტრიმ, – მე რომ შეცდომები და ცოდვები ჩამიდენია, ათ კაცს ერთად არ ექნება ჩადენილი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ხედავ, რა მდგომარეობაში ვარ და აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ეტყობა, ღმერთმა ყველაფერზე ერთბაშად მაგებინა პასუხი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ღმერთს გუგაც წაეხმარა.

– რა სისულელეს ამბობ, თუ გესმის? – აღშფოთდა გიორგი, – შენს მდგომარეობასთან გუგა რა შუაშია?

– ასე მალე დაგავიწყდა? დარწმუნებული ვარ, ის წერილი გუგამ გამომიგზავნა და იმიტომაც მომივიდა ავარია.

– ამაში კატეგორიულად არ გეთანხმები.

– შენ არც იმაში მეთანხმები, რომ გუგას ჩემი მოკვლა უნდოდა. მაშ, მითხარი, რისთვის მოვიდა საავადმყოფოში, ჩემი ბედი აღელვებდა?

– მე არ მითქვამს, შენი მდგომარეობა აღელვებდა-მეთქი.

– აბა, რა უნდოდა, მოვენატრე?

– არა, ნიშნის მოსაგებად მოვიდა.

– რა ნიშნის მოსაგებად? – ისევ ვერ მიხვდა დიმიტრი, – შენ გითხრა რამე?

– პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ, იქაც, საავადმყოფოში და, შემდეგ – დაკითხვაზეც, თურმე, ამბობდა, მინდოდა, თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რომ ერთით ერთიაო.

– რა?! – გაუკვირდა დიმიტრის, – რა ერთით ერთიო, არ დაუკონკრეტებია?

– არა. რამდენჯერმე ჰკითხეს კიდეც, რას გულისხმობო, მაგრამ, განაცხადა ეს მხოლოდ მე და დიმიტრის გვეხება. თუ გადარჩა, მინდა, თვალებში შევხედო და მე თვითონ ვუთხრა, რომ ანგარიში გავათანაბრეო.

დიმიტრი გაოგნებული დარჩა. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ისევ ის აზრი ამოუტივტივდა, რასაც მანამდე ფიქრობდა:

– ის წერილი ხომ არ იგულისხმა?

– არა, გამორიცხულია. ჩემი აზრით, რაღაც უფრო სერიოზულს გულისხმობდა, მაგრამ, რას, ვერაფრით ვერ დააცდენინეს.

– ახლა რას ვაპირებთ, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?

– რას გულისხმობ?

– ჩვენს გამოძიებას.

– გუგას ნახვა ჯერჯერობით გამორიცხულია.

– ამიტომ, დრო რომ მოვიგოთ, დანარჩენებს შევხვდები და დაველაპარაკები, – ძმების დიალოგში ჩაერთო მზია.

– ვინ დანარჩენებს? – დიმიტრის გაუხარდა მზიას ხმის გაგონება, რადგან, გულში მაინც შიშობდა, მზიამ მართლა არ მიმატოვოსო.

– შენს ყოფილ ცოლს, შვილებს და, შეიძლება, სხვებსაც.

– ვისგან დაიწყებ? – მაშინვე დაეთანხმა დიმიტრი.

– არ ვიცი. პრინციპში, მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება, ჯერ თორნიკეს ან ნუცას შევხვდე.

– დღესვე?

– დღესვე არა მგონია, მოესწროს. დღეს დავურეკავ და, ალბათ, ხვალისთვის შევუთანხმდები. ტელეფონის ნომრები ხომ გაქვს?

– რა თქმა უნდა, მაქვს. ჩემი პიჯაკის შიდა ჯიბეში ბლოკნოტი მიდევს... თუმცა, ბლოკნოტი რად მინდა, მობილურში მაქვს ჩაწერილი. სად არის ჩემი ტელეფონი? – აწრიალდა დიმიტრი.

– მაშინ, ასე მოვიქცეთ, – წამოდგა გიორგი, – მე ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე უნდა გავიდე. თქვენ ტექნიკური მხარეები მოაგვარეთ და დანარჩენზე საღამოს ვილაპარაკოთ.

– დაგაგვიანდებათ? – მორიდებით ჰკითხა მზიამ.

– სიმართლე გითხრა, არ ვიცი. ჩემი აზრით, ორ-სამ საათში სახლში ვიქნები. თუ რამე შეიცვალა, დაგირეკავთ და შეგატყობინებთ.

– არ ითქმევა, რა საქმეზე მიდიხარ? – რატომღაც, დაეჭვებით იკითხა დიმიტრიმ.

– ჯერჯერობით არა. როცა საჭირო გახდება, გაიგებთ, – თქვა გიორგიმ, მზიას დაემშვიდობა და კარი გაიხურა.

***

სადარბაზოდან გავიდა თუ არა, გიორგი იქვე, სახლის წინ მდებარე ბანკის ფილიალში შევიდა და თავისი ანგარიშიდან ორი ათასი ლარი გამოიტანა. შემდეგ ირაკლი ქებაძეს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. პროფესორმა უთხრა, თუ ახლავე მობრძანდებით, ერთი საათი დრო მაქვს და მიგიღებთო. გახარებულმა გიორგიმ მაშინვე გააჩერა ტაქსი და ათი წუთის შემდეგ უკვე საავადმყოფოში იყო.

– ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა პროფესორმა, ხელი ჩამოართვა და სავარძელი შესთავაზა.

– თითქმის.

– ეს როგორ გავიგო? ბატონი დიმიტრი ხომ კარგადაა?

– არა უშავს. ბატონო ირაკლი, მე ახლა სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით მოვედი თქვენთან. ვიცი, ძალიან შეგაწუხეთ ჩვენი პრობლემებით, მაგრამ, თქვენი დახმარება მჭირდება.

– ყურადღებით გისმენთ, – ქებაძემ მაცივრიდან „ბორჯომის“ ბოთლი გამოიღო და ორი ჭიქა შეავსო, – უფრო მაგარს ხომ არაფერს დალევთ?

– არა, დიდი მადლობა, „ბორჯომი“ ახლა ნამდვილად მისწრებაა გულის გასაგრილებლად. ბატონო ირაკლი, თქვენი მოთმინებით ბოროტად რომ არ ვისარგებლო, პირდაპირ გეტყვით, რატომაც მოვედი: გადავწყვიტე, ის ორი ათასი მე შევიტანო.

– რომელი ორი ათასი? – უცებ ვერ მიხვდა პროფესორი.

– გუგას საპროცესოს გადასახდელი. თქვენ ხომ თქვით, ვიღაც უცნობმა სამი ათასი შეიტანა და ორი ათასი კიდევ შესატანიაო. ჰოდა, მინდა, რომ ის დარჩენილი თანხა მე შევავსო.

– თქვენ რა შუაში ხართ? – გაუკვირდა და თან გაუხარდა ქებაძეს.

– მე უფრო ვარ შუაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვინმე. ასეა თუ ისე, იმ კაცის გაუბედურებაში ჩემი ძმაა დამნაშავე და, მინდა, ამით ნაწილობრივად მაინც შევუმსუბუქო ცოდვა.

– ნამდვილად კეთილშობილური საქციელია, – კმაყოფილებით აღნიშნა ექიმმა, – მაგრამ, ერთი რამ მაინტერესებს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთ ცნობისმოყვარეობას დიდ ცოდვად არ ჩამითვლით: ამის გაკეთება დიმიტრიმ დაგავალათ?

რაღაც მომენტში გიორგის უნდოდა ეთქვა, რომ ეს იყო დიმიტრის თხოვნა და დიმიტრის ფული, მაგრამ, ვერ იკადრა ძმის ავტორიტეტის ტყუილით გამოსწორება და გულახდილად უპასუხა:

– არა, ეს მე გადავწყვიტე, ასე უფრო სამართლიანი იქნება. თავიდანვე ვერ მოვიფიქრე, თორემ, წესით, მთელი თანხა მე უნდა შემეტანა. მაგრამ, როგორც ჩანს, სიკეთე მართლაც გადამდები ყოფილა.

– ყოველთვის არა, მაგრამ, საბედნიეროდ, ხშირად ნამდვილად ასეა, – დაეთანხმა პროფესორი.

– ბატონო ირაკლი, მეც არანაკლებად ცნობისმოყვარე ვარ და ამიტომ გეკითხებით: შეიძლება, გავიგო, ვინ არის ის კეთილი ადამიანი?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, – ცოტა დაბნეულად უპასუხა ქებაძემ და მერე მორიდებით ჰკითხა: – ბატონმა დიმიტრიმ იცის, რის გაკეთებასაც აპირებთ?

– ჯერჯერობით არა. თუმცა, არც ვიცი, ოდესმე ვეტყვი თუ არა – არ მინდა, მასთან დატრაბახებასავით გამომივიდეს ან ამით საკუთარ ძმას ჩემი „კარგი ბიჭობა“ დავუმტკიცო და ამით ნიშნი მოვუგო.

– ჰო, მართალი ბრძანდებით. მე რაში უნდა დაგეხმაროთ?

– ძალიან კი გაწუხებთ, მაგრამ, იქნებ იმ გამომძიებელს დაურეკოთ და სთხოვოთ, სულ ხუთი წუთით მიმიღოს, რომ დამაკვალიანოს, როგორ უნდა გადავრიცხო ეს თანხა.

– მაგაზე ნამდვილად არ დაგზარდებით, – ღიმილით უთხრა პროფესორმა, მობილურში გამომძიებლის ნომერი მოძებნა და ციფრები აკრიფა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3