კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და როდის უყურებს ხოლმე ნატა ბერეჟიანს გულის ფორმის თვალებით

როგორც კი აზროვნება დავიწყე, იმ დღიდანვე მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავიო,  – წერს ერთ-ერთ ინტერვიუში ნატა ბერეჟიანი, რომელიც ამჟამად არაერთ სატელევიზიო არხზე ჩანს, არაერთ სპექტაკლშია დაკავებული და რომელიც ერთნაირად უყვარს ყველა ასაკის, სქესის თუ სოციალური ფენის წარმომადგენელს.  ალბათ, ბევრისთვის იქნება საინტერესო, თუ როგორ ჩაიარა მისი მონაწილეობით პრემიერამ მუსკომედიის თეატრში, როგორ ხვდებიან მას ქუჩაში და როგორ ატარებს თავისუფალ დროს პოპულარული მსახიობი. ამას თვითონ გვიამბობს ნატა ჩვენს ინტერვიუში. 

 

– მინდა, ჩვენი საუბარი დავიწყოთ ბოლო პრემიერით, რომელიც ახლახან ჩატარდა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. რა სპექტაკლი იყო ეს?

– ეს იყო „ჩიპოლინო”, რომელიც მაია ჩართოლანმა დადგა. მე შემთხვევით მოვხვდი ამ სპექტაკლში. სხვა მსახიობი თამაშობდა, მაგრამ, მოხდა ინციდენტი – სცენა ჩავარდა და მსახიობები ჩაცვივდნენ. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. მე ვინც შევცვალე, იმ მსახიობს ფეხი მოსტყდა. სწორედ ამის შემდეგ დამიბარეს მე. პრემიერამდე ათი დღით ადრე მივედი, ისინი კი უკვე ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდნენ ამ სპექტაკლზე. ასე შევუერთდი მათ.

– ვისი როლით?

– ალუბალას როლით.

– სცენა როგორ ჩავარდა, ტექნიკური ხარვეზი იყო თუ რა მოხდა?

– არანაირი ხარვეზი არ ყოფილა, ჩაიხსნა სცენა. ვისაც ევალება, ის გააფრთხილეს, რომ სცენა ჩახსნილია, ანუ, ქვედა ნაწილი მოხსნილია. ამ დროს რეპეტიცია დამთავრებული იყო და აღარ უნდა გასულიყვნენ სცენაზე. ეტყობა, დაავიწყდათ, ავიდნენ, მგონი, ფოტოს გადასაღებად და ჩავარდა სცენის იატაკი. თუ არ ვცდები, „მაკბეტი” იწყებოდა და ამიტომ გაამზადეს სცენა. ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანი რომ დადგა მასზე, ვერ გაუძლო და ჩავარდა, მაგრამ, ბოლომდე არა, – გაიხსნა იატაკი და მსახიობები ჩაცვივდნენ. ვიღაცამ ფეხი გადაიგლიჯა, ვიღაცამ რაღაც... მთავარია, ყველა გადარჩა.

– პრემიერამ როგორ ჩაიარა?

– კარგად. რაც მთავარია, ბავშვები კმაყოფილები იყვნენ. საბავშვო სპექტაკლია და, მთავარია, ბავშვებს მოეწონათ. უკმაყოფილო ნამდვილად არც ერთი მაყურებელი არ დარჩება. ბევრი სიმღერაა, ცეკვები და დინამიკური სცენებია.

– მოკლედ, ამ სეზონზე ბევრ ბავშვს გაახარებთ.

– დიახ, იმედია, ისიამოვნებენ ბავშვები.

– პარალელურად რომელ პროექტებში ხარ ჩართული?

– პარალელურად ანეკდოტების გადაღებები მაქვს, რომელიც „მაესტროს” არხზე გადის, სახელწოდებით – „თქვენი გადახდილია”, ანუ, შეიცვალა სახელწოდება. კიდევ, ამის პარალელურად, ხათუნა მილორავასთან ვმუშაობ მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ახალ პიესაზე. ახლაც რეპეტიციიდან დავბრუნდი.

– რა პიესაა?

– „ჩემო მეჟოლია”. აგრეთვე, ვარ „TV 11-ზე,” „სადღეგრძელოები” ჰქვია ამ პროექტს.

– არაჩვეულებრივი სცენარები აქვს ამ „სადღეგრძელოებს”.

–  მეც ძალიან მომწონს „სადღეგრძელოები”, თუმცა, ზოგი ვერ ხვდება და კითხულობს – რატომაა სასაცილო, ვერ გავიგე, მართლა ძალიან მაგარ სადღეგრძელოებს ამბობსო (იცინის).

– ძალიან მომწონს შენი ტექსტები, სადღეგრძელოების დასასრულს კომენტარის სახით რომ აკეთებ. 

– ჰო, მანდ რაღაცეებს მე თვითონ ვიგონებ, რაღაცეებში რეჟისორი მეხმარება, ერთობლიობაში სასაცილო რომ გამოვიდეს და სადღეგრძელოსთან არანაირ კავშირში რომ არ იყოს ფრაზა. ახლა ყველა არ მახსენდება, მაგრამ ბევრი სასაცილო ფრაზაა: „მულის სულს ვფიცავარ”, „ამას ისეთი გოგოები ეძლეოდნენ”, – ეს მომწონს ძალიან. 

– სიცილის გამო ჩაგშლიათ გადაღება?

– „სადღეგრძელოების” პროექტზე – ნაკლებად, ანეკდოტების მუშაობის დროს კი ძალიან ხშირად გვიფუჭდება ხოლმე დუბლი, რადგან, უცნაური რამ მჭირს – თუ ამიტყდა სიცილი, ვეღარ ვჩერდები. ამიტომ, შემცვლიან ხოლმე – მე გამომიყვანენ და სხვა მსახიობი შეჰყავთ. მით უმეტეს, ღამის გადაღება თუ გვაქვს, ეტყობა, გადაღლილობის ფონზე, რომ მეძინება, მაშინაც ასე მემართება ხოლმე. თუ ვიწყებ სიცილს, ამბობენ: „დაიწყო ბერეჟიანმა!” – ყველა მიცნობს უკვე ამ მხრივ.

– სულ ასეთი გადატვირთული რეჟიმი გაქვს?

– ეს ბოლო პერიოდი მქონდა ძალიან დატვირთული, ახლა ისეთი საშინელი რეჟიმი აღარ მაქვს: მხოლოდ ერთი რეპეტიცია და კვირაში ორი დღე – გადაღება. ბავშვის მოვლაში, წაყვანა-წამოიყვანაში, ძალიან მეხმარება დედამთილი. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, სახლში არ ვყოფილვარ: მოვდიოდი, ვიძინებდი, ვიღვიძებდი და მივდიოდი. ამ ხნის განმავლობაში სულ ხათუნა უვლიდა, ასე იყო დათუნა ბებოსთან.

– ხომ არ გსაყვედურობს ხოლმე დათუნა ასეთ დღეებში?

– არა. გვიან თუ მოვდივარ, მივალ საწოლთან და ვეუბნები: „დათუ, მოვედი”, – და ის გულის ფორმის თვალებით მიყურებს ხოლმე. „მოხვედი, დე?” – მაკოცებს და ისევ იძინებს. არ მსაყვედურობს. მიჩვეულია, პრემიერის წინა პერიოდებში ასეთი რეჟიმი რომ მაქვს. რთული ბავშვი არ არის, მარტივად იგებს, რომ ვეტყვი, არ მცალია-მეთქი.

– რამდენი წლისაა დათუნა?

– 8 წლის.

– ნატა, გარეგნობა გაქვს ძალიან დამახასიათებელი და, არ არსებობს, რომ არ გიცნონ, როცა გარეთ გადიხარ. რა რეაქციები აქვთ, ქუჩაში ან მაღაზიაში რომ გხედავენ?

– დადებითი რეაქციები აქვთ, უარყოფითი მართლა არავისგან არ მიგრძნია. მეფერებიან – გვიყვარხართ, გვაცინებთ, თქვენ გაიხარეთო... რატომღაც, კომედიურ ჟანრში მიწევს მუშაობა. სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” სასაცილო იყო ჩემი პერსონაჟი; ანეკდოტებში – მხიარული; სადღეგრძელოში – სასაცილოა. რადგან ჩემი პერსონაჟები დადებით განწყობას იწვევენ, ამიტომ, ძალიან ბევრ სითბოს ვიღებ ხალხისგან – ხან ადგილს მითბობენ, ხან რაღაცას მჩუქნიან. ზღვაზეც, ზოგი სიმინდებს მჩუქნიდა, ზოგი – თხილს, ზოგი, „შეზლონგს” რომ ვიღებდი, ფულს არ მახდევინებდა. ბევრი-ბევრი კარგი და სასიამოვნო ემოცია მოდის მაყურებელთა მხრიდან.

– რომელიმე როლზე თუ გიოცნებია?

– პერიოდულად რაღაცეები სულ არის. პატარაობისას ძალიან მინდოდა, რომ მეთამაშა ჟანა დარკი, მერე – ლედი მაკბეტი... რომ ვიზრდები, შეხედულებები და სურვილებიც მეცვლება და ამ სურვილებთან ერთად იცვლება როლებიც, რომლებსაც დიდი სიამოვნებით შევასრულებდი ამ ეტაპზე სიამოვნებით ვითამაშებდი რამე კარგ დრამატულ როლს.

– ოჯახის დამოკიდებულებაც მაინტერესებს – როგორ აფასებენ შენს გმირებს?

– რა ვიცი, დადებითად. მეუღლე ოდნავ უფრო კრიტიკულია. ხან მეუბნება, აი, აქ უკეთესად შეგეძლოო, – რაღაცა შენიშვნებს მაძლევს, რაღაცას მირჩევს. 

– მეუღლე რა პროფესიისაა?

– სამედიცინოზე სწავლობდა, მაგრამ, მერე სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი დაამთავრა. რაც შეეხება დედის დამოკიდებულებას, ნუ დედა, ხომ იცით...

– „დედას ნიჭიეროო” – გეუბნება?

– (იცინის) არა, არ მეუბნება, მაგრამ, ყველა დედის დამოკიდებულება შვილის მიმართ მოგეხსენება: „აი, შენ კარგი იყავი,” – მეტყვის ხოლმე.

– საყვარელი პარტნიორი გყავს სცენაზე?

– ახლა ვითამაშე „ვაკის სარდაფში.” კარგი პიესაა, არაჩვეულებრივი. „ჟლეტის ღმერთი” ჰქვია. ოთხკაციანი პიესაა, მომწონს და ძალიან სასიამოვნოა თვითონ მუშაობის პროცესი. იქ სამივე კარგი პარტნიორი მყავს: გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი და მაიკო ხორნაული.

– საქმიანი დღის ან კვირის ბოლოს განტვირტვა როგორ ხდება ხოლმე?

– განტვირთვა უფრო ხშირად მეგობრებთან ხდება. ცოტა მაწანწალა ვარ, მაინცდამაინც არ მიყვარს სახლში ყოფნა. მთელი დღის განმავლობაში, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ერთი საათიც რომ მქონდეს, გოგოებთან ერთად რომელიმესთან სახლში – აუცილებელი არ არის, კაფეში, ან კლუბში – ვიკრიბებით ხოლმე. გულწრფელად ვაღიარებ, რომ ვარ მაწანწალა (იცინის). ახლაც დაბადების დღეზე მივდივარ და ჩემს მეგობრებს შევხვდები.

– „სადღეგრძელოებში” რომ ვისმენთ, იმის მსგავსი სადღეგრძელოებით გაერთობით?

– არა.

– ტრადიციების დამცველი თუ ხარ?

– გააჩნია, რა საკითხში. რაღაცეებში ვარ ტრადიციული, რაღაცეებში – არა, მაგალითად, არ მიყვარს თამადა, მით უმეტეს – დამღლელი თამადა. ვთქვათ, ქორწილში, ახალგაზრდებს ცეკვა-გართობა უნდათ, თამადა კი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ართვევინებს მუსიკას, რომ საათ-ნახევარი ილაპარაკოს აბსოლუტური აბსურდი. არა, ზოგი თამადა არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ, მე მგონი, ახალგაზრდები სადაც იკრიბებიან, თამადის გარეშეც მშვენივრად ერთობიან.

 

скачать dle 11.3