კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩააბარეს სიკვდილის წინ ანდერძით ნორა კვიციანს ნაბოლარა ძმა და რა „დაუთმო” მან ციხეში ვანო მერაბიშვილს

საქალაქო სასამართლომ ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა გაუგრძელა. დეპუტატთა, გენერალთა და საზოგადოების ცნობილ სახეთა შუამდგომლობის მიუხედავად, ემზარ კვიციანი, რომელიც საკუთარი ფეხით ჩამოვიდა თბილისში სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. კოდორის დამცველებს კვლავ მძიმე დრო დაუდგათ.  რაში ადანაშაულებს ნორა კვიციანი არასამთავრობო ორგანიზაციებს და რით ურთულებდა მას ციხეში პატიმრობის წლებს ნაბოლარა ძმა, ამის შესახებ თავად ნორა კვიციანისგან შეიტყობთ, რომელმაც კოდორის და ძმის გამო, ექვსი წელი და ოთხი თვე თავადაც ციხეში გაატარა.     


ნორა კვიციანი:  წითელ პარასკევს, რომელიც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის ყველაზე მძიმე დღეა, ემზარს საქალაქო სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუგრძელა. ძალიან იჩქარეს და მაინცდამაინც იმ დღეს ჩანიშნეს სასამართლო პროცესი.   2007 წელს, ასევე აღდგომის წინა კვირაში,  ვნების ხუთშაბათს  იყო  ჩემი სასამართლო, რომელმაც  განაჩენი გამომიტანა.  2008 წელს  ვნების კვირაში, შაბათს შემოვიდა ციხეში  სპეცნაზი ვითომდა  ბუნტის  ჩასახშობად. ჩვენ ზიარებისთვის ვიყავით მომზადებული, მაგრამ აღმოვჩნდით „კრიტში”, წითელი კვერცხები და პასკები ქუჩაში ეყარა.  ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის,  მე მჯერა, რომ ამ განსაცდელსაც ისე გადაიტანს ჩვენი ოჯახი, როგორც არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ ამ ბოლო წლებში.

– თქვენი ძმა, ემზარ კვიციანი პატიმარია. მის ჩამოსვლამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ ეს  შეთანხმებული იყო ახალ ხელისუფლებასთან და გქონდათ გარანტია, მას არ დააკავებდნენ. როგორი იყო თქვენი მოლოდინი? 

– ეს ჭორი იყო. ამ ხმებს ნაციონალები ავრცელებდნენ. ამბობდნენ, შეთანხმებულები არიან, გარანტია აქვსო. რა გარანტია უნდა ჰქონოდა ემზარს? ყველაზე დიდი გარანტია სიმართლეა, რომლის პოვნა ამ ქვეყანაში თითქოს ძნელია, მაგრამ ღმერთი ხედავს ამ სიმართლეს.   გამოაცხადა პროკურორმა, ჩამოვა ემზარ კვიციანი და დავაკავებთო. რომელ გარანტიაზე იყო საუბარი?  ემზარმა იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. აეროპორტში ისე აიყვანეს, რომ დარბაზამდე არც გამოუშვიათ.  იმდენი ხალხი იყო აეროპორტში, ეტყობა, შეეშინდათ, რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო. ემზარს ჩვენი მამიდაშვილი მოჰყვებოდა. სულ ვაფრთხილებდი: თამარ, იცოდე, ემზარს აეროპორტშივე დააკავებენ და ამას წინასწარ შეეგუე-მეთქი. მის თვალწინ დააკავეს, ერთი კვირა განიცდიდა ამ ამბავს.  ემზარი  შარშანაც აპირებდა ჩამოსვლას, რამდენჯერმე გააკეთა განცხადება: შემომიშვით ქვეყანაშიო. ჩემი ძმა ძებნილად იყო გამოცხადებული. გინახავთ, ერთი ძებნილი მაინც, ხმამაღლა აცხადებდეს, მოვდივარ  და შემომიშვითო? თვითონ ყველაფერი გააკეთა, რომ რუსებს დეპორტი გაეკეთებინათ მისთვის. უცნაურ მდგომარეობაში იყო, იქიდან რუსები არ უშვებდნენ, აქეთ ესენი არ აძლევდნენ ჩამოსვლის უფლებას. ჩვენი ამბავი დღემდე გაურკვეველია.  ახლა, ემზარის დაკავებამ უფრო მეტად დაადასტურა, რომ ამ მთავრობას არ აინტერესებს კოდორის ხეობის დაკარგვა. ამ მხრივ კი არ აქვთ შეკითხვები, ემზარზე მიდის ზეწოლა.  იმდენი მუხლები ჩამოუთვალა პროკურორმა  სასამართლო პროცესზე, ემზარმა კი თქვა: კიდევ კარგი, ამაზე მეტი მუხლი  რომ არ მომიყენეს. ეს რომ მცოდნოდა, უფრო ადრე ჩამოვიდოდიო. იმ რვა წლის განმავლობაში  ჩემმა ძმამ  და მთელმა  ოჯახმა ბევრი მძიმე დღე და ტანჯვა გამოვიარეთ. ძალიან მეცოდება ჩემი ძმა ციხეში, ჯერ ჩემი პატიმრობით დაიტანჯა და დაიჩაგრა. იქ ჩემი  ყველაზე დიდი   საფიქრებელი და სადარდებელი იყო ჩემი შვილი და ძმები. ექვსი წელი და ოთხი თვე ისე გავატარე, ერთი არ დამიჩივლია, ერთხელაც არ შემიმჩნევია, როგორ მიჭირდა. პირიქით, პატიმარიც კი  მათ გამხნევებას ვცდილობდი. იქიდან ცოცხალი თუნდაც მათ გამო უნდა გამოვსულიყავი.  ვიცოდი, რა დღეში იყო ჩემ გამო ემზარი. მან ხომ იცოდა, რომ მე იმიტომ ჩამსვეს ციხეში, რომ მას გასწორებოდნენ. მე ყველაფერი ავიტანე, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი ძმა მაინც ციხეში მოხვდა.   

– საზოგადოების ცნობილმა სახეებმა გამოთქვეს თავდებობა ემზარ კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, ამის მიუხედავად, ის მაინც პატიმრობაში დატოვეს.   

– 34 დეპუტატი, 33 გენერალი, პროფესორთა ლიგა დაუდგა ემზარს თავდებში, მაგრამ ესეც არ გაითვალისწინეს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თუ არა ინტერესი, რომ ემზარი პატიმრობაში იყოს? მე არ ვიცი, თუ იმ ადამიანებისთვის შეიძლება თავისუფლებაზე ყოფნა, რომლებმაც ამდენი უბედურება ჩაიდინეს ხალხის წინაშე, რატომ არ შეიძლება ჩატარდეს გამოძიება ისე, რომ ემზარი გარეთ იყოს? რა დააშავა: თავისი ფეხით რომ ჩამოვიდა, ჩაბარდა და იძახის: ვითანამშრომლებ თქვენთანო?  ძალიან ბევრი ხალხი დაკითხა გამოძიებამ ემზარის საქმეზე. ერთი კაცი ვერ იპოვეს, ვინც მასზე ცუდს იტყვის და რამეში ამხელს.  2006 წლის შემდეგ ჩვენთან საგზაო სამსახურის უფროსი ნოდარ გულბანი დააპატიმრეს. აიძულებდნენ, თქვი, რომ ემზარს ფულს უხდიდიო. ნოდარი ამბობდა: ასეთი რამ არ ყოფილა და სირცხვილით ეს როგორ ვთქვაო. კაცი უმძიმესი ავადმყოფია, ლოგინადაა ჩავარდნილი. ჩემს ძმას უთქვამს: თუ ეგ გადარჩება, რაც უნდა ის თქვასო.  ამ ისტორიას მალე  ნუგზარის ცოლი გაახმაურებს. ემზარს რომ ედავებიან მთავარ საკითხზე, კოდორის დაკარგვაზე რატომ არ იწყება გამოძიება?  სანამ იგივე პროკურატურა და იგივე სასამართლო იქნება, აზრი არ აქვს სარჩელის შეტანას.   აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. იქ უამრავი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ  ამდენი წლის განმავლობაში ვუძლებდით შიდა თუ გარე პროვოკაციებს. ჩვენ ხომ  მუდმივად თავდასხმის  მოლოდინში ვიყავით, მაგრამ მაინც ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კოდორი შეგვენარჩუნებინა. მე ვერ ვხედავ, რომ ამ ხელისუფლებას ჰქონდეს ინტერესი  გამოიძიოს ეს საქმე. ემზარისგან რატომ იწყებენ? დაიწყონ კოდორიდან. ძალიან მტკივა  გული და გაოცებული ვარ  არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობით. სად არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია? ან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები? რატომ არავინ იცავს ემზარ კვიციანის უფლებებს? ყველა ტელევიზია ბლოკავს ამ თემას. ხომ შეიძლება, ერთი ტელეგადაცემა მიეძღვნას იმ შეკითხვებს, რაც კოდორის ხეობასთან დაკავშირებით არსებობს. იმას რატომ არ ფიქრობენ, რომ  ჩვენ   დევნილის სტატუსი კი გვაქვს, მაგრამ ბინა არ გვინდა საცხოვრებლად? კომპენსაცია არც მე ამიღია და არც ჩემს შვილებს. ჩემს ძმას რაც წაართვეს, იქიდან, ერთადერთი ბინის გარდა, არაფერი  არ დაუბრუნეს.  იმ ბინაშიც ცარიელი კედლები დახვდათ. 14 წელი შევალიეთ  კოდორს, რამდენჯერ გავწირეთ თავი. ეს დავიმსახურეთ სანაცვლოდ?   

 –  სასამართლო პროცესებს შორის არ გინახავთ ძმა? არ გასაუბრებიხართ? 

 – ვინ მიგვიშვებს მასთან ახლოს სასამართლოზე? ჩვენ კი არა, პატარა გოგონას არ მიაკარეს ახლოს. ერთი წუთით ჩამახუტეთო, ითხოვა  უმცროს შვილზე, მაგრამ უარი უთხრეს.  გაბრიელას დანახვა თურმე ძალიან გაუჭირდა, – ასე უთქვავს ადვოკატისთვის. გაბრიელა მაშინ დაიბადა, როცა ჩვენი ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ემზარს მორალურად ისე უჭირდა, სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, როცა აქედან წავიდა. ცოლმა გადაარჩინა სამჯერვე. იოლი ხომ არაა დევნილობა? ადვოკატმა მითხრა, რაც დაჭერილია, უფრო მეტად განიცდის შენს ამბავსო. ახლა ხომ საკუთარი თვალით ნახა, რა არის ციხე, რომელიც ჩემი პატიმრობის დროს უფრო ძნელი გასაძლები იყო.  იცით, რა ძნელია სასამართლო პროცესზე ოჯახის წევრებს რომ ხედავ და მერე ისევ საკანში უნდა დაბრუნდე? ამაზე რთული  არაფერია.  მე ხომ კარგად ვიცი, რა არის ციხე.  ახლა ემზარი მარტოა საკანში, მამაოები  და მეუფეები მიდიან მასთან – მეუფე იობი იყო, მეუფე გიორგი. ფიზიკურად სუსტადააო, გვითხრეს, მაგრამ თურმე მაინც ვარჯიშობს. ის ისეთი ძლიერია პიროვნულად, ამასაც როგორმე გადაიტანს. ხომ ასე ძნელია ძმის პატიმრობა, მაგრამ  რაც  ჩამოვიდა და საქართველოს მიწაზე ფეხი დაადგა, მას შემდეგ ისე აღარ ვნერვიულობ, როგორც  მაშინ, როცა აქედან იყო გადახვეწილი.

– ნაბოლარა ძმის  მიმართ განსაკუთრებული ემოციები გაქვთ.

– რვა დედმამიშვილში ემზარი ყველაზე პატარაა, ალბათ, ამიტომაც მის მიმართ ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ისე გაგვზარდეს, რომ და-ძმას ერთმანეთის მიმართ ერთი შებრუნებული სიტყვა არ გვითქვამს. სახლში მორიგეობა გვქონდა დაწესებული, ყველა საქმეს მორიგეობით ვაკეთებდით, გაკვეთილებს ვიბარებდით. ისე ვუვლიდით ყველა ერთმანეთს, სიტყვით ვერ გადმოვცემ.  როცა მამაჩემი სიკვდილის პირას იყო, ანდერძად ყველას ემზარის მოვლა დაგვიბარა. იცოდეთ, თავის ნებაზე გაზარდეთ, არაფერი დაუშალოთ, მისგან მაგარი ვაჟკაცი დადგებაო, – დაგვიბარა. ჩვენ შევუსრულეთ მამას დანაბარები.  ემზარი ჩემი გაზრდილია. დედაჩემი სკოლის მასწავლებელი იყო. როცა ის  დაიბადა, მე ვზრდიდი, რის გამოც  ერთი წელი სკოლაში არ წავედი.  ჩემზე ისე იყო მოწებებული, დედა მე ვეგონე.  პატარაობიდანვე ძალიან გულადი და გაბედული იყო. მეშვიდეკლასელი იყო, გაკვეთილზე იჯდა და ფანჯრიდან დაინახა, რომ  მდინარეში ქალი გადახტა. ფანჯრიდანვე გადახტა ქვემოთ, გაიქცა, ის ქალი გამოიყვანა მდინარიდან და გადაარჩინა. როცა გავთხოვდი, ხუთი წლის იყო. იქვე, ახლოს ვცხოვრობდი, ემზარი  სულ ჩემთან იყო მაინც.  ემზარი და ჩემი ბიჭი ბაჩო, ერთად არიან გაზრდილები. ახლა ძალიან განიცდის ემზარის ამბავს, ბრაზობს: რატომ ჩამოვიოდაო.  მაგრამ, ემზარი ამბობს, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში ვიყოო. იმ წლებში, როცა საომარ სიტუაციებში გვიწევდა ცხოვრება  და ემზარმა თავის თავზე აიღო ყველაფერი, გვერდიდან ვერ მოვცილდი.  ვერ დავტოვეთ დებმა იქ მარტო. მისთვის ჩვენი იქ ყოფნა, დიდი სტიმული იყო. ძალიან ბევრი ჩვენ გამო ჩერდებოდა მაშინ  კოდორში. პროცესებზე რომ ვზივარ, ან ვტირი, ან ვლოცულობ. სულ ვცდილობ, ემზარმა არ შემამჩნიოს, მაგრამ არ გამომდის. ვიცი, რომ  ჩემზე  ბევრს დარდობს, წუთი არ გავა, მეც მასზე არ ვიფიქრო. მაგრამ, ჩვენ იმდენ რამეს გადავურჩით, მჯერა, ამასაც გადავიტანთ. ამას დიდი გული და ძალა უნდა. მთელი ცხოვრება ჩვენი ოჯახი დენთის კასრზე დაგვსვა, მაგრამ არაფერს ვნანობ. მე, მით უმეტეს, არ მომასვენა, შეკლული ვყავდი ხელში (იცინის). როცა ციხეში ვიყავი, გამოვიდოდა, გააკეთებდა განცხადებას და უცებ ატყდებოდა ციხეში ამბავი, დაცვას გააძლიერებდნენ, გისოსებს და  რკინის კარს დაამატებდნენ. ერთხელ ადვოკატს ვუთხარი: კაცო, რას მერჩის, ხეობაში მოვეკალი ბარემ. რამდენი განცხადებას გააკეთებს, იმდენი სპეცნაზი შემოდის და გისოსებს მიმატებენ-მეთქი. სულ სპეცნაზით გადავყავდი სასამართლოზე, ქურდებთან ერთად, გაძლიერებული დაცვით.  ამ ბოლო დროს  ხშირად ვფიქრობ ხოლმე, მე მატროსოვზე, მეოთხე საკანში ვიყავი. სწორედ ამ საკანთან დაამატა კარი ვანო მერაბიშვილმა, დაცვის გაძლიერების მიზნით, ემზარის ერთ-ერთი განცხადების შემდეგ. რა საოცარია ეს ცხოვრება. დღეს იმ საკნის გვერდით, სადაც მე ვიჯექი, ვანო მერაბიშვილი ზის. ის რკინის კარი ახლა მას იცავს.  მაშინ ამას  რას წარმოვიდგენდი?!       

 

скачать dle 11.3