კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მაკლარენების საგვარეულო გერბზე გამოსახული ქალთევზა და რას გვიამბობს ამის შესახებ მათი ქართველი სიძე ილია მჭედლიანი

საუკუნის დასაწყისში, ჩვენი თანამემამულე ილია მჭედლიანი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებულ და ნათესაურ კავშირში მყოფ საგვარეულოს მომხიბვლელ წევრზე, აიონა მაკლარენზე დაქორწინდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც აიონას მამა, დონალდ მაკლარენი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ საქართველოში. 

მაკლარენების ოჯახს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: შოტლანდიის ხაზით ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან არიან დაკავშირებულნი. ცნობილია, რომ შოტლანდიის მეფეს ოთხი შთამომავალი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანისგან, მეფე ლორნ მორისგან (მეექვსე საუკუნე) მომდინარეობს მაკლარენების შტო. დღესდღეობით მაკლარენები დაიქსაქსნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, თუმცა ერთმანეთთან კავშირს არ წყვეტენ. გვარის უფროსობა მაკლარენებში მამიდან შვილზე გადადის. ამჟამად მაკლარენების გვარის კლანის მეთაური ილიას სიმამრი, დონალდ მაკლარენი გახლავთ. თუ როგორ მიდის მაკლარენებისა და მჭედლიანების თანაცხოვრება ერთ ჭერქვეშ, რა ღირებულებებით ზრდიან ისინი შვილებს, სად ცხოვრობენ ამჟამად და საბოლოოდ სად აპირებენ დამკვიდრებას, ამის შესახებ ჩვენს ინტერვიუში ილია მჭედლიანი გვესაუბრება. 

 

– ილია, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ ერთ ჭერქვეშ სამი მჭედლიანი და ერთი მაკლარენი?

– ბრიტანეთში ვცხოვრობთ, ქალაქ სტერლინგის მახლობლად, გარეუბანში. მოგეხსენებათ, ბრიტანული ჰავისთვის დამახასიათებელი მთავარი ნეგატიური ფაქტორი ხშირი წვიმაა. მიუხედავად ამისა, აქაური ბუნება მაინც ძალიან ლამაზია. ჩვენი სახლი ლოხჰ ვოილთან ახლოსაა, სადაც ხშირად ვაწყობთ პიკნიკებს ბავშვებთან ერთად. ბუნებასთან სიახლოვე და სუფთა ჰაერი აუცილებელია, მით უმეტეს, პატარებისთვის. ოჯახში ძალიან დიდ დროს ვატარებ. ძიძა არ გვყავს, ვინაიდან, არ ვემხრობი ამ ბოლო დროს „პრესტიჟულად” მიჩნეულ ტრენდს. მშობელი უნდა ეცადოს, ოჯახს დაუთმოს მეტი დრო და უშუალოდ თავად იზრუნოს შვილებზე, თუ, რა თქმა უნდა, გარემოებები ამის საშუალებას იძლევა. პირადად მე, თუ მათთან ერთად არ ვარ, ან ვმუშაობ, ან ვხატავ. 

– გავიგე, რომ ხატვა თქვენს უფროს შვილსაც ჰყვარებია. ანა, ალბათ, უკვე დიდი გოგონაა.

– ანა უკვე 6 წლისაა. ძალიან დამჯერი და ბეჯითი გოგოა, პატარა ძმისგან განსხვავებით. უკვე წელიწადია, რაც ადგილობრივ სკოლაში დადის. ძალიან უყვარს კითხვა და ხატვა. როგორც წესი, ამ ასაკში ყველა ბავშვს აქვს განსაკუთრებული ინტერესების სფერო. ანას შემთხვევაში ეს დინოზავრები და დროში მოგზაურობის კონსეფტია. ასევე, ძალიან ხიბლავს ზღაპრები სირინოზებზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ, დედამისის გვარის – მაკლარენის წარმოშობა სირინოზებთანაა დაკავშირებული.

– რა კავშირი აქვს მაკლარენების საგვარეულოს სირინოზებთან?

– ამ ლეგენდის თანახმად, ძალიან დიდი ხნის წინ, ლოხჰ ვოილში (ტბა) ცხოვრობდა მისტიკური არსება – ქალთევზა. ეს ტბა მდებარეობდა მიწაზე, სახელად „ალბა”. ამ ქალთევზას მოკვდავი კაცი შეუყვარდა და სწორედ მათი სიყვარულის ნაყოფი იყო პირველი მაკლარენი. ეს მოსაზრება დღემდეა შენარჩუნებული და მაკლარენების საგვარეულო გერბზეც ნათლად არის ასახული. ძალიან ლამაზი ლეგენდაა. ანას სჯერა, ახარებს და ეამაყება ის ფაქტი, რომ ქალთევზა წინაპარი ჰყავს. 

– მეორე შვილის შესახებ რას მიამბობთ, როგორც ვიცი, ის მამათქვენის მოსახელეა?

– ჰო, ასეა. ქართულად რომ ვთქვათ, გია არის კაცური კაცი (იცინის) თუმცა, ცელქი და თავნებაა. ის 2 წლისაა, სამის აგვისტოში ხდება. გიას უყვარს წესრიგი, რაც სათამაშოებთან მისეული „ურთიერთობით” გამოიხატება. 

– რას გულისხმობთ?

– დილას, როგორც კი გაიღვიძებს, მაშინვე გადის სათამაშო ოთახში და ზომისა და ფერების მიხედვით ალაგებს თავის მანქანებს, მათ შორის იცავს სიმეტრიას და, თუ შემთხვევით ვინმე (რა თქმა უნდა, ეს „ვინმე” ანაა), არევს მის მიერ შექმნილ „ჰარმონიულ” წყობას, იმ დღეს კონფლიქტი ოჯახში გარდაუვალია (იცინის). გია ცოტა ბრაზიანიც არის და ბუტიაც.

– მართლა? მერე როგორ ირიგებთ ხოლმე?

– მანქანებზე ლაპარაკი და ის წიგნები უყვარს, რომლებშიც მანქანები ხატია. გადმოვიღებთ თუ არა წიგნს, მაშინვე ხასიათი ეცვლება და ჩვენ გვერდით მოკალათდება, თუმცა, მაინც არ არის ხოლმე ბოლომდე კმაყოფილი. ასეთი საინტერესო ხასიათი აქვს. მეუღლეს ცოტა ეშინია, სიმკაცრისკენ მომიწოდებს, მაგრამ, არ შემიძლია, ვათამამებ.

– ქართულ ენას თუ ფლობენ თქვენი ოჯახის წევრები?

– ვინაიდან უკვე მეორე წელია, რაც აქ ვცხოვრობთ, ბავშვები ძირითადად ინგლისურად მეტყველებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, ქართულადაც ვესაუბროთ. ამ მიზნით თამაშებიც მოვიფიქრეთ, რადგან, წამიკითხავს, რომ ამ ასაკში ბავშვები თამაშით უკეთ ითვისებენ. სხვათა შორის, ამაში უკვე თავადაც დავრწმუნდი. აიონას რაც შეეხება, ის რამდენიმე ენას ფლობს და მათ შორის, სრულყოფილად იცის ქართული წერა-კითხვა, მხოლოდ ზოგიერთი თანხმოვნის წარმოთქმისას აქვს პრობლემები. 

– თქვენი და აიონას საქმიანობაზეც მიამბობთ?

– სიამოვნებით. ჩემს საქმიანობას რაც შეეხება, მე, როგორც საქართველოში, ასევე აქაც, ფინანსურ სფეროში ვმოღვაწეობ. ბოლო პერიოდში კერძო საქმის დაწყებას ვფიქრობ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. ჩემი მეუღლე კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს სტერლინგის უნივერსიტეტში. მინდა გიამბოთ, რომ, სულ ცოტა ხნის წინ, ამ უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია – „უახლეს ისტორიაში არაეთიკური/სამარცხვინო ჟურნალისტიკის მაგალითები” და პირველ მაგალითად მოყვანილი და განხილული იქნა საქართველოში, 2008 წელს, მაშინდელი ხელისუფლების დაკვეთით, ჟურნალისტების მიერ უსიტყვოდ შესრულებული იმიტირებული გადაცემა. ალბათ, ხვდებით, რომელი შემთხვევაც იგულისხმება ამ მაგალითში. ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია. იმედია, მომავალში მსგავსი არაფერი განმეორდება არც საქართველოს და არც ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში და ამის შემდეგ მხოლოდ დადებითი მაგალითებით წარმოჩინდება ქართული ჟურნალისტიკა და, საერთოდ, საქართველო.

– ბოლოს როდის იყავით ჩამოსული საქართველოში?

– გული მწყდება, ვერ ვახერხებ საქართველოში ხშირად ჩამოსვლას, მაგრამ, ვცდილობ მედიისა და ინტერნეტსივრცის საშუალებით ვადევნო თვალყური ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს 

– და მანდედან, რა გეჩვენებათ ყველაზე თვალშისაცემად?

– სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს შეინიშნება ტრადიციებისა და ტრადიციულობის ნეგატიური კუთხით წარმოჩენა. მე ვფიქრობ, რომ ტრადიცია არის მორალური და ზნეობრივი ნორმების დროის განმავლობაში ჩამოყალიბება, რაც ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის განუყრელი ნაწილია. ხშირად ადარებენ საქართველოს მუხის ხეს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და კვლავ ამაყად დგას. მავნებლური შეხედულებების პროპაგანდისტები ამ მუხის ხეზე მომართულ ნაჯახს მინდა შევადარო. რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს ნაჯახი ქართულია, მაგრამ, მკლავი, რომელიც ამ ნაჯახს იქნევს, არაა ქართული!

მეც ტრადიციების დამცველი ადამიანი ვარ, ჩემი მეუღლეც და ჩვენი შვილებიც ტრადიციულად იზრდებიან. ჩემი სიმამრი, რომელიც მაკლარენების ბელადი, ეგრეთ წოდებული, გვარის მეთაურია, დროსა და ენერგიას არ იშურებს, რომ დღემდე მოტანილი ტრადიციები, თავისი ისტორიით, შენარჩუნებულ იქნეს და მომავალ თაობებს გადაეცეს. ამ მიზნით გამუდმებით დადის ღონისძიებებზე, სადაც ხვდება მაკლარენების კლანის სხვადასხვა საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

– უამბეთ ჩვენს მკითხველებს თქვენს სიმამრზე, ბატონ დონალდ მაკლარენზე.

– დონალდი ძალიან ერთგული პიროვნებაა, როგორც პირად ურთიერთობებში, ისე საქმეში და, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს საქართველოში ელჩი აღარაა, მაინც აქტიურად გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას. მაგალითად, ამ ბოლო დროს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების პერიოდში, დონალდი არაერთხელ იყო მიწვეული ბრიტანულ ტელევიზიებში და, მან, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეახსენა საზოგადოებას საქართველოში არსებული, ამ დრომდე, უცვლელი ოკუპაციური მდგომარეობა და პარალელები გაავლო უკრაინაში არსებულ დღევანდელ სიტუაციასთან.

– ამჟამად რას საქმიანობს ბატონი დონალდი?

– ამ პერიოდში რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რის გამოც ხშრად უწევს უცხოეთში სიარული. აგრეთვე, მას აქვს კომპანია, სადაც მასტერკლასებს უტარებს წარმატებულ პოლიტიკოსებს, ასწავლის მათ სწორად საუბარსა და მიმართვას გამოსვლების დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესის სფეროში. უნდა იცოდე, როგორ მოიქცე, როდესაც გამოდიხარ სიტყვით ან მიდიხარ მოლაპარაკებაზე; რაზე მოახდინო კონცენტრაცია, როგორ გამოხატო ის, რისი თქმაც გინდა.

– ხშირად ხვდებით ხოლმე?

– საკმაოდ, ძირითადად, ოჯახურ ვახშმებზე. ვაწყობთ ხოლმე ქართულ საღამოებს თავისი სადღეგრძელოებით, პურმარილებითა და ღვინით, სადაც ვპატიჟებთ დონალდს, მის მეუღლეს – მეიდას და მათ შვილებს. ძალიან მოგვწონს ასეთი თავშეყრები. მოსწონთ საქართველო და ქართული ტრადიციები, რომლის მსგავსიც არ არის აქ.

– საბოლოოდ, სად ფიქრობთ მუდმივად დამკვიდრებას?

– მუდმივ საცხოვრებლად საქართველოს მოვიაზრებთ ყოველთვის და, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე, ჩემზე მეტად აქტიურობს ამ გადაწყვეტილების სრულყოფაში მოსაყვანად. აიონას აზრით, ქართული სული და აზროვნება რეალობას სწორად აღიქვამს და, საერთოდაც, საქართველო სულიერად მდიდარი ქვეყანაა.

– ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და მაკლარენებს შორის ურთიერთობაზეც მიამბეთ ორიოდ სიტყვით. იქნებ, მათთან შეხვედრის პატივიც გქონდათ? 

– პირადად მე არ მქონია ასეთი პატივი, მაგრამ, დონალდი, რა თქმა უნდა, სარგებლობს ამ პრივილეგიით, რაც, პირველ ყოვლისა, გამოწვეულია მისი, როგორც დიპლომატის, საკმაოდ დიდი დამსახურებებით სამშობლოს წინაშე – ის წლების განმავლობაში წარმატებით ასრულებდა უამრავ დიპლომატიურ მისიას, გარდა ამისა, მოღვაწეობდა ქვეყნებში: გერმანია, რუსეთი, კუბა, ვენესუელა, უკრაინა და, ბოლოს, როგორც ვიცით – საქართველო. 

იმედი მაქვს, დონალდი ახლო მომავალში ისევ დაუკავშირებს თავის პროფესიულ საქმიანობას საქართველოს, რაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას. 

 

скачать dle 11.3