კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის საფუძველზე აძვირებენ მოულოდნელად და ერთდროულად ფარმაცევტული კომპანიები ამა თუ იმ მედიკამენტს 150 პროცენტით და რა სანქციები ელოდებათ არასამართლიანი ფასების დაწესებისთვის კონკურენციის სააგენტოსგან

მართალია, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ცალკე კანონის სახით არ არსებობს და ტერმინი „კარტელური გარიგებებიც“ „დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით“ ჩანაცვლდა, თუმცა რამდენიმე კანონში ცვლილება შევიდა, რამაც კონკურენციის ჯანსაღი წესები უნდა დაამკვიდროს ჩვენს ქვეყანაში, რასაც კონკურენციის სააგენტომ უნდა გაუწიოს კოორდინაცია (რომელიც 15 აპრილიდან ამოქმედდა). შეძლებს თუ არა ახლად შექმნილი სამსახური ამ ფუნქციის შესრულებას, ვის ეწოდება ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი (თუმცა კანონმდებლობა ასეთებს, მოფერებით, „დომინირებულ მდგომარეობაში მყოფებს“ უწოდებს) და რა შემთხვევაში აამოქმედებს კანონი მათ წინააღმდეგ საჯარიმო სანქციებს? –  თემას ფარმაცევტული ბაზრის ჭრილში აფბას პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე განგვიმარტავს.

 

– ახალი კანონმდებლობა არ კრძალავს მონოპოლიებს, თუმცა კრძალავს მონოპოლისტობის ბოროტად გამოყენებას, ბოროტად, ანუ?

– კანონი არ კრძალავს ბაზარზე ამა თუ იმ კომპანიის დომინირებულ მდგომარეობას, უბრალოდ მან ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ეს მდგომარეობა. დომინირებულ მდგომარეობაში მყოფად მიიჩნევა კომპანია, თუ ფლობს ბაზრის 40 პროცენტზე მეტს, რაც არ ისჯება, მაგრამ, თუ ბოროტად გამოიყენებს თავის მდგომარეობას, მის წინააღმდეგ ამოქმედდება კანონით განსაზღვრული სანქციები. პირველ ჯერზე, თუ არ ვცდები, წინა წლის ბრუნვის 5 პროცენტი, განმეორების შემთხვევაში კი –  10 პროცენტი. დეფინიცია აგებულია დომინირებულ მდგომარეობაზე.

– თუ 35 პროცენტი მიჭირავს ბაზრის, გინდა, ბოროტად გამომიყენებია ჩემი მდგომარეობა და გინდა –  კეთილად?

– ბაზრის წილზე არ არის დამოკიდებული სანქციები. ეს კანონი ეხება ყველას, ვინც გავლენას ახდენს კონკურენციაზე. რთულია ზღვრის გავლება და ვერ იტყვი ზუსტად, რომ, თუ 39 პროცენტი გაქვს, ვერ ახდენ გავლენას და, თუ 41 პროცენტი გაქვს –  ახდენ. მთავარია, როგორ ახდენ გავლენას კონკურენციაზე. ამასთან, თუკი ერთი კომპანიის შემთხვევაში ბაზრის 40-პროცენტიან წილზეა საუბარი, თუ სამ კომპანიას უჭირავს ბაზრის 50 პროცენტზე მეტი და თითოეულის წილი არ არის 15 პროცენტზე ნაკლები, ესეც დომინირებულ მდგომარეობად ითვლება. 5 კომპანიის შემთხვევაში, თუ ისინი, ერთობლივად, ბაზრის 80 პროცენტს ფლობენ და თითოეული –  არანაკლებ 15 პროცენტისა, ისინიც ამ კანონის გავლენის ქვეშ ექცევიან.

– ჯარიმას სამივე ან ხუთივე გაინაწილებს თუ თითოეული ცალ-ცალკე გადაიხდის წინა წლის წლიური ბრუნვის 5-5 ან 10-10 პროცენტს?

– თუ სამი ფლობს ბაზრის ნახევარზე მეტს ან ხუთი ბაზრის 80 პროცენტს, დომინირებულად ითვლება თითეული მათგანი და რამდენიც დაარღვევს, იმდენი გადაიხდის ჯარიმას.

– ჩვენი საუბრის მთავარი თემა ფარმაცევტული ბაზარია, თუ არ ვცდები, ამ ბაზარზე იკვეთება სამი კომპანია, რომლებსაც დომინირებული მდგომარეობა აქვთ, ანუ ფლობენ ამ სეგმენტის ნახევარზე მეტს.

– ბოლო მონაცემები არ მაქვს, როგორი წილობრივი გადანაწილებაა, მაგრამ, ძირითადად, სამ კომპანიას: „ავერსს“, „პე ეს პესა“ და „ჯი პი სის“, უჭირავს ბაზრის მთლიანი მოცულობის ნახევარზე მეტი.

– ფარმაცევტულ კომპანიებზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ჯანდაცვის საერთო ხარჯის 60 პროცენტი მოდის წამლებზე. მთლად ფარმაცევტულ კომპანიებსაც ვერ დავაბრალებთ, ექიმები იმაზე მეტ წამალს უწერენ პაციენტებს, ვიდრე სჭირდებათ. როგორ უნდა დადგინდეს ფასწარმოქმნაში ამ სამი კომპანიის შეთანხმებული მოქმედება? თუმცა ფაქტია, რომ წამალი ყველგან ერთი და იგივე ღირს და ფასდაკლებების დღეებიც კი დაინაწილეს.

– ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენად არის ან არ არის შეთანხმებული მედიკამენტების ფასი, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში არ გვქონდა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამას დაადგენდა და იმიტომაც იყო ეს გაურკვევლობა. მუდმივად იყო საუბარი, რომ ფასები მაღალი და შეთანხმებულია, თუმცა ამის ოფიციალურად დადასტურება ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, მეც მხოლოდ ეჭვები და ვარაუდები შემიძლია, გამოვთქვა, რაც არ იქნება დამყარებული ფაქტებზე. თუმცა შემიძლია, ვილაპარაკო იმ მეთოდზე, რითაც ჩვენ რამდენიმე წლის წინათ გამოვიკვლიეთ ფასწარმოქმნის მექანიზმები. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი შემდეგნაირი იყო: შემოსავლების სამსახურს გავუგზავნეთ წამლების ჩამონათვალი, რომლებიც შევარჩიეთ ფარმაცევტებთან კონსულტაციის შედეგად: ასი წამალი, რომელსაც ყველაზე მეტად მოიხმარდნენ საქართველოში და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, რა ფასად დაფიქსირდა ეს წამლები საბაჟოზე, ასივე წამალზე არ იყო ინფორმაცია, მაგრამ დაახლოებით, 70-ზე მოგვაწოდეს და იყო შემთხვევები, როდესაც ფასნამატი ძალიან მაღალი გამოდიოდა. მაგალითად, წამლის ფასად საბაჟოზე ფიქსირდებოდა, პირობითად, ერთი ლარი, მაგრამ საცალო ქსელში ის გაცილებით ძვირად იყიდებოდა. მაშინ ფარმაცევტულ კომპანიებს ინტერნეტში ედოთ საცალო ქსელის ფრაის-ლისტები, თუმცა ახლა არც ერთს აღარ აქვს, თუ არ ვცდები.

– არ ცდებით, აღარ აქვთ. მე შევამოწმე.

– ვერ დავაკავშირებ პირდაპირ ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევასთან, მაგრამ ფაქტია, რომ საცალო ქსელში მედიკამენტების ფრაის-ლისტი ინტერნეტში აღარ იძებნება. როდესაც საბაჟოდან მიღებული მონაცემები შევადარეთ ფრაის-ლისტებს, აღმოჩნდა, რომ ხშირად 10-ჯერ ძვირი ღირდა წამალი, ხშირად ნორმალური ფასნამატი იყო, მაგრამ, ძირითადად, ფასნამატის საშუალო მაჩვენებელი 150-დან 200 პროცენტამდე იყო, ანუ ერთ-ნახევარჯერ და ორჯერ ძვირად იყიდებოდა საქართველოში შემოტანილი წამალი. არ ვიცი, რა დანახარჯები ჰქონდათ ამ ფარმაცევტულ კომპანიებს ისეთი, რომ პროდუქტი მის ძირითად ფასზე ორჯერ ძვირად იყიდებოდა საცალო ქსელში.

– თუმცა ჩვენთან ენერგეტიკაშიც ასეთი მდგომარეობაა: ელექტროენერგიის შეწონილი ფასი 4,5 თეთრია და განაწილების კომპონენტი მასზე მეტია.

– განაწილების პროცენტი მთლიან ტარიფში, თუ არ ვცდები 70 პროცენტია, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 20-დან 40 პროცენტამდე მერყეობს, მთავარი წონა მოდის გენერაციაზე, ჩვენთან კი, პირიქითაა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

რაც შეეხება მედიკამენტების ფასს: სულ ბოლო კვლევა ჩაატარა „საერთაშორისო გამჭირვალობა –  საქართველომ“, რომელშიც მათაც, საშუალოდ, 150-პროცენტიანი ფასნამატი დაადგინეს, მას შემდეგ კვლევა არ ჩატარებულა და გართულდა კიდეც ამის შემოწმება. ერთადერთი საშუალება დარჩა, რომ შემოსავლების სამსახური მოგვაწვდის ინფორმაციას, რა ფასად დაფიქსირდა წამალი საბაჟოზე და შემდეგ აფთიაქები უნდა ჩამოვიაროთ და გავიგოთ, სად რა ღირს ესა თუ ის წამალი.

– როგორია ფასნამატი განვითარებულ ქვეყნებში? იქნებ, მართლაც, აქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს ისეთი ხარჯი, რომ უფრო მეტი ფასნამატიც კი უნდა დაედოს მედიკამენტს?

– წამალს რომ თავი დავანებოთ, განვითარებულ ქვეყნებში, საშუალოდ, 40-პროცენტიანი ფასნამატი ზემოგებად ითვლება. თავისუფალი კონკურენციის პირობებში, მეტნაკლებად თავისუფალ კონკურენციას ვგულისხმობ. 40 პროცენტზე მეტი ფასნამატი წარმოუდგენელია. თუ კონკურენტული უპირატესობა გაქვს, შესაძლოა, 15-20-პროცენტიანი ფასნამატი დააწესო. როდესაც კონკურენტული ბრძოლაა, კონკურენტი ცდილობს, ნახევარი პროცენტით ნაკლები ფასნამატიც კი გააკეთოს, რომ უფრო მეტი მომხმარებელი მოიზიდოს. 150-პროცენტიანი ფასნამატის დროს, ჩემი აზრით, კონკურენციაზე ლაპარაკი ზედმეტია.

– „ფარმადეპოსა“ და „ფარმაცენტრის“ შემოსვლამ რაღაც მცირე კონკურენციის ელემენტი მაინც არ შემოიტანა ბაზარზე?

– სამწუხაროდ, ერთმანეთში მერევა ხოლმე, მაგრამ, თუ არ ვცდები, „ფარმაცენტრი“ თავად „პე ეს პემ“ შექმნა, რომ კონკურენცია გაეწია იაფიანი სეგმენტისთვის.

– „ქოლგეითისა“ და „ბლენდამედის“ არ იყოს, რომლებსაც ერით და იგივე მწარმოებელი ჰყავთ და ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, როდესაც, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ერთადერთი მწარმოებელი რჩება მოგებული?

– კონკურენციაში შევიდა საერთოდ ახალი ქსელით, იმიტომ რომ წამალი ისეთი პროდუქტია, რომელსაც სიამოვნებისთვის არავინ ყიდულობს, მისი შეძენა უბრალოდ აუცილებელია. ეს დიდ შანსს აძლევს ფარმაცევტულ კომპანიებს. „ფარმადეპოს“ შემოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა კომპანიამ მისი კონკურენტი შექმნა დაბალფასიან სეგმენტში, თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, საკმაოდ არაკეთილსინდისიერი ბრძოლის მეთოდებს იყენებდნენ „ფარმადეპოს“ წინააღმდეგ. მაგრამ დღეს უკვე ყველას თითქმის ერთნაირი ფასი აქვს. ფაქტია, რომ წაგებაზე არც ერთი კომპანია არ არის ორიენტირებული და „ფარმადეპოსთვის“ ხელსაყრელი იყო ის დაბალი ფასები, რომლებითაც ბაზარზე შემოვიდა. ეს, თავისთავად, გვიქმნის წარმოდგენას, თუ რა ოდენობის ფასნამატები ჰქონდათ დანარჩენებს. თუ „ფარმადეპოს“ ის დაბალი ფასები უტოვებდა მოგებას, ამით ფარდა აეხადა იმას, რომ ის კომპანიები, რომელიც მანამდე იყვნენ ფეხმოკიდებულები ბაზარზე, ზემოგებას იღებდნენ.

– კონკურენციის სააგენტოს ევალება კომპანიის მიერ თავისივე კონკურენტის შექმნის გამოვლენა თუ ეს დასაშვებია?

–  ნებისმიერი ურთიერთობა ორ კომპანიას შორის, რომელიც აისახება კონკურენციაზე, ის იქნება კომპანიების შერწყმა, შვილობილი კომპანიის შექმნა, ერთი და იმავე პარტნიორის მიერ სხვადასხვა კომპანიაში მოღვაწეობა, ექცევა ამ კანონის მოქმედების ქვეშ და განისაზღვრება სანქციები მათ წინააღმდეგ, თუ მათი საქმიანობა გასცდება კანონს და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემცველი იქნება.

– ერთ-ერთი არცთუ მნიშვნელოვანი წამალი რომელსაც მუდმივად ვიღებ, უცებ 100 პროცენტით გაძვირდა. კონკურენციის სააგენტოს ეხება ფასების საკითხი: ის ჩაერევა ფასწარმოქმნის მექანიზმში? ცნობილია, რომ ზოგიერთ მედიკამენტზე ფასტნამატი 700-800 პროცენტს შეადგენს. წამლის ფასებზე როგორ აისახება კონკურენციის სააგენტოს შექმნის ფაქტი?

– კონკურენციის სააგენტოს გაუჭირდება ყველა ასეთი ფაქტის მონიტორინგი, რომ გადაცდომა, როგორც კი მოხდება, მაშინვე შეისწავლოს. ანუ ზემოდან ამის კონტროლი ძალიან რთული იქნება და ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი, თუნდაც, მომხმარებლის აქტიურობაა, რომ მსგავსი ფაქტები მიაწოდოს კონკურენციის სააგენტოს, იმიტომ რომ მას უკვე აქვს უფლება განახორციელოს ბაზრების მონიტორინგი, მიმართოს კომპანიებს, მოითხოვოს მათგან ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაცია; აქვს უფლება, თუ ჩათვლის, რომ ირღვევა კონკურენცია, მიმართოს სასამართლოს, რათა დროებით შეაჩეროს კიდეც კომპანიის საქმიანობა. ისეთი ბერკეტები აქვს, რომ, ვფიქრობ, თავად კომპანიებს ცოტა არ იყოს შეეშინდებათ, წავიდნენ რამე ტიპის გადაცდომაზე, თუ, რა თქმა უნდა, კორუფციულმა ფაქტორმა არ იმუშავა და სააგენტომ დამოუკიდებლად იმოქმედა. როდესაც საკმაოდ მძიმე სასჯელი ელით, კომპანიებიც უფრო შეიკავებენ თავს. რაც შეეხება ცალკეული წამლის ფასის გაორმაგებას, რაც თქვენ თქვით, თუ ეს ერთ კონკრეტულ წამალს ეხება, შეიძლება, თვითონ მწარმოებელმა გააძვირა ან სხვა მიზეზია. თუმცა არ ვფიქრობ, რომ კომპანიებს უნდა შერჩეთ, თუნდაც, ერთი წამლის გაძვირება. მთავარია, დადგინდეს მიზეზი, რამ გამოიწვია ეს გაძვირება.

– რამდენად ეფექტიანი და მოქნილია კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურა, რომ უზრუნველყოს მის ხელთ არსებული საშუალებებით მეტ-ნაკლებად ნორმალური კონკურენციის პირობების შექმნა? 150-პროცენტიანი ფასნამატი უკვე ნიშნავს, რომ კონკურენცია მახინჯია. კერძო კომპანიები უნდა გამდიდრდნენ, მაგრამ, ალბათ, არა მომხმარებლის გაღატაკების ხარჯზე.

– საბოლოო ჯამში, ხომ კონკრეტულ მექანიზმებამდე უნდა მივიდეთ? გასაგებია, თუ რა არის ეს დომინირებული მდგომარეობა,  მაგრამ რა ითვლება დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად?! როდესაც კომპანიას ბაზრის 50-პროცენტიანი წილი უჭირავს, როგორც ეს კანონში წერია, არ შეიძლება დისკრიმინაციულად დააწესოს ფასი და მთელი რიგი შესყიდვისა და გასყიდვისას იხელმძღვანელოს არასამართლიანი ფასებით, მაგრამ რა არის ეს არასამართლიანი ფასი?! ეს არსად არ არის განსაზღვრული. 100-პროცენტიანი ფასნამატი ითვლება უსამართლოდ თუ უფრო მეტი ან ნაკლები?! საბოლოოდ, რაზე უნდა შევედავოთ კომპანიას, რატომ აქვს 50-პროცენტიანი ფასნამატი თუ რატომ აქვს 100-პროცენტიანი ფასნამატი?! კანონი არ განსაზღვრავს ზღვარს და, აქედან გამომდინარე, გაუგებარია, როგორ უნდა გამოიკვეთოს კომპანიის დანაშაული. მსგავს მექანიზმს ვერ ვხედავ ვერც კანონში და ვერც დებულებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. ის სხვადასხვა კანონიდანაა გადმოწერილი და კონკრეტული თემები განხილული არ არის. შეიძლება, შემდგომში შეიქმნას რაღაც დებულებები და კანონქვემდებარე აქტები, თუმცა ჯერჯერობით ეს არ არსებობს და არც ის მექანიზმი, რითაც უნდა გამოავლინონ, კონკრეტულად რა გადაცდომა აქვს ამა თუ იმ კომპანიას. სააგენტო გვაქვს, კანონი გვაქვს, მაგრამ აღსრულების მექანიზმი არ არის, ამიტომ წელს რაიმე უმნიშვნელო სიახლეც კი არ იქნება. ანუ წლევანდელი წელი დაკარგულია და მომავალი წლებიც დაკარგული აღმოჩნდება, თუ არ შეიქმნება პირობები საიმისოდ, რომ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად შეისწავლოს სხვადასხვა ბაზარი. აქ დაფინანსების საკითხსაც უნდა შევეხოთ: წელს 680 000 ლარია გათვალისწინებული სააგენტოს მუშაობისთვის. ეს დაფინანსება ხელფასებზეც არ ეყოფათ. ყველა ამ მიმართულებით უფრო მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი, რომ მომავალი წლიდან მაინც ამოქმედდეს მექანიზმები, რათა კომპანიებმა რეალურად დაინახონ, რომ მუშაობს სააგენტო და მათი შიში იყოს რეალური, რომ, თუ დაარღვევენ კანონს, მიიღებენ სათანადო სასჯელს.

 

скачать dle 11.3