კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პროფესიებზეა მოთხოვნა საქართველოში და რატომ უჭირავს ამ ჩამონათვალში მეორე ადგილი მიმტანს

ილიას სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მიერ ჩატარებული კვლევით, საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნაა შემდეგ სამ სპეციალობაზე: მენეჯერი, კონსულტანტი და მოლარე. მათ მოსდევენ: მიმტანი, ადმინისტრატორი, დამლაგებელი, დისტრიბუტორი, პრისელერი (სავაჭრო აგენტი) და გაყიდვების აგენტი. რა გახდა ზემოჩამოთვლილი სპეციალობების პოპულარიზაციის მიზეზი, რით სჯობს დამლაგებლობა ფიზიკოსობას ან მოლარეობა –  არქეოლოგობას, ოცდამეერთე საუკუნის ამ ტენდენციის ქართული განშტოების ახსნას საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების  ცენტრის ხელმძღვანელთან, ანალიტიკოს არჩილ გამზარდიასთან ერთად შევეცდებით.

 

– როგორ გვახასიათებს ამ კონკრეტული პროფესიების ჩამონათვალი. თუ უცხოელი სპეციალისტი დახედავს ამ მშრალ ჩამონათვალს, რას იფიქრებს, რა ტიპის ქვეყანაა საქართველო?

– უპირველესად, რასაც გაიფიქრებს, ის არის, რომ ქვეყანა არის განვითარებად რეჟიმში, ამიტომ საზოგადოებაში ჯერჯერობით არ არის მართვის თანამედროვე სისტემისთვის აუცილებელი სპეციალისტების საკმარისი რაოდენობა. მოთხოვნა არის იმ სპეციალობებზე, რაც ახალგაზრდებს დასაქმების უფრო მეტ შანსს აძლევს უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ. პირველი, რაც ჩანს, არის ის, რომ არ გვყავს მენეჯერები, ანუ იმდენად სხვადასხვა დარგის სპეციალისტების პრობლემა კი არ არის საქართველოში, რამდენადაც ამ პროცესის ორგანიზატორების, ზოგადი წარმმართველების, შესაბამისად, მაღალი და საშუალო რანგის მენეჯერების, რომლებიც დღეს უკვე განსხვავებულ რეჟიმში მუშაობენ. მომავალი თაობა ირჩევს იმ სპეციალობებს, რომლებითაც ხედავს თავისი დასაქმების პერსპექტივას.

– გარდა იმისა, რომ მოთხოვნაა მენეჯერებზე, ეპოქის თავისებურებიდან გამომდინარე, მგონია, რომ  მოთხოვნა კონსულტანტებზე, გაყიდვების აგენტებზე ვერ გვახასიათებს, როგორც ინტელექტის კომერციალიზაციის სურვილის მქონე ქვეყანას?

– ეს არ არის მაღალი რანგის პროფესიები, მაგრამ ეს არის პროფესიები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე სამომხმარებლო გარემოსთვის. ამიტომაც, ბუნებრივია, კონსულტანტების საჭიროება მეტია. ჩვენ ვცხოვრობთ ცვალებად გარემოში. ოცდამეერთე საუკუნეში პროდუქციისა და სერვისის მრავალფეროვნებაა, როდესაც მომხმარებელი ყოველთვის არ არის ინფორმირებული და გადაწყვეტილებითი არჩევნით არ მიდის ამა თუ იმ პროდუქტის თუ მომსახურების შესაძენად, ამდენად, საჭიროებს კონკრეტულ პირებს, რომლებიც უნდა დაეხმარონ მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

– მე არ ვაკნინებ ამ სპეციალობებს, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ.

– მეც იმას ვამბობ, რომ ეს დრომ მოიტანა. თუ ადრე, საბჭოთა ხანაში მხოლოდ ერთი თუ ორი პროდუქტი არსებობდა, ადამიანი ნაკლებად საჭიროებდა კონსულტაციას, რადგან არჩევნის მრავალფეროვნება არ არსებობდა. მაგალითად, 2003 წლამდე ძირითადი აქცენტი კეთდებოდა სამედიცინო სფეროზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, იურიდიულზე, ანუ ისეთ სპეციალობებზე, რომლებიც მოდურად მიიჩნეოდა, იმიტომ რომ ადამიანი უფრო თვითპრეზენტირების რეჟიმში იყო და მოთხოვნილებაც ამაზე არსებობდა. როდესაც გზების დაგება დაიწყო, საქართველოში არ გვყავდა ახალ ტექნიკაზე მომუშავე სპეციალისტები და ჩქარ-ჩქარა გადაამზადეს. ამას მოჰყვა კრიტიკა, თითქოს არის დამოკიდებულება, რომ ქართულ გარემოში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო საშემსრულებლო დონეზე, ანუ ინვესტორებისთვის საჭირო სპეციალობებზე.

– უხეშად ვიტყვი, კვალიფიციურ შავ მუშებზე.

– არის ასეთი მოსაზრება, რომლის ცალსახად იგნორირება არ შეიძლება, მაგრამ რეალობა არის ისეთი, როგორიც არის. თანამედროვე მმართველობით გარემოში სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სისტემები, მაგრამ თითოეული ადამიანის დასაქმება მისი ამოცანა არ არის, თუმცა არჩევნების წინ აქტიურია დასაქმების დაპირებები.  საქმე ის არის, რომ ხელი ეწყობა იმას, რაზეც არის მოთხოვნა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს აქვთ დასაქმების ვიწრო სივრცე: საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამიტომ არალოგიკურია, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა გამოუშვან ათასობით ასეთი სპეციალისტი, მაგრამ ლოგიკურია, რომ ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით გამოუშვას მეტი სპეციალისტი, რომლებსაც დასაქმების მეტი შანსი აქვთ. განათლების სისტემა, მით უმეტეს კომერციული სასწავლებლები კონკურენტულ გარემოში იმაზე აკეთებენ აქცენტს, რაზეც არის მოთხოვნა. ათი წლის შემდეგ ბაზარი  შეიძლება, მომარაგდეს თანამედროვე დარგების სპეციალისტებით და შემდგომ ისეთ სპეციალობებზე გაჩნდეს მოთხოვნა, რომლებიც ამ წუთისთვის საერთოდ არ არსებობს. სხვათა შორის, ამის პირობებიც უკვე შექმნილია.

– მესმის, რომ აუცილებელია გაყიდვების მენეჯერი, კონსულტანტი, გაყიდვების აგენტი, რადგან ამ ეპოქაში ყველაფერი იყიდება და მთავარია შეფუთვა და მიწოდება. მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ აღარ გვყავდეს ინჟინერი, ენერგეტიკოსი, უკვე არის ისეთი სპეციალისტების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია.

– მართალი ბრძანდებით, ერთია დარგობრივი მოთხოვნები, კვლევა კი აჩვენებს მასობრივ მოთხოვნას. თუკი პირობითად წელიწადში 10 ინჟინერი გვჭირდება, ამ წუთისთვის შეიძლება, გვჭირდებოდეს 1 200 მენეჯერი და ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი.  რა თქმა უნდა, განათლების სფეროში დარგობრივი კრიზისი გვაქვს, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში ბევრად უფრო ჩავარდნილი იყო პროცესი. ჩვენ კარგად ვიცით, აგრარულ უნივერსიტეტში იმიტომ აბარებდნენ, რომ უბრალოდ უმაღლესში ჩაებარებინათ. მე არ ვლაპარაკობ ამ საკითხის პოლიტიკურ მოტივზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ ტექნიკური ბაზა შეიცვალა, რაც იმ დარგების პრესტიჟი ასწიეს, იქ აბარებენ ადამიანები. დღეს პროფესიის არჩევისას მოქმედებს ისეთი მოტივები, როგორებიცაა დარგის პრესტიჟი, უმაღლესი სასწავლებლის პრესტიჟი, დიპლომის გასავლიანობა. მით უმეტეს, რომ საქართველო მიუერთდა ბოლონიის პროცესს  და გაცვლით პროგრამებში იღებს მონაწილეობას. ჩემი სტუდენტობისას საქართველოში თერთმეტწლიანი განათლება და დიპლომი ითვლებოდა საშუალო განათლებად ევროპის გადმოსახედიდან, დღეს სტუდენტები პირდაპირ იცვლებიან: მეორეკურსელი მეორე კურსზე გადადის ევროპულ სასწავლებელში და ასე შემდეგ. მე იდეალიზებას არ ვახდენ, მაგრამ შესაძლებლობები არის. აი, თუნდაც, ახალმა ხელისუფლებამ გამოხატა სურვილი, რომ საინჟინრო მიმართულება უფრო მეტად დააფინანსოს. როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო კუთხით დღემდე კარგად ასწავლიან და სწორედ ის ამარაგებს სპეციალისტებით თანამედროვე მშენებლობებსა და გზის გაყვანით სამუშაოებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობენ. მე რომ მკითხოთ, დღეს, რაზეც მოთხოვნაა, გადაჭარბებით ჩანს მოთხოვნადად. ეს, როგორც წესი, ყოველთვის ასეა: როდესაც ადამიანები გაიგებენ, რომ ბიზნესის მართვის სპეციალისტი ყველგან სჭირდებათ და ამიტომ დასაქმდები, ყველა მასობრივად იქ აბარებს. არსებობს ოცდამეერთე საუკუნის სპეციალობები და მუდმივად გვესმის ლაპარაკი, რომ გვჭირდება კარგი მეურნეები, კარგი მმართველები, კარგი მენეჯერები და ა. შ.

– მაგრამ ამ კარგ მმართველებს სჭირდებათ კარგი კადრები, რომ კარგად მართონ, თუ კადრი არ ივარგებს, რას მართავენ?

– აუცილებლად. უფრო მეტიც, არის მთელი რიგი სპეციალობები, რომლებიც უკვე საჭირო ხდება. დღეს არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ იმავე ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტები საშუალო და წვრილ ბიზნესს დეკორაციულად ჰყავთ ერთი ან ორი ადამიანის დონეზე. არადა, როგორც ექიმი ერთდროულად ვერ იქნება გინეკოლოგი, სტომატოლოგი თუ ქირურგი, ისე ამ დარგსაც გააჩნია მთელი რიგი მიმართულებები, ამიტომ ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ არ იციან კარგად ამ დარგის საჭიროება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნაა მათზე. ვერ ხვდებიან, რომ იქ ცალკეა იმიჯმეიკერები, შიდა იმიჯმეიკერები, პრომოუტერები და ასე შემდეგ. არის ისეთი დარგებიც, რომლებიც დღეს საქართველოში არ არსებობს სპეციალობების სახით. მაგალითად, თანამედროვე მსოფლიოში უკვე არის საჭიროება დროის მართვის კონსულტანტების, კრეატიული მენეჯერების.

– ჩვენი კრეატიულობა ჯერჯერობით, ძირითადად, იმით გამოიხატება, რომ უცხოურ კომპანიას იდეას მოჰპარავენ და ძალიან უნიჭოდ გადმოამღერებენ.

– ესეც უნდა ისწავლებოდეს, გარდა იმისა, რომ ბუნებით შინაგანად უნდა ჰქონდეს სპეციალისტს, ჩვენ კი არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ გვაქვს ისეთი ფაკულტეტი, რომელიც ასეთი ტიპის ვიწრო სპეციალისტებს გამოუშვებდა. ანუ იქაც კი, სადაც ეს მოთხოვნაა, ერთი ტიპის სპეციალისტებს უშვებენ. სახელმწიფოს, როგორც ჩანს, დღემდე არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა. მართალია, ის განათლების სფეროში ვერ ჩაერევა, მაგრამ უნდა შესთავაზოს ხედვა, განათლების პოლიტიკა. იმდენად რამდენადაც სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესი და იდენტობა სჭირდება, შესაძლოა, ისეთ სპეციალობებს აფინანსებდეს, რომელიც ერის, ქვეყნის იდენტობაზეა ორიენტირებული.

– არქეოლოგიურზე რომ ჩააბარო, სამსახურს დიდი ალბათობით ვერ იშოვი, ალბათ, აქ სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა იყოს დასაქმებაც.

– ხედვა მაინც უნდა შესთავაზოს ადამიანებს, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ის სპეციალობები, რაც მას თვითმყოფადობას, მის კულტურულ კერებს წაახალისებს. მაგალითად, პირადად მე ფიარს ვსწავლობდი ერთი წიგნით მთელი ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ მე და ჩემი ზოგიერთი კოლეგა არ გავჩერდით და გავაგრძელეთ განათლების მიღება, თორემ იმ დიპლომის და იმ განათლების საფუძველზე სპეციალისტები ვერ დავდგებოდით. ახლა სხვა ეპოქაა. ტურიზმის მენეჯერი წინა წლებში გაეგო ვინმეს?! ახლა გაჩნდნენ ეს სპეციალისტები და იმდენად კონკურენტული გარემოა შექმნილი, რომ მხოლოდ საუკეთესოებს იღებენ სამსახურებში. როგორც კი ესა თუ ის დარგი შეივსება სპეციალისტებით და ორგანიზაციები დაინახავენ, რომ იმავე რაოდენობა აღარ სჭირდებათ, მოთხოვნის დონე დაიწევს და რაღაც სხვა გამოჩნდება. უკვე შემოსული და აქტუალურია კომპიუტერული ინჟინერია, იგივე კიბერსპეციალისტები. როგორც კი ის სპეციალობები, რაც ტოპ-ხუთეულშია შეივსება კადრებით, მაშინვე გადაინაცვლბენ სხვა სპეციალობებზე. დღეს ჩვენ არ ვლაპარაკობთ პედაგოგების კრიზისზე, არადა ძალიან ცოტა მიდის მასწავლებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან წახალისებები არსებობს და ჩანს, რომ ნელ-ნელა ამ დარგში გაჩნდება კრიზისი.

– როდესაც ჩვენთან არ ფიგურირებს მოთხოვნა აუცილებელი პროფესიების, რის გარეშეც სახელმწიფოს სრულფასოვანი ფუნქციონირება წარმოუდგენელია, ეს ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების საფეხურზეც კი მომსახურე პერსონალის დონეზე ვართ?

– ცალსახად ასე არ არის: არსებობს პროფესიები, რომლებზეც არის მოთხოვნა და არსებობს პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა ნაკლებია. ნაკლები მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ ამ პროფესიებს პრიორიტეტი არ აქვთ. უბრალოდ, ეს პრიორიტეტული დარგები ძირითადად უკვე შევსებულია და აღარ სჭირდება სპეციალისტების დიდი რაოდენობა. მაგალითად, წინა წლებში საბანკო საქმის სპეციალისტებს ბანკები იღებდნენ სამკვირიანი ტრენინგების შედეგად. დღეს უკვე შეივსო ბაკნები ამ კადრებით და ამდენი საბანკო საქმის სპეციალისტი აღარ სჭირდებათ. განა საჭირო არ არის, მაგრამ უკვე შეივსო. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მთელი რიგი დარგები, რომლებიც მნიშვნელოვანია, არ არის ზედმეტად დეფიციტური, დეფიციტურია ის დარგები, რომლებზეც მოთხოვნაა.

– მოლარეზეა მოთხოვნა. ესე იგი, ბევრი დაწესებულება თუ საწარმოა?

– კონსულტანტზე, მოლარეზე, განვადების მენეჯერზე მოთხოვნა არის იმიტომ, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესის რაოდენობა შედარებით გაიზარდა. ნებისმიერი დიდი სავაჭრო ცენტრი შედგება მრავალი წვრილი შპს-სა და ინდმეწარმისგან. შესაბამისად, თითოეულს სჭირდება მოლარე, დამლაგებელი, განვადების მენეჯერი. რომ შეაბიჯებთ „კიდობანში“, ნახავთ, რომ თითოეულ მაღაზიაში სხედან ბანკის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან უმუშევრობის დონე მაღალია, ორგანიზაციების რაოდენობა გაიზარდა. აქ ერთი მომენტიცაა:  ადამიანები ჩვენთან თავს არ მიიჩნევენ დასაქმებულად, თუკი მუშაობენ წვრილ ბიზნესში, ვაჭრობაში. დასაქმებულად საქართველოს მოქალაქე თავს მიიჩნევს, როდესაც მას სახელმწიფ ო ასაქმებს. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია, მე მაინც მგონია, რომ ადამიანები ზოგჯერ უფრო მეტად აღიქვამენ საკუთარ თავს უმუშევრად, ვიდრე ეს რეალობაშია.

– როგორ გამოიყურება განვითარებულ ქვეყნებში იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა?

– რამდენადაც გამოკითხვები დასავლეთის ქვეყნებშიც ჩატარდება, ვიცით, რომ იქაც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მმართველ სპეციალისტებზე. ავტომობილების წარმოების კუთხით თურქეთმა ბაზარი არ დაუტოვა სხვებს, მაშინ, როდესაც ბუნებით ის არ არის ტექნიკის მწარმოებელი ქვეყნების რიცხვში. თანამედროვე დარგები არ ცნობს მსოფლიო საზღვრებს. შეიძლება, ოფისი გქონდეთ ჩინეთში, ქარხანა –  თურქეთში და ამარაგებდეთ კავკასიას. ასეთია გლობალური ბიზნესი, რომელიც არ აღიარებს გეოგრაფიულ საზღვრებს. 

– და ამ გლობალური ბიზნესის პერიოდსა და სამყაროში სპეციალობების ტოპ-ხუთეულში ჩვენთან მეხუთე ადგილზე მოთხოვნა დამლაგებელზეა.

– სამკაციან ოფისშიც კი, სადაც თავის დროზე თვითონ ალაგებდნენ, დღეს ელემენტარულ ნორმად ითვლება, რომ სჯობს დაიქირავო დამლაგებელი, რომელსაც გადაუხდი თანხას, ვიდრე შენი მუშაკი მოაცდინო თავის საქმეს.

 

скачать dle 11.3