კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ შვილები ტელეეკრანიდან წამოსული მავნე ზეგავლენისგან და რატომ გადის უხამსი, ეროტიკული სცენების შემცველი ფილმები, სერიალები საბავშვო სატელევიზიო დროს

ტელევიზიით, დღეს ადამიანს დიდი არჩევანი აქვს ნახოს ის ფილმები, გადაცემები თუ შოუები, რომელიც მათ გემოვნებას აკმაყოფილებს ან უბრალოდ, დაინტერესებას იწვევს. თუმცა, არხიდან არხზე გადართვისას, ისეთ ფილმებსა და გადაცემებს ვაწყდებით, რომელიც გაღიზიანებას იწვვევს და ბავშვებისთვის მათი ნახვა არარეკომენდებული და აკრძალულია. რასაკვირველია, ასეთი გადაცემების ნახვა ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა კანონის მიხედვით, არსებობს დრო, როცა ამა თუ იმ ფილმის, გადაცემის გაშვება ტელევიზიით არ შეიძლება. მით უმეტეს, თუ ტელეეკრანის მარცხენა, ქვედა მხარეს, სპეციალური მინიშნება არ არსებობს. როგორ დავიცვათ ბავშვები ტელევიზიის მავნე ზემოქმედებისგან, რატომ არ იცავენ ქართული ტელეარხები კანონით დასაშვებ ნორმებს და ზოგადად, როდის რჩება ქართველი მაყურებელი მოტყუებული, ამასთან დაკავშირებით გვესაუბრება ქალბატონი სალომე რამიშვილი, რომელიც წლებია, თვალს ადევნებს, კანონით გათვალისწინებული, ქართული თუ უცხოური ტელევიზიების პროგრამების გაშვების დროს და ამის მიხედვით, საკმაოდ შემაშფოთებელ და დასაფიქრებელ დასკვნებს აკეთებს.

 

სალომე რამიშვილი: პრობლემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ყოველდღე და ყოველწამს ჩვენი თვალთახედვის არეშია, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ვერ ვამჩნევთ. კონკრეტულად, არსებობს სფერო, რომელთანაც აქტიური შეხება გვაქვს ჩვენ და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს – არასრულწლოვნებს. აი, აქ არის მთავარი პრობლემა. ვგულისხმობ, თითქმის ყველა ქართულ არხზე მოზღვავებულ უხამსობას, რომელსაც განმკითხავი არ ჰყავს. უფრო კონკრეტულად კი, ვგულისხმობ დღის სატელევიზიო ეთერს, რომელიც მთელ მსოფლიოში მიჩნეულია, რომ საოჯახო ჩვენებისთვისაა განკუთვნილი და დროის ამ მონაკვეთში, არასრულწლოვნები უხამსობისა და ძალადობის შემცველი სცენებისგან დაცულები უნდა იყვნენ. მართალია, არავის ახსოვს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მეხუთე მუხლი შეიცავს ტერმინს – საბავშვო დრო. ის კი შემდეგნაირად იშიფრება: დროის ისეთი მონაკვეთი, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა, არასრულწლოვნები, ოჯახის ზრდასრული წევრებისგან დამოუკიდებლად უყურებდნენ სატელევიზიო ტელეპროგრამებს. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ქართველი მშობლები, ევროპელი, ამერიკელი, ახლა უკვე ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინელი მშობლებისგან განსხვავებით, ბავშვის მარტო ეკრანთან დატოვების ფუფუნებას, საკუთარ თავს ვერ მისცემენ. 

– შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად დაასაბუთოთ, რას გულისხმობთ?

– რასაკვირველია, დაგისაბუთებთ და ამისთვის, მოგიყვანთ მაგალითებს, რომლის მიხედვითად მიხვდებით, რომ დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, საქართველოში სხვა სიტუაციაა. ტელეპროდუქცია მრავლისმომცემი ცნებაა და ამის გამო, შეუძლებელია პრობლემის მთლიანად წარმოჩენა. ამიტომ, იმის დასტურად, რომ ქართული ტელეკომპანიები არ ერიდებიან, არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი მასალის დღის საათებში ჩვენებას, ამჯერად ფილმების, ტელესერიალებისა და უხამსი რეკლამების მაგალითების მოყვანით შევეცდები. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ მე არ ვლახავ ტელემაყურებლთა იმ კატეგორიის უფლებებს, რომლებსაც მოსწონთ ტელესერიალები, მხოლოდ და მხოლოდ ვსვამ კითხვას: შეესაბამება თუ არა ესა თუ ის კინოპროდუქცია, მისთვის დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვას და ტელედემონსტრირების დროს? ერთ-ერთი პოპულარული ქართული არხის მეშვეობით, მაყურებელმა ნახა ფრანგული სერიალი „სიყვარულის საიდუმლოება”. ფილმი გადიოდა შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშნით. მოგეხსენებათ, ფილმს, რომლის ჩვენება არ იზღუდება, ტელედემონსტრირების დროს, კუთხეში ახლავს ცნობილი ლათინური ასო წრეწირში. ამ სერიალის ჩვენების დრო გახლდათ 17 საათი, ხოლო ტელეპროდუქცია გაჯერებული იყო უხამსი სცენებით თუ შინაარსის დიალოგებით, უცენზურო სიტყვებით. გეკითხებით, რამდენად დასაშვებია, ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის, ვგულისხმობ, არასრულწლოვნებისთვის, ბოძთან ცეკვისას შესაბამისად შემოსილი ქალების მიერ შესრულებული უხამსი მოძრაობების ყურება. სულ ცოტა ხნის წინ, წავაწყდი ინფორმაციას უცხოეთის საიტზე საათაურით – „თექვსმეტ წლამდე აიკრძალოს ბიონსე”. საუბარია ამერიკელ მეგა-ვარსკვლავზე, რომელიც „გრემის” ცერემონიალზე, სცენაზე სექსუალურ, შავ კაბაში გამოწყობილი გამოვიდა. კრიტიკოსებმა კი დაასკვნეს, რომ „გრემის” ცერემონიალის ყურება, 16 წლამდე მოზარდებს უნდა აეკრძალოს. ქართულ სინამდვილეში კი, ბოძთან ცეკვის სცენა ამ არხის ანონსშია დატრიალებული. იმავე სერიალში, ქალბატონი მეგობარს გამუდმებით უზიარებს თავის შთაბეჭდილებებს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. კერძოდ, მის მეგობარ მამაკაცს როგორი გასაგიჟებელი სხეულის ერთ-ერთი ნაწილი აქვს. ორიგინალში ისმის უცენზურო სიტყვა, რომლის გამეორებასაც მოვერიდებოდი. რაც შეეხება, როგორ იცავენ ჩვენში მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნებს, ეს ცალკე სასაუბრო თემაა. ასევე, ერთ-ერთ ქართული არხის ეთერში გავიდა ფილმი „წარმატებას გისურვებ, ჩაკ”. ეს ფილმი, ანალოგიურად, გადიოდა შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ლოგოთი. ჩვენების დრო კი გახლდათ დილის 11 საათი. ფილმის ხანგრძლივობაა საათი და 45 წუთი. ამ ხნის განმავლობაში, გაგიჭირდებათ დაგამახსოვრდეთ სცენა თუ დიალოგი, რომელშიც უხამსობა არ არის. ფილმში, 4-წუთიანი მონაკვეთია, სადაც სექსუალური ურთიერთობების ამსახველი სცენები ნატურალისტურადაა წარმოჩენილი, ახლო ხედით ნაჩვენები შიშველი სხეულით და თანდართული უხამსი გახმოვანებით. ფილმის სიუჟეტის ზეუხამსობისა და არაესთეტურობის გამო, მეტ დაკონკრეტებას მოვერიდები, რადგან ზოგიერთი სცენის გადმოცემა შეუძლებელია. და რაც, ყველაზე მთავარია, ყოველი ასეთი სცენის დროს, ტელეეკრანის კუთხეში, უტიფრად ჩნდებოდა შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი. სამწუხაროდ, აღნიშნული ფილმი, აღნიშნულ არხზე გამონაკლისი არ არის და რაც მთავარია, როგორც მე მითხრეს, ამ არხის ყველაზე მრავალრიცხოვან აუდიტორიას, სწორედ არასრულწლოვნები შეადგენენ. და ბოლო მაგალითი, დედაქალაქში მაუწყებელ, ერთ-ერთ რეგიონულ არხზე გავიდა ფილმი, რომლის სახელწოდება გახლდათ „უცნაური წყვილი”. ჩვენების დრო –  15 საათი. ამ ფილმზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ, აღვნიშნავ ერთ მონაკვეთს, კერძოდ, კომპიუტერში კრეფენ გეი პორნო ვებ-გვერდს, რომელზეც გამოტანილი მასალა და გვერდის მისამართი მსხვილი ასოებით, მთელს ეკრანზეა ნაჩვენები. ეს იყო, ჩემი აზრით, უკიდურესი უხამსობა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენების დროს. 15 საათი ის დროა, როცა ჩვენი შვილები სკოლიდან შინ მოდიან, სადილობენ და ტელევიზორს რთავენ. 

– როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები მსგავსი უხამსობის მავნე ზეგავლენისგან? ამის კონტროლი, მშობლის მხრიდან, ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია?

– უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე, კონტროლი და ზედამხედველობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეკისრება. ფილმებისთვის დადგენილი კატეგორიების მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისად შექმნილი ქცევის კოდექსით. რეალობა კი, სულ სხვაა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროცესები თვითდინებაზეა მიშვებული. გაუგებარია, რა მოსაზრებით ანიჭებენ ფილმებს კატეგორიებს და მათ აღმნიშვნელ ნიშნებს. ერთი კითხვით მივმართავ იმ არხის მესვეურებს, რომელზეც ზემოხსენებული ფრანგული სერიალი გავიდა: დროის იმ მონაკვეთში, სადაც ქალბატონი მეგობარი მამაკაცის სხეულის ერთ-ერთ ნაწილზე აღფრთოვანებით საუბრობს, რატომ არ იქნა უზრუნველყოფილი, სათანადო თარგმანი? რატომ ითარგმნა ამ სიტყვის ყველზე ვულგარული ფორმა, რომელიც სატელევიზიო სივრცეში იხშობა? ამის შემდეგ, ტელეპროდუქცია შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშნით უნდა გასულიყო ეკრანზე? სანამ ფილმს მაყურებელი იხილავდა, ვინმემ ნახა და შეაფასა, თუნდაც თარგმანი? იცით რა? პრობლემას ნურავინ აღიქვამს მარტივად. როცა აღნიშნულ სფეროში ქაოსია, ის ყოველდღიურობაზე აისახება. ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითები, ამ ქაოტური სიტუაციის და განუკითხაობის მხოლოდ ნაწილია. ეს, როგორ ფიქრობთ, მომავალი თაობის ფსიქიკაზე არ აისახება?

– თქვენი აზრით, ძალადობა, რომელმაც მოზარდებში საკმაოდ იმატა, არის ამ სიტუაციის გაუაზრებელი შედეგი?– რასაკვირველია, ეს ასეა. არა მარტო დასავლეთის არამედ, პოსტსაბჭოთა  ქვეყნების სივრცეშიც, არასრულწლოვანთა შეუფერებელი მასალის გაშვებაზე უმკაცრესი კონტროლია დაწესებული. ჩვენი ტელეკომპანიები კი არ ერიდებიან დღის საათებში, არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი სცენების გაშვებას. ერთ-ერთ რეგიონულ არხზე, რომელსაც დედაქალაქშიც ვუყურებთ, შუადღის 16 საათზე გავიდა, ღამის ჩვენების, ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმადოვარის ფილმიდან რეკლამა, რომელიც უხამს სცენებს შეიცავდა. გაიკითხეთ, უცხოეთის ქვეყნებში, ვინმე ალმადოვარის ფილმიდან უხამს სცენებს შუადღის ეთერში უშვებს? ჩვენი, ქართული კანონმდებლობაც კრძალავს, რომელსაც არავინ ითვალისწინებს. ქართულ სინამდვილეში, ევროპული რეგულირების მოდელმა, რაც გულისხმობდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ, მაუწყებელთა დაჯარიმებას, უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი სცენების დღის საათებში ჩვენებისთვის, მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. ვფიქრობ,  მასმედიის თავისუფლების დაცვის საბაბმა და ჯარიმების უგულებელყოფამ, წარმოშვა გარკვეულწილად, დაუსჯელობის სინდრომი. რაც, მთავარია, გააუქმეს ცენტრი ახალგაზრდობის დეპარტამენტში, სადაც ხდებოდა, მხატვრული ფილმების ასაკობრივი კლასიფიკაცია. ამათ, ჩემი აზრით, ტელეკომპანიათა კომერციულმა ინტერესებმა, დაჯაბნა საზოგადოებრივი ინტერესები.

– თუმცა, ისიც ვაღიაროთ, რომ კომერციული საკითხი ქართული ტელეკომპანიებისთვის უმთავრესია?

– კი, ბატონო, ამაშიც გეთანხმებით, მაგრამ აქვე გეტყვით ამის მაგალითსაც, კერძოდ, ერთ-ერთი არხის ხელმძღვანელი, მეზობელი ქვეყნის ტელესერიალებს განიხილავს, როგორც კომერციულ პროექტს, რომლის მიზანიცაა არხის ფინანსურად წელში გამართვა. მაგალითად, ისეთ ტელეპროდუქციას, რომელიც ძალადობის უმძიმეს სცენებს შეიცავდა, თორმეტ წლამდე ასაკობრივი კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ფილმში ნაჩვენები იყო, ბავშვების ცხოვრება ციხის კედლებში, მის ფარგლებს გარეთ ცივი იარაღით ადამიანის ფიზიკური დასახიჩრების სცენები და ასე შემდეგ. მისი ყურება ზრდასრულ ადამიანებსაც გაუჭირდათ. მაინტერესებს, რა მოსაზრებით მიანიჭეს ამ ტელესერიალს 12-წლიანი ასაკობრივი შეზღუდვა და რატომ არის დასაშვები მისი ნახვა 13 წლის მოზარდისთვის? 

– კანონში არის მუხლი, ტელევიზიების მხრიდან არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენისა და ძალადობისგან დაცვის შესახებ?

– მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, კანონის მესამე მუხლი შეიცავს ტერმინს – ძალადობის ამსახველი სცენა. ეს არის კადრი, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით შესრულებული მკვლელობა, სხეულის თვითდაზიანება, წამება, დასახიჩრებაა. რაც მთავარია, აღნიშნული სერიალი გადიოდა, ყოველდღე 19 საათზე. დროის ამ მონაკვეთს, მაუწყებლის შესახებ კანონმა მოუძებნა ტერმინი – საუკეთესო დრო, როცა მაუწყებლის ტელეპროგრამას, მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკური რაოდენობა უყურებს. შაბათ-კვირას კი მთელი კვირის მასალა, მთელი დღის განმავლობაში გადიოდა განმეორებით. მე იმის თქმა მინდა, რომ ქართული ტელესივრცე, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში, მოშიშვლებულია, გაჯერებულია უხამსობისა და ძალადობის შემცველი სცენებით. მიკვირს, რატომ არ ძრავს არავინ ამ პრობლემაზე სიტყვას, როცა საუბრობენ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმასა და ისტორიაზე? ამ დროს, არ ახსენდებათ ტელევიზია – ადამიანის და მით უმეტეს, არასრულწლოვნის ცნობიერებაზე მოქმედი, ეს უმძლავრესი იარაღი. ზოგადად, ადამიანი იმახსოვრებს წაკითხულის 10 პროცენტს, მოსმენილის 20 პროცენტს, ნანახის 30 პროცენტს და 50 პროცენტს იმისა, რასაც ნახულობს და ისმენს ერთდროულად. ანუ, წაკითხულზე მეტად, ადამიანი ვიზუალს იმახსოვრებს. ასეთი სექსუალური, უხამსი და ძალადობრივი კადრების ტელეეკრანზე ასე ხშირად ჩვენება, დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფსიქიკაზე არ აისახება? იქნებ მოსახლეობამ უფრო გამახვილებული თვალით შეაფასოს ეკრანზე ნანახი, ხელისუფლება კი მაუწყებლის რეგულირების საკითხის წინ წამოწევის აუცილებლობაზე ჩაფიქრდეს. კითხვაზე, რა შეიძლება დაუპირისპირდეს უხამსობას, ერთ-ერთი პროფესიონალისგან ასეთი ფორმულირება მოვისმინე: უხამსობის აკრძალვას პირდაპირ არ ავალდებულებს სახელმწიფოს არც კონსტიტუცია და არც საერთაშორისო ხელშეკრულებები. ამიტომ, სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დასჯის უხამსობას თუ არა. მოსახლეობას კი მივმართავ, ერთი კვირის განმავლობაში მოახდინეთ, უკრაინული და თუნდაც რუსული არხების მონიტორინგი. ნახავთ, რომ იქ ტელეპროგრამები სწორადაა დაგეგმილი და დღის განმავლობაში იოტისოდენა უხამსობას და ძალადობას ვერ ნახავთ. იქ ბავშვის ეკრანთან დასმა მშობელს არ უქმნის საშიშროებას. ჩვენთან კი, სრული განუკითხაობაა. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერზე კამათობენ, მართავენ დისკუსიებს, გარდა ზნეობრივი ნორმების დაცვისა. ფაქტია, რომ მოზრდილებმა დავკარგეთ რიდი არასრულწლოვნების მიმართ. ეს კი ანომალიაა, რომლის გამოსწორებაზეც დროულად უნდა დავფიქრდეთ. 

 

скачать dle 11.3