კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბედი ეწია საქართველოში დაცულ მაცხოვრის სისხლს, ღრუბელსა და წვერის სამ ღერს და რა სასწაულებს ახდენდნენ ჩვენთან დაცული სიწმიდეები

საქართველოს ეკლესია ყოველთვის მრავალ სიწმიდეს ფლობდა და დღემდე ფლობს. უდიდეს სიწმიდედ მიიჩნევა უფლის კვართი, რომელიც თავისი შინაარსით ყველა სიწმიდეს აერთიანებს. საქართველოში უფლის კვართის შემოსვლა გაიაზრება ქრისტიანობის შემოსვლასთან, რადგან შემდეგში ამ კვართზე, როგორც ქრისტეს განუყოფელ სხეულზე, დაარსდა ქართული ეკლესია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მაცხოვრის კვართამდე საქართველოში ყოფილა ძველი აღთქმის სიწმინდე – „ელიას ხალენი“, რომელიც ებრაელებმა შემოიტანეს ჩვენს ქვეყანაში და მცხეთაში დაფლეს. პირველ საუკუნეში კი მის მახლობლად დაფლეს მაცხოვრის კვართი.  იმის შესახებ, თუ რა სიწმიდეები ინახება საქართველოში, რომელიც მაცხოვრის სახელს უკავშირდება, გვესაუბრება ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი: 

 

– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წმიდა ნაწილებად მიიჩნევა წმიდანის სხეულის ცალკეული ნაწილები, თმა, ტანსაცმელი; ასევე, წმიდანის საცხოვრებელი სახლი, ყველა ის ნივთი, რომელთანაც მას ჰქონდა შეხება. ეკლესიაში წმიდა ნაწილებს ყოველთვის დიდი დანიშნულება და, რაც მთავარია, კურნების უნარი გააჩნდა. როდესაც ერეკლე მეორის შვილი, მირიანი, ცუდად გახდა, გახსნეს სიონში დაცული სიწმიდეები და მირიანი განიკურნა. ასე რომ,  საქართველოში წმიდა ნაწილებს აგროვებდნენ როგორც საეკლესიო პირები, ასევე, ქართველი მეფეები, ცალკეული ადამიანები. მეოთხე საუკუნეში, როდესაც მირიან მეფემ და მისმა სამეფო კარმა მიიღო ქრისტიანობა, იმპერატორმა კონსტანიტინემ საქართველოში საჩუქრად გამოგზავნა მაცხოვრის ფეხთაფიცარი, ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილები, რომელზეც ქრისტე გააკრეს და ორი სამსჭვალი. კონსტანტინე იმპერატორმა გამოგზავნილ პიროვნებებს დაავალა, სადაც პირველად შეხვალთ, იქ ააშენეთ ეკლესია და შეინახეთ ისინიო. მათაც ერუშეთში დატოვეს ფეხთაფიცარი, ხოლო მანგლისში ააშენეს ეკლესია, სადაც დატოვეს სამსჭვალი.

– როდის გაიტანეს ეს სიწმიდეები საქართველოდან?

– 627 წელს, როდესაც ჰერაკლე კეისარმა საქართველოში ილაშქრა, მან სამსჭვალი და ფეხთაფიცარი საქართველოდან გაიტანა. მეთერთმეტე-მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ცნობებით კი სამსჭვალი ისევ საქართველოშია. მის შემოტანას უკავშირებენ ბაგრატ მეოთხის ბიზანტიელი მეუღლის საქართველოში შემობრძანებას. სამსჭვალი მეთექვსმეტე საუკუნეშიც გვხვდება საქართველოში.  1639 წელს სამურზაყანოში ჩამოდის ფედოტი ელჩინი და ამბობს, რომ ერთ ეკლესიაში ინახება უფლის სამსჭვალიო. ზუსტად ამ პერიოდში და ცოტა მოგვიანებით, მეჩვიდმეტე საუკუნეში, თბილისის სიონის ტაძარში არის დაფიქსირებული კიდევ ერთი სამსჭვალი, რომელიც მანგლისიდან იყო წამოღებული. როდესაც აფხაზეთის ტერიტორია თურქებმა დაიკავეს, ქართველებმა იქიდან სიწმიდეები, წმიდა ნაწილები წამოიღეს, რის შემდეგაც ისინი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში ინახებოდა. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს არჩილ მეფემ, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ძალიან გართულებულ პირობებში უწევდა მეფობა, გადაწყვიტა რუსეთში წასვლა, სასულიერო პირებს სთხოვა, სამსჭვალს თან წავიღებო და ასეც მოიქცა. როდესაც მიდიოდა, მას ქალაქის კარიბჭესთან დაეწია კათოლიკოს-პატრიარქი და სთხოვა, პატარა ნატეხი მაინც დაგვიტოვეო. მაშინ ამ სამსჭვალს მოაჭრეს წვერი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეშიც ინახებოდა გელათში და ახლა დაკარგულად მიიჩნევა. დღეს საქართველოს საპატრიარქოში შენახული სამსჭვალი სწორედ ამ სამსჭვალის ჩამონაჭერია, წვერი კი დაკარგულია. მეცნიერებს ეგონათ, რომ ეს სამსჭვალი გაიტანა არჩილ მეფემ რუსეთში. როგორც ირკვევა, არჩილ მეფეს ეს სამსჭვალი კი არ გაუტანია, არამედ ის, რომელიც თბილისის სიონის ტაძარში ინახებოდა. სამწუხაროდ, გარდა ქრისტეს სამსჭვალისა, როგორ შემოვიდა საქართველოში სხვა წმიდა ნაწილები, ჩვენთვის უცნობია. საერთოდ, მათი დიდი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ. ზოგიერთი მათგანი ჩუმად შემოდიოდა, ზოგს კი ყიდულობდნენ. ხშირად, როდესაც ესა თუ ის ეკლესია ფლობდა წმიდა ნაწილებს, მონასტრის ძმობა ასაიდუმლოებდა მათ ადგილსამყოფელს. უფრო მეტსაც გეტყვით, ქუთაისში ინახებოდა წმიდა გიორგის თავის ქალა და ეს ბევრისთვის უცნობი იყო. მეჩვიდმეტე საუკუნეში, როდესაც რუსი სასულიერო პირები ჩავიდნენ ილორში, მათ არ გაუხსნეს ზანდუკი, რომელიც დალუქული იყო იმერეთის კათოლიკოსისა და გურიის მთავრის ბეჭდით და რომელშიც ბევრი წმიდა ნაწილი ინახებოდა. სასულიერო პირები ხშირად ცნობასაც არ აძლევდნენ არავის. საერთოდ, ყველა  ტაძარში იყო სამალავები, გვირაბები. 1983 წელს სიონშიც იყო საიდუმლო კედელი. ამით სიწმიდეებს განადგურებისა და წაბილწვისგან იცავდნენ ხოლმე. 

– მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული კიდევ რა წმიდა ნაწილი ინახებოდა საქართველოში?

– საქართველოში ასევე ინახებოდა იმ ღრუბლის რამდენიმე ნაწილი, რომლითაც ქრისტეს სისხლი მოსწმინდეს. მეჩვიდმეტე საუკუნეში რუსი ელჩები ასახელებენ, რომ ეს ღრუბელი აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ზაგემში ინახება, მეორე ღრუბელი კი ილორის ტაძარში უნდა ყოფილიყო. მაგრამ, კავკასიური ტომების მოწოლის შემდეგ, ის გადმოიტანეს დასავლეთ საქართველოში და გელათში ინახებოდა. დღესდღეობით კი, როგორც აღმოჩნდა, ის ინახება ქუთაისის მუზეუმში. ათეისტურ პერიოდში ქუთაისის საეკლესიო სიწმიდეები შეინახა ტრიფონ ჯაფარიძემ და ისინი განადგურებისგან, საქართველოდან გატანისგან იხსნა. საქართველოში ასევე ინახებოდა ქრისტეს წვერის სამი ღერი.

– სად ინახებოდა? 

– ჩვენ გვაქვს 1899 წლის სვეტიცხოვლის ტაძრის აღწერა, რომლის თანახმადაც, სვეტიცხოვლის მარცხენა და მარჯვენა კანკელების მხარეს, თურმე, დიდი სანაწილე ხატები ეკიდა. ამ ხატებში ჩასვენებული იყო წმიდა ნაწილები თავისი წარწერებით. ერთ-ერთში ინახებოდა სწორედ მაცხოვრის წვერის სამი ღერი, თუმცა, ამ ხატებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერმაკოვის მიერ გადაღებული ამ ხატის ფოტო. ცნობების თანახმად, მასში ჩაბრძანებული ყოფილა 102 სხვადასხვა წმიდა ნაწილი, ერთ-ერთი კი იყო ქრისტეს სისხლი, რომელიც გამჭვირვალე ჭურჭელში ესხა. გადმოცემის მიხედვით, ხახულის კარედის ხატის ფიცარი არის იმ ბაგიდან, სადაც ქრისტე დაიბადა. ხახულის კარედის ხატს ამშვენებდა შემოწირული ოქრო, ცნობების თანახმად, ის ოქრო იყო, რომელიც მოგვებმა ბაგაში მაცხოვრის სანახავად მისვლისას მიიტანეს. სამწუხაროდ, 1853 წელს, როდესაც გელათის ტაძარი გაიქურდა, ეს ოქრო და ხატი დაიკარგა. 

– საუკუნეების განმავლობაში, გავრცელებულია ცნობა სვეტიცხველში მაცხოვრის კვართის არსებობის შესახებ. რა გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ კვართი მართლაც საქართველოშია?

– ეკლესიურ ტრადიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბაგრატიონები იწოდებოდენენ „იესიან, დავითიან, სოლომონიან, კვართიანად“. ჩვენ, ასევე, გვაქვს საუფლო კვართისადმი მიძღვნილი ლოცვები, სპეციალური ლიტურგიკა. 1150-1177 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი იყო ნიკოლოზ გულაბერიძე, რომელმაც დაწერა ლიტურგიკული ნაშრომი – „საკითხავი სვეტიცხოვლისა, უფლის კვართისა და კათოლიკე ეკლესიათა“. ამ ნაშრომში ჩამოთვლილია ყველა ის სასწაული, რაც მცხეთაში კვართის შემოსვლის შემდეგ მოხდა. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც ნახსენებია, რომ საქართველო „არს უფლის კვართის მფლობელი“ და ამას კათოლიკე მისიონერებიც ადასტურებენ. ძალიან საინტერესოა ის სვეტი, რომლის ქვეშაც დაფლულია კვართი – ეს სვეტი წლების განმავლობაში მირონმდინარე იყო. ეს ყველაფერი კი ძალიან ბევრ რამეს ამტკიცებს და ბევრ რამეზე მიუთითებს. „მოქცევაი ქართლისაიში“ პირდაპირ წერია, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს უფლის კვართი გამოჩინდებაო. ასე რომ, როგორც „მოქცევაი ქართლისაი“ გვეუბნება, უფლის კვართს მცხეთაში მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე ვერავინ ნახავს. თუმცა, გერმანიაში, კერძოდ კი ტრინში, ხილული სახით არის სიწმიდე, რომელსაც უფლის კვართად მიიჩნევენ და მისი სახელობის დღესასწაულიც არსებობს. საფრანგეთშიც, პატარა ქალაქ არჟანტოიშიც ხილული სახით აქვთ სიწმიდე, რომელსაც ასევე უფლის კვართად მიიჩნევენ; გარდა ამისა, 66 ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას, რომ მათთან ინახება კვართის ცალკეული ნაწილები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთი აცხადებს პრეტენზიას, რომ თითქოს იქ ინახება უფლის კვართი, რომელიც შაჰ-აბასმა მათ გადასცა. რუსული დოკუმენტების თანახმად, შაჰ-აბასმა ერთ-ერთი ლაშქრობისას მცხეთიდან წაიღო კვართი და გადასცა რუსეთს. დღეს რუსები ხატს „ეკლესიის დიდება” სიდონიას გარეშე ხატავენ და ამით მიანიშნებენ იმაზე, რომ საქართველო კვართის მფლობელი აღარ არის. ისტორიული დოკუმენტების თანახმად, შაჰ-აბასმა საქართველოდან წაღებული კვართი საჩუქრად გადასცა ირანში სტუმრად მყოფ რუს ელჩებს, რომლებმაც ჩაიტანეს რუსეთში, დააწესეს კვართობის დღესასწაული და ხატიც დაწერეს. თუმცა ამის შემდეგ თავად რუსებშიც გაჩნდა ეჭვი – საქართველოში ჩამოსულ რუს ელჩებს თან მოჰყვებოდნენ სასულიერო პირები, რომლებსაც უნდა გამოეკვლიათ, თუ რამდენად რეალური იყო შაჰ-აბასის მიერ მაცხოვრის კვართის საქართველოდან წაღება. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში საქართველოში ნამყოფი სასულიერო პირები წერენ, რომ კვართი კვლავ საქართველოშია. რუსების აღწერით, უფლის კვართი იყო ლაჟვარდოვანი ფერის. მათ ჰქონდათ პატარა ქსოვილი, რომელიც შემდეგში კიდევ დაანაწილეს და რომ სამი ნაწილი ინახებოდა კრემლის სხვადასხვა ტაძარში და იაროსლავშიც. რუსებს ტრადიციად ჰქონდათ – ტახტის მემკვიდრის გულზესატარებელ ჯვარში კვართის ნაწილს დებდნენ. არადა, რუსებმა კარგად იცოდნენ, რომ კვართის დაყოფა არ შეიძლებოდა, ის  არის განუყოფლობის სიმბოლო, უკერველია და ამიტომაც წარმოადგენს ქრისტიანობის ერთიანობის სიმბოლოს. მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში საქართველოში ჩამოვიდნენ იერუსალიმის პატრიარქი მაკარი და მისი შვილი – პავლე ალეპოელი. შემდეგ პავლე რუსეთში გაემგზავრა და მას დაავალეს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და ენახა კვართი. ის წერს, რომ საქართველოში მართლაც ინახება უფლის კვართი, ხოლო ის, რაც შაჰ-აბასმა აქედან წაიღო, კვართი კი არ არის, არამედ, ქრისტეს სახელთან დაკავშირებული ქსოვილია, რომელსაც ძველად სასულიერო და საერო პირები ცხვირიდან ოფლის ან სისველის მოსაწმენდად იყენებდნენ, კვართი კი ნამდვილად ინახება აღმოსალეთ საქართველოშიო. თანაც, შაჰ-აბასს სვეტიცხოველი არ აუოხრებია. ცნობები გვაქვს, რომ ის შევიდა სვეტიცხოველში, გაშალა ხალიჩა, ილოცა, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქს მიწის მფლობელობისა და ქონების დამტკიცების სიგელი მისცა. ასე რომ, მას საქართველოდან კვართი არ წაუღია.

ახლა, რაც შეეხება სხვა ქვეყნებს. როგორც უკვე აღვნიშნე, გერმანიაში კვართი ხილული სახით არის დაცული. პირველად ტრინის კვართის შესახებ 1910  წელს გამოაქვეყნა ცნობები მიხეილ თამარაშვილმა. ის წერდა, რომ უფლის კვართი საქართველოში მეშვიდე საუკუნემდე ინახებოდა და არაბების შემოსევების შემდეგ უნდა მოხვედრილიყო ტრინში. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ის, რაც ტრინში კვართად მიაჩნიათ, ქრისტეს სახელთან იყო  დაკავშირებული, მაგრამ, ის ქრისტეს კვართი არ არის. თანაც, ჩვენ ყოველთვის უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ქრისტეს კვართი და პერანგი – ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. შესაბამისად, შეიძლება, ტრინში იყოს არა კვართი, არამედ – პერანგი. 

 

скачать dle 11.3